„აქტიურად ვმუშაობთ მოდელზე, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის წინაშე დადგება. სამოქმედო გეგმაზე მუშაობა სხვადასხვა უწყებასთან ერთად მიდის. ვფიქრობ, რომ მოდელი რამდენიმე დღეში მზად გვექნება და გავუზიარებთ საზოგადოებასაც, რათა თვალსაჩინო გახდეს ყველასთვის თუ რა კეთდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის“, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
სამოქმედო გეგმის ზოგად შტრიხებზე ლაპარაკობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც და ამბობს, რომ ქვეყანა ამ ეტაპზე, კორონავირუსის მართვის სამ სცენარზე მუშაობს. მინისტრის განმარტებით, პირველი სცენარი გულისხმობს ინფიცირებულ პაციენტთა მცირე რაოდენობისთვის საჭირო გეგმას, მეორე სცენარი რამდენიმე ასეული პაციენტის მართვაზეა ორიენტირებული, მესამე სცენარი კი ითვალისწინებს დაახლოებით 400-მდე მძიმე პაციენტის მკურნალობის სქემას.
რამდენი საწოლია დღეს მზად კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად?
კორონავირუსისთ ინფიცირებულთა მისაღებად საქართველოს მასშტაბით 9 საავადმყოფოა მზად. ჯამში, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთათვის მობილიზებულია 350-მდე საწოლი.
- თბილისის ინფექციური საავადმყოფო;
- ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა;
- თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო;
- საუნივერსიტეტო კლინიკა;
- გორის სამხედრო ჰოსპიტალი;
- საჩხერის საავადმყოფო;
- ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო;
- ბათუმის ინფექციური საავადმყოფო;
- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო;
თამარ გაბუნიას თქმით, ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ყველა შერჩეულ საავადმყოფოში შეფასდა სავენტილაციო სისტემა და ამის მიხედვით შეირჩა კლინიკები: „გარდა ამისა, სწორედ იმიტომ გადავწყვიტეთ კორონავირუსით ინფიცირებულთა ცალკე საავადმყოფოებში მკურნალობა, რომ თუკი შეიქმნება სავენტილაციო სისტემის ხარვეზი, არ მოხდეს საავადმყოფოში შიდა გავრცელება. ასეთ შემთხვევაში, იქ, სადაც მხოლოდ კორონავირუსის მქონე პაციენტები იქნებიან, ეს რისკი შემცირებულია. ამ საავადმყოფოებს ინფექციის კონტროლის ძალიან მკაცრი ზომები აქვთ დაცული, რათა უზრუნველყონ პაციენტების სწორი მართვა ინფექციის გავრცელების გარეშე“.
თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირებულთათვის განკუთვნილი საწოლების მაქსიმალური უმეტესობა ეთმობა პირებს, რომლებიც საკარანტინე მომსახურებას საჭიროებენ.
იგეგმება თუ არა საველე საავადმყოფოების მოწყობა?
თამარ გაბუნიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მართვის რამდენიმე სცენარი და მათ შორის, ყველაზე რთული სცენარიც განიხილება, ამ ეტაპზე, არცერთი მოდელი არ მიდის საველე საავადმყოფოების მოწყობამდე. ამის მიზეზად ის ქვეყანაში არსებულ საწოლფონდს ასახელებს, რომლის რაოდენობაც ჯამში 14 ათასს აღწევს:
„საწოლფონდი მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში იმაზე დიდია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. დიახ, ყველაფერი შეიძლება წარმოიდგინო ადამიანმა, მაგრამ ყველაზე მძიმე თეორიულ სცენარშიც კი, საველე საავადმყოფოების საჭიროებამდე საქმე არ მიდის. ჯერჯერობით, არ მიმდინარეობს ლაპარაკი იმაზე, თუ სად გაიშლება და როგორ გაიშლება საველე საავადმყოფო".
ხელოვნური სუნთქვის რამდენი თავისუფალი აპარატია საქართველოში?
ჯამში, საქართველოს 2000-მდე ხელოვნური სუნთქვის აპარატი აქვს. დღეის მდგომარეობით, მათგან 50-60% არა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიერ არის დაკავებული. კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ გათავისუფლებულ სამ კლინიკაში - რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გორის ჰოსპიტალსა და საუნივერსიტეტო კლინიკაში მზადყოფნაშია 40-მდე სასუნთქი აპარატი, რაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის სიტყვებით, წინასწარი შეფასებით, სრულიად საკმარისი უნდა იყოს იმ მოსალოდნელი შემთხვევების მართვისთვის, თუკი ვირუსის გავრცელება აქტიურ ხასიათს მიიღებს და მოიმატებს მძიმე შემთხვევების რაოდენობა. თუმცა, თამარ გაბუნიას თქმითვე, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სასუნთქი აპარატების დარჩენილი მარაგების ათვისებაც: „საბედნიეროდ, კორონავირუსი დაავადებულთა მხოლოდ 5%-ში მიმდინარეობს მძიმედ და ამიტომ, საქართველოში არსებული სასუნთქი აპარატების მარაგი, აბსოლუტურად საკმარისი უნდა იყოს პაციენტებისთვის“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ასევე ექსტრაკორპორეალური მემბრანული ოქსიგენაციის (ეკმო) აპარატი, რომელიც ძირითადად გამოიყენება კარდიოქირურიის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში. საქართველოს მასშტაბით, ასეთი აპარატი სულ 3-ია. თამარ გაბუნია ვარაუდობს, რომ ამაზე მეტი რაოდენობის საჭიროება ქვეყანაში არ დადგება. მისივე თქმით, კრიტიკული მედიცინის სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ ირკვევა, რომ ახალი თაობის ხელოვნური სუნთქვის აპარატებს შეუძლიათ იმავე ფუნქციების დაფარვა, რაც ეკმოს აპარატს.
გვყავს თუ არა ექიმების საკმარისი რაოდენობა?
საქართველოში 487 ლიცენზიის მქონე ინფექციონისტია. ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, პირველ რიგში, სწორედ ისინი უმკურნალებენ პაციენტებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება და ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია გამოცხადდება, მკურნალობის პროცესში ჩაერთვებიან სხვა სპეციალობის ექიმებიც. საქართველოში ჯამში 22 223 მოქმედი ექიმია.
თამარ გაბუნიას თქმით, ყველა იმ საავადმყოფოს, რომელიც გამოყოფილია კორონავირუსით ინფიცირებულთათვის, კონსულტანტებად ჰყავთ ინფექციონისტები: „ისინი აქტიურად მუშაობენ სხვა დანარჩენ პერსონალთან, რათა მათი უნარ-ჩვევები და კომპეტენციები განავითარონ კონკრეტულად კორონავირუსის შემთხვევების მართვისთვის. გაწერილია შიდა პროტოკოლები და მზად არიან იმისთვის, რომ პროცესს წარმატებით გაართვან თავი. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ, პრობლემა არ უნდა შეიქმნას“.
ჯანდაცვის სამინისტრომ ექთნების ძებნა დაიწყო
დღეის მდგომარეობით, სისტემაში დასაქმებული ექთნების რაოდენობა, ექიმებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მცირეა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უწყებამ უკვე დაიწყო იმ ექთნების მოძიება, რომლებსაც აქვთ ლიცენზია, მაგრამ ამ ეტაპზე, არ არიან დასაქმებულები: „ჩვენ გვაქვს მათი საკონტაქტო ინფორმაცია და თუ დადგება ამის საჭიროება, ისინი დროულად იქნებიან მობილიზებულნი. ჩვენ ამისთვის აქტიურად ვემზადებით“.
ხომ არ იგეგმება გეგმიური ოპერაციების გადადება და ამბულატორიული ვიზიტების შეზღუდვა?
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სისტემა არ აპირებს გეგმიური ოპერაციების გადადების რეკომენდაციის გაცემას. თუმცა, მისი თქმით, თუკი ქვეყანაში გაიზრდება კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა, შესაძლოა მუშაობის სქემა გადაიხედოს:
„მუშავდება სცენარი, მათ შორის, მძიმე სცენარიც. დღეს იმის საჭიროება, რომ ჩვენ შევზღუდოთ გეგმიური ოპერაციები, არ არის, რადგან ჯერჯერობით სრულებით საკმარისია ის საწოლფონდი, რაც გვაქვს. თუკი ოპერაციების გადადების საჭიროება დადგება, არც ამის პრობლემა შეიქმნება, რადგან გეგმიური ოპერაცია ნიშნავს, რომ ის შეიძლება ჩატარდეს, მაგალითად, 2 თვის შემდეგაც. რაც შეეხება, მწვავე ოპერაციებს, რა თქმა უნდა, ამის გადავადება არანაირ შემთხვევაში არ მოხდება. ჩვენი მიდგომა, ამ ეტაპზე, არის ის, რომ კორონავირუსისთვის სპეციალურად გამოიყო რამდენიმე საავადმყოფო, რომლებიც მხოლოდ ამ ტიპის პაციენტებს მოემსახურებიან, რადგან სხვა საავადმყოფოებს ამ პერიოდში არ შეექმნათ რაიმე პრობლემა. ამდენად, ჩვენ გვირჩევნია, რომ ასეთი პაციენტები კონცენტრირებულნი იყვნენ კონკრეტულ საავადმყოფოებში, რათა თავიდან ავიცილოთ საავადმყოფოში შიდა გავრცელება. რა თქმა უნდა, ეს გეგმა ძალიან დეტალურად მუშავდება და ნებისმიერ მომენტში ჩვენ შეგვიძლია გავააქტიუროთ სხვადასხვა მიმართულება, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ეპიდემიის მიმდინარეობა“.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ჯერჯერობით არ იგეგმება ამბულატორიული ვიზიტების გადადების რეკომენდაციების გაცემაც. უწყებაში თვლიან, რომ ამ ეტაპზე, ამგვარმა რეკომენდაციამ ან აკრძალვამ შეიძლება მეტი დაბნეულობა გამოიწვიოს საზოგადოებაში.
შეძლებს თუ არა ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსით ინფიცირებულთა ბინაზე მკურნალობას?
თამარ გაბუნია ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, პირველადი ჯანდაცვის ქსელი შეძლებს თავის თავზე აიღოს ვირუსის მართვა. ანუ, საჭიროების შემთხვევაში, იქნება რეკომენდაცია, რომ პაციენტებს, რომლებსაც ვირუსის მსუბუქი ფორმა ექნებათ, მკურნალობას გაივლიან თვითიზოლაციაში, სახლის პირობებში.
ამგვარი სიტუაციის მართვისთვის, 11 მარტიდან დაიწყო ოჯახის ექიმების გადამზადება, რომლებიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კორონავირუსის მართვის უნარებით აღიჭურვებიან. მათი რაოდენობა ჯამში 2000-ია.
„სხვა ქვეყნების გამოცდილების თანახმად, დიდი ნაწილი პაციენტებისა, ბინაზე იტარებს მკურნალობას, რაკიღა ამ დაავადებას რაიმე განსაკუთრებული ტიპის მკურნალობა არ სჭირდება. ოჯახის ექიმების ტრენინგი თბილისის მასშტაბით უკვე დაიწყო. რაც შეეხება რეგიონებში დასაქმებულ ოჯახის ექიმებს, მათთვის უახლოეს დღეებში დაიწყება ტრენინგები. ძირითადად ჩატარდება ონლაინ სწავლებები, რადგან ახლა არ არის რეკომენდებული დიდი ჯგუფების ერთად თავმოყრა. ვირუსი მიმდინარეობს ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებით და განსაკუთრებული მართვა, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც პნევმონიით ვითარდება და რომელსაც შემდეგ ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, ბინაზე მკურნალობის ჩატარება სრულიად შესაძლებელია. ამდენად, პირველადი ჯანდაცვის ქსელს, ვფიქრობ, ძალიან მარტივად შეუძლია ვირუსის მართვა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ თუკი ადამიანი იმკურნალებს ბინაზე, მან მკაცრად უნდა დაიცვას თვითიზოლაციის პირობები“.
რამდენი საკარანტინე ადგილია დღეს საქართველოს მასშტაბით?
დღეის მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 300-მდე ადამიანი. ჯამში საკარანტინე ადგილების რაოდენობა დღეს შეადგენს 400-ს. თუმცა, უახლოეს დღეებში დამატებით იგეგმება 500-მდე საკარანტინე ადგილის დამატება: „თავდაპირველად, ჯანდაცვის დაწესებულებებზე ავიღეთ ორიენტაცია, მაგრამ რაკიღა საკმაოდ გაფართოვდა იმ ქვეყნების სია, საიდან ჩამოსული ადამიანებიც კარანტინში უნდა გადავიდნენ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა ამას ვეღარ გასწვდება და პროცესში აქტიურად ჩაერთო ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის სააგენტო. ისინი გვეხმარებიან სასტუმროების მოძიებაში. მომდევნო კვირის ბოლომდე, ჯამში 900-მდე საკარანტინე ადგილი უნდა გვქონდეს“.
12 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 49 პაციენტი.