რა მოხდა რამდენიმე დღის წინ გალში, სადაც თემურ კარბაია ადგილობრივმა მილიციამ დააკავა, 9 დეკემბერს ღამით კი, სოციალური ქსელით მისი სიკვდილის ამბავი გავრცელდა?
11 დეკემბერს, თემურ კარბაიას ზუგდიდში მცხოვრებმა დისშვილმა, ლიზი კარბაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბიძის გარდაცვალების დეტალები ოჯახისთვის ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ახლო ნათესავები გალში გადასვლას გეგმავენ, - 43 წლის თემურ კარბაიას ცხედარი ახლა სოფელ წარჩეში, იმ სახლშია დასვენებული, სადაც ის დედასთან ერთად ცხოვრობდა.
ლიზი კარბაია ამბობს, რომ ოჯახის სურვილის შესაბამისად ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩაუტარდება.
„აზრი არა აქვს ექსპერტიზის ჩატარებას. აფხაზეთია, განუკითხაობაა. მაინც თავის ხალხს დაიცავენ“.
ლიზი კარბაია ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, ბიძამისი სახლში მიდიოდა, როცა ე.წ. მილიციელებმა ის შესამოწმებლად გააჩერეს. ზუსტად რა მოხდა ამის შემდეგ ოჯახმა არ იცის, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ თემურ კარბაიას სასიკვდილოდ პოლიციელებმა სცემეს:
„მთელი სხეული, შინაგანი ორგანოები აქვს დაზიანებული. ნეკნები ჩამტვრეული. როგორც გვითხრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, სახლში თავისით მივიდა და ბიძაშვილებმა წაიყვანეს მერე საავადმყოფოში. ოჯახი ვითხოვთ, რომ დამნაშავე დაისაჯოს“.
ოჯახის განცხადებით, დაკავებულია სამი ე.წ. მილიციელი, თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არავინ ადასტურებს.
რადიო თავისუფლების წყარომ ოკუპირებული გალის რაიონიდან გვითხრა, რომ გალის ე.წ. მილიციას დიდი ხანია სურდა თემურ კარბაიას დაკავება და მიზეზებს ეძებდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ის ქუჩაში გააჩერეს და მანქაში ჩაისვეს, სადაც შელაპარაკება მოუვიდათ.
„ისეთი ბიჭი იყო, უპასუხოდ არავის დატოვებდა“, - ეუბნება წყარო რადიო თავისუფლებას. მისივე თქმით, კარბაიას ქუჩაშიც სცემეს და განყოფილებაშიც, თუმცა შემდეგ შეეშინდათ და „თავად წაიყვანეს საავადმყოფოშიო“.
„პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ გავუშვით“ - რას ამბობენ ოკუპირებულ აფხაზეთში?
აფხაზური გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა“ წერს, რომ თემურ კარბაია სამართალდამცავების განუკითხაობას შეეწირა:„აფხაზი სამართალდამცავები დანაშაულის მონაწილეებს ხელს აფარებენ, ქართველი ჩინოვნიკები კი ცდილობენ, დანაშაულს პროპაგანდისტული ელფერი მისცენ“.
„ნუჟნაია გაზეტა“ მკითხველს ასეთ ვერსიას სთავაზობს:
- სოფელ წარჩეში მცხოვრები თემურ კარბაია სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა გალის ცენტრში, ბაზრის ტერიტორიაზე დააკავეს.
- ამავე ვერსიით, კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დავით კვეკვესკირმა, ვიანორ აბშილავამ, ალიკ ზარაკუამ დაკავებული პოლიციის რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
- ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებას დამოუკიდებელი მოწმეები არ ჰყავს, რადგან კარბაია მარტო იყო.
- თემურ კარბაია, მრავლობითი მოტეხილობითა და დაზიანებებით, დროებითი მოთავსების დაწესებულებიდან - გალის საავადმყოფოში, 9 დეკემბერს აღმოჩნდა.
სამედიცინო პერსონალზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ კარბაიას დაზიანებები ჰქონდა მთელ სხეულზე:
„მოტეხილი ჰქონდა ნეკნები, ყველგან ეტყობოდა სისხლჩაქცევები“.
პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო, ის სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შინაგანი სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა.
გამოცემა ასევე წერს, რომ ცხედრის სასამართლო ექსპერტიზა არ ჩატარებულა. ჩადენილი დანაშაულის შესახებ კი ყველა დუმს.
გალის რაიონის მცხოვრებლები გაზეთთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ადგილზე მცხოვრები მამაკაცების მიმართ ასეთი უკანონობა არც ისე იშვიათია - „ახალგაზრდებს სახლიდან გასვლის ეშინიათ. თუ პოლიციას გადააწყდებიან, ისინი აუცილებლად რაღაცაში გაეხვევიან“, - ამბობენ ადგილობრივები „ნუჟნაია გაზეტასთან“ საუბარში.
ადგილობრივი მილიციის განუკითხაობაზე, ქაოსსა და ხალხში არსებულ შიშზე, გამოცემასთან ანონიმურად ლაპარაკობს გამგეობის ერთ-ერთი თანამშრომელიც, რომლის თქმით, „ხალხს ხმის ამოღების ეშინია, პოლიცია თავის თანამშრომლებს მუდმივად ხელს აფარებს, პროკურატურა მომხდარს არ იმჩნევს, ხოლო არასამთავრობოები უმოქმედოები არიან“.
„ნუჟნაია გაზეტას“ სიტყვებით, დანაშაულის შეტყობინების ეშინიათ გალისა და სოხუმის საავადმყოფოს იმ თანამშრომლებსაც, ვინც თემურ კარბაია საავადმყოფოში მიყვანის დროს ნახეს.
გაზეთი წერს იმასაც, რომ თავად კარბაიას ახლობლებსაც ეშინიათ სასამართლოს მიმართონ.
11 დეკემბერს გავრცელდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი კომენტარიც, რომელიც უწყებამ სააგენტო „აიაშარას“ მისცა და რომელშიც, საქართველოს მოქალაქის, გალის მკვიდრი თემურ კარბაიას ცემაზე არაფერია ნათქვამი.
უწყება აცხადებს, რომ კარბაიას გარდაცვალების საქმეს „შესაბამისი სამსახურები სწავლობენ“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სააგენტო „აიაშარასთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 6 დეკემბერს, გალის რაიონის შსს-ს განყოფილებაში სატელეფონო შეტყობინება დატოვეს, რომ ქალაქის ბაზარში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი „მოქალაქეებს ავიწროებდა და მათ უცენზურო სიტყვებით მიმართავდა“.
ოფიციალური ვერსიით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველების ოპერატიული ჯგუფი მივიდა, რომელმაც „1979 წლის 30 აგვისტოს დაბადებული, ტყვარჩელის რაიონის სოფელ წარჩის მცხოვრები ვიტალი (თემურ) კარბაია დააკავა და 16:30 საათზე მილიციის სამმართველოს განყოფილებაში გადაიყვანა“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს განცხადებით, კარბაია არ დაემორჩილა მილიციის თანამშრომლობის მითითებებს და განაგრძობდა მათ გინებას.
პირადობის მოწმობის შემოწმებისა და კარბაიას განყოფილებში მიყვანის შესახებ ჩანაწერის შემდეგ, იგი გალის რაიონში შინაგან საქმეთა დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეიყვანეს, სადაც „თავის დაზიანება სცადა, რის გამოც მედიკამენტოზური ჩარევისთვის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს ირწმუნება, რომ ამის შემდეგ, 7 დეკემბერს, დილის 08:50 საათზე „პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ“ კარბაია გაუშვეს.
როგორც სააგენტო „აიაშარა“ ტელეგრამის არხზე წერს, უკვე შემდგომ გავრცელებული ინფორმაციით, ვიტალი (თემურ) კარბაია სოხუმის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა 2023 წლის 9 დეკემბერს, სადაც წინა დღეს მიიყვანეს გალის სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელსაც მან „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიმართა“.
ეს სააგენტოც წერს, რომ მისი გარდაცვალების ფაქტს „შესაბამისი სამსახურები იძიებენ“.
ამ დრომდე უცნობია, დააკავეს თუ არა ინციდენტში მონაწილე სამართალდამცავები - აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ამის შესახებ ცნობები ჯერ არ გაუვრცელებია.
10 დეკემბერს, საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი ცხელი ხაზი... საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა, არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოკვლევის პროცესი“.
რადიო თავისუფლებამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ჰკითხა, დაიწყება თუ არა გამოძიება კარბაიას საქმეზე - შსს აცხადებს, რომ გამოძიება დაწყყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.
მოითხოვს თუ არა ქართული მხარე ცხედრის ექსპერტიზას - ჯერჯერობით ამ კითხვაზე შსს-გან პასუხი არ მიგვიღია.
დამატებით განახლებული ინფორმაცია არც სუსს გაუვრცელებია.
„ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება“
„არც ერთი ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება - ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ნაბიჯი უკან არ იქნება“, - მომხდარს 11 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
მან თემურ კარბაიას მკვლელობას „საოკუპაციო რეჟიმის ბარბაროსული“ აქტი უწოდა.
„დადგება დრო, როცა ყველას, ვისაც დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის ბრალი - მით უფრო ისეთ მძიმე დანაშაულში, რასაც შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვება - არც ერთი ასეთი ფაქტი დაუსჯელი არ დარჩება. ღრმად მწამს, რომ ეს ძალიან სწრაფად, ძალიან მალე იქნება! თითოეული ჩვენგანის ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ერთის მხრივ ეს დაუსჯელი არ დარჩეს და, მეორეს მხრივ, რაც შეიძლება მეტად იყოს ასეთი ბარბაროსული აქტები პრევენცირებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის პროექტის განხილვის წინადადება დააყენა, რომელიც ოპოზიციამ, სოფელ კირბალში, თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მოამზადა. დეკანოიძე მიიჩნევს, რომ სწორედ პარლამენტის ამ რეზოლუციამ უნდა დაგმოს და შეაფასოს როგორც გინტურის, ისე თემურ კარბაიას მკვლელობის ფაქტები.
თუმცა, მიხეილ სარჯველაძემ დეკანოიძის შეთავაზება არ გაიზიარა და კოლეგის პასუხად აღნიშნა, რომ არ მიაჩნია სწორად დაგმობისა და შეურიგებლობის საზომად რეზოლუციის ტექსტის გამოყენება:
„არსებულ მდგომარეობას ძალიან ფრთხილი და სიფრთხილესთან ერთად, მტკიცე პოზიციის ქონა სჭირდება, - თქვა მან, - სხვა მიდგომებით ხელმძღვანელობა უფრო მართებული იქნებოდა. რეზოლუციის ტექსტის განხილვა-არგანხილვა, მათ შორის, რომელიც ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდება, სხვა კონტექსტში განსახილველი საკითხია. საკითხის კომიტეტზე გატანას წინ პოლიტიკურ გუნდში კონსულტაციები უძღვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი დამოკიდებულება ოკუპაციასთან დაკავშირებულ ინიციატივებთან დაკავშირებით. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ასეთ თემებთან დაკავშირებით ვცდილობთ თავი შევიკავოთ ასეთი პოზიციის გაზიარებისგან, რადგან მას გარკვეული პოლიტიკური ქვეტექსტები უძღვის და ეს საკმაოდ უხერხულად შეიძლება გამოიყურებოდეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
„გალის შეხვედრები პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდიდა“
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ მსგავს სიტუაციებში გაცილებით ნაკლები უპასუხო კითხვა დარჩებოდა, თუკი აღდგებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში გალის შეხვედრები, სადაც ერგნეთის შეხვედრების მსგავად, არაერთი პრაქტიკული საკითხი შეიძლება განხილულიყო, რაც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს.
„ეს ძალიან დაგვეხმარებოდა თუნდაც კარბაიას საქმის ობიექტური გამოძიების ჩატარებისთვის. გაცილებით გამარტივებოდა ინფორმაციის მიწოდება დაზარალებულის მხარისთვის, ადვოკატის ჩართვის ხელშეწყობა და ა.შ.“
უჩა ნანუაშვილის სიტყვებით, IPRM-ის აღდგენა პროცესს უფრო ღიასა და გამჭვირვალეს გახდიდა. გალის შეხვედრები, რომლებიც დიდი ხანია არ ჩატარებულა და რომელსაც შეეძლო გარკვეული ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებების, სოციალური ან სხვა საკითხების გადაჭრა, ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან გაუადვილებდა ცხოვრებას.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
შეხვედრები გალში, რომლებშიც მონაწილეობენ აფხაზური მხარე, საქართველო, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო, 2018 წლიდან არ გამართულა.