„მახსოვს, შაბათი დღე იყო და მორიგე ვიყავი, ემერჯენსიდან დამირეკეს, კატასტროფის მანქანაა ჩამოსული, მშობიარეა სისხლდენითო. ჩავედი და ასე, 25 წლამდე ორსული გოგო დამხვდა შოკში. სისხლდენით კი არა, 3 ლიტრა სისხლის დანაკარგით იყო შემოსული. დიაგნოზი - პლაცენტის ნაადრევი აცლა. ამ დიაგნოზით ქალი მაქსიმუმ 10-15 წუთში კვდება სისხლდენით. პირდაპირ საოპერაციოში გადავიყვანეთ. ქალიც და ბავშვიც გადარჩა. გაგვიმართლა იმიტომ, რომ ახალგაზრდა იყო, სისხლის ბანკიც გვქონდა,“ - იხსენებს მეან-გინეკოლოგი, ინდირა ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტიდან მორიგი მშობიარე ქალის მიღებას კლინიკა „მედინაში”.
ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც მაღალმთიანი აჭარიდან ორსულ ქალს, გადაუდებელი დახმარება ხელვაჩაურის კლინიკამ გაუწია. ხულოს ცენტრიდან ბათუმამდე მანქანით დაახლოებით 3 საათის გზაა. ახლა, როცა ბათუმი-ახალციხის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ეს გზა კიდევ უფრო ხანგრძლივია. ხულოს მუნიციპალიტეტში არის ისეთი მთიანი სოფლები, საიდანაც ბათუმამდე ჩამოსვლას 5 ან უფრო მეტი საათი სჭირდება.
ინდირა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალების რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე წუხს. „ორსულებთან მიმართებით წამებში, წუთებში წყდება ყველაფერი, როგორ შეიძლება, ამხელა გზა, ხულო, შუახევი, ქედა ჩამოიაროს ქალმა და ვერსად იმშობიაროს”.
აჭარის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას „ევექსის კლინიკები” უწევს. ქალებისთვის სამშობიარო სერვისები (პერინატალური) მიუწვდომელი ჯერ ქედასა და შუახევში გახდა. ორი თვის წინ კი - უკვე ხულოშიც. აქ სამშობიარო ბლოკი ჯერჯერობით არ გაუქმებულა, თუმცა მეან-გინეკოლოგის შტატი აღარ ჰყავთ. მშობიარობას კი სწორედ მეან-გინეკოლოგი მართავს.
წელს, მაისის თვეში, ხულოს კლინიკის სამმა მეან-გინეკოლოგმა ხელფასის გაზრდა მოითხოვა. ისინი მორიგეობის დროს, საათში 1 ლარსა და 20 თეთრს იღებდნენ. ექიმები ამბობენ, რომ კლინიკამ ხელფასების გაზრდაზე უარი უთხრა და ისინიც სამსახურიდან წამოვიდნენ. ასე დარჩა ხულოს კლინიკის სტაციონარი ფაქტობრივად სამშობიაროს გარეშე.
თამარი ბოლქვაძე ოცი წელია ხულოს კლინიკაში მუშაობს. ის ერთ-ერთი მეან-გინეკოლოგია, რომელმაც კლინიკის სტაციონარში პირველი ივნისიდან მუშაობა შეწყვიტა. თუმცა ამბულატორიულ მომსახურებასა და ორსულების მეთვალყურეობას აგრძელებს. თამარი რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, როდესაც ხულოში ორსული ქალები სტაციონარმა ვერ მიიღო და ბათუმში გაუშვეს:
„იყო სისხლდენის შემთხვევა 5 კვირის ორსულ ქალზე. მთიდან ჩამოიყვანეს ხულოს კლინიკაში, მეან-გინეკოლოგი რომ ყოფილიყო ადგილზე, შეძლებდა დახმარებას… კიდევ ერთი შემთხვევა იყო, ჩემი ორსული შევიდა ხულოს კლინიკაში ტკივილებით, ადგილზე ვერ მიიღო მომსახურება და რეანომობილმა უარი უთხრა გადაყვანაზე, სამგზავრო მიკროავტობუსით გაუშვეს ქალი ბათუმში...“
თამარი ფიქრობს, რომ სამშობიარო სერვისი ადგილზე აუცილებელია, თუნდაც წელიწადში სულ თითზე ჩამოსათვლელი პაციენტი იყოს. „როცა საქმე ქალის და ბავშვის სიცოცხლეს ეხება, ამ დროს არ უნდა განიხილავდნენ, ეს ბიზნესისთვის შემოსავლიანი არის თუ არა”.
სამშობიარო ბლოკის შეფერხებით მუშაობის შემდეგ ადგილობრივებმა „სოლიდარობის თემს”, სხვა საკითხებთან ერთად, მაღალმთიან აჭარაში ქალების უფლებების ადვოკატ ორგანიზაციას მიმართეს.
ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, ნესტან ანანიძე გვიყვება, რომ ივნისის დასაწყისში ხულოს მუნიციპალიტეტში სამეანო-გინეკოლოგიური სერვისების მიწოდების თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვეს როგორც აჭარის, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან. წერილზე პასუხი 17 ივლისს მიიღეს.
სამინისტრომ „ევექსის კლინიკების“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ხულოს კლინიკაში პერინატალური სერვისის მიწოდების შეფერხების გამომწვევ მიზეზად წლის განმავლობაში მშობიარობის რაოდენობის სიმცირე დაასახელა: „2022 წლის მონაცემების მიხედვით, სულ დარეგისტრირდა თვეში 2-3 მშობიარობა, რაც იწვევს კადრის დეკვალიფიკაციას და რისკს უქმნის ერთეული შემთხვევების მართვას”, - ვკითხულობთ წერილში.
„ერთი ადამიანის მშობიარობაც რომ იყოს, სერვისი უნდა ჰქონდეთ ადგილზე”, - გვეუბნება „სოლიდარობის თემის” თანადამფუძნებელი, ნესტან ანანიძე.
ბევრი ქალი საჯაროდ საუბარს ერიდება და პირად ამბებს არ ჰყვება, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბათუმი-ახალციხის სარეაბილიტაციო გზაზე მგზავრობის დროს, ორსულს ბავშვი დაუკარგავს.
„ძალიან უსამართლოა, როდესაც საუბრობენ სოფლის განვითარებაზე, მეწარმეობის განვითარებაზე, ტურიზმის განვითარებაზე და ესეთი ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა მთიან აჭარაში… და ჯანდაცვის სერვისები არ არის ხელმისაწვდომი”.
ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის უთხრეს, რომ „კლინიკა ვალდებულია ჰქონდეს” პერინატალური - მშობიარობასთან დაკავშირებული სერვისები, თუმცა არ შეაფასეს, როგორ მოხდა, რომ ქედაში, შუახევსა და ხულოში მცხოვრები ქალები რეალურად ამ სერვისის გარეშე დარჩნენ.
„მაღალმთიანი აჭარა ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალშვილიანი დედებით, ჯილდოსაც გადასცემს მთავრობა ამისთვის ქალებს და ეს სამშობიარო სერვისის გაუქმება რაღაცნაირად წარმოუდგენელია ჩემთვის”, - გვეუბნება ესმა ანანიძე. ორი შვილის დედა ხულოში ცხოვრობს და კარგად იცის, რომ მის მეზობლად მცხოვრებ ყველა ქალს, მშობიარობის პერიოდში, ბათუმში საცხოვრებლად გადასვლის ფული არ აქვს.
ამილონა დეკანაძე დაბა ხულოში ცხოვრობს და ცენტრში აფთიაქი აქვს. მისთვის ბევრჯერ მიუმართავთ სხვადასხვა რჩევით და ჩივილით. ამილონა გვიყვება, რომ არა მხოლოდ მშობიარეებს აქვთ პრობლემები, არამედ ყველას, ვისაც რამე ასტკივდება. „ასე თუ გაგრძელდა, საერთოდ დაცარიელდება სოფლები და აღარც ტურიზმი გვიშველის და აღარც სხვა მიმართულებები, რომლითაც გვინდა, რომ სოფლები გავამაგროთ”.
ამილონას ორი შვილი ჰყავს და ორივე ხულოში გააჩინა. ის გვეუბნება, რომ ქალები ადგილობრივ ექიმებს ენდობიან და ბათუმში რომ მიდიან, იქაც მათთან ეწერებიან.
კითხვებით სს „ევექსის კლინიკებსაც“ მივმართეთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებდნენ და უკვე გავრცელებული განცხადებით გვეხელმძღვანელა.
განცხადებაში ეწერა, რომ ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში როგორც ანტენატალური (ორსულების მეთვალყურეობა), ასევე პერინატალური (მშობიარობასთან დაკავშირებული) პროგრამები ხორციელდება. თუმცა როგორ მუშაობს ეს პროგრამა სტაციონარში, როდესაც მეან-გინეკოლოგის კადრი უკვე ორი თვეა აღარ ჰყავთ, ამ და სხვა კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.
სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების მკვლევარი, ელენე ქაიხოსროშვილი გვეუბნება: „საერთაშორისო სტანდარტით, 20-30 წუთი უნდა იყოს მაქსიმუმი დრო, რა პერიოდშიც ორსულმა სამშობიარო პუნქტამდე უნდა მიაღწიოს. უფრო დიდი მანძილი რისკის შემცველი შეიძლება იყოს… ერთი ქალი იქნება, ორი თუ სამი, მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ახლოს, შესაბამისად აღჭურვილი პუნქტი, სადაც მომსახურებას მიიღებენ”.