„საზღვრების მოწყობა გაგრძელდება“ - ეს პოზიცია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესების ფონზე, არაერთხელ გამოთქვეს.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა გუგუტიანთკარში ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო აქტივისტებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ჩასვლას უწოდა კარგად დაგეგმილი სპექტაკლი. ჯიოევის აზრით, ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ოსურ მედიასთან ინტერვიუში ჯიოევი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება გუგუტიანთკარში დაწყებული პროტესტით ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს, რასაც არაფერი აქვს საერთო რეგიონში სტაბილურობაზე ზრუნვასთან. ჯიოევის თქმით, სამხრეთ ოსეთი ცალმხრივად გააგრძელებს სახელმწიფო საზღვრის მოწყობას, რადგან საქართველო არც ერთ ფორმატში თანამშრომლობაზე არ თანხმდება.
ჯიოევის პოზიციას იმეორებს, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ეგორ კოჩიევი და ეგრეთ წოდებული საზღვრის მოწყობის სამუშაოებს რამდენიმე ფაქტორით ხსნის. რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში კოჩიევი აცხადებს, რომ საზღვარზე ღობეების მონტაჟი ამცირებს საზღვრის დარღვევის შემთხვევებს და ამით ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრებას უმსუბუქებს. გარდა ამისა, კოჩიევის თქმით, იქ, სადაც ღობეებია, საქონლის დაკარგვის შემთხვევები, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს იშვიათია. კოჩიევი იმასაც ამბობს, რომ საზღვარს მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აწყობენ და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ გადადიან.
იმას, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება საზღვარს უწოდებს, საქართველოსთვის საოკუპაციო გამყოფი ხაზია და საქართველოს ხელისუფლება, ოსური მხარის არაერთგზის შეთავაზების მიუხედავად, სადემარკაციო კომისიაში მონაწილეობაზე არ თანხმდება. საქართველოს ხელისუფლებისთვის ცხინვალის რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიაა და რუსეთის ფედერაციისგან მის დეოკუპაციასა და 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებას მოითხოვს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებს კი თბილისში მცოცავი ოკუპაციისა და ბორდერიზაციის ახალ ტალღად განიხილავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში ამ პროცესს, პოლიტიკურის გარდა, ჰუმანიტარული შეფასებაც ეძლევა. სოფელში ჩასულმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საოკუპაციო ძალები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. ქეთევან ციხელაშვილის აზრით, გადაადგილების უფლების გარდა, რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები მუდმივად ირღვევა. ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ცხინვალიდან თბილისში გადასვლას, ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევით, ათეულობით ადამიანი ცდილობს. მათ ნაწილს რუსეთის მესაზღვრეები აკავებს, ნაწილი კი თბილისში სხვადასხვა სერვისის მისაღებად მაინც ჩადის. საქართველოს ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ საოკუპაციო ძალებს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმომსვლელ ოსთა რაოდენობის ზრდა აშფოთებს და ამიტომ ღობავს ტერიტორიებს. ციხელაშვილის აზრით, გუგუტიანთკარში გავლებული ბარიკადები ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომებია.
გასული წლის ოქტომბერში დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა საზღვრის დამრღვევებისთვის სანქცია გაამკაცრა. ჯარიმის ოდენობა 2000 (80 ლარი)-დან 20 000 რუბლამდე (800 ლარი) გაიზარდა, თუმცა, ოსური მედიის ცნობით, ეს ვერ გახდა შემაკავებელი ფაქტორი. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ ნახევარში ეგრეთ წოდებული საზღვრის რეჟიმისა და საზღვრის დამრღვევთა რაოდენობა გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, იანვრიდან 8 ივლისის ჩათვლით, ე.წ. დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის დარღვევისთვის 293 ადამიანი დააკავეს. აქედან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი 120-მა, ხოლო სასაზღვრო ზონის რეჟიმი 173-მა მოქალაქემ დაარღვია. აქედან უმრავლესობა დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეა.