Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ქონების გაფლანგვას ედავებიან უსინათლოთა კავშირს?


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

13 ნოემბერი უსინათლოთა მსოფლიო დღეა. საქართველოში 3000-მდე წევრი ჰყავს უსინათლოთა კავშირს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე მოხვდა გამოძიებისა და გამომძიებელი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში. 9 ნოემბერს უსინათლოთა კავშირის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს სოფიკო ხუციშვილსა და რევაზ მაისურაძეს ბრალი წარედგინათ. გამოძიება მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება (182-ე და 220-ე მუხლები), რაც 7-11 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლომ ბრალდებულებს გირაო შეუფარდა, ხუციშვილს 7 ათასი ლარი, მაისურაძეს - 35 ათასი ლარი.

ესმა გუმბერიძე
ესმა გუმბერიძე

„პროკუატურა ითხოვდა, ბრალდებულები საქმიანობას ჩამოშორებულიყვნენ, მაგრამ მოსამართლე ნანა შამათავამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ანუ ისევ უნდა განაგრძონ იმ ორგანიზაციის მართვა, რომლის თანხის გაფლაგვასაც ედავებიან“, - ამბობს უსინათლო აქტივისტი ესმა გუმბერიძე.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოს უსინათლოთა კავშირი 1926 წელს დაარსდა. 1998 წელს ა(ა)იპ ორგანიზაციად დარეგისტრირდა. კავშირის მოვალეობა უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების სოციალური დაცვა, მათი რეაბილიტაცია და ინტეგრაციის ხელშეწყობაა. ორგანიზაციას თბილისსა და რეგიონებში 15 ფილიალი აქვს.

უსინათლოთა კავშირს 40-მდე საწარმო და ორგანიზაცია აქვს დაფუძნებული, მათ შორის „საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლების და სპორტის ცენტრი“ - ფოლკლორული ანსამბლები, ხმის ჩამწერი სტუდია „ცოდნა“, ბიბლიოფონოთეკა, რედაქცია და ყოველთვიური ჟურნალი „სინათლე“.

დიდი რაოდენობით ქონების გაფლანგვაში ბრალდებული რევაზ მაისურაძე 2001 წლიდან რამდენჯერმე იყო უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე. დღეს ის ორგანიზაციის ფინანსური მრჩეველია.

უსინათლოთა კავშირის წევრები ხელმძღვანელობის წინააღმდეგ პირველად ჯერ კიდევ 16 წლის წინ გამოვიდნენ - კავშირის ოთხმა წევრმა მაშინ შიმშილობა გამოაცხადა და კავშირის მაშინდელი თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვა. რევაზ მაისურაძეს, სარევიზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე, კორუფციაში ადანაშაულებდნენ.

„ჩვენი მოთხოვნაა: შეწყდეს საქართველოს უსინათლოთა კავშირის ქონების ძარცვა და ჩალის ფასად განიავება და თავმჯდომარის უპირობო გადადგომა - იმდენად, რამდენადაც მას არ აქვს მორალური უფლება უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე იყოს“, - უთხრა 2007 წელს ერთ-ერთმა მოშიმშილემ, გიორგი მარჯანიძემ რადიო თავისუფლებას.

წიგნი ბრაილის შრიფტით
წიგნი ბრაილის შრიფტით

15 წლის შემდეგ. 2022 წელს, შიმშილობა გამოაცხადა უსინათლოთა კავშირის სამმა წევრმა: გიორგი ენუქიძემ, ლელა ვეფხვაძემ და ცირა ვეფხვაძემ. ისინი სამსახურიდან გათავისუფლებულების აღდგენასა და უკანონოდ გასხვისებული ქონების საქმეზე სწრაფ გამოძიებას ითხოვდნენ.

როგორც გიორგი ენუქიძემ, რომელიც კავშირის თავმჯდომარის მოადგილე იყო, უთხრა მაშინ რადიო თავისუფლებას, უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ, სოფიო ხუციშვილმა, სამსახურიდან მისი გათავისუფლება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ის ქონების გასხვისებით დაინტერესდა:

„როდესაც ამ დოკუმენტაციებში ჩავიხედე, ვნახე, რომ რამდენიმე შემთხვევა მკაფიოდ შეიცავდა სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, ბოლო, ე.წ. რეორგანიზაციის, შპს „საქართველოს ბიზნესის აკადემიის“ მოძრავი ქონების გასხვისების ფაქტს. ამ ქონების 49% უსასყიდლოდ გადაეცა ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. მას შემდეგ, რაც ამ საკითხებით დავინტერესდი, ჩემი პერსონა უკვე მიუღებელი გახდა როგორც ამჟამინდელი თავმჯდომარისთვის, ისე ყოფილი თავმჯდომარისთვის, რევაზ მაისურაძისთვის, რომელიც, ფაქტობრივად, უსინათლოთა კავშირის ჩრდილოვანი მმართველია“, - ამბობდა ენუქიძე.

ქონების გასხვისების კანონიერების გამოძიების მოთხოვნით მან, 2022 წლის თებერვალში, გენერალურ პროკურატურას მიმართა.

პროკურატურის პარალელურად გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტმაც“ გამოიკვლია ბრალდებები.

„აი, ფაქტის“ გამოძიებით „უსინათლოთა ქონების მოურავი“, ირკვევა, რომ უსინათლოთა კავშირსა და მის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს მილიონობით ლარის ღირებულების ქონება აქვთ.

მათ სახელზე ათასობით ჰექტარი მიწა და მათზე განთავსებული ნაგებობაა რეგისტრირებული. კავშირის 2018-2020 წლების ბიუჯეტის დოკუმენტებით, სამი წლის განმავლობაში კავშირმა სხვადასხვა კომპანიისგან 794 ათასი ლარის სარგებელი მიიღო.

„მიუხედავად იმისა, რომ კავშირს ქონება აქვს, ეს ქონება მის უსინათლო წევრებს თანაბრად არ ხმარდება. წლებია, ამ აქტივებს რევაზ მაისურაძე და მისი გარემოცვა პირადი სარგებლის მისაღებად იყენებს“, - წერს „აი, ფაქტი“.

პროკურატურა მაისურაძესა და ხუციშვილს ორ ეპიზოდში ედავება. პროკურორი დავით კაპანაძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ საქმე ფონიჭალაში გასხვისებულ უძრავ ქონებას ეხება.

2010 წელს უსინათლოთა კავშირმა კერძო პირებთან ია და კახაბერ ერაძეებთან ერთად დააარსა საგანმანათლებლო დაწესებულება „ბიზნესის აკადემია“, რომელშიც უსინათლოთა კავშირის შენატანი წილი იყო 9440 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 2 581 კვ.მ ფართობის შენობები (მისამართი: რუსთაველის გზატკეცილი N18-22). უსინათლოთა კავშირს ამ შპს-დან ყოველწლიურად 300-350 ათასი ლარი უნდა მიეღო, მაგრამ, როგორც პროკურორი ამბობს: „11 წლის განმავლობაში ლარიც კი არ მიუღია“.

2021 წელს უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელის სოფიკო ხუციშვილის ინიციატივით, „ბიზნესის აკადემიას“ ორი კომპანია გამოეყო, რომლებსაც ის უძრავი ქონება გადაეცათ, რომელიც აკადემიამ 2010 წელს უსინათლოთა კავშირისგან მიიღო. ამ კომპანიების მეწილეებიც უსინათლოთა კავშირი და ერაძეები არიან.

„უძრავი ქონება კი გადაეცა, მაგრამ მოძრავი ქონება: ინვენტარი, საბანკო ანგარიშები, ლიცენზია... ყველაფერი, რაც ერთობლივი საქმიანობით ჰქონდათ მოპოვებული - ჰაერში დარჩა. გამოვიდა, რომ ამით უსინათლოთა კავშირმა 452 ათასზე მეტი ლარით იზარალა“, - ამბობს დავით კაპანაძე.

პროკურატურა მაისურაძესა და ხუციშვილს ედავება იმასაც, რომ მათ 11 წლის განმავლობაში არაფერი იღონეს, რათა „ბიზნესის აკადემიიდან“ კუთვნილი შემოსავალი მიეღოთ და კავშირის 3000 წევრის კეთილდღეობისთვის დაეხარჯათ.

„არათუ დავა არ დაიწყეს, 2021 წელს უძრავი ქონება სხვა შპს-ზე რომ გადაიტანეს, იქაც 51% დაუტოვეს იმ მხარეს, რომელმაც პირობა დაარღვია“, - ამბობს დავით კაპანაძე.

რადიო თავისუფლება ესაუბრა უსინათლოთა კავშირის ყოფილ თავმჯდომარესაც. რევაზ მაისურაძემ „თავისუფლებას“ უთხრა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, უფრო დეტალურად კი მხოლოდ მაშინ ისაუბრებს, როდესაც სასამართლო დასრულდება.

უსინათლოთა კავშირის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 დეკემბრისთვის არის ჩანიშნული.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG