Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ტოვებს სულ უფრო მეტი ჯარისკაცი რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ნაწილებს?


რადგან რუსი სამხედროები ვერ წყვეტენ კონტრაქტებს სამხედრო უწყებასთან, არმიიდან წასვლის ერთადერთ გზად მათთვის სამხედრო ნაწილიდან გაქცევა რჩება
რადგან რუსი სამხედროები ვერ წყვეტენ კონტრაქტებს სამხედრო უწყებასთან, არმიიდან წასვლის ერთადერთ გზად მათთვის სამხედრო ნაწილიდან გაქცევა რჩება

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის, მათ შორის, ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლის საგარნიზონო სასამართლოებმა, შარშან სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ 2306 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს. ეს 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

დანაშაულის ზრდის მიზეზად ექსპერტები ასახელებენ იმას, რომ რუსეთში გამოცხადებული მობილიზების შემდეგ სამხედრო სამსახურში კონტრაქტის საფუძველზე მყოფი ჯარისკაცები ვერ წყვეტენ ურთიერთობას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და არმიიდან წასვლის ერთადერთ ვარიანტად მათთვის სამხედრო ნაწილიდან გაქცევა რჩება.

2306 განხილულ საქმეზე 2117 შემთხვევაში დადგა განაჩენი, ხოლო 2200 ადამიანიდან სრულად მხოლოდ სამი გამართლდა. ამასთან, სამხედროებს ყველაზე ხშირად უყენებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლს, რომლითაც სამსახურის ადგილის თვითნებურად დატოვება ისჯება.

და მაშინ, როდესაც რუსეთის სამხედრო სასამართლოები მაქსიმალურ ვადებს უსჯიან სამხედრო სამსახურის ადგილის თვითნებურად მიტოვებაში ბრალდებულ სამხედროებს, თემიდა გაცილებით ლმობიერია მკვლელობის თუ სამხედრო ქონების დიდი რაოდენობით დატაცებაში ბრალდებულთა მიმართ.

კაპიტან დერენიკ ტემირხანოვისა და სხვათა საქმეები

„კავკაზ. რეალიის“ ცნობით, რუსეთის სამხრეთი ოლქის სამხედრო სასამართლომ თავის შემაჯამებელ ანგარიშში ქვემდგომი საგარნიზონო სასამართლოების მხრიდან რიგ დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება. მაგალითად, ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მომხდარი დაპირისპირების დროს სამხედრო მოსამსახურემ თანამებრძოლს დანა დაარტყა, რის შემდეგაც მიღებული ჭრილობების შედეგად სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

პირველი ინსტანციის საამართლომ ეჭვმიტანილის ქმედება განზრახ „მკვლელობად“ მიიჩნია. მაგრამ სააპელაციო სასამართლოში მუხლი გადაკვალიფიცირდა, ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენების მუხლით, ბრალდებულ სამხედროს სასჯელი შეუმცირეს და 5,5 წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს.

იმავე სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ ასევე გააკრიტიკა ჩეჩნეთში დაფუძნებული 42-ე გვარდიის მოტორიზებული მსროლელი დივიზიის მოტორიზებული მსროლელი ბატალიონის მეთაურის, კაპიტან დერენიკ ტემირხანოვის გაუმართლებლად მსუბუქი სასჯელი. თავდაპირველად ის დამნაშავედ ცნეს უკრაინის ოკუპირებულ ზაპოროჟიეს რეგიონში 800 ტონა მზესუმზირის თესლის მოპარვაში.

დოკუმენტებიდან გამომდინარეობს, რომ მეთაურმა თავის ქვეშევრდომებს უბრძანა მზესუმზირის მოპარვა, რომლის ღირებულება 20 მილიონ რუბლს შეადგენდა. ასეთი დანაშაული შესაბამისი სისხლის სამართლის მუხლით 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მაგრამ საბოლოოდ სამხედროს მიესაჯა იმაზე უფრო ნაკლები სასჯელი, რაც ბრალდების მუხლით იყო გათვალისწინებული: ექვსიდან 12 წლამდე პატიმრობის ვადის ნაცვლად, სასამართლომ დერენიკ ტემირხანოვს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა მიუსაჯა.

თემიდის საბოლოო ვერდიქტზე თავისი როლი ითამაშა ტემირხანოვის სტატუსმა: უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში სოფელ ზაქატოვკის დაპყრობის ოპერაციაში მონაწილეობისთვის მან მამაცობის ორდენი მიიღო. იმხანად ეს ამბავი ფართოდ გააშუქეს რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემებმა და მედიამ. სამხრეთ რაიონის სამხედრო სასამართლომ მის საქმეში შემამსუბუქებელ გარემოებებს "გადაჭარბებული" უწოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტემირხანოვმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა. თუმცა, არცერთმა მხარემ არ გააპროტესტა მსუბუქი სასჯელი - სამწლიანი გამოსაცდელი ვადა - ძალაში დარჩა.

გასული წლის ივლისის ბოლოს როსტოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის არმიის მაიორ მაქსიმ ბესპალოვს, რომელმაც ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე სამხედრო ნაწილი უნებართვოდ მიატოვა. ოფიცერი ცდილობდა სასამართლოსთვის დაემტკიცებინა, რომ სამხედრო ნაწილი ჯანმრთელობის პრობლემის გამო 2022 წლის აგვისტოში დატოვა და სახლში წავიდა. მოგვიანებით, ის თავად მივიდა სამხედრო კომენდანტის ოფისში, აღიარა ყველაფერი და ახსნა-განმარტებაც დაწერა.

"მეტი სამხედრო - მეტი დანაშაულია"

თუ შარშანწინ რუსეთში ხუთი ბრალდებულიდან მხოლოდ ერთს (განაჩენების 19%) მიესაჯა პატიმრობა, ახლა თითქმის ორიდან ერთს (41%) მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. „კავკაზ.რეალიის“ რედაქციასთან საუბარში ექსპერტები სასამართლოების მხრიდან პოზიციის გამკაცრებას უკავშირებენ 2022 წლის სექტემბერში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის შედეგადაც მობილიზაციის პერიოდში მნიშვნელოვნად გამკაცრდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ბრძოლაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში.

სამხრეთის საგარნიზონო სასამართლოებში შესული 2306 სისხლის სამართლის საქმის დიდი ნაწილი როსტოვისა და ნოვოჩერკასკის რაიონებში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებზე მოდის. 2023 წლის სექტემბრამდე აღნიშნული საგარნიზონო სასამართლოები ასევე განიხილავდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქების ტერიტორიებზე რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

ასე მაგალითად, 2023 წელს როსტოვის სასამართლოში შევიდა 403 სისხლის სამართლის საქმე, მათგან ყველა მეოთხე აღიძრა სამხედრო ნაწილიდან გაქცევის გამო. ნოვოჩერკასკის გარნიზონის სასამართლოს სტატისტიკაც დაახლოებით მსგავსია: გასულ წელს იქ წარმოებაში მიიღეს 326 საქმე, ხოლო ყველა მესამე სამხედრო სამსახურის დატოვების მუხლით აღმოჩნდა აღძრული.

ხოლო განაჩენების გამკაცრება პირდაპირ კავშირშია კანონმდებლობაში მომხდარ ცვლილებებთან, - უთხრა „კავკაზ.რეალიის“ ადვოკატმა, რომელიც ანონიმურობის პირობით თანამშრომლობს პროექტ „სამხედრო ომბუდსმენთან“.

„გარდა ამისა, 2022 წლის სექტემბერში განხორციელდა მობილიზაცია, შედეგად არმიაში ჩაირიცხა ასეულათასობით ახალი სამხედრო მოსამსახურე. მეტი სამხედრო - მეტი დანაშაულია“, - განაცხადა ანონიმმა ადვოკატმა.

"ყველას დაიჭერენ და ჩასვამენ“

რუსი სამხედროების წინააღმდეგ სასჯელის რაოდენობის ზრდა აიხსნება იმით, რომ ომის პირველ წელს არავინ იყო მზად განეხილა ასეთი რაოდენობის საქმეები, განმარტავს ივან ჩუვილიაევი, მოძრაობა "იარეთ ტყით" (Идите лесом) წარმომადგენელი, რომელიც მოქალაქეებს მობილიზაციის თავიდან აცილებაში ეხმარება.

აქტივისტის თქმით, 2022 წელსაც კი, რუსეთში აქტიურად არ ეძებდნენ დანაყოფებიდან გაქცეულ სამხედრო მოსამსახურეებსს. "დაკავების შემდეგ, რუსეთში ცდილობდნენ ჩაეფარცხათ გაქცევის ფაქტი და დაერწმუნებინათ [დეზერტირი], რომ დაბრუნებულიყო ფრონტზე. ადგილობრივ სამხედრო ნაწილში მყოფ ბრალდებულ სამხედროს შეეძლო თავისუფალი გადაადგილება, ქალაქში გასვლა, ეს ჩვენ ვიცით ჩვენი განმცხადებლების მონაყოლიდან. ამჟამად ასეთი თავისუფლება აღკვეთეს და მთავარი ამოცანაა იმის ჩვენება, რომ ყველას დაიჭერენ და ჩასვამენ“, - ამბობს ივან ჩუვილიაევი.

ამ კონტექსტში ჩუვილიაევი საგანგაშო სიგნალად მიიჩნევს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგარნიზონო სასამართლოების ჩამოყალიბებას, სადაც დამნაშავე სამხედროებს აკავებენ და საკუთარი კანონებით ასამართლებენ. "ფორმალურად, ისინი [სასამართლოები] შედიან რუსეთის იურიდიულ სამართლებრივ სივრცეში, მაგრამ 2014 წლიდან მათში კვლავ არსებობს ე.წ. სარდაფები, მიწური ციხეები და გამოიყენება სასტიკი წამება. მხოლოდ კიდევ უფრო დიდი სისწრაფით გაგრძელდება ღია ტერორი იმ სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებიც უარს ამბობენ ბრძოლაში წასვლაზე".

უფლებადამცველი ჯგუფის „მოქალაქე. არმია. სამართლის“ დირექტორი, სერგეი კრივენკო მიიჩნევს, რომ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეების მატება სამხედრო ნაწილების თვითნებურად დატოვებისა და ბრძანებების შეუსრულებლობის მკვეთრი ზრდით არის განპირობებული.


რაც შეეხება სამხედრო ნაწილების თვითნებურ მიტოვებას, ამის მიზეზად უფლებადამცველი მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სამხედროებს არ გააჩნიათ იურიდიული შესაძლებლობა, რომ გაწყვიტონ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან: "მობილიზაციის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს მაშინაც კი არ შეუძლია სამსახურიდან გათავისუფლება, თუ მისი კონტრაქტის ვადა ამოიწურა ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. კონტრაქტის საფუძველზე მომსახურე ადამიანები გაურკვეველი ვადით გადაიქცნენ თავდაცვის სამინისტროს ყმებად. მათ არ აქვთ ამ ვითარებიდან თავის დაღწევის სხვა გზა, გარდა იმისა, რომ ნაწილიდან გაიქცნენ“, - ამბობს სერგეი კრივენკო.

კრივენკო ამტკიცებს, რომ რუსეთში მცირდება იმ დაავადებების რაოდენობა, რომლებიც მოქალაქეს ათავისუფლებს სამხედრო სამსახურის გავლისგან.

მაშინაც კი, თუ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, შეუძლებელია, რომ მან დატოვოს არმია, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, კრასნოდარიდან მობილიზებული ალექსეი აბრამოვის შემთხვევაში, რომელიც თიაქრის გამო იძულებული იყო ყავარჯნებით ევლო.

  • უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული მასშტაბური ომის შემდეგ რუსეთში გახშირდა მობილიზებული რიგითი შემადგენლობის მიერ სამხედრო ნაწილის დატოვება. რუსეთის სამხედრო სასამართლოებში რამდენიმე ასეული საქმე იქნა განხილული. და უმეტეს შემთხვევაში სასამართლოები დამნაშავეთა მიმართ საპატიმრო სასჯელებს იყენებენ
  • აპრილის თვეში კურსკის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ სამხედრო მოსამსახურეებს, იური დეგტიარევსა და ალექსეი სელივანოვს, სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა, უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობისთვის.
  • 21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა უკრაინის ტერიტორიაზევე ომის გასაგრძელებლად. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევა გავრცელდება მოქალაქეებზე, რომლებიც არიან თადარიგში, პრიორიტეტი კი მიენიჭებათ მათ, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს.
  • გარდა ამისა, ფრონტზე გაგზავნამდე, მობილიზებულებმა შესაბამისი მომზადება უნდა გაიარონ. მიუხედავად ამისა, უფლებადამცველები რეგულარულად იტყობინებიან ხელისუფლების მიერ გამოცხადებული წესების დარღვევისა და იმის შესახებ, რომ მრავალი მობილიზებული სამედიცინო შემოწმებასაც კი არ გადის. ოქტომბრის დამდეგიდან მედია თითქმის ყოველდღე იუწყება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მობილიზებულ მოქალაქეთა დაღუპვის ფაქტებზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG