Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მცირდება ეკლესიის რეიტინგი?


საქართველოს პატრიარქის მიმართ სრულ ნდობას თითქმის 40%-ით ჩამოუვარდება გამოკითხულთა სრული ნდობა საპატრიარქოს მიმართ. ეს მაჩვენებლები ასახულია „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) ახალ კვლევაში, რომელიც 3 აპრილს გამოქვეყნდა.

ბოლო წლების გამოკითხვები ადასტურებს, რომ ეკლესიის რეიტინგი მცირდება. რა იწვევს და რით აიხსნება კლების ტენდენცია?

რას ეფუძნება პატრიარქის მიმართ ნდობა

კვლევის თანახმად, საქართველოს პატრიარქს სრულად ენდობა გამოკითხულთა 66,3%, ხოლო საპატრიარქოს მიმართ სრული ნდობა გამოკითხულთა 27,7%-ს აქვს. შედარებით მაღალია იმ რესპონდენტთა ჯამური რიცხვი, რომლებიც სრულად და ძირითადად ენდობიან.

პატრიარქისა და საპატრიარქოს მიმართ ნდობის მაჩვენებლებს შორის ასეთი დიდი სხვაობა გასაკვირი არ არის ანალიტიკოსებისთვის. პოლიტოლოგმა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებასთან რამდენიმე სავარაუდო მიზეზი დაასახელა:

  • საქართველოში ადამიანები ენდობიან პიროვნებებს და არა - ინსტიტუტებს;
  • ილია მეორის ავტორიტეტი დიდია, რადგან მისი პატრიარქობის დროს საქართველომ ბევრი სირთულე გამოიარა;
  • პატრიარქს ხალხი სტაბილურობის სიმბოლოდ აღიქვამს.

თუმცა გია ნოდია შენიშნავს იმასაც, რომ CRRC-ის კვლევის შედეგების მიხედვით, თავისთავად არც პატრიარქის მიმართ ნდობის მაჩვენებელია ძველებურად მაღალი.

საქართველოში ჩატარებული გამოკითხვებით იშვიათად იზომება პატრიარქის რეიტინგი. თუმცა არის რამდენიმე მაგალითი:

  • NDI-ის 2014 წლის კვლევის თანახმად, ილია მეორე საქართველოში ყველაზე რეიტინგულ პირებს შორის 96%-ით ლიდერობდა;​
  • NDI-ის იმავე ტიპის 2015 წლის კვლევით,მოწონების მაჩვენებელი - 87%-მდე შემცირდა.

„სამწუხაროდ, ათწლეულების მანძილზე საქართველოში ჩამოყალიბდა იმგვარი დამოკიდებულება, რომ მთავარი გმირი, რომელიც ეკლესიის ცნებასთან და ღირებულებებთან იგივდება, ეს კათოლიკოს-პატრიარქია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ასეთი სურათის შექმნა, მისი აზრით, თავად ილია მეორის ძალისხმევითაც ხდებოდა და ამას ყოველთვის საგანგებო პიარკამპანიით უწყობდა ხელს „პატრიარქის შემოქმედებითი გუნდი და ადმინისტრაციული კოლეგია“.

გიორგი ტიგინაშვილი ფიქრობს, რომ ეს პრობლემებს ქმნის:

  • „საბოლოო ჯამში, მრევლი თავის რწმენას აფუძნებს არა იესო ქრისტეზე, არამედ ცოცხალ ავტორიტეტზე“;
  • „როდესაც დადგება ბუნებრივი მოცემულობა და პატრიარქი გარდაიცვლება, ეს უზარმაზარი შოკი იქნება როგორც სამღვდელო დასისთვის, ასევე უმაღლესი იერარქიისთვის“;
  • „ეს იქნება შოკი მრევლისთვის და გამოიწვევს დიდ დაბნეულობასაც...“.

რაც შეეხება საპატრიარქოს მიმართ სრული ნდობის დაბალ მაჩვენებელს, ანალიტიკოსები ამ ჭრილშიც არაერთ მიზეზს ასახელებენ.

„ციანიდის საქმე“ და ჯიპები

გარდა იმისა, რომ CRRC-ის ახალ კვლევაში საკმაოდ დაბალია საპატრიარქოს მიმართ სრული ნდობის მაჩვენებელი, ბოლო წლების სხვადასხვა გამოკითხვის შედეგები აშკარად მიანიშნებს ეკლესიის მიმართ დადებითი დამოკიდებულების შემცირებაზე.

„არაბუნებრივი არაფერია, რადგან წლების მანძილზე მათ ჰქონდათ ყრუ დუმილის, მკაცრი ჩაკეტილობისა და მოიერიშე დომინანტობის პოლიტიკა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი ტიგინაშვილი.

რეიტინგის კლების უფრო კონკრეტულ მიზეზებად კი სახელდება:

  • დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებული „ციანიდის საქმე“;
  • ფეშენებელური ავტომობილები - „ჯიპიანი მამაოს“ სახე;
  • ფინანსური დოტაციები და სუბსიდიები;
  • ინფრასტრუქტურული ნაგებობებისა და მიწების მიტაცება-მისაკუთრება;
  • მადლით ვაჭრობა - როდესაც ტაძრებში ხდება ფიქსირებული თანხის მოთხოვნა (ჯვრისწერისას, ნათლობისას თუ მიცვალებულის მოხსენიებისას);
  • ეკლესიის პოლიტიზირება.

ეკლესიის რეიტინგის შემცირების კუთხით, „ციანიდის საქმეს“ ერთადერთ სკანდალურ მოვლენად არ მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ნოდია.

„გახშირდა და ღია გახდა საუბრები ეკლესიაში კორუფციის არსებობის საკითხზე... „ჯიპიან მამაოებსაც“ კარგად ხედავს ხალხი... გასული საუკუნის 90-იანი წლებისგან განსხვავებით, ხალხი არ ერიდება და უფრო მეტად ბედავს ეკლესიაზე კრიტიკულ ლაპარაკს“.

გია ნოდიას თქმით, ბოლო წლებში სულ უფრო აშკარა გახდა, რომ ეკლესია ჩართულია პოლიტიკაში და ხალხში ესეც საკმაოდ დიდ გაღიზიანებას იწვევს.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საპატრიარქოსა და ეკლესიის რეიტინგის კლების ტენდენცია შეუქცევადი იქნება მანამდე, ვიდრე თავად ეს ინსტიტუტი პრობლემებს არ აღიარებს და ძირეულ ცვლილებებზე არ იფიქრებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG