Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვიცით 45 წლის სერჟანტის სიკვდილის მიზეზებზე?


სერჟანტი მამუკა მელაძე; ფოტო მისი პირადი ფეისბუკის გვერდიდან
სერჟანტი მამუკა მელაძე; ფოტო მისი პირადი ფეისბუკის გვერდიდან

28 აპრილის დილას თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გასულ ღამეს აღმოსავლეთის სარდლობის სერჟანტმა მამუკა მელაძემ თავი ჩამოიხრჩო. 

პრესრელიზი მიანიშნებდა, რომ სუიციდის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი უნდა გამხდარიყო.

„გამოკითხულია მოწმეები, დანიშნულია ექსპერტიზები და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თვითმკვლელობა სავარაუდოდ ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება“, - ეწერა სამინისტროს მოკლე პრესრელიზში მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ასეთ ადრეულ ეტაპზე სახელმწიფო უწყებები მკვლელობის თუ თვითმკვლელობის მოტივებზე არ საუბრობენ.

რადიო თავისუფლებას თავდაცვის სამინისტროში არ უთხრეს, სად იპოვეს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი - მედია ამბობს, რომ - თავდაცვის სამინისტროს შენობაში და, რომ არსებობს თვითმკვლელობამდე გადაღებული ვიდეო.

გამოძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აქვს დაწყებული. მამუკა მელაძის ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდა.

გამოცდილი სამხედრო საქართველოს თავდაცვის ძალებში თითქმის 20 წლის განმავლობაში მსახურობდა, იყო აგვისტოს ომისა და საქართველოს საერთაშორისო სამხედრო მისიის მონაწილე ავღანეთში.

სერჟანტ მამუკა მელაძის ცხედარი უკვე გადაასვენეს კასპში, სახლში, სადაც ის მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა.

ცხედრის გადასვენება კასპში იმ სახლში, სადაც გარდაცვლილი სერჟანტის ოჯახი ცხოვრობს
ცხედრის გადასვენება კასპში იმ სახლში, სადაც გარდაცვლილი სერჟანტის ოჯახი ცხოვრობს

სამხედრო მოსამსახურის ახლობლები უარყოფენ როგორც ოჯახურ კონფლიქტს, ასევე პრობლემებს სამსახურში. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიაში ეჭვი ეპარება და გამოძიების შედეგებს ელოდება.

“ბავშვობიდან ვიცნობ და არანაირი კონფლიქტი, ჩემს დასთან ან ვინმე სხვასთან არ ჰქონია, სამსახურში ყველას უყვარდა, გულში იხუტებდნენ. 20 წელია უკვე ჯარში მსახურობს. ის, რომ ვიღაცამ რაღაც ჭორები მიაკერეს უკვე, არის სრული აბსურდი”, - უთხრა დღეს ჟურნალისტებს გარდაცვლილი სერჟანტის ცოლისძმამ.

მამუკა მელაძე პირველი სამხედრო არ არის, ვინც სამხედრო ობიექტზე მოიკლა თავი.

  • 2022 წლის აპრილში სენაკის სამხედრო ბაზის საგუშაგოზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ტყვია დაიხალა თავში 21 წლის ჯარისკაცმა, ჯონი ახალაიამ.
  • 2021 წლის მარტში მე-4 მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი ბრი­გა­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ, მო­რი­გე­ო­ბის დროს თა­ვი­სი­ვე ავ­ტო­მატუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოიკლა თავი.
  • 2019 წლის მაისში 25 წლის სამხედრო, ვლადიმერ მახათაძე იპოვეს ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი - სამხედრო პოლიცია ამ შემთხვევასაც თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებდა.
  • 2017 წლის 27 ივნისს, ოსიაურში, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს 22 წლის ჯარისკაცი - გამოძიება აქაც თვითმკვლელობამდე მიყვანის მოტივზე მსჯელობდა, ოჯახი კი გამოძიების არაეფექტურობაზე საუბრობდა და თვითმკვლელობის ფაქტს ეჭვქვეშ აყენებდა.

ჯერ კიდევ 2015 წელს თავდაცვის ძალებში სუიციდის მაღალი მაჩვენებლის გამო სამინისტრო სპეციალური პროგრამის საჭიროებაზე საუბრობდა - მაშინ მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობდა, რომ თვითმკვლელობის მიზეზი ხშირად ჯარისკაცების შემთხვევაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და ფინანსური პრობლემები იყო. 2021 წლის ნოემბრიდან საჯარო მოხელეებს აზარტული თამაშები სახელმწიფომ აუკრძალა.

ოფიციალური სტატისტიკა საქართველოს ჯარში სუიციდის ფაქტების შესახებ არ არსებობს - რადიო თავისუფლებამ ეს მონაცემები სამინისტროდან გამოითხოვა.

XS
SM
MD
LG