Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ტოვებს მაჩალიკაშვილს ხელისუფლება გარეთ?  


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილის ტერორისტული აქტის მომზადებაში დადანაშაულებიდან 3 დღე გავიდა.

ტერორისტული აქტის განზრახვაში დადანაშაულების მიუხედავად, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე არ დაუკავებიათ და მას აძლევენ იმის საშუალებასაც, რომ თავად გადაწყვიტოს, როდის მივიდეს გამოკითხვაზე და როდის არა.

გამოკითხვა, მალხაზ მაჩალიკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნით, 3-ჯერ გადავადდა. ბოლო შეთანხმებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 მაისს, 15 საათზე უნდა მივიდეს.

რა კითხვებს უჩენს შექმნილი ვითარება პროფესიონალ იურისტებს და რატომ არის მათი აზრით მნიშვნელოვანი ამ კითხვებზე პასუხის გაცემა?

  • თუ მალხაზ მაჩალიკაშვილი მკვლელობას ამზადებდა, აქამდე რატომ არ ატარებს სუსი სამართლებრივ პროცედურებს?
  • თუ ავთენტურია აუდიო ჩანაწერი, რატომ არ არსებობს დაკავების საფუძველი?
  • თუ ავთენტურია ის ჩანაწერი, რომელიც სუს-მა გამოაქვეყნა, რა შუაშია ტერორისტული აქტი?
  • ხვდება თუ არა სუსი განსხვავებას ტერორისტულ აქტსა და მკვლელობის მომზადებას შორის?
  • რატომ ცდილობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელაღებით საკითხის პოლიტიზირებას და მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის კვლავ ტერორისტის იარლიყის მიკერებას?

ეს ის ძირითადი კითხვებია, რომელზეც რადიო თავისუფლებას 3 რესპოდენტმა გაუმახვილა ყურადღება და ოფიციალური პასუხების არარსებობის პირობებში, თავადვე ისაუბრა უპასუხოდ დარჩენილი საკითხების შესაძლო ინტერპრეტაციაზე.

დიმიტრი ხაჩიძე :“კონსტიტუციის 42-ე მუხლი"

დავუშვათ, რომ სუს-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერი მართლაც ავთენტური იყო. ასეთ შემთხვევაშიც ეს არ არის ტერორისტული აქტი - ეს არის შურისძიების მიზნით მკვლელობის მომზადება. რა თქმა უნდა დანაშაულია, მაგრამ ტერორიზმთან არავითარი კავშირი არ აქვს. მაშინ, ნებისმიერი მკვლელობა ტერორისტულ აქტად შეიძლება შეფასდეს.

განახორციელა თუ არა მან ამისთვის რაიმე ქმედებები, შეისწავლა თუ არა პირის გადაადგილების ადგილი, გზა, გრაფიკი, დრო და ასე შემდეგ, ეს ცალკე კვლევის საგანია, ცალკე მტკიცებულებები სჭირდება.

ზოგადად ვიღაცის მოკვლის განზრახვისთვის ადამიანი არ ისჯება, თუ ა მას რაიმე კონკრეტული ქმედება არ მოჰყვა.. თუ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ეს კაცი არაფერს აკეთებდა, მაშინ რატომ ახდენთ მის დისკრედიტაციას, თუ არა და უნდა დააკავო.

სუსი ან გვატყუებს და მალხაზ მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციის მიზნით განზრახ აკეთებს ამას, ან მართლა არ იცის, რა არის ტერორისტული აქტი და მკვლელობის მომზადება.

საბოლოო ჯამში კი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა მცირდება და მისი ქმედებების ლეგიტიმაცია დგება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ.

თუ სუსი სამართლებრივი პროცედურების დაწყებას აჭიანურებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრი ჩამოაყალიბოს მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ - დამნაშავეა და დაიჭირეთო - ეს უარესი. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ სახელმწიფო დამოკიდებულია საზოგადოებრივ აზრზე და არა კანონსა და სამართალზე.​

თამთა მიქელაძე
თამთა მიქელაძე

თამთა მიქელაძე: " ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი"

ტერორისტული თავდასხმის ორგანიზების მცდელობის კვალიფიკაცია აშკარად დაუსაბუთებელია. იმ ლოგიკასაც რომ გავყვეთ, რომელსაც სუსი გაზიარებულ მასალაში ავითარებს, სამართლებრივად ქმედება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ტერორისტული. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ სუს-ს და პროკურატურას ძალიან კარგად ესმით, რომ ამის მტკიცება სასამართლოში გაუჭირდებათ.

ამიტომაც პირველი, რაც შეიძლება საზოგადოებას განემარტოს, არის თავად ამ კვალიფიკაციის პრობლემურობა და ის, თუ რატომ ცდილობს სუსი ასე ხელაღებით მოახდინოს საკითხის პოლიტიზირება და მაჩალიკაშვილების ოჯახს კვლავ ტერორისტის სახელდება მიანიჭოს.

ბუნებრივია, რომ წარდგენილი ბრალის უსაფუძვლობა თავადაც კარგად ესმით და ძალიან კარგად იციან, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩვენი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

მეორეს მხრივ, ჩვენთვის ნიშანდობლივია ის, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს სხვა სტატუსს არ აძლევენ. მაგალითად ბრალდებულის სტატუსს, რაც სუს-ს აძლევს შესაძლებლობას, ჩვენ არ მოგვცეს საქმის მასალებზე წვდომა და ამავდროულად მასზე გაავრცელოს ყველა ის უფლება და მაღალი საპროცესო გარანტია, რომელიც ბრალდებულს გააჩნია.

ვვარაუდობ ასევე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზომავს საზოგადოების განწყობებს. მე მგონია, რომ ამ ინფორმაციის გამოქვეყნების მიზანი იყო, პირველ რიგში, სწორედ მალხაზ მაჩალიკაშვილის დისკრედიტაცია და საზოგადოებრივი აზრის შეცვლა ამ საქმესთან დაკავშირებით. ისინი ცდილობენ ამ პერიოდში ეს უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გაზომონ და ნახონ, რა ტიპის რეაგირება შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას ამ ამბების მიმართ.

სუსი მუდმივად ცდილობდა თემირლან მაჩალიკაშვილის ხელყოფის საქმეზე საკუთარი პასუხისმგებლობის გადატანას და მისი ოჯახის წევრების დისკრედიტაციას. ესეც ამ პოლიტიკის გაგრძელებაა და სამწუხაროა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ნაცვლად იმისა, რომ მკაცრად, სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცნენ, პროცესის პოლიტიზირებას ახდენენ. ამით ისინი, ბუნებრივია, სახელმწიფოს ჩარჩო ინსტიტუტების მიმართ ნდობას ასუსტებენ.

ლევან ალაფიშვილი
ლევან ალაფიშვილი

ლევან ალაფიშვილი: სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი“

ალოგიკურ ქმედებებთან ერთად ამ საქმეში ჩნდება შემაშფოთებელი კითხვები. პირველი წუხილი პანკისის თემის მიმართ სიფრთხილესა და გონიერებას უკავშირდება . თუ ამ შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურების მიზანია კონკრეტული ადამიანისა თუ ადამიანთა ერთობის დისკრედიტაცია,მაშინ ძალიან სახიფათო თამაშია და არავის ვუსურვებ ამ თამაშში ჩაბმას. მათ შორის პირველ რიგში ხელისუფლებას.

არ აქვს მნიშვნელობა სახელად სისხლის სამართლის კოდექსის რომელ მუხლს ავიღებთ. კანონდარღვევა და კანონდამრღვევი ყველგან კანონდარღვევა და კანონდამრღვევი უნდა იყოს. თუკი ამ პრინციპს უხვევს სახელმწიფო, იქ სახელმწიფოს ამთავრებს. როცა სახელმწიფო ამბობს, რომ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, სამართლებრივი რეაგირება დროულად უნდა გაგრძელდეს. როცა ამას ვერ ვხედავთ, ჩნდება კითხვები. სახელმწიფოსა და სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ გამოსული ადამიანისა თუ ადამიანების დისკრედიტაცია თუა ამ პროცესის მიზანი, საკმაოდ სახიფათო თამაშია და სახელმწიფოს და მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა მართებთ. თუკი მიზანი პოლიტიკურია, უსუსური, წარუმატებელი და სახიფათოა.

XS
SM
MD
LG