Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გზავნილებით ჩავიდა სამცხე-ჯავახეთში „რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი


ახალციხეში იმყოფებოდა „რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი.
ახალციხეში იმყოფებოდა „რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობა და ერთობა“ დაფუძნდა. მისი თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი „კონსერვატიული პარტიის“ ყოფილი წევრია და 2012 წელს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებდა. სანდროშვილის მიერ ორგანიზაციის დაფუძნების გამო, ახალციხეში ჩავიდა „რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი. ბათუმში დაბადებული ხომერიკი წლებია რუსეთში ცხოვრობს და იქაურ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირადაა მიჩნეული.

ოლეგ სანდროშვილი ამბობს, რომ ვლადიმერ ხომერიკთან თანამშრომლობა რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გადაწყვიტა. „ჩვენ გვინდა, რომ თაობამ, რომლებსაც გვახსოვს ის თბილი დრო და თბილი ურთიერთობები, ეს დავაბრუნოთ. ავაღორძინოთ ის ურთიერთობები, რაც ტკბილად მოსაგონარია ბევრი ჩვენგანისთვის. თუ შესაძლებელი იყო ამის დანგრევა, რატომ არ არის შესაძლებელი ამის აღდგენა? აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან ურთიერთობების დალაგების გასაღები ძევს არა უშუალოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, არამედ ამ შემთხვევაში, რუსეთში. ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით“ - აცხადებს ოლეგ სანდროშვილი.

ოლეგ სანდროშვილი
ოლეგ სანდროშვილი

მისივე თქმით, ანალოგიური არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს შიდა ქართლის რეგიონშიც და სწავლობენ პრობლემებს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. აღსანიშნავია, რომ წელს აპრილში ხომერიკი გორშიც იმყოფებოდა.

ამჯერად, „რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფლების მცხოვრებთ შეხვდა. ხომერიკი ირწმუნება, რომ მოსახლეობას რუსეთთან დიალოგი სურს. ,,როცა მეკითხებიან, რუსეთი არის თუ არა ოკუპანტი, რატომ შევიდა იქ, მე ვპასუხობ როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა - ამით მან შეგვინარჩუნა ეს ტერიტორიები. რუსეთი, რომ არ შესულიყო და არ გაეჩერებინა იქ სიტუაცია, აფხაზი რას გააკეთებდა და სად წავიდოდა მარტო რომ იქნებოდა, ვნახავდით! ან თურქეთში წავიდოდა, ან სხვაგან. რუსეთმა შეგვინარჩუნა ეს ტერიტორიები და დღეს ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი, რომ დიალოგი გავაგრძელოთ და ეს ტერიტორიები დაუბრუნდეს საქართველოს“ - აცხადებს ვლადიმერ ხომერიკი.

„რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ საქართველომ რუსეთის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს და ჭკვიანურად მოიქცეს: ,,შენ თუ დაიწყებ ამერიკის შეყვანას, ნატოსი, ანუ რუსეთის ასე ვთქვათ, მტრის, მისი ჯარის შეყვანას და საზღვარზე დაყენებას, რუსებს აგინო და სხვაგვარი პოლიტიკა გაიყვანო, რა თქმა უნდა, არ ვამართლებ, მაგრამ რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს. სახელმწიფოს და დაცვის ინტერესები აქვს. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ჭკვიანი. პატარა სახელმწიფო უნდა იყოს ორჯერ-სამჯერ უფრო ჭკვიანი, ვიდრე დიდი სახელმწიფოს მმართველობა იმიტომ, რომ არ გაიჭყლიტოს იმ დიდ ქვეყნებში.“

საქართველოს სახელმწიფოს უმთავრეს გამოწვევებს შორის ოფიციალურად აქვს აღიარებული რუსული ოკუპაცია და „ჰიბრიდული ომი.“

წინა 9 წლის პერიოდშიც იყვნენ მაგათი ემისრები, მაგრამ მაშინ სხვანაირად მუშაობდნენ. ახლა მეტი თავისუფლება აქვთ...
ცირა მესხიშვილი

რუსეთის ე.წ. რბილი ძალისთვის განსაკუთრებით მოწყვლადია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები. სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები 81 089 ეთნიკურად სომეხი მოქალაქიდან ქართულ ენას თავისუფლად ფლობს მხოლოდ 16 676. ეს ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებსაიტზეა განთავსებული და 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს ასახავს. არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმაციის ძირითადი წყარო რუსული და სომხური ტელეარხებია.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებული კვლევით, საქართველოს სომხურ დასახლებებში გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროკავშირსა და ნატოზე. ამავე დასახლებებში 65% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო. ეს მაჩვენებლები საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი მიიჩნევს, რომ მომძლავრებული რუსული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევის ერთ-ერთი საშუალება „ოკუპაციის შესახებ კანონის“ გააქტიურებაა და სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს. ცირა მესხიშვილის შეფასებით, შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო ხანს სამცხე-ჯავახეთში გააქტიურდა ისეთი თემები, როგორიც მაგალითად, რუსეთის მის დაარსებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჯავახეთში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის კვოტის გაზრდაა.

„წინა 9 წლის პერიოდშიც იყვნენ მაგათი ემისრები, მაგრამ მაშინ სხვანაირად მუშაობდნენ. ახლა მეტი თავისუფლება აქვთ. მე ყველაზე ძალიან ის მანერვიულებს, რომ ხალხს პროტესტის გრძნობა აღარ აქვს. თბილისში რომ შეგროვდა სამოცი და ასი ათასი კაცი, ეგ არ არის საქართველო. ყველაფერი ძალიან მიზანმიმართულად ხდება, რომ ადამიანმა იფიქროს ლუკმა-პურზე და ქვეყნის ბედი აღარ გაინტერესებდეს. სოციალურ დისკრიმინაციას მოაქვს ადამიანების გადაგვარება“ - ამბობს ცირა მესხიშვილი.

XS
SM
MD
LG