საქართველოში პირველი იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა წითელას 335 შემთხვევა, რაც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით ეპიდემიოლოგიურ აფეთქებად შეიძლება შეფასდეს. ეს მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება ამჟამად გავრცელებულია ძირითადად იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში.
ეს პირველი აფეთქებაა საქართველოში?
ეპიდაფეთქება იყო გასულ წელსაც, 2018 წლის იანვარ-თებერვალში 370-ზე რეგისტრირებული შემთხვევით. წითურამ იფეთქა 2004-2005 წლებშიც, მაშინ 14 500-მდე ადამიანი დაავადდა და 9 დაიღუპა. ამ საგანგაშო ვითარებას წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინით (წწყ) გეგმიური იმუნიზაციის შემოღება მოჰყვა.
წითელას საწინააღმდეგო აცრები საქართველოში ჯერ კიდევ 51 წლის წინ დაიყო, როცა წითელას ეპიდემია ბავშვთა გარდაცვალების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდა.
რა არის წითელა?
წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა. ვრცელდება სწრაფად. გადადის ჰაეროვანი გზით და/ან დაავადებულთან უშუალო კონტაქტით;
წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არ აქვს.
რა სიმპტომები ახასიათებს წითელას?
- ცხელება
- გამონაყარი
- ხველება
- რინიტი ან კონიუნქტივიტი.
წითელას ტიპური შემთხვევა იწყება მწვავედ - ტემპერატურის მომატებით, რომელსაც თან ახლავს - ხველა, რინიტი, კონიუნქტივიტი. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი; 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება ვარდისფერი გამონაყარი, თავდაპირველად სახეზე (შუბლზე), შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, ზემოდან ქვევით (კისერი, ტანი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამოდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს ქვემოთ, იწყება გამონაყრის პიგმენტაცია, რომელიც თანდათან ქრება.
რამდენად საშიშია წითელა?
სტატისტიკური მონაცემებით წითელას შემთხვევათა მხოლოდ 30% რთულდება.
განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილით მთავრდება წითელას 1000 შემთხვევიდან 1, განვითარებად ქვეყნებში 3%-6%.
მთავარია პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართოს ექიმს, დააზუსტოს დიაგნოზი და სწრაფად ჩაიტაროს მკურნალობა.
დიაგნოზის დასადასტურებლად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.
როგორ ავადდებიან წითელათი?
წითელა ადვილად შეიძლება გადაგედოთ. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც წითელას ვირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი ქონდა და არ აქვს იმუნიტეტი - არ გადაუტანია დაავადება ან არ არის აცრილი, 90% ალბათობით დაავადდება.
როდის არის გადამდები წითელა?
ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყრის დაწყებამდე 4 დღის და გამონაყრის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში - სულ 8 დღე.
როგორ უნდა მოიქცეთ თუ კონტაქტი გქონდათ წითელათი დაავადებულთან?
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ გაქვთ წითელას მიმართ იმუნიტეტი, აუცილებლად უნდა გადაამოწმით თქვენი სამედიცინო ისტორია - აცრების ბარათი.
თუ ვერ იპოვეთ, ვერ გაიხსენეთ, აუცილებლად ჩაიტარეთ აცრა. წითელას აცრის დამატებითი დოზის მიღება უსაფრთხოა.
როგორ დავიცვათ თავი წითელათი დაავადებისაგან?
ვაქცინაცია წითელას პრევენციის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, წითელას საწინააღმდეგო აცრები ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში, ან, არაგეგმიურად, ნებისმიერ სხვა დროს. გადაამოწმეთ თქვენი ვაქცინაციის სტატუსი, თუ არ ხართ დარწმუნებული, ან არ ხართ აცრილი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით - მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს და ჩაიტარეთ აცრა წითელა-წითურა-ყბაყურის (MMR) საწინააღმდეგო ვაქცინით.
რამდენად უსაფრთხოა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია?
წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა.
დღეისათვის ვაქცინა გამოიყენება მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში.
რა ღირს ვაქცინაცია?
საქართველოში როგორც გეგმიურ (ბავშვთა ასაკის), ისე 41 წლამდე ასაკის მოქალაქეთა უფასო ვაქცინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო. ასევე უფასოა 41 წელს ზევით მოსახლეობისათვის, თუ ისინი იყვნენ კონტაქტში წითელათი დაავადებულთან.
როდის არ შეიძლება აცრის ჩატარება?
აცრა არ შეიძლება:
- თუ ხართ ორსული, აცრა კატეგორიულად აკრძალულია. აცრა უნდა ჩატარდეს მინიმუმ 1 თვით ადრე ორსულობამდე.
- თუ გქონდათ მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;
- თუ გაქვთ იმუნოდეფიციტი;;
- თუ გაქვთ არაგანკურნებადი აქტიური ტუბერკულოზი.
ვინ არის დაცული წითელასაგან?
წითელათი დაავადების საშიშროებისგან დაცული ხართ, თუ
• აცრილი ხართ MMR ვაქცინის 2 დოზით - პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით 1 წლის და 5 წლის ასაკებში;
• თუ აცრილი ხართ MMR ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზით, და იმყოფებით სკოლამდელ ასაკში;
• თუ გადატანილი გაქვთ წითელა, რომელიც დადასტურდა ლაბორატორიულად;
• თუ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ გაქვთ შესაბამისი იმუნიტეტი.
და ბოლოს, რატომ ეძახიან წითელას ბატონებს?
ბავშვთა გადამდებ ავადმყოფობებს - წითელას, ყვავილს, ქუნთრუშას და ყივანახველას ხალხური სახელწოდებაა ბატონები. საქართველოს კუთხეებში გავრცელებული ძველი რელიგიური შეხედულებით, ამ სნეულებებს იწვევდნენ პატარა ზებუნებრივი არსებები ე. წ. ბატონები, ანგელოზები, და რომელ ოჯახსაც ეს „ბატონები“ ეწვეოდნენ, იქ ავადმყოფობა ჩნდებოდა; სწამდათ, რომ „ბატონებს“ მუსიკა, ცეკვა, ყვავილები, ტკბილეულობა უყვარდათ და, თუ სურვილს აუსრულებდნენ, დაავადებაც იოლად მორჩებოდა.
დაავადებულს შეიძლება ყვავილები, ტკბილეულობა და მხიარულება ესიამოვნოს, მაგრამ წითელას პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე აუცილებელია მიმართოთ ექიმს. დაავადების ეფექტურ პრევენციას კი აცრები წარმოადგენს.