Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეიტინგებისა და "რევოლუციური სცენარის" წინასაარჩევნო ამბავი


31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე იმდენად ცოტა დრო რჩება, რომ დროის დათვლა უკვე საათებითაც შეიძლება.

ქვეყანა ახალ საკანონმდებლო რეჟიმზე გადადის - 29 ოქტომბრიდან აკრძალულია საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის ახალი შედეგების გამოქვეყნება. 28 ოქტომბერს, საღამოს, ბოლო, ურთიერთგამომრიცხავი კვლევები გამოაქვეყნა ორმა ტელეკომპანიამ - „მთავარმა არხმა“ და „იმედმა“. კვლევები საქართველოში მუდმივი დავისა და დაპირისპირების საგანია, მაგრამ საქმე ბოლოს იქამდეც მივიდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ოპონენტები და კვლევითი ორგანიზაცია რევოლუციის მომზადებაშიც დაადანაშაულა.

28 ოქტომბერს გამოქვეყნებული ბოლო ორი კვლევიდან ერთი „მთავარი არხის“ დაკვეთით, ფრანგულმა „IPSOS“-მა ჩაატარა, ხოლო მეორე - „იმედის“ დაკვეთით - ამერიკულმა „Public Opinion Strategies“-მა. ორივე ამ კვლევის თანახმად, რეიტინგებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს. თუმცა იკვეთება რამდენიმე არსებითი განსხვავება:

  • „იმედის“ კვლევაში „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მაღალი (56%) მაჩვენებელი აქვს, ვიდრე „მთავარი არხის“ კვლევაში (40%);
  • „იმედის“ კვლევაში ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულ ოპოზიციას“ თითქმის ორჯერ ნაკლები მაჩვენებელი (19,9%) აქვს, ვიდრე „მთავარი არხის“ კვლევაში (33%);
  • პარტიების შემადგენლობა თითქმის იდენტურია, მაგრამ „იმედის“ კვლევით, ოპოზიციური პარტიების ჯამური მაჩვენებელი დაბალია „ოცნების“ მაჩვენებელზე;
  • „მთავარი არხის“ კვლევაში ოპოზიციურ პარტიებს („პატრიოტთა ალიანსის“ გარდა), ჯამში, „ქართულ ოცნებაზე“ გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვთ;
  • „მთავარი არხის“ კვლევაში, 10 პოლიტიკურ ძალას შორის მე-8 ადგილზეა (2%) „პატრიოტთა ალიანსი“; ხოლო „იმედის“ კვლევაში „პატრიოტთა ალიანსი“ 9 პარტიას შორის მესამე ადგილს (4,6%) იკავებს.

ორივე კვლევის ეს მაჩვენებლები, როგორც გამოცხადდა, ალოკაციის მეთოდით არის დათვლილი. მაგრამ თუკი „მთავარმა“ საზოგადოებას უთხრა, რომ ე.წ. გადაუწყვეტელი და პასუხზე უარის მთქმელი რესპონდენტების საერთო რიცხვი 41%-ს შეადგენდა, „იმედმა“ კვლევის შედეგების გასაჯაროებისას, ეთერში ეს მაჩვენებელი არ გამოაცხადა და გაუგებრად დატოვა.

რას ცვლის ეს მოცემულობა?

გადაუწყვეტელი და პასუხზე უარის მთქმელი რესპონდენტების მიმართ ასეთი მიდგომა სრულიად წარმოუდგენელია სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილისთვის, რომელმაც არაერთხელ გააკრიტიკა ბრიტანული კომპანიის, Survation-ის მიერ „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევები. ბოლო ასეთი კვლევა „რუსთავი 2“-მა 26 ოქტომბერს გამოაქვეყნა და მასში ასახული მაჩვენებლები „ქართული ოცნების“ შემთხვევაში მხოლოდ 1%-ით განსხვავდება (55%) „იმედის“ კვლევისგან.

იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, კვლევებში გადაუწყვეტელი და პასუხზე უარის მთქმელი რესპონდენტების უგულებელყოფა და მათი პოზიციების „გადაყრა“ მანიპულაციას ჰგავს და ამახინჯებს რეალობას - რადგან სტანდარტების დაცვით დათვლის შემთხვევაში - 55% შესაძლოა 30%-მდეც დაწეულიყო.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით:

  • კვლევების თანახმად, გადაუწყვეტელი და არჩევნის არდამსახელებელი რესპონდენტების ძირითადი ნაწილი ოპოზიციურად არის განწყობილი;
  • გამოკითხულთა შორის აუცილებლად იქნებოდნენ ისეთები, რომელთა პოზიცია მართლაც არ იყო ჩამოყალიბებული გამოკითხვის დროისთვის.

აგვისტოში, როდესაც ამავე კომპანიისთვის დაკვეთილი კვლევა გამოაქვეყნა, „რუსთავი 2“-მა მოგვიანებით რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და ისინი, ვინც პასუხზე საერთოდ უარი თქვეს, 42.8 პროცენტ შეადგენდა.

მაშინაც ამ ფაქტმა სპეციალისტების დიდი აღშფოთება გამოიწვია.

ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევებს შორის გადაუწყვეტელი და უარის მთქმელი რესპონდენტების პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე დაბალია Edison Research-ის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ ჩატარებულ კვლევაში, მაგალითად:

  • ოქტომბრის კვლევით - 24%;
  • ივლისის კვლევით - 20%,
  • მარტის კვლევით - 28%.

როგორც „ედისონ რისერჩის“ (Edison Research) ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო ჯაფარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, კომპანიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული რესპონდენტის გულწრფელ პასუხს და მათთვის განსაკუთრებით კომფორტული, უსაფრთხო და ნდობაზე დაფუძნებული გარემო იქმნება - „დიდი მნიშვნელობა აქვს მეთოდს. კომპანიები ხშირად ამბობენ, რომ პირისპირ გამოკითხვის მეთოდი აქვთ, მაგრამ იმასაც გააჩნია, ქაღალდს იყენებ თუ პლანშეტს... თუ კალმით და ქაღალდით ატარებ გამოკითხვას, ეჭვით შემოგხედავენ და ნაკლებად გენდობიან. ყველა დეტალი ახდენს ზეგავლენას ნდობაზე და შემდეგ უკვე - კვლევის ხარისხზე“.

Edison Research-ის ბოლო, ოქტომბრის გამოკვლევით, მმართველი პარტიის რეიტინგი 20-ით ნაკლებია (36%), ვიდრე ეს „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ კვლევებშია. „ედისონის“ კვლევაში ასეთივე მაჩვენებელი (36%) აქვს 9 ოპოზიციურ სუბიექტს ერთად.

პარტიის/ბლოკის სახელი მცდარად - უნებლიე შეცდომა თუ მანიპულაცია?

„იმედის“ მიერ დაკვეთილ გამოკვლევაში ნახსენებია „ახალი საქართველო“, რაც გიორგი ვაშაძის პარტიის ძველი სახელწოდებაა. მან სახელი სამი თვის წინ შეიცვალა და ამჟამად პარტიასაც და საარჩევნო ბლოკსაც ერთნაირი სახელები აქვთ - „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“. ამომრჩეველი ამ პოლიტიკურ ძალას ძველი სახელით ვერც საარჩევნო ბიულეტენში მიაგნებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თეონა აქუბარდია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ტელეკომპანია „იმედმა“ მათგან სხვა დროსაც მიიღო შენიშვნები სახელის არასწორად გამოყენების გამო, მაგრამ ეს არც ამჯერად იქნა გათვალისწინებული. აქუბარდიას ეჭვი უჩნდება, რომ ეს შეგნებულად, ამომრჩევლების დაბნევის მიზნით ხდება:

„27 ივლისის შემდეგ ჩვენს პარტიას ახალი სახელი აქვს და ეს ყველამ იცის... მაგრამ ვხედავთ, რომ „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ კვლევაში პარტიას ჰქვია ისევ „ახალი საქართველო“, რაც ამომრჩეველს არაფერს ეუბნება ... ვფიქრობ, ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომ მანიპულაცია მოხდეს და „სტრატეგია აღმაშენებელს“ დაბალი პროცენტი დაუფიქსირდეს“.

იაგო კაჭკაჭიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს მექანიკური შეცდომის შედეგი იყოს, მაგრამ ეჭვებს იწვევს მსგავსი შეცდომების გამეორება. სოციოლოგი ფიქრობს, რომ „ეს ფაქტი აშკარად აზარალებს პარტიის ინტერესებს“.

კვლევებიდან რევოლუციის დაგეგმვამდე

ბოლო ორი დღეა, „ქართული ოცნების“ ლიდერები ლაპარაკობენ „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ ჩაფიქრებულ რევოლუციურ სცენარზე, რომელიც, მათი თქმით, კომპანია IPM-ისთვის „ევროპული საქართველოს“ მიერ დაკვეთილმა კვლევამაც აჩვენა.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა:

  • „ყოველგვარი ჩარჩოებიდან გასვლად უნდა შეფასდეს რადიკალური ოპოზიციის მიერ მათთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიისთვის - “აიპიემისთვის” დაკვეთილი კვლევა, რომლის ანკეტაშიც ჩაწერეს კითხვა - პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ“.
  • „და ამ კითხვის პასუხებში მოქალაქეებს, სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირების და შიმშილობის კვალდაკვალ, ასარჩევად შესთავაზეს გამაოგნებელი პასუხები - სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება!“
  • „ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს!“

კვლევის ნამდვილობის დადასტურება ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებისთვის პლანშეტის სქრინების მიწოდების დაპირებით სცადა. ოპოზიციის დესტრუქციული, რევოლუციური სცენარის მნიშვნელოვან მონაწილედ კობახიძემ განიხილა კვლევითი კომპანიაც და „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა ასევე, რომ „IPM პირდაპირ იყო ჩართული ამ რევოლუციური სცენარის განვითარებაში“. ამ დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად დასახელდნენ ასევე ტელეკომპანიები - „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“.

„ევროპულ საქართველოში“ კატეგორიულად უარყოფენ IPM-ისთვის რაიმე სახის კვლევის დაკვეთას და ხელისუფლების „აბსურდულ ბრალდებებს“ დიდი ყურადღების ღირსად არ თვლიან.

მოიგონეს, რომ ნაცადი ხერხი გამოიყენონ და დააბრალონ ოპოზიციას რაღაც შეიარაღებული ამბოხება, ძალადობა, სამოქალაქო ომები და რაღაც ბოდვები. არაფერი არ გამოუვათ. არანაირი შეიარაღებული ამბოხება და არანაირი ძალადობა არ იქნება. ძალიან წყნარად, ამ შაბათს ისინი წააგებენ ამ არჩევნებს და მორჩება ეს ისტორია ასე“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ.

რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკს ბოდვად და „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნებში წაგების შიშის გამოხატულებად თვლიან სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც.

გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიზებულ დეზინფორმაციას უწოდებს თავად IPM. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გასული თვეების განმავლობაში კომპანია „ატარებდა World Value Survey-ზე დაფუძნებულ კვლევას, რომელიც მოიცავს საზოგადოების დამოკიდებულებას უმცირესობებისადმი, პროტესტის ფორმებს და სხვა სოციალურ საკითხებს“.

მსოფლიოში ავტორიტეტიანი World Value Survey-ის მეთოდოლოგიას კარგად იცნობს ნინო ჯაფარიძეც. რადიო თავისუფლებას ის ეუბნება, რომ ამ ამერიკული გიგანტი პროექტის მიერ შემუშავებული კითხვარი საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება და ეს შეკითხვები თავადაც არაერთხელ დაუსვამს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

„სიმართლე გითხრათ, გამეცინა, როდესაც World Values Survey-ის მიერ შემუშავებულ პროექტს ასეთი ინტერპრეტაციები და მანიპულაციები მოჰყვა... ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არ იციან, რას წარმოადგენს ეს პროექტი.

ეს არის ფასეულობების შესწავლა სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოშიც უღრმავდებიან ამ საკითხებს. ისინი დაინტერესებული არიან არა მარკეტინგით, არამედ მოსახლეობის აზრის შესწავლით და ასეთი კითხვები როდესაც ისმება, ამის მიზანია, გავიგოთ - რამდენად ახლოს არის საზოგადოებრივი აზრი დემოკრატიულ ფასეულობებთან...

ამისათვის, ჩამონათვალში არის ხოლმე მოცემული ყველა პროტესტის ფორმა, მათ შორის - რევოლუციურიც, რომ დემოკრატიის საზომად გამოვიყენოთ და გავიგოთ - რისთვის არის ხალხი მზად... როგორც წესი, პასუხის ვარიანტები ძალიან პროფესიონალურად და დაბალანსებულად არის წარმოდგენილი და არა ისე, როგორც შემდეგ ტელეეთერებიდან განუმარტეს საზოგადოებას... ეს არის რეალობის დამახინჯება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო ჯაფარიძე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG