რამდენი ათეული ათასი ქართველი დაიღუპა ქერჩის ბრძოლაში ზუსტად არავინ იცის, თითქმის ყველა ვინც იქ იყო. 1942 წლის აპრილ-მაისში გერმანელებმა გენერალური შეტევა მიიტანეს ყირიმის ფრონტის ჯარებზე, რომლის შემადგენლობაში 224-ე ქართული დივიზიაც შედიოდა. დაამარცხეს გაუგონარი დანაკარგით. გერმანელების მხარეს 3-7 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა, ყირიმის ფრონტის დანაკარგი კი 160 ათასი ჯარისკაცი იყო.
საბჭოთა პროპაგანდის გამო ქერჩი დღემდე რჩება გმირობის მაგალითად, მაგრამ ისტორიული ფაქტები სულ სხვას ამბობენ.
საფრანგეთის საზოგადოებრივ-მეცნიერებათა სკოლის დოქტორი, ისტორიკოსი გიორგი მამულია ამბობს, რომ ეს მარცხი ადვილი ასახსნელი გახდება თუკი ცხადად აღვადგენთ იმას, რაც საქართველოში ომამდე ორიოდე წლით ადრე ხდებოდა. 1937-1938 წლებში ქართველი სამხედროების დიდი ნაწილი რეპრესიების მსხვერპლი გახდა.
„ისინი ნაციონალურ დივიზიებში მსახურობდნენ, ამიტომ ყველა მათგანს დაბრალდა ნაციონალიზმი, ანტიბოლშევიკური ქმედებები და ამ სრულიად ყალბი ბრალდებებით სამხედროები, მათ შორის გენერლები და პოლკოვნიკები, რომლებიც ჯერ მეფის არმიაში, შემდეგ კი დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში მსახურობდნენ, დახვრიტეს“, - ამბობს გიორგი მამულია.
1939 წელს საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის ხელი მოეწერა თავდაუსხმელობის პაქტს, რომელიც მოლოტოვ-რიბონტროპის სახელით არის ცნობილი. ამის შემდეგ საბჭოთა კავშირმა დასავლეთის მიმართულებით ახალი ტერიტორიები შემოიერთა. ახალი ოლქები დამატებით სამხედრო ძალას მოითხოვდა, ამიტომ თუ აქამდე ქართველები ჯარში მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში მსახურობდნენ, ახლა სიტუაცია შეიცვალა და მათი საბჭოთა კავშირის მაშტაბით გაწვევა დაიწყეს ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ჯარში საქართველოდან 130 ათასი კაცი გაიწვიეს, თანაც სწორედ დასავლეთის ფრონტზე.
„ეს ხალხი ან დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა, რადგან გერმანიის შემოტევა იყო ძალიან სწრაფი და დასავლეთის ოლქები მალევე დაიკავეს. საქართველოში ომში გასაწვევად დარჩენილი იყო მხოლოდ უფროსი თაობა, ძირითად 30-45 წლის მამაკაცები, გლეხები, რომელთაგან მხოლოდ 30 პროცენტს ესმოდა რუსული ენა, ისიც მეტნაკლებად. საჭირო იყო ისეთი პირობების შექმნა, რომ ჯარისკაცს ბრძანება მაინც გაეგო. ამიტომ ე.წ. ნაციონალური ფორმირებები შექმნეს“, - ამბობს გიორგი მამულია.
ასე შეიქმნა 224-ე დივიზია, რომელიც ფაქტობრივად გამოუცდელი ოფიცრებითა და ბრძოლის უცოდინარი გლეხებით იყო დაკომპლექტებული. დოკუმენტში, რომელიც ამერკავკასიის ფრონტის უფროსის მიერ არის შედგენილი პირდაპირ წერია, რომ ამიერკავკასიაში მოსახლეობა მოცულია დეზერტირობით, განსაკუთრებით საქართველოში.
მიუხედავად ამდენი პრობლემისა, ჯარისკაცებს ამბიციური მისია ჰქონდათ: ყირიმის დაკავება, რომელიც დიდწილად გერმანული მე-11 არმიის მიერ იყო ოკუპირებული (მას ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი ძლიერი სტრატეგი, ფელდმარშალი ერიხ ფონ მანშტეინი) და ალყაში მოქცეული სევასტოპოლის ბლოკადის გარღვევა.
1941 წლის დეკემბერში 224-ე დივიზიამ ყირიმის ფრონტის რუსულ არმიასთან ერთად ქერჩ-ფეოდოსიის სადესანტო ოპერაცია ჩაატარა და ყირიმის ნახევარკუნძულზე გადავიდა. ბრძოლები მიმდინარეობდა 1942 წლის იანვრიდან 1942 წლის მაისამდე, რაც საბოლოოდ სრული მარცხითა და 224-ე დივიზიის განადგურებით დასრულდა.
„ქართველი ემიგრანტები, რომლებიც გერმანელების მხარეს მსახურობდნენ, ცდილობდნენ ქართველები როგორმე ეხსნათ. შევხვედრივარ ქართველებს ემიგრაციაში და მეუბნებოდნენ, გერმანელებს ისეთი კარგი სადაზვერვო სამსახური ჰქონდათ, წინასწარ ვიცოდით ფრონტის რომელ მხარეს იყვნენ ქართველები და ვცდილობდით პროპაგანდით როგორმე გადმოგვებირებინა და სიკვდილს გადაგვერჩინაო“.
გიორგი მამულია ამბობს, რომ საბჭოთა კავშირმა მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გაიწვია საქართველოდან და მთლიანად ამოწურა ქვეყნის რესურსი იმ სამამულო ომში, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაპყრობილი საქართველოსთვის სულაც არ იყო სამამულო. მთავარი პრობლემა კი, რომელმაც უშუალოდ ქერჩის ტრაგედია გამოიწვია, ზედ ომის წინ სამხედრო ელიტის განადგურება იყო, რამაც 224-ე დივიზია უბრალოდ საზარბაზნე ხორცად აქცია.