1993 წლის 31 დეკემბრის ღამეს სამეგრელოს მაღალმთიან სოფელ ძველ ხიბულაში მასპინძლებმა ყველასგან მალულად შეფარებული პირველი პრეზიდენტი გარდაცვლილი იპოვეს. როგორ დაასრულა სიცოცხლე ზვიად გამსახურდიამ წლების მერეც დავის საგანია. პრეზიდენტის ტრაგიკული სიკვდილიდან 25 წლისთავზე რადიო თავისუფლება კიდევ ერთხელ შეხვდა ამ ამბის თვითმხილველებს.
სახლი, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის უკანასკნელი სამი დღე გაატარა, ხობში, სოფელ ძველ ხიბულაში, შემაღლებულ ადგილზეა. ორსართულიან შენობას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მხოლოდ დაბზარული კედლებიღა შერჩენია. მორღვეულია სახლის საძირკველი, ნასახლარს პირუტყვისაგან აღარც ჭიშკარი იცავს.
ორსართულიანი სახლის ხის აივნის ნაწილი ჩამტვრეულია და თუ მაინც მოახერხებ მეორე სართულის აივანზე ასვლას, პატარა სოფელს ხელისგულივით დაინახავ. სოფელში, სადაც სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, წინასაახალწლოდ სრული სიჩუმე სუფევს.
ერთი ფინჯანი ჩაი სიკვდილის წინ
ამ სახლ-კარის პატრონი, 78 წლის კარლო ღურწკაია თვალცრემლიანი იხსენებს იმ დროს, როდესაც მეუღლესთან ერთად, მეზობლებისგან ფარულად, ჩუმად მიდიოდა ხოლმე ძველი ხიბულის ტყეში სატირლად. მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ პრეზიდენტის სიკვდილის საიდუმლო არავისთვის გაემხილათ.
ახლა არც მისი მეუღლეა ცოცხალი და ეს სახლიც ხიბულაში ოჯახმა 10 წლის წინ მიატოვა. ყოველი წლის 31 დეკემბერს კარლო ღურწკაია ზვიად გამსახურდიას ხსოვნის პატივსაცემად მოკრძალებულ სუფრას შლის და სიმბოლურად სანთელს ანთებს.
შერისხულმა პირველმა პრეზიდენტმა 25 წლის წინ ღურწკაიების ოჯახს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, ბესარიონ გუგუშვილთან და დაცვის ორ წევრთან, რობიზონ მარგველანთან და ბაჩუკი გვანცელაძესთან ერთად მხოლოდ სამი დღით შეაფარა თავი.
“ცუდად იყო. ავად რომ გახდება კაცი, როგორ იქნება? მოტეხილი, მოხრილი. დათრგუნვილი ჩანდა. ოთახში იყო და არ გამოსულა. იმ ამბის შემდეგ გავთავდი კაცი. მაგრად მიყვარდა. ასე რომ არ მომხდარიყო, დღემდე შევინახავდი სახლში”, - ამბობს კარლო ღურწკაია.
კარლო ღურწკაიამ საკუთარი თვალით პრეზიდენტი მხოლოდ ერთხელ ნახა - პირველ დღეს, როცა ეზოში შეეგება. საძინებელში საჭმელი მის მეუღლეს მიჰქონდა, თუმცა ზვიად გამსახურდიას არაფერი უჭამია. მხოლოდ უკანასკნელ ღამეს ერთი ჭიქა ჩაი ითხოვა.
1993 წლის 31 დეკემბერი
კარლო ღურწკაია ჰყვება, რომ ოჯახს პირველ სართულზე ეძინა, სტუმრებს მეორეზე. იხსენებს, რომ ღამის პირველი საათი იქნებოდა, როცა ცოლმა გააღვიძა - ”ბრაგუნის ხმა” შემომესმაო, რასაც მალევე მოჰყვა ხმაური და შეძახილები მეორე სართულიდან. „კარლო ბიძია, გვიშველეო“, - დაიყვირეს სტუმრებმა. მასპინძელი იხსენებს, რომ ზვიად გამსახურდიას თავი სისხლში ჰქონდა გასვრილი, ოდნავ წამოწიეს, ერთხელ ამოისუნთქა და გარდაიცვალა.
1 იანვარს, გამთენიისას გარდაცვლილი დაცვის წევრებმა ზუგდიდის უახლოეს სოფელში, ჯიხაშკარში გადაასვენეს და ფარულად დაკრძალეს. სხვა დეტალებზე აღარ საუბრობს. “ბევრი არც არაფერი ვიცი”, - ამბობს იგი. მოხუცის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ის პროკურატურამ ერთხელ დაკითხა, მას მერე კი არავინ მისულა.
ღურწკაიების საიდუმლო
კარლო ღურწკაია ირწმუნება, რომ სოფელში პირველი პრეზიდენტის სტუმრობისა და ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ წლების მანძილზე არავინ არაფერი იცოდა. კარლო ღურწკაია იხსენებს, რომ პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებიდან მეხუთე წელს ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია ჩავიდა. მამის ხსოვნის პატივსაცემად სუფრა გაშალა და მეზობლები დაპატიჟა. ასე გაიგო სოფელმა კარლო ღურწკაიას სახლში 1993 წლის 31 დეკემბერს მომხდარის შესახებ.
„ჩვენ არაფერი ვიცოდით მანამ, სანამ გიორგი არ მოვიდა. ხარი მოიყვანა და დაკლა. მაშინ გავიგეთ, რომ ზვიადი აქ იყო მკვდარი. თავი მოიკლაო და არ ვიცი, რა მოხდა, რა არა. სტუმრები მყავს, პარლამენტარები და არ შემოხვიდეთო, მეზობლებისთვის უთქვამს კარლოს“, - იხსენებ ღურწკაიების კარის მეზობელი დაზმირ ქადარია. მას არ სჯერა, რომ პრეზიდენტმა თავი მოიკლა. “ზვიად გამსახურდია ქვეყანას როგორც მეორე ღმერთი, ისე მოევლინა, ღრმად მორწმუნე იყო და ასეთ ცოდვას, ალბათ, არ ჩაიდენდაო”, - ამბობს იგი.
ღურწკაიების კიდევ ერთმა მეზობელმა, თალიკო კვირაიამ თანასოფლელის სახლში მომხდარი ამბის შესახებ 2 წლის შემდეგ გაზეთიდან შეიტყო:
„ყველას გაგვიკვირდა, ამ სიახლოვეს როგორ არ უნდა გვცოდნოდა. რომ გავიგეთ კიდევ არ გვჯეროდა. ყველა ლაპარაკობდა, თავი მოიკლაო. ზოგმა თქვა, ეკლესიური იყო, თავს არ მოიკლავდაო. მაგრამ, რაც არ გინახავს, იმაზე ვერაფერს იტყვი”. - გვითხრა თალიკო კვირაიამ. პროკურატურას მისი ოჯახი ამ საქმეზე არ დაუკითხავს.
ამ პატარა სოფლის მცხოვრებლებმა ძალიან დიდხანს არ იცოდნენ, რა მოხდა მათ გვერდით და ახლა ძველ ხიბულაში განსაკუთრებული ინტერესით ადევნებენ თვალს ხელისუფების მორიგ მცდელობას საბოლოოდ გამოიძიოს პირველი პრეზიდენტის სიკვდილის გარემოებები.