კანონის თანახმად, საზღვარგარეთ წასვლა აეკრძალათ უცხო ქვეყნებში მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე სამხედრო ვალდებულებს.
„ადრე მართლად ვუშვებდით უკრაინის ტერიტორიიდან იმ პირებს, ვინც უკრაინის საზღვრებს გარეთ მუდმივი ბინადრობის უფლებას ფლობდა. ამიერიდან ამ კატეგორიის მოქალაქეებს ჩვენ უკვე აღარ ვუშვებთ უკრაინიდან“, - განაცხადა უკრაინის ფედერალური სახელმწიფო საზღვრის სამსახურის წარმომადგენელმა, ანდრეი დემჩენკომ.
ამ კანონის თანახმად, უკრაინას ვეღარ დატოვებენ ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. ასეთი შეზღუდვის არსებობის შესახებ ცნობა თავის საიტზე უკვე გაავრცელა უკრაინაში აშშ-ის საელჩომ, რომელმაც გააფრთხილა ამჟამად ამერიკაში მცხოვრები ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომ უკრაინაში ჩამოსვლის შემთხვევაში ქვეყანას ვერც ისინი დატოვებენ.
იზრდება უცხოეთში წამსვლელი წვევამდელებისა და სამხედრო ვალდებულების რაოდენობა
11 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო წაკითხვით მოიწონა მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი. დოკუმენტს ხმა მისცა 283-მა დეპუტატმა - მმართველი პარტია „ხალხის მსახურისა“ და სხვა ფრაქციების წარმომადგენლებმა. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციურმა „ევროპულმა სოლიდარობამ“ და „ბატკივშჩინამ“.
16 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს მობილიზაციის შესახებ, რომელიც 16 მაისს შევიდა ძალაში.
კანონი სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად აწესებს საბაზისო სამხედრო სამსახურს ხუთი თვით მშვიდობიან დროს და სამი თვით - ომის პერიოდში. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს საბაზისო საერთო-საჯარისო მომზადებას - 2025 წლის შემდეგ ის უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო პროგრამის ნაწილი იქნება.
სხვა საკითხებთან ერთად, კანონი ავალდებულებს 18-60 წლის ასაკის მამაკაცებს, 60 დღის განმავლობაში განაახლონ თავიანთი სააღრიცხვო მონაცემები დაკომპლექტების ტერიტორიულ ცენტრებში (სამხედრო კომისარიატებში), ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრებში ან წვევამდელთა ელექტრონულ კაბინეტებში. ხოლო სამხედრო ვალდებულების მქონე მოქალაქეებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რომ საომარი მდგომარეობის განმავლობაში ყოველთვის თან ჰქონდეთ სამხედრო სარეგისტრაციო დოკუმენტები და წარადგინონ ისინი პოლიციის ან დაკომპლექტების ტერიტორიული ცენტრების წარმომადგენელთა მოთხოვნით.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მობილიზაციის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებისთანავე დაიწყო შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეების შემოწმება და მათი საზღვრიდან უკან გაბრუნება.
„18 მაისიდან ჩვენ ვამოწმებთ, აქვთ თუ არა სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტები გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს. ამ კატეგორიის მოქალაქეების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უარს, ყველას არ აღმოაჩნდა ასეთი დოკუმენტაცია და გაწვევისგან გადავადების დამდასტურებელი ცნობები. კერძოდ, ეს შეეხებათ იმ პირებს, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის სამი ან მეტი შვილი ჰყავთ კმაყოფაზე“, - აღნიშნა ანდრეი დემჩენკომ.
23 მაისს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ერთიორად გაიზარდა წვევამდელებისთვის საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის შემთხვევები მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა მობილიზაციის შესახებ კანონი.
„დღეის მდგომარეობით, უკრაინელი მესაზღვრეები საზღვრის გადაკვეთაზე ყოველდღიურად უარს ეუბნებიან ამ კატეგორიას მიკუთვნებულ დაახლოებით 200-250 ადამიანს. მანამდე ეს რიცხვი დაახლოებით 150-200-ს შეადგენდა“, - აღნიშნა დემჩენკომ.
"ზოგჯერ საზღვარზე გაქცევის მცდელობა ფატალური შედეგით მთავრდება"
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მობილიზაციის შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ, იმატა ქვეყნის უკანონოდ დატოვების შემთხვევებმა.
სამხედრო სამსახურს რომ დაემალოს, ზოგიერთი მამაკაცი მზად არის გადაცუროს ყინულივით მდინარე, იაროს ციცაბო მთის ბილიკებით, დაიმალოს მანქანის საბარგულში, ჩაიცვას ქალის კაბა ან ხელში ჩაუვარდეს შეიარაღებულ მესაზღვრეებს, რომლებსაც დაუმორჩილებლის შემთხვევაში უფლება აქვთ საზღვრის დამრღვევებს ცეცხლი გაუხსნან და მოკლან.
ყველაზე ხშირად, უკრაინელი თავის ამრიდებლები მოლდოვასა და რუმინეთში ცდილობენ გაქცევას. მეგზურები მზად არიან, რომ შესაბამისი საფასურის (3000-დან 12 000 დოლარამდე) გადახდის შემდეგ, კლიენტები საზღვარზე უკანონოდ, სპეციალური მარშრუტით გადაიყვანონ. თანაც ასეთი მეგზურები, ცხადია, ვერ უზრუნველყოფენ მარშრუტის უსაფრთხოებას. ამასთან, ეს მარშრუტი ხშირად რთულ მთის ბილიკებზე გადის, რომლის გავლა სპეციალური ტრენინგის გარეშე, ყველას როდი შეუძლია.
„თუ ვინმე ამას ფიზიკურად მოახერხებს, მაშინ ეს უკვე დიდი ნიჭია. ყოველ შემთხვევაში, ჯარში ასეთი ადამიანების ადგილი ნამდვილად მოიძებნება. იმიტომ, რომ ეს ყველას არ ძალუძს“, - ამბობს ყოფილი სამხედრო ანდრი დუდა, რომელიც 10 წელზე მეტია მთის ტურიზმით არის დაკავებული და კარგად იცნობს უკრაინის კარპატებს.
ზოგიერთი თავის ამრიდებელი ცდილობს, მთის ჩქარი მდინარე გადაცუროს. უკრაინელი მესაზღვრეების თქმით, ისინი ამ მიზნით იყენებენ გასაბერ ნავებს, წრეებს, სამკლავურებს და ჰიდროკოსტიუმებსაც კი.
თუმცა ზოგჯერ ასეთი მცდელობები ტრაგიკულად მთავრდება.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შედეგ მდინარე ტისუში დაიხრჩო სამ ათეულ ადამიანზე მეტი, რომლებიც მობილიზაციისგან თავის არიდების მიზნით რუმინეთში გადასვლას ცდილობდნენ.
11 ათასამდე უკრაინელმა კაცმა გადალახა უკანონოდ რუმინეთის საზღვარი, რათა თავიდან აერიდებინა სამხედრო სამსახურში გაწვევა. რუმინეთის სასაზღვრო პოლიციის ეს მონაცემები ეხება 2022 წლის 24 თებერვლის - რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის - შემდგომ პერიოდს. 18-დან 60 წლამდე ასაკის კაცები საზღვრის გადაკვეთის შემდეგ რუმინეთის ხელისუფლებას სთხოვენ თავშესაფარს, განაცხადა ფლორინ კომანმა, სიგეტუ-მარმაციეს, უკრაინა-რუმინეთის ჩრდილოეთ საზღვრის მიმდებარე ქალაქის, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა.
18-დან 60 წლამდე მამაკაცების უმეტესობას საომარი მდგომარეობის დროს უკრაინის დატოვება ეკრძალება.
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის დამრღვევს ემუქრება როგორც ჯარიმა, ასევე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ დადასტურდა, რომ ეჭვმიტანილს მობილიზაციის თავიდან აცილება სურდა.
- ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით 4.3 მილიონი უკრაინის მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის დაახლოებით 860 ათასი კაცი.
- აპრილის ბოლოს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ყველა საკონსულოს დაავალა, შეაჩერონ საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების საკონსულო მომსახურება.
- უკრაინას საზღვარგარეთ გაქცეული სამხედრო ასაკის მამაკაცების „იდენტიფიცირებაში“ დახმარებას დაჰპირდა პოლონეთი, რომელმაც დროებითი თავშესაფარი 950 ათას უკრაინელს მისცა.
ფორუმი