Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
თუკი სტუდენტს უფლება აქვს დაიცვას თავი, მაშ რატომ შეუწყვიტა უნივერსიტეტმა სტატუსი დაუსწრებლად?

თუკი სტუდენტს უფლება აქვს დაიცვას თავი, მაშ რატომ შეუწყვიტა უნივერსიტეტმა სტატუსი დაუსწრებლად?


ეთიკის კომისიამ პროტესტის მონაწილე 10 სტუდენტს შეუწყვიტა სტატუსი
ეთიკის კომისიამ პროტესტის მონაწილე 10 სტუდენტს შეუწყვიტა სტატუსი

10 მარტს, დილით, თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილმა სასწავლებლის ადმინისტრაციისგან წერილი მიიღო, სადაც ეწერა, რომ უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, მათ სტუდენტის სტატუსი შეუწყდათ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ასეთი 10 სტუდენტია.

ერთი დღით ადრე, გაფიცული სტუდენტები იძულებულები გახდნენ, რომ 83-დღიანი პროტესტის შემდეგ, უნივერსიტეტის შენობა დაეტოვებინათ.

„რწყილების შეწამვლა“ - რა ხდებოდა სტატუსის შეწყვეტამდე?

9 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში დაკავებული სივრცის გათავისუფლება მოსთხოვა - ადმინისტრაციამ ახალგაზრდებს შეატყობინა, რომ შენობაში დეზინფექცია იყო ჩასატარებელი.

რადგან სტუდენტებს არ სურდათ პროტესტის შეწყვეტა, თანახმა იყვნენ, დროებით შენობის სხვა კუთხეში გადასულიყვნენ, თუმცა ადმინისტრაციამ უარი თქვა, პოლიცია რამდენჯერმე გამოიძახა, მათ კი სტუდენტების ნაწილს 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი და პოლიციელები, 9 მარტი, უნივერსიტეტის შენობა
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი და პოლიციელები, 9 მარტი, უნივერსიტეტის შენობა

სტუდენტების დასაჯარიმებლად პოლიციამ „ქართული ოცნების“ მიერ ახლახან მიღებული კანონი გამოიყენა, რომელიც „დახურულ სივრცეში არასანქცირებული პროტესტის გამართვას“ კრძალავს.

სტუდენტები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ უნივერსიტეტის შენობა, რადგან „განმეორებითი დანაშაულისთვის“ 15-დღიანი პატიმრობა დაემუქრებოდათ.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ჰყვებიან, რომ ადმინისტრაციამ შენობის დეზინფექცია ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს გადაწყვიტა, მაშინ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი სტუდენტი და დაცვის თანამშრომელი, სავარაუდოდ, რწყილებმა დაკბინეს:

„28 თებერვალს გვითხრეს, რომ მომდევნო დღეს აპირებდნენ დეზინფექციას და რაკი დეზინფექცია ქიმიური ხსნარების გამოყენებას ითვალისწინებს, უნივერსიტეტის კანცლერმა და მისმა მოადგილემ გვითხრეს, რომ დაგვეტოვებინა შენობა 72 საათით და შემდეგ დავბრუნებულიყავით. ამაზე, ბუნებრივია, უარი განვაცხადეთ და ალტერნატივის სახით ბევრი გამოსავალი შევთავაზეთ. ერთ-ერთი იყო ისეთი აუდიტორიის გამოყოფა, სადაც [დროებით] ვიქნებოდით და დეზინფექციის შემდეგ დავუბრუნდებოდით პროტესტს.

საბოლოოდ, იმ დღეს ვერ შევჯერდით, რადგან პრინციპულად იდგნენ იმ აზრზე, რომ უნდა გავსულიყავით. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ დღეს კანცლერმა უთხრა სადეზინფექციო სამსახურის წარმომადგენლებს, დაეტოვებინათ შენობა და დეზინფექცია არ ჩატარებულიყო. შემდეგ კი მას მიეცა იმის თქმის საშუალება, რომ თითქოს, დეზინფექციის ჩატარების უფლება ჩვენ არ მივეცით“, - ჰყვება შაკო სირბილაშვილი, თეატრალური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, რომელმაც 10 მარტის დილას შეიტყო ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.

10 მარტის დილა - „თქვენ შეგიწყდათ სტუდენტის სტატუსი“

ლიზა წერეთელმა, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ოფიციალური მეილიდან წერილი 10 მარტს, დილით მიიღო. ასე შეიტყო მან, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, სტუდენტის სტატუსი შეუწყდა.

გასაჩივრებისთვის სამი დღე აქვს.

თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წერილი ლიზა წერეთელს
თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წერილი ლიზა წერეთელს

ლიზა რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მან და მისმა მეგობრებმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ უნივერსიტეტში ასეთი კომისია არსებობდა:

„ვრეკავთ ადმინისტრაციაში, რექტორის აპარატის ხელმძღვანელთან, რომ გავიგოთ, კონკრეტულად რის საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება, თუმცა, ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. ჯერჯერობით, მხოლოდ ის ვიცით, რომ სტატუსი გვიწყდება. სხვა არაფერი წერია ამ რამდენიმეწინადადებიან მეილში“, - ამბობს ლიზა, რომელიც 83 დღის განმავლობაში, 9 მარტის ჩათვლით, თეატრალური უნივერსიტეტის შენობაში რჩებოდა და სხვა თანამოაზრეებთან ერთად მოითხოვდა უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას, პროევროპულ აქციებზე დაკავებული ადამიანების, მათ შორის, მსახიობების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას.

ადმინისტრაციის მეილი მიიღო 10 მარტის დილას ქეთი ჯავახიშვილმაც. როგორც ის გვეუბნება, ამ შეტყობინებამდე რამდენიმე დღით ადრე, გაფიცული სტუდენტების ნაწილმა ადმინისტრაციისგან კიდევ ერთი წერილი მიიღო:

„იმ წერილში ეწერა, რომ ეთიკის კომისია (რომელიც არც კი ვიცით, რა სტრუქტურას წარმოადგენს, ვინ შედის ამ კომისიაში) უნდა შეკრებილიყო და გადაეწყვიტათ შეწამვლის სამუშაოების ჩატარების ხელის შეშლის საკითხი. და დღეს უკვე მოგვივიდა მეილი, რომ ეთიკის კომისიის თათბირის საფუძველზე, რამდენიმე სტუდენტს შეგვიწყდა სტატუსი. არანაირი განმარტება, რატომ და რისთვის გვიწყდება სტატუსი, წერილში მითითებული არ არის.

რა თქმა უნდა, ეს არის პროტესტში ჩართული ხალხის დასჯა, უნივერსიტეტიდან იმ ხმის მოშორება, რომელიც ამბობს სიმართლეს და იბრძვის ღირსეული მომავლისთვის“, - ამბობს ქეთი ჯავახიშვილი.

ამავეს ეუბნება რადიო თავისუფლებას შაკო სირბილაშვილიც, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება მათ პროტესტს ვერ დააზარალებს:

„ვერც ჯარიმებით შეგვაშინებენ, ვერც სტატუსის შეწყვეტით. გუშინ მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტეთ შენობის დატოვება, რომ სრულად გვაქვს დაკარგული ნდობა როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ისე სამართალდამცავების მიმართ.

არ იყო გამორიცხული, რომ დაჯარიმებას ადმინისტრაციული პატიმრობა მოჰყოლოდა, ამიტომ ეს რისკი აღარ გავწიეთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროტესტს ვწყვეტთ. 10 მარტს საღამოს შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, როგორი იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა“, - ამბობს შაკო სირბილაძე.

პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს არც ლიზა წერეთელი. ამბობს, რომ ახლა, იმაზე უფრო მეტ ძალას გრძნობს, ვიდრე აქამდე:

„ერთი ათასად მომემატა მოტივაცია, რომ უფრო მეტად ვიბრძოლო. მიხარია, რომ ამ 83 დღეში შევაწუხე ადმინისტრაცია, ამას დიდ კომპლიმენტად ვიღებ“.

რატომ შეუწყვიტა ეთიკის კომისიამ სტუდენტებს სტატუსი?

ამ კითხვაზე პასუხის მიღება რადიო თავისუფლებამ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა.

არც სატელეფონო ზარებსა და არც ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში. ჩვენს კითხვებს არ პასუხობს არც მერი დადიანი. ის თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსია. გვინდოდა გაგვერკვია:

  • რა სტრუქტურას წარმოადგენს და ვინ არიან უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის წევრები;
  • რის საფუძველზე მიიღო კომისიამ სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება;
  • აქამდე რა საკითხები და საქმეები განუხილავს ეთიკის კომისიას;
  • რა სამართლებრივი ნორმები არეგულირებს სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტას.


10 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის ფეისბუკის გვერდზე, ადმინისტრაციამ მხოლოდ მცირე განცხადება გაავრცელა. ამ განცხადებაში ადმინისტრაცია ტექნიკური დეტალებით შემოიფარგლა და არაფერი უთქვამს არც ეთიკის კომისიისა და არც მათი გადაწყვეტილების შინაარსის შესახებ:

„ეთიკის კომისიის მიერ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ:

რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული.

სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში.

რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“.

რა წერია ეთიკის კოდექსსა და უნივერსიტეტის წესდებაში?

თეატრალური უნივერსიტეტის საიტზე „ეთიკის კომისიის“ შესახებ არაფერია მითითებული.

უნივერსიტეტის ორგანიზაციული სტრუქტურის სქემაში, რომელიც მრავალ საფეხურს, საბჭოებს, დეპარტამენტებსა და სამსახურებს მოიცავს, „ეთიკის კომისია“ მოხსენიებული არ არის.


თეატრალური უნივერსიტეტის ორგანიზაციული სტრუქტურა
თეატრალური უნივერსიტეტის ორგანიზაციული სტრუქტურა

თუმცა, თეატრალური უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებულ ეთიკის კოდექსში გვხვდება მუხლი 14, სადაც ნათქვამია, რომ დისციპლინურ წარმოებას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ახორციელებს უნივერსიტეტის დროებითი კოლეგიური ორგანო - დისციპლინარულ საკითხთა კომისია (სავარაუდოდ, ეთიკის კომისია), რომელიც შედგება არანაკლებ 3 წევრისგან და რომლის შემადგენლობაში შედიან ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა საკითხი შეეხება აკადემიურ პერსონალს - შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლებიც.

ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, სტუდენტის პასუხისმგებლობას განსაზღვრავს უნივერსიტეტის წესდება.

ეთიკის კოდექსში წერია, რომ დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:

  • წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
  • დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;
  • მიაწოდოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ინფორმაცია და მტკიცებულებები;
  • მონაწილეობა მიიღოს მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;
  • მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.


რაც შეეხება უნივერსიტეტის წესდებას, რომელიც ასევე გამოქვეყნებულია სასწავლებლის ოფიციალურ საიტზე, ამ წესდების 39-ე მუხლში წერია, რომ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა ხდება „სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებისას“.

ასეთია:

  • უხეში და არაეთიკური დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცხყოფა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული თუ დამხმარე პერსონალის;
  • შეფასების მიღების მცდელობა მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით.


კონკრეტულად რომელ გადაცდომას ედავება „ეთიკის კომისია“ პროტესტში ჩართულ სტუდენტებს, ამის შესახებ თეატრალური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.

83 დღის წინ

სტუდენტებმა თეატრალური უნივერსიტეტის შენობის რამდენიმე სივრცე, ფოიეს მცირე ნაწილი და ერთი აუდიტორია, გასული წლის 17 დეკემბერს დაიკავეს.

გარდა პროევროპულ აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნისა, მათ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და რექტორის, გიორგი შალუტაშვილის მიმართ ერთი მთავარი მოთხოვნაც ჰქონდათ, სოლიდარობა გამოეცხადებინათ პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების, მათ შორის, მსახიობების მიმართ.

თუმცა, მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან სოლიდარობის გამომხატველი განცხადებები ვერ მოისმინეს, მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი დაემატა - რექტორის გადადგომა.

გაფიცულ სტუდენტთა რაოდენობა ამ 83 დღის განმავლობაში იცვლებოდა. ახალგაზრდები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ იყო დღეები, როცა უნივერსიტეტის შენობაში 50-მდე სტუდენტი რჩებოდა. ბოლო პერიოდში - 20-მდე ადამიანი.

იყო ისეთი დღეებიც, როდესაც, მათი თქმით, თეატრალური უნივერსიტეტის შენობაზე გადმოკიდებული ბანერების გამო, რომლებზეც სხვადასხვა გზავნილი ეწერა, მაგალითად, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „დაპატიმრებული საქართველო“, „საყოველთაო დაუმორჩილებლობა“, სტუდენტებს არ აძლევდნენ საშუალებას შენობაში შეეტანათ საკვები, უწევდათ ღამის გათენება გათბობის გარეშე.

9 მარტს, მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა შენობა დატოვეს, ადმინისტრაციამ ფასადიდან ყველა საპროტესტო ბანერი ჩამოხსნა.

ბანერები, რომლებიც უნივერსიტეტის აივნებიდან 80 დღეზე მეტხანს იყო გადმოფენილი
ბანერები, რომლებიც უნივერსიტეტის აივნებიდან 80 დღეზე მეტხანს იყო გადმოფენილი

10 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც ადმინისტრაციამ სტატუსი შეუჩერა და უნივერსიტეტის შენობა დაატოვებინა, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა, აქტივისტებმა, მხარდაჭერა გამოუცხადეს და სოლიდარობის ნიშნად უნივერსიტეტის შენობასთან აქცია გამართეს. ამ აქციაზე კიდევ ერთხელ გაისმა მოთხოვნა - „გადადგეს რექტორი!“

სტუდენტური პროტესტის ტალღა

ჯერ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა (რომელსაც არ აღიარებენ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მის სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი) და შემდეგ უკვე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, რომ 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, სტუდენტური მოძრაობების საპროტესტო ტალღას ჩაუყარა საფუძველი.

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები, 15 ნოემბერი, 2024 წელი
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები, 15 ნოემბერი, 2024 წელი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პირველი ღამე უნივერსიტეტის შენობაში პროტესტის ნიშნად 15 ნოემბერს გაათენეს. პროტესტის პერიოდში ისინი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან არაერთ წინაღობას გადააწყდნენ.

ამას მოჰყვა სტუდენტების პროტესტი ილიას უნივერსიტეტში, რომლებმაც ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 18 ნოემბერი, 2024 წელი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 18 ნოემბერი, 2024 წელი

პროტესტის ნიშნად, ღამეს ათენებდნენ უნივერსიტეტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებიც სხვა სტუდენტების მსგავსად მოითხოვდნენ თსუ-ს სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძისა და პროევროპულ აქციებზე დაკავებული სხვა დემონსტრანტების გათავისუფლებას. კვირების განმავლობაში, ისინი ადმინისტრაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, სოლიდარობის ნიშნად მაინც ახერხებდნენ ბანერების გამოფენას უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელთან და შენობის ფანჯრებიდან.

პროტესტს შეუერთდა ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილიც.

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, 18 ნოემბერი, 2024 წელი
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, 18 ნოემბერი, 2024 წელი

პროტესტს შეუერთდნენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებიც აპროტესტებდნენ ამ უნივერსიტეტის სტუდენტის, ირაკლი მიმინოშვილის დაკავებას და მისი და სხვა დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. იმის გამო, რომ ადმინისტრაცია პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შენობაში არ უშვებდა, მათ ღამის გათენება უნივერსიტეტის შენობასთან უწევდათ.

„ხელოვნება იწყება თავისუფლებით“ - ამ სლოგანით შეუერთდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნაწილი პროტესტს და დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს.

103-ე დღეა, საქართველოში უწყვეტი პროტესტი, პროევროპული აქციები გრძელდება.

პროტესტის ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.

ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის რუსეთისკენ შებრუნების საბოლოო წერტილად.

ამ ხნის განმავლობაში, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ კონტროლირებულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა დააკავეს 400-ზე მეტი მოქალაქე, მათგან 50-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. ისინი კვლავ პატიმრობაში არიან.

აქციები არაერთხელ დაშალეს და დაარბიეს ძალის გამოყენებით. დაკავებისას, იზოლატორში გადაყვანისას და გადაყვანის შემდეგ იძალადეს დემონსტრანტებზე, მათ შორის, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG