14 წლის გოგო, მეექვსე დღეა, კომაშია. ამ დრომდე არც ექიმებმა იციან, არც გამოძიებამ და არც ოჯახმა, რა დაემართა მოზარდს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოში გაჩერებული გულით მიიყვანეს. მშობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მოზარდი სახიფათო ინტერნეტთამაშში იყო ჩართული. ამის ეჭვს მათ უჩენს შვილის ხელზე აღმოჩენილი ორი ნაჩხვლეტი.
ბავშვის მკურნალი ექიმი ეკატერინე ჩხეიძე ამბობს, რომ გოგოს ხელზე ნაპოვნი ნაჩხვლეტები მასაც საეჭვოდ ეჩვენება: „ეს ორი ნაჩხვლეტი უჩვეულოა, არაფერს ჰგავს. ბავშვი საავადმყოფოში მოყვანამდე ჯანმრთელი იყო მოულოდნელად გახდა ცუდად. რამ გამოიწვია, ამის თქმა ძალიან ძნელია", - ამბობს ექიმი. პაციენტის დეიდის თქმით გოგოს ხელზე ნაჩხვლეტები შემთხვევის წინა დღეს არ ჰქონდა, რასაც დედა ადასტურებს.
დააგვიანა თუ არა გამოძიებამ ბიოლოგიური მასალის აღება?
გამოძიება პაციენტის კლინიკაში შეყვანის დღესვე დაიწყო. საავადმყოფოს წარმომადგენლები და ბავშვის ოჯახის წევრები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოძიებამ ოთხი დღის თავზე წაიღო, მას შემდეგ, რაც სხეულში უკვე მედიკამენტები და მორფინი იყო შეყვანილი.
კლინიკის წარმოამდგენლობა ამბობს, რომ ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ, აწვდიან ბიოლოგიურ მასალას, თუმცა ვადებს არ განსაზღვრავენ. „კლინიკა პაციენტის მდგომარეობის მართვაზეა პასუხისმგებელი და არა მიზეზების გამოძიებაზე“, - ამბობს პედიატრიული კლინიკის დირექტორი გიორგი ამისულაშილი.
შსს რადიო თავისუფლებას არ უდასტურებს, რომ ბიოლოგიური მასალა 4 დღის შემდეგ იქნა აღებული, თუმცა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რადიო თავისუფლებას უთხრეს რომ ტოქსიკოლოგიის განყოფილებამ ბიოლოგიური ანალიზი 13 ივნისს დაიწყო.
შს სამინისტრო ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა), დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზები და გამოძიება ეტაპობრივად ელოდება დასკვნებს.
რას ჰყვება ოჯახი
რადიო თავისუფლება მოზარდის დეიდას გაესაუბრა. როგორც ის ამბობს, ბოლოს ბავშვს დედა ელაპარაკა: „9 ივნისს, კვირას, დილით გააღვიძა და ბებიასთან წასვლა შესთავაზა. ბავშვი გამოეპასუხა, თუმცა დედას მოეჩვენა, რომ ძალიან ეძინებოდა. რამდენიმე წუთში ბავშვი შეუძლოდ გახდა“.
დეიდის თქმით, მოზარდი იმავე დილით ადრე, მეზობელმა სადარბაზოში შეამჩნია: „გამოდის, რომ დილით ადრე ბავშვი გარეთ იყო გასული, შემდეგ მოვიდა, საღამური ჩაიცვა და ისევ დაწვა“.
რატომ აქვს ოჯახს ეჭვი, რომ მოზარდი სახიფათო ონლაინთამაშში იყო ჩართული?
ბავშვის დეიდა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გოგო გულჩათხრობილი იყო, მაგრამ მისი ბოლოდროინდელი საქციელი უფრო დეპრესიას ჰგავდა და დედამ მისი ფსიქოლოგთან წაყვანა გადაწყვიტა. ბავშვს ბოლო დროს შიშები ჰქონდა, თუმცა არ ამბობდა, რისი ეშინოდა.
მოზარდის დეიდა ჰყვება, რომ ამ შემთხვევამდე თვე-ნახევრით ადრე გოგოს ორი საგზაო ინციდენტი შეემთხვა, მაგრამ დედას ურჩია, რომ პოლიციაში არ წასულიყო, რადგან მისი ბრალი იყო - მანქანას წინ გადაურბინა.
ბოლო წლების განმავლობაში მოზარდების თვითმკვლელობის საქმეზე რამდენჯერმე გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი შესაძლოა სახიფათო კომპიუტერულ თამაშში იყვნენ ჩართულნი.
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო წლების მოკვლევის შედეგად, ქართულ ინტერნეტსივრცეში ე.წ. ონლაინთამაშ "ლურჯი ვეშაპის" არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა:
„კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო „ლურჯ ვეშაპთან“ დაკავშირებით ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთ საქმეზე მუშაობს. გამოძიება 2017 წლის მაისშია დაწყებული“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას შსს-ში.
უწყებაში განუმარტავენ, რომ, თუკი 14 წლის მოზარდის საქმეში მობილური და კომპიუტერული ტექნიკის შემოწმებისას საეჭვო გარემოებები გამოიკვეთა, გამოძიებაში კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო ჩაერთვება.