პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ შექმნილმა რელიგიურმა ორგანიზაცია „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი სოსო გიორგაძე ანათემას გადასცა.
ანათემის ტექსტი მათ „ბიბლიური თავისუფლების“ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნეს და დაწერეს, რომ „სახელმწიფოსგან დევნილი ადამიანებისთვის მთაწმინდაზე კეთილი ადამიანის მოწყობილ კატაკომბაში რეგისტრაციაზე უკანონო უარის თქმის გამო, შერისხულ იქნენ მხევალი ღვთისა თეონა და მონა ღვთისა სოსოი“.
ანათემის ტექსტში ვკითხულობთ:
- ნორმატიული აქტის მიღება გდომოდეთ და ინდივიდუალური გამოგსვლოდეთ.
- ყოველ დღე მეზობლები სასამართლოში გიჩიოდნენ და დავას პირველ ინსტანციაში მურუსიძე იხილავდეს, მეორეში ჩინჩალაძე, საკასაციოში კი მიქაუტაძე გხვდებოდეთ.
- სახლის აშენება გინდოდეთ და კალაძე ნებართვას არ გაძლევდეთ; წყალი გწყუროდეთ და ჭიდან წყლის დასალევად ლიცენზიას გთხოვდნენ.
- ყოველ ღამე სასამართლოს დამოუკიდებლობაზე კობახიძის და თალაკვაძის სიტყვები დაგსიზმრებოდეთ.
- ID ბარათები სულ 666-ებით გაგვსებოდეთ.
- იუსტიციის სახლი ისე გაგბანძებოდეთ, სტუმრები სახლში დაგყავდეთ და იქ აძლევდეთ სიმბოლურ პასპორტებს.
- Just tax-ზე უკეთესი ტრანსპორტი არ გღირსებოდეთ.
- ბახტაძეს მართლა ემართეთ.
- ბიძინას მიეტოვებინეთ.
- სამოთხის კართან პეტრეს ნაცვლად Tamaz Akhobadze დაგხვედროდეთ.
- აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
რადიო თავისუფლებას „ბიბლიური თავისუფლების“ მთავარმა მღვდელმსახურმა, ლევან ჯგერენაიამ უთხრა, რომ ეს იყო მათი პასუხი სააგენტოს უარზე - მთაწმინდის რაიონში ამომრჩევლების სხვა უბნებიდან გადარეგისტრირების თაობაზე:
„როგორც ცნობილია, ჩვენი კანდიდატი ჰერმან საბო მთაწმინდაზე კენჭს იყრის მაჟორიტარულ კანდიდატად. ჩვენი კამპანიის მიზანი ის იყო, რომ მისთვის ხმის მისაცემად ადამიანები თბილისის სხვადასხვა უბნებიდან მთაწმინდაზე გადაწერილიყვნენ ჩვენი კანდიდატისთვის ხმის მისაცემად, რაზეც უარი მივიღეთ. და ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ამით გვინდოდა გვეჩვენებინა მაჟორიტარული სისტემის აბსურდულობა“, - გვითხრა ლევან ჯგერენაიამ.
„გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ 2017 წელს დაარეგისტრირა და მასში გაწევრიანებული 12 ათასზე მეტი ახალგაზრდა, კანონის შესაბამისად, გათავისუფლებულია სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან.