საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა თვითიზოლაციიდან კარანტინის რეჟიმშია გადასული. 70 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებს სახლიდან გასვლა მხოლოდ უახლოეს მაღაზიამდე, აფთიაქამდე ან საავადმყოფომდე შეუძლიათ. ხელისუფლება ამბობს, რომ იზრუნებს ყველაზე, ვისაც დახმარება დაჭირდება; მუნიციპალიტეტები და სახელმწიფო უწყებები საკვები პროდუქტების შესაძენად გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებენ და მოხალისეთა რაზმებს აგროვებენ, ფეისბუქში ავრცელებენ ფოტოებს, სადაც ჩანს პარკებში ჩაწყობილი პირველადი საჭიროების სურსათი. ინიციატივებს იჩენს ბიზნესიც - ნაწილი ფულს stopcov ფონდში რიცხავს, ნაწილი ხელისუფლებას პროდუქტებით მოსახლეობის მომარაგებაში ეხმარება. რთულია პროგნოზი, როდემდე იქნება საჭირო სახლში დარჩენა და რა რაოდენობის საკვები თუ სხვა სახის პროდუქტები დაჭირდებათ მოხუცებს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, მათ ვინც თვითდასაქმებული იყო და ახლა ვეღარ მუშაობს.
საქსტატის მონაცემებით 65 წელს გადაცილებული პირები მოსახლეობის 14%-ს შეადგენს. საქართველოში დაახლოებით 361 000 ადამიანია 70 წლის და ან უფრო მეტის.
„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ ვალდებულია დაეხმაროს ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები“ – თქვა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 30 მარტს მას შემდეგ, რაც მეორე დღიდან კარანტინის რეჟიმის ამოქმედება ბრძანა.
ნუნუ ფეხმოჭრილაშვილი მარტოხელაც არის და 70 წელს გადაცილებულიც. 72 წლის ქალი სოფელ შალაურში ცხოვრობს, მარტო. მეუღლე და შვილები წლების წინ დაეღუპა. მიწაზე მუშაობა აღარ შეუძლია, ვეღარც შინაურ ცხოველებს და ფრინველებს უვლის. რამდენიმე დღის წინ 1 კილო შაქარი, 1 კილო წიწიბურა, 1 კილო ბრინჯი და 1 ბოთლი ზეთი მიუტანა მეზობელმა, რომელიც თელავის გამგეობაში მუშაობს. ეს იყო ის, რაც ადგილობრივმა მმართველობამ პენსიონერისთვის გამოყო იზოლაციის დროს საკვებად, თუმცა არა ყველასთვის. ნუნუ გვიყვება, რომ მის მეზობლად ცხოვრად 83 წლის ზინა ჯავახიშვილი, რომელსაც გადაადგილებაც კი უჭირს და რომელთანაც ის მინიმალური საკვებიც არ მიუტანიათ, რაც მასთან.
“რაც მომიტანეს, რამდენ ხანს მეყოფოდა, თითო კილო იყო ყველაფერი. პენსიის ასაღებადაც ვერ მივდივარ, ტრანსპორტი არ არის, მანქანა აბა მე არ არ მყავს, არც არავინ, რომ წამიყვანოს. დავრეკე გამგეობაში ორი დღის წინ. არც ვიცი რა ვთხოვო, სულ ყველაფერი მჭირდება, მაგრამ აბა ვინ რას მომიტანს? “ - წუხს ნუნუ ფეხმოჭრილაშვილი.
კარანტინის გამოცხადებამდე თითქმის ორი კვირით ადრე, 17 მარტს პრემიერმა ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ფოსტას და ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა სოციალურად დაუცველებისა და 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დახმარების მექანიზმის შექმნა იმ მომსახურების გასაწევად, რაც მათ ყოველდღიურად ესაჭიროებათ. ასეთი მექანიზმი ამ დრომდე არ შექმნილა.
სახელმწიფოს მხრიდან 3 აპრილის მდგომარეობით მოქმედებს დახმარების 3 ძირითადი მექანიზმი:
- საკვები მათთვის, ვინც მუნიციპალური სასადილოებით სარგებლობდა, სახლში მიტანით;
- საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის ის მშრალი საკვები, რაც ბაღში უნდა მოეხმარათ, ოჯახებს გადაეცათ;
- მუნიციპალიტეტის ნაწილი ცდილობს პირველადი საჭიროების ნივთების კალათით უზრუნველყოს პენსიონერები და სოციალურად დაუცველები.
სახლში მარტო დარჩენილი მოხუცები საკვების სახით დახმარებას ამ დრომდე ძირითადად ადგილობრივი ხელისუფლება უწევს - საკვები, რომელიც უმეტეს რეგიონებში უკვე დარიგდა, ერთჯერადად გადაეცათ. ვპირველადი საკვების სია განსხვავებულია ყველა რაიონში - ერთია პრინციპი - პირველადი, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები.
სხვადასხვა ქალაქში ჩნდებიან მოხალისეთა რაზმებიც, რომლებიც ცდილობენ იმ ხალხს დაეხმარონ, რომლებიც ქალაქის მმართველობის სიაში ვერ ხვდება, ასეთი კი ცოტა არ არის. თელავის თვითორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, სოფო სუხიტაშვილი ამბობს, რომ ისინი უკვე დაეხმარნენ 111 მოხუცს და მათგან მხოლოდ ერთი იყო ისეთი, რომელსაც მერიისგან სურსათი ჰქონდა მიღებული. მოხელისეების სიები განახლებადია - ხალხი რეკავს და დახმარებას ითხოვს.
ზეთი, ფქვილი, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი - ესაა ძირითადად ის პროდუქტები, რასაც მოხუცები და სოციალურად დაუცველები იღებენ. ზოგან ამას ემატება შესქელებული რძე, კანფეტი, მშრალი ნამცხვარი ან ორცხობილა, იშვიათ შემთხვევებში კარტოფილი და კვერცხი. ფასი, რომელსაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტი ერთი პირისთვის გადასაცემ საკვების ნაკრებში იხდის, ისევე განსხვავებულია, როგორც მისი შიგთავსი და 7,75 ლარიდან 187 ლარამდე მერყეობს.
მაგალითად, ზუგდიდში 70 წელს გადაცილებული მოხუცების გარდა საკვებს იზოლაციისას იღებენ მრავალშვილიანი ოჯახები, დედ-მამით ობოლი ბავშვები და მარტოხელა მშობლები - ასეთი ჯამში 720 ადამიანი აღმოჩნდა. პაკეტი, რომელსაც იღებენ, ორნაირია - ვინც მარტო ცხოვრობს, ნაკლებ სურსათს იღებს, ვინც სხვებთან ერთად, მეტს.
ბრინჯი და ლობიო, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არიგებენ, პაკისტანშია ნაწარმოები, წიწიბურა - ჩინეთში, შაქარი - საფრანგეთში.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა 200 მოხუცთან მიიტანა სურსათი, რომლის შემადგენლობაშიც კოწახურის კანფეტები და პიტნის კარამელიც შედიოდა.
"გვინდოდა მრავალშვილიან ოჯახებს და შშმ პირებსაც დავხმარებოდით, მაგრამ ამდენი თანხა არ გვქონდაო" - გვითხრეს მერიაში, სადაც ამბობენ, რომ იმათი რიცხვი, ვისაც საკვები პროდუქტებით დახმარება სჭირება, რეალურად ბევრად მეტია, ვიდრე ამას სოციალური პროგრამები ფარავს. მათ იმედი აქვთ, რომ თუ იზოლაციის რეკომენდაცია დიდხანს გაგრძელდება, ბიზნესიც ჩაერთვება მოხუცების დახმარების საქმეში.
გარდაბნის მუნიციპალიტეტი იმ გამონაკლისშია, სადაც საკვებთან ერთად ჰიგიენის საშუალებებსაც ურიგებენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს: სარეცხის ფხვნილი, სადეზინფექციო სითხე, პირბადე და საპონი, ესაა, რაც პაკეტში შედის.
2 000 უკიდურესად შეჭირვებული ოჯახისთვის შეიძინა საკვები პროდუქტები გურჯაანის მერიამ.
ჩამოთვლილ ქალაქებთან შედარებით გაცილებით მოკრძალებულია სურსათის ჩამონათვალი ყვარელში. იქ მცხოვრები მოხუცები და სოციალურად დაუცველები იღებენ მხოლოდ შაქარს, მაკარონს და “პეჩენიას”. აქ თითო ადამიანის დასახმარებლად 7,75 თეთრი გამოყვეს და 2300 შეკვრა გაამზადეს.
მხოლოდ შაქარს და ზეთს მიიღებენ ის დევნილებიც, რომლებისთვისაც პროდუქტი ერედვის მუნიციპალიტეტმა შეიძინა. გორის, კასპის, მცხეთის, დუშეთის, თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დევნილთა კომპაქტური ჩასახლებებში მცხოვრები 1305 ოჯახი 10 კილო შაქარს და 10 ლიტრ მცენარეულ ზეთს მიიღებს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა კონკრეტული საკვების ყიდვის ნაცვლად 50 ლარიანი ვაუჩერები გამოყო 60 და 70 წელს გადაცილებული მარტოხელა პირებისთვის, მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, მარტოხელა დედებისა და მამებისთვის და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის - ჯამში მთელს მუნიციპალიტეტში ასეთი 550 ბენეფიციარია.
მუნიციპალიტეტების მიერ იზოლაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის საჭირო საკვების შესყიდვები ქმნის სურათი, სადაც მკაფიოდ არ ჩანს, რა პერიოდულობით და რა პირველადი საჭიროების პროდუქციით შეიძლება უზრუნველყოს სახელმწიფომ 70 წელს გადაცილებული პირები. შესყიდვების მარტივი ანალიზი აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტები ცდილობენ ყველა იმ ჯგუფს, რომელიც ხელისუფლებისგან დახმარებას საჭიროებას, ერთიანად დაეხმარონ. საგულისხმოა ისიც, რომ მუნიციპალიტეტების უმეტესობას საკვები პროდუქტები ჯერაც არ შეუსყიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან 10 დღის და კარანტინის გამოცხადებიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ, რიგ რაიონებში მოხუცები პირველადი საჭიროების პროდუქტების გარეშე არიან დარჩენილები.