„საზღვარი დაიკეტება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პროდასავლური და რადიკალური ნაციონალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამოსარიცხად“, - წერია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
არჩევნების დღეს დაკეტილი იქნება როგორც „რაზდახანისა“ და „პერევის“ გამშვები პუნქტები, ასევე აფხაზეთ-სამეგრელოს დამაკავშირებელი ენგურის ხიდი.
უკვე წლებია, ეს პრაქტიკაა. ჯერ კიდევ სამი წლის წინ აფხაზურმა მხარემ აფხაზეთ-სამეგრელოს დამაკავშირებელი გამშვები პუნქტები ცალმხრივად ჩაკეტა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების პირველ და მეორე ტურზე.
მარინა (სახელი შეცვლილია) და მისი ქმარი გალის საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობენ. ოთხი წლის წინ, იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა, გალიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში ჩავიდნენ და ხმა იმ უბანზე მისცეს, სადაც 30 წლის წინ დევნილობაში დროებით ცხოვრობდნენ.
„ძალიან გაბრაზებულები ვიყავით ორივე "ქართულ ოცნებაზე" და არ დაგვეზარა გრძელი გზის გავლა. ჩვენი სოფლიდან ზუგდიდში, ზუგდიდიდან ჯვარში და უკანვე იმავე დღეს დავბრუნდით, რადგან იქ დასარჩენი არ გვქონდა და არც ახლა გვაქვს. ახლა უფრო მეტად გვინდა ხმის მიცემა“, - ამბობს მარინა.
მის მსგავსად, ძირითადად სამეგრელოს მუნიციპალიტეტებშია რეგისტრირებული ათასობით გალელი. საბრძოლო მოქმედებების დროს ისინი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელს აფარებდნენ თავს. აფხაზეთში ვითარების შედარებით დასტაბილურების შემდეგ გალელთა ნაწილი ნელ-ნელა დაუბრუნდა სახლ-კარს და მათი ფაქტობრივი მისამართი ისევ გალი გახდა, თუმცა ხმის მიცემა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დევნილობის დროს ან ახალ რეგისტრირებულ მისამართებზე შეუძლიათ.
„ყველა შვილი იქეთ [ენგურის მეორე მხარეს - რ.თ.] მყავს, როცა მათი მომავალი წყდება, სახლში ვერ გავჩერდები. ზუგდიდში მაქვს რეგისტრაცია და უნდა წავიდე“, - გვითხრა 62 წლის გალელმა ქალმა იმ დათქმით, თუ ენგურის ხიდი არ ჩაიკეტა.
არ არსებობს მონაცემები, გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს რამდენი მოქალაქე კვეთს საშუალოდ გამყოფ ხაზს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად.
„არავის არ მოგვწონს აქ ეს მთავრობა, მაგრამ არჩევნებზე ვერ მივალთ მე და აქაურების უმრავლესობა. წალენჯიხაში გვაქვს რეგისტრაცია. ომის დროს ჩემი სოფლიდან წალენჯიხაში ფეხით წავსულვარ, თან ტომრით საკვები გადამქონდა ზურგზეგადაკიდებულს, ჩემი ოჯახი რომ გამომეკვება დევნილობაში, სხვა გზა და ტრანსპორტი არ იყო, მაგრამ ახლა აღარ მაქვს ის ასაკი და ენერგია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გალის რაიონის მცხოვრები კაცი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გალის მოსახლეობის განწყობები შეისწავლა. გალელები მკვლევრებს უყვებოდნენ, რომ მათ რეგიონში უნდობლობა და ნიჰილიზმია - უმრავლესობას ენგურის მეორე მხარეს გადასვლის არც შესაძლებლობა აქვს და არც ინტერესი.
„წლების განმავლობაში მათ ყოფაში გამჯდარი პოლიტიკური უმოქმედობა თითქოს მათი ცხოვრების ნაწილიც გახდა. არც იმის ინტერესი და მოტივაცია არ აქვთ, რომ ეს ხარჯი და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკი გაიღონ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ისინი თავს მივიწყებულად და მიტოვებულად გრძნობენ უკვე წლებია და, შესაბამისად, არ აქვთ იმის რწმენა, რომ მათი ხმა რამეს შეცვლის“, - ამბობს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი თეონა ფირანიშვილი რადიო თავისუფლებასთან და დასძენს, რომ ამ მივიწყებულობაში უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნებოდა, პოლიტიკურ პარტიებს ხმა მიეწვდინათ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთათვის.
ახალგორში, არაოფიციალური მონაცემებით, 1000-მდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს.
აფხაზეთში სტატისტიკის სამსახურის ბოლო, 2021 წლის აღწერით, გალის რაიონის მოსახლეობა 30 273 ადამიანს შეადგენს, მთლიანად აფხაზეთში კი - 43 604 ქართველი ცხოვრობს. აფხაზებს სტატისტიკის გრაფაში ცალკე ეროვნებად ჰყავს მითითებული მეგრელები, რომლის მიხედვით, აფხაზეთში სულ 3258 მეგრელია, გალის რაიონში კი - 2028 ცხოვრობს. გალის რაიონში მცხოვრებთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც არც აფხაზეთში მიმდინარე არჩევნებში აქვთ მონაწილეობის უფლება, რადგან მათ უმრავლესობას აფხაზური პასპორტი არ აქვს.
ფორუმი