Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას კარგავს აფხაზეთი ენგურჰესის გაჩერებით?


ენგურჰესი თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და ფუნქციით უნიკალურ როლს ასრულებს რთულ ქართულ-აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებში: ერთი მხრივ, განაპირობებს სოხუმისა და თბილისის მშვიდობიან თანამშრომლობას მრავალი წლის განმავლობაში, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ენერგოდამოუკიდებლობას რუსეთის ფედერაციისგან, რომლის სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური სახის ზეწოლა წლიდან წლამდე სულ უფრო ძლიერდება სოხუმზე. ენგურჰესის გეგმიური გაჩერება, გარდა იმისა, რომ ეკონომიკურად არის საზიანო თბილისისა და სოხუმისთვის, სულ ცოტა, სამი თვით მაინც დაარღვევს არსებულ სტატუს კვოს და მთლიანად რუსეთზე დამოკიდებულს გახდის აფხაზურ ენერგეტიკას.

20 იანვარს სარემონტო სამუშაობების გამო გაჩერებული ენგურჰესი სამი თვის შემდეგ ამუშავდება. სადგურის გაჩერების ძირითად მიზეზად სახელდება სადერივაციო გვირაბის ნაწილობრივი ჩამოშლა, რის გამოც ყოველწლიურად იკარგება, დაახლოებით, 260 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის შესაბამისი წყლის რესურსი.

ენგურჰესის გენერალური დირექტორის, ლევან მებონიას, თქმით, რემონტი, წესით, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა ტარდებოდეს, თუმცა ბოლოს სადგური 2006 წელს შეკეთდა.

ლევან მებონია
ლევან მებონია

სარემონტო სამუშაოების დროს გვირაბი მთლიანად დაიცლება წყლისგან. შესაბამისად, სრულად გაჩერდება ენგურჰესის ყველა ბლოკი. სამი თვის განმავლობაში თბილისი ვერ მიიღებს, დაახლოებით, 400 მილიონ კვტ.სთ ელექტროენერგიას. წილობრივად ბევრად დიდი დანაკარგი ექნება აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას, სადაც ენგურჰესი ელექტროგენერაციის ერთადერთი ობიექტია: სოხუმის კონტროლირებად ტერიტორიაზე (გალში) მდებარეობს სადგურის სამანქანო დარბაზი-ქვესადგური და ვარდნილჰესების კასკადი, ხოლო კაშხალი, წყალსაცავი და დერივაციული გვირაბის ნაწილი წალენჯიხის რაიონშია.

ამგვარი გეოგრაფიული მდებარეობა თბილისსა და სოხუმს თანამშრომლობის გარდა სხვა გზას არ უტოვებს: არაფორმალური შეთანხების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40 % აფხაზეთში მიდის, ხოლო 60 %-ს დანარჩენი საქართველო იღებს. თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, ბოლო წლებში აფხაზეთი რეალურად 40 %-ზე ბევრად მეტს მოიხმარს.

როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ენერგეტიკის სექტორის მომოხილვაშია აღნიშნული, აფხაზეთში გასულ წელს ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის საშუალო მოხმარება სამჯერ მეტი იყო, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.

”აფხაზეთში დენის მაღალი მოხმარება განპირობებულია იაფი ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზის ნაკლებობით, არასრულფასოვანი გამრიცხველიანებით და კრიპტოვალუტის მაინინგით. 2020 წლის პირველ 11 თვეში აფხაზეთის მზარდმა მოხმარებამ შეადგინა ენგურჰესის გამომუშავებული ელენერგიის 88 %. რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 24 % -ით გაიზარდა და რეკორდული გახდა საანგარიშო პერიოდისთვის ”, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში.

ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ESCO- ს მონაცემებით, თებერვლიდან აპრილამდე ენგურჰესი თვეში საშუალოდ 100-დან 150 მილიონ კვტ / სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ენგურჰესის წარმოება შეადგენს საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების მთლიანი გამომუშავების 20 % -ს.

ვიდრე ენგურჰესი არ ამუშავდება, აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთის ფედერაცია მოამარაგებს. ამასთან, როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“, სოხუმელი კორესპონდენტი ელენა ზავოდსკაია ამბობს, არ იგეგმება მოსახლეობისათვის დენის გრაფიკით მიწოდება. ელექტროენერგია მხოლოდ მაქსიმალური დატვირთვის დაფიქსირების შემთხვევაში გაითიშება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო კომპანია „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენელმა, ალხას გაგულიამ, განმარტა, თუ როგორ მიიღებს ელექტროენერგიას აფხაზეთი უახლოესი სამი თვის განმავლობაში:

ალხას გაგულია
ალხას გაგულია

”ენგურჰესის გათიშვამდე დავიწყეთ ელექტროენერგიის მიღება რუსეთის ფედერაციიდან. ამჟამად დენს ვიღებთ ფსოუს მხრიდან, კავკასიონის ხაზით კი ელენერგიას ვაწვდით აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილს. ამ დროისთვის შემოღებულია მხოლოდ დატვირთვის შეზღუდვები. გრაფიკი არაეფექტური იქნება. შეუძლებელია გრაფიკის შემოღება, რადგან გარკვეულ მომენტში შეიძლება მოხდეს ისე, რომ გაითიშოს დაუტვირთავი ხაზი, გადატვირთული ხაზი კი ჩართული დარჩეს, რაც შეიძლება ავარიის მიზეზი გახდეს“.

ენგურჰესის დაგეგმილი გამორთვის გამო საჭირო გახდა მაღალი ძაბვის ხაზის, "აჩიგუარის", სასწრაფო შეკეთება, რომლის მეშვეობითაც ელექტროენერგია უნდა განაწილდეს მთელ აფხაზეთში, თუმცა ენგურჰესის არ იყოს, უმძიმეს მდგომარეობაშია როგორც „აჩიგუარის“ მაღალი ძაბვის ხაზი, ასევე ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი მთელი ქსელი, რომლის რეაბილიტაციის სახსრები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას არ გააჩნია, რადგან, როგორც აფხაზეთის თემაზე მომუშავე ანალიტიკოსი ლევან გერაძე ამბობს, აფხაზეთში დახარჯული დენის საფასურის ამოღების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია პოსტსაბჭოთა სივრცეში და ეს მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში დენიც ყველაზე იაფია.

ლევან გერაძე
ლევან გერაძე

„უსახსრობის გამო, სისტემა ძალიან ცუდ დღეშია, რითაც სარგებლობს რუსეთის ფედერაცია, რომელიც სთავაზობს სოხუმს ინვესტიციებს, ოღონდ ენერგოობიექტების პრივატიზების წინაპირობით, რასაც აფხაზები შეძლებისდაგვარად ეწინააღმდეგებიან. კანონიც კი აქვთ მიღებული, რომელიც კრძალავს როგორც გენერაციის ობიექტების, ასევე გამანაწილებელი ქსელების პრივატიზებას, თუმცა 2020 წლის 12 ნოემბერს სოჭში ხელმოწერილი „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა“, სოხუმს ბევრი დათმობის გაკეთებას აიძულებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან გერაძემ.

კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილიც ამბობს, რომ 12 ნოემბერს გაფორმებული დოკუმენტიდან კარგად ჩანს, რომ რუსეთი შეეცდება აფხაზეთის ათვისებას ბევრი მიმართულებით და მათ შორის ენერგეტიკის:

„ისეთ დღეშია ქსელები და გამანაწილებელი სადგურები, რომ დამოუკიდებლად პრობლემასთან გამკლავება არ შეუძლიათ, რუსეთი კი მზად არის „დაეხმაროს“ სოხუმს, რასაც ალბათ ვნახავთ კიდეც უახლოესი ორი წლის განმავლობაში. ამას ემსახურება მოსკოვის მოთხოვნა, მოხდეს ადგილობრივი კანონმდებლობის ადაპტაცია რუსეთის კანონმდებლობასთან, რათა რუსულმა ბიზნესმა შეძლოს ენერგეტიკაში ფულის ჩადება“.

გიორგი კანაშვილი
გიორგი კანაშვილი

რადიო თავისუფლება: ეს სამი თვე, დავარქვათ მას "უენგურჰესობის" სამი თვე, გამოაჩენს, რა შეიცვლება აფხაზეთისთვის სამომავლოდ? როგორი შეიძლება იყოს მისი ენერგეტიკული მომავალი, რომელშიც რუსეთი იქნება მთავარი მიმწოდებელი?

გიორგი კანაშვილი: „არ მგონია რუსეთმა ამ სამი თვის განმავლობაში რამე განსაკუთრებული ზეწოლა განახორციელოს. ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება რუსეთისადმი დავალიანება (რომელსაც მერე ჩამოწერენ), მაგრამ ისიც ვიცით, რომ ყოველივე ამას სხვა პოლიტიკური ფასი აქვს და მის გადახდას აუცილებლად მოითხოვს რუსეთი“.

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პოლიტიკურ წრეებში არ უარყოფენ იმას, რომ იაფ, ფაქტობრივად მუქთა დენს დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობისათვის ერთგვარი სოციალური დახმარების ფუნქცია აქვს, თუმცა, როგორც ლევან გერაძე ამბობს, ამ პროცესს ძირს უთხრის კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვების ბუმი, რაც ერთი ათად ზრდის ელექტროენერგიის უკონტროლო დანახარჯს. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ სპეციალური დადგენილებით სცადა პირატული მაინინგის შეჩერება.

„პრიორიტეტი მოსახლეობის, სოციალური და სამრეწველო ობიექტების ელექტროენერგიით მომარაგება უნდა იყოსო“, - ვკითხულობთ დადგენილებაში, რომელმაც არსებითად ვერ შეაჩერა დე ფაქტო რესპუბლიკის ელექტროსისტემის ნგრევა, რაც თავის მხრივ, ნოყიერ ნიადაგს უქმნის „რუსულ დახმარებას“.

ენგურჰესის კაშხალი
ენგურჰესის კაშხალი

„აფხაზეთში ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის პრივატიზებით შესაძლებელი იქნება მთელი ენერგეტიკის, მათ შორის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის გაკონტროლებაც. ენგურჰესი კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე სოციალური დატვირთვის თვალსაზრისითაც. შესაბამისად, ვინც აკონტროლებს ან მართავს მას, მნიშვნელოვან ბერკეტსაც ის ფლობს“, - ამბობს ლევან გერაძე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG