16 დეკემბერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თელავში ინაუგურაციისას ოფიციალური ტექსტით მიმართა ერეკლე მეფის სასახლის ეზოში შეკრებილ სტუმრებს. ინაუგურაციას მედია გალავნის მიღმა დამონტაჟებული მონიტორიდან ადევნებდა თვალს. საზეიმო ცერემონიალის პარალელურად მიმდინარეობდა ოპოზიციის აქცია.
რა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა და რა ინტერპრეტაციებს აკეთებენ ექსპერტები მის საინაუგურაციო სიტყვის მთავარი გზავნილების შესახებ - რადიო თავისუფლებამ მეხუთე პრეზიდენტის ტექსტის კომენტირება სთხოვა პოლიტოლოგ გია ნოდიას, კონსტიტუციონალისტს კოტე ჩოკორაიას, ქალთა ფონდის ხელმძღვანელ ნანა ფანცულაიას და პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს.
- თელავი - როგორც სიმბოლური ადგილი
- ქართული ოცნების მხარდაჭერა - დემოკრატიული ნაბიჯი?
- შესაძლებელია თუ არა პრეზიდენტის და ოპოზიციის თანამშრომლობა?
- წინა პრეზიდენტების დამსახურებები
- პირველი ქალი პრეზიდენტი
- უმაღლესი მთავარსარდალი
"დღეს, როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის განმავლობაში, საქართველო ისევ გზაჯვარედინზეა, - კიდევ ერთხელ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე. აქ, თელავში, კარგად ჩანს ჩვენი განვლილი გზა - ბრძოლებით, გამოწვევებითა თუ წარმატებებით. ეს ადგილი ქართველი ერისთვის, ერთგვარად, ისტორიული მეხსიერების ბარათია:
მეფე ერეკლე იბრძოდა ქვეყნის განვითარებისა და ერთიანობისთვის. მან შექმნა თანამედროვე ქართული ჯარი და გაიმარჯვა არაერთ ბრძოლაში. იგი საფუძველს უყრიდა ევროპული ყაიდის სახელმწიფოს.
აქ, თელავში, დაიმსხვრა მეფე ერეკლეს გეგმები, რომლებიც უკავშირდებოდა თანამედროვე სახელმწიფოს შექმნას, ახალი სტანდარტების დამკვიდრებას, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებას.
აქ შეჩერდა ჩვენი ქვეყნის განვითარება, - საქართველოს ჩაუკეტეს გზა დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს ბევრმა მიზეზმა განაპირობა, მათ შორის, მტრის განზრახვამ.
თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენით დავუბრუნდით ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, დღეს ჩვენს წინ ისევ გადამწყვეტი ეტაპია.
თელავიდან კარგად ჩანს გასავლელი გზა. ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება - ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი."
"მადლიერი ვარ მათი, ვინც ხმა მომცა არჩევნებში. მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომელმაც, როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, მხარი დამიჭირა და ამით დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა."
"პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა. ისიც ვიცი, რომ სხვადასხვა პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია, თუნდაც, ჩემი პრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით."
"უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო:
ერთი საუკუნის წინ, პირველი რესპუბლიკის მეთაურებმა იმ დროისთვის თანამედროვე და პროგრესული კონსტიტუცია მიიღეს;
უდიდესი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიამ, როცა დანიშნა რეფერენდუმი და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი;
ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ;
მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას;
გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისკენ, გამყარდა სტაბილურობა.
ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა ვერ შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა.
ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა ვერ შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა."
მე ვარ პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში.
ჩემი პრეზიდენტად არჩევით ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას: უფრო შორს რომ არ წავიდეთ, 100 წლის წინ, დემოკრატიული საქართველოს არჩევნებში ქალები თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ, - არჩეულ იქნა 5 ქალი პარლამენტარი. ეს ევროპაში მაშინ იშვიათობა იყო!
დღესაც, ვდგამთ პროგრესულ ნაბიჯს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ჯერ კიდევ გამონაკლისია მსოფლიოში, სადაც მხოლოდ 11 ქალია პრეზიდენტი. ამით ვამტკიცებთ, რომ საქართველოში ქალების როლი ძლიერდება და თანასწორობა ჩვენთვის უცხო სიტყვა არ არის.
საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. არსებობს საოკუპაციო ხაზი, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში და საიდანაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია. ჩვენ ამას არ შევეგუებით!
საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დამოკიდებულია ჩვენი სამხედრო ძალების პროფესიონალიზმზე, მზადყოფნაზე, თანამედროვე აღჭურვილობაზე, მტკიცე სახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე.
მე ვუცხადებ სრულ ნდობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. გამოვხატავ პატივისცემას ჩვენი ჯარისკაცებისა და ვეტერანების მიმართ. მინდა იყოთ დარწმუნებული, რომ მთლიანად ვიქნები ჩართული შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჯარის გაძლიერება და ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა არის ჩემი მიზანი.
როგორც მთავარსარდალმა, აუცილებლად უნდა განვაცხადო, რომ ჯარის იდეოლოგიური და პოლიტიკური ნიშნით დაყოფის მცდელობები, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში, არის სრულიად მიუღებელი. ეს აზარალებს სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს.
მე ჩავალ ავღანეთში ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებთან, რომლებიც ღირსეულად და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად იბრძვიან ჩვენი პარტნიორების გვერდით. ისინი ებრძვიან გლობალურ საფრთხეებს, რომელიც ემუქრება მშვიდობას მსოფლიოში, რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში.