ამას ადასტურებს მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთევან დუმბაძის ხელმოწერილი ბრძანება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა წიგნის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო პროექტების ყოფილმა მენეჯერმა, ამჟამად პარტია „ახალის“ კულტურული მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო გოგინაშვილმა.
მისი სიტყვებით, არასოდეს საქართველოს ამხელა ბიუჯეტი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე არ ჰქონია და ეს თანხა, არ არის თანხვედრაში იმ ლიტერატურულ პროგრამასთან, რომლითაც წელს ქვეყანა წარდგა წლის ერთ-ერთ მთავარ ლიტერატურულ ღონისძიებაზე.
ლონდონის წიგნის ბაზრობის ეროვნული პროგრამის შინაარსი, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი, ლიტერატურული სფეროს სხვა არაერთმა წარმომადგენელმაც გააკრიტიკა - ყველა ხაზს უსვამდა, რომ წიგნის ბაზრობა ის ადგილია, სადაც თანამედროვე მწერლობა და მწერლები აინტერესებთ, საქართველოს პროგრამაში კი ეს არ მოახვედრეს.
მწერალთა სახლს და ლონდონის წიგნის ბაზრობის წლევანდელ მონაწილეებს კი მიაჩნიათ, რომ საქართველოს ეროვნულმა პროგრამამ დიდი წარმატებით ჩაიარა და ამ წარმატების შედეგები მალე გამოჩნდება.
ნინო გოგინაშვილი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ვიდეოინტერვიუში ხსნის, რატომ არის, მისი აზრით, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხა შეუსაბამოდ დიდი პროგრამის შინაარსთან და რა კრიტიკული კითხვები ჩნდება ეროვნულ პროგრამაში მონაწილეების ხელშეკრულებების გაცნობის შემდეგ.
„ეს თანხა და ამაზე მეტიც, იქნებოდა ადეკვატური, პროგრამა რომ გვაძლევდეს ამის შესაძლებლობას. ე.წ. წარმომადგენლობითი ხარჯიც, 119 000 ლარიც ძალიან დიდი თანხაა, თუ გადავხედავთ ვინ და რამდენი ადამიანი წავიდა ლონდონში. ცხადია, თუ ყველა ნამდვილად წავიდა“.
ნინო გოგინაშვილი ჩვენთან საუბარში შენიშნავს, რომ ლონდონის წიგნის ბაზრობა, გარდა იმისა, რომ ის ფრანკფურტის შემდეგ, ყველაზე დიდი წიგნის ბაზრობაა, ეს არის პირველი და საუკეთესო ინგლისურენოვანი წიგნის ბაზრობაც, სადაც ცოცხალ ავტორებს, მწერლებს წარადგენენ, სადაც მათ საავტორო უფლებებს ყიდიან და ყიდულობენ.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა სწორედ ესაა - ვინ წარმოადგენდა საქართველოს? რომელი მწერლის წიგნის საავტორო უფლება გაიყიდა? ვინ ითარგმნება სამომავლოდ?
„საერთაშორისო ბაზრობაზე მონაწილეობა, ეს არის განაცხადი სახელმწიფოს მხრიდან. რა მესიჯითაც ჩადიან იქ ადამიანები - ეს სახელმწიფოს მხრიდან გაჟღერებული მესიჯია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის პროგრამა, რომლითაც იქ წარდგები იყოს ადეკვატური, თანადროული. ასეთ პროგრამა ჩვენ წელს ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ვერ ვიხილეთ“.
ამ ვიდეოში ნინო გოგინაშვილი ლაპარაკობს ლონდონის წიგნის ბაზრობის მნიშვნელობაზე, საქართველოს წლევანდელ სტენდსა და ეროვნულ პროგრამაზე დახარჯულ თანხებზე, მწერლების ბოიკოტზე მწერალთა სახლის მიმართ.
ვის რისთვის და რამდენი გადაუხადეს?
იმ ხელშეკრულებებიდან, რომლებიც ნინო გოგინაშვილმა რადიო თავისუფლებას მისცა, და რომლებიც მწერალთა სახლმა გაუფორმა ლონდონის წიგნის ბაზრობის მონაწილეებს, ირკვევა, რომ მაგალითად:
- დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილ ელჩს სოფიო ქაცარავას მწერალთა სახლმა გადაუხადა 2845 ლარი „ღონისძიების მოდერაციისა და საორგანიზაციო საკითხებში მხარდაჭერისთვის“.
- ასევე 2845 ლარის ხელშეკრულება დაიდო ქეთევან კიღურაძესთან, გამომცემლობა ,,სიესტის’’ მონაწილეობისთვის „საქმიან შეხვედრებში უცხოელ გამომცემლებთან“.
- 2845 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ლია კაჭარავასთან ლონდონის წიგნის ბაზრობაზე კარლო კაჭარავას ალბომის წარდგენისთვის.
- 2845 ლარი გადაუხადეს კახაბერ რუსიძეს, თსუ-ს გამომცემლობის წარმომადგენელს „საქმიანი შეხვედრების გამართვისთვის“.
- 1755 ლარი იყო უორდროპების შესახებ ფილმის რეჟისორის, თამარ მახარაძისათვის ხელშეკრულებით გადახდილი თანხა, რომელმაც ეს ფილმი Royal Asiatic Society-ში აჩვენა.
- 2845 ლარის ხელშეკრულება დაიდო დავით მაზიაშვილთან, ავტორთან მონოგრაფიისა “სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა”, რომელშიც “შესწავლილი და გააზრებულია თანამედროვე ბალეტის ქართველი ქალი ქორეოგრაფის, მარიამ ალექსიძის შემოქმედებაში თანამედროვე ქორეოგრაფიით გარდასახული დიდი ლიტერატურული ტექსტები”.
- იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შესახებ ფილმის ავტორს, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტსა და ანალიტიკოს გურამ ნიკოლაშვილს, რომელმაც წარმოთქვა სიტყვა ღონისძიების გახსნის დღეს, 2845 ლარი გადაუხადეს.
- 2252 ლარია მითითებული “ხელოვნების სასახლის” დირექტორის, გიორგი კალანდიას ხელშეჯრულებაში, რომელმაც წარმოთქვა სიტყვა უორდროპების ღვაწლის შესახებ - Royal Asiatic Society-ში. ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ასევე წარადგინეს მისი სამი წიგნიც.
როგორც შორენა შავერდაშვილმა განგვიმარტა, ეს იყო წიგნის ბაზრობის მონაწილეთათვის განკუთვნილი სამივლინებო თანხა, რომელიც ბრიტანეთისთვის დადგენილი ნიხრით გაიცა,
ორჯერ მეტი ვიდრე მანამდე
სხვადასხვა წელს წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე და მწერალთა სახლის დირექტორის ყოფილი მოადგილე მაია დანელია ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ მაქსიმუმი, რაც ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ბიუჯეტიდან დახარჯულა, 120 000 ლარი იყო.
მაია დანელია გვეუბნება, რომ ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც თავისი შინაარსით ბაზრობაა და იქ თანამედროვე ავტორების წიგნების საავტორო უფლებების ყიდვა-გაყიდვა აინტერესებთ, აუცილებლად უნდა ისმოდეს თანამედროვე ქართველი ავტორების ხმა.
„იქ აინტერესებთ, ვინ ქმნის ამინდს თანამედროვე ლიტერატურაში. რას წერენ ისინი, რა კითხვებს სვამს თავისუფალი მწერლობა. ეროვნული პროგრამა უნდა იყოს გააზრებულ კონცეფციაზე დაფუძნებული და არ დაიგეგმოს ასე უბრალოდ, ლოიალური ადამიანების მონაწილეობით. ამიტომ მიმაჩნია, რომ გაწეული ხარჯებიც არ არის გამართლებული, რადგან შედეგზე ორიენტირებული ვერ იქნება“, - უთხრა მაია დანელიამ რადიო თავისუფლებას.
წიგნის საერთაშორისო ბაზრობების და ფესტივალების ორგანიზატორებს გული იმაზეც სწყდებათ, რომ გაწყვეტილი კავშირების და უკვე შექმნილი პროცესის აღდგენას წლები დასჭირდება. დღეს ეს ყველაფერი, მათი განცხადებით, მოშლილია.
თუმცა ასე არ ფიქრობენ თავად წიგნის ბაზრობის მონაწილეები - მათი აზრით, ამ სამმა დღემ წარმატებით ჩაიარა.
მათ შორის არის გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგი“ და მისი ხელმძღვანელი შორენა შავერდაშვილი, რომელსაც რადიო თავისუფლებამ შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვა ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ და ასევე ჰკითხა, როგორ უპასუხებდა კრიტიკას, რომელიც მოჰყვა ქართულ პროგრამას და ამ პროგრამის წარსადგენად ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებს.
შორენა შავერდაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს, რომ მისი ინფორმაციით, გასულ წლებში, როდესაც საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე, საქართველოს წარმოადგენდა მწერალთა სახლი, ასევე, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, გამომცემლობებსა და მწერლებს ამ ბაზრობებში მონაწილეობას მწერალთა სახლის ან ასოციაციის რესურსით არ სთავაზობდნენ:
“და თუ ისინი მონაწილეობდნენ ამ ბაზრობებზე, სავარაუდოდ, თავის ხარჯით”.
როგორც შორენა ამბობს, მაშინ, “სეზან ფაბლიშინგისთვის”, რომელიც 2014 წლიდან არსებობს, ბაზრობაზე წასვლა არავის შეუთავაზებია და აგზავნიდნენ მხოლოდ სტენდზე გამოსაფენ წიგნებს. რაც შეეხება ლონდონისთვის სამზადისს, ეს პროცესი, მისი თქმით, ჯერ კიდევ შარშან დაიწყო.
“ქართული გამომცემლობებიდან შარშან ლონდონში მარტო მე ვიყავი, სხვათა შორის. არც ეროვნული სტენდი გვქონდა. სამინისტროსა და მწერალთა სახლის დეკლარირებული პოზიცია ხომ ცნობილია - ისინი მზად არიან ყველასთან სათანამშრომლოდ. ეს არაერთხელ მოვისმინეთ ახალი მინისტრისგანაც. მაგრამ ამის მიუხედავად, ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება.
ვინც თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს, ყველას ჰქონდა ამ ბაზრობაზე მონაწილეობის შანსი. გამომცემლობა “ბაკმი”, გამომცემლობა “სიესტა”, გამომცემლობა “მერიდიანი” და თსუ-ს გამომცემლობა, ჩვენ - “სეზან ფაბლიშინგი” და სხვები. მათი ჩართულობა დაფინანსდა მწერალთა სახლის მიერ. აქვე ვიტყვი, რომ მე ყოველთვის ჩემი ხარჯით ვმონაწილეობ ყველა საერთაშორისო ღონისძიებაში, რაც კულტურის სამინისტროს თუ მწერალთა სახლის ეგიდით ტარდება”, - უთხრა შორენა შავერდაშვილმა რადიო თავისუფლებას.
მან ასევე გვითხრა, რომ წელს პირველად, სტენდთან ერთად, მწერალთა სახლი იყო ბაზრობის ოქროს სპონსორიც, რაც, მისი სიტყვებით, მაქსიმალურ მარკეტინგულ პაკეტსა და ხილვადობას გულისხმობდა.
"ამ პაკეტში შედიოდა ლიტერატურული თარგმანების ცენტრში, ბაზრობის სივრცეში, ორი ღინისძიების მოწყობის საშუალებაც. ესეც პირველად მოხდა ლონდონში. სტენდის მოცულობაც შტამბეჭდავი იყო წელს", - გვითხრა შორენა შავერდაშვილმა.
ვკითხეთ საქართველოს ეროვნული პროგრამის შინაარსზეც. გამომცემელი ამბობს, რომ ამ პროგრამით, უნდოდათ ეჩვენებინათ, ერთი მხრივ, საქართველოს მდიდარი ლიტერატურული ტრადიცია და მეორე მხრივ, გაეცოცხლებინათ ლიტერატურა სხვა განზომილებებში - იქნებოდა ეს მუსიკა, ცეკვა თუ მხატვრობა. ასევე, აღენიშნათ “ბრიტანეთისა და საქართველოს ლიტერატურულ-კულტურული კავშირები და უორდროპების ღვაწლი”:
“ქართული პავილიონის კონცეფციაც ეს იყო - "ეზიარე საქართველოს საიდუმლოს - ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს". ჩვენი ინსპირაცია იოანე ზოსიმეს ხელნაწერი და "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ" ჰიმნი იყო. ეს კონცეფცია იყო დიზაინის ნაწილიც. სხვათა შორის, მისი თარგმანი ქართველოლოგ დონალდ რეიფილდს ეკუთვნის. ასევე, სტენდზე წარმოდგენილი იყო ყველა წიგნი, რაც კი ოდესმე თარგმნილა ინგლისურად, მწერალთა სახლის ხელშეწყობით”.
რაც შეეხება “სეზანის” გამოცემებს, მათ ბაზრობაზე წარადგინეს დავით მაზიაშვილის მონოგრაფია, როგორც გამომცემელი ახასიათებს წიგნს, “სრულიად უნიკალური გამოცემა, არა მარტო ქართულ ლიტერატურულ კონტექსტში”.
“დავითი და მარიამ ალექსიძე მიიწვიეს ედინბურგშიც, წიგნთან ერთად”.
“სეზანის” გამოცემულია ფესტივალზე წარდგენილი მანანა მენაბდის იგავ-არაკების კრებული და ავტობიოგრაფიული რომანი "ფრენის დღე ოთხშაბათი". (მანანა მენაბდე ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვერ დაესწრო ღონისძიებას, თუმცა წიგნების პრეზენტაცია მაინც გაიმართა).
ასევე ლონდონისთვის მომზადდა “სეზანის” გამოცემული კარლო კაჭარავას ალბომი, "ავტობიოგრაფიის მითი", რომელიც ნახატებთან ერთად, მის ლექსებსა და პროზაულ ჩანაწერებს მოიცავს.
“სეზანის” გამოცემებს შორის ასევე იყო დონალდ რეიფილდის თარგმანები - ვაჟა-ფშაველას 3 პოემა, "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი", ოთარ ჭილაძის "ადამიანი გაზეთის სვეტში" და "ვეფხი და მოყმის იგავი". ასევე, ლელა გაფრინდაშვილის მიერ მომზადებული, უორდროპების ავტორობით დაწერილი "წმინდა ნინოს ცხოვრება".
“აღარაფერს ვამბობ იმ შეხვედრებზე, რაც გამომცემლებთან და გამავრცელებლებთან გვქონდა”, - გვითხრა შორენა შავერდაშვილმა.
მისი შეფასებით, დონალდ რეიფილდის ღვაწლის დაფასებაც მწერალთა სახლის “არაჩვეულებრივი ინიციატივა” იყო, თუმცა დონალდ რეიფილდმა ეს ჯილდო არ მიიღო.
“ეს მისი ნებაა, ცხადია”, - გვითხრა შორენა შავერდაშვილმა, რომელსაც მიუღებლად მიაჩნია პროტესტის ის ფორმაც, რომელიც ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველებმა გამოხატეს Royal Asiatic Society-ს წინ, სწორედ იმ შენობასთან, სადაც დონალდ რეიფილდის დაჯილდოება იყო დაგეგმილი.
“მხოლოდ პიროვნული შეურაცხყოფების კორიანტელი დააყენეს სრულიად კერძო ადამიანების მიმართ. იქ არავინ იყო საჯარო მოხელე, ვისაც შეიძლება თმენის ვალდებულება მოეთხოვოს. იქ იყვნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, როიალ აზიატიკის აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ჩვენ, გამომცემლები… და რას მიაღწიეს ამით?”
“სეზანის” ხელმძღვანელმა რადიო თავისუფლებას ასევე უთხრა, რომ საქართველოს ეროვნულმა სტენდმა და ღონისძიებებმა ბევრის ყურადღება მიიპყრო,“ამ ბაზრობის "შედეგები" კი კიდევ გზადაგზა გამოჩნდება და გახმაურდება”.
“ლონდონის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ულამაზესი სტენდი აქვს ამავე სტენდზე ჩემი სამი წიგნია: "ზუგდიდის დადიანების სასახლე", "მარინა ივანიშვილი - სხეული როგორც ხელოვნება" და "უორდროპები და საქართველო", - დაწერა ფეისბუკზე გიორგი კალანდიამ და მისი გამოსვლისა და წიგნების პრეზენტაციების ამსახველ ფოტოებიც გამოაქვეყნა.
წარმატებულს უწოდებს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი დასის დირექტორის, დავით მაზიაშვილის მონოგრაფიის „სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა - დასავლური ლიტერატურა მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიაში“ წარდგენას და წერს:
“აღტაცებული მსმენელითა და მაყურებლით სავსე დარბაზში ჩაიარა გამორჩეული ფორმით წარმოდგენილმა 45 წუთიანმა ღონისძიებამ - “Word as Music and Movement: Celebrating Western Literature with Georgian Contemporary Ballet”, რომელმაც გააერთიანა წიგნის ავტორის, პროფესორ დავით მაზიაშვილისა და მისი უახლესი ნაშრომის წარდგენა, გამომცემელსა და ავტორს შორის საუბარი და ქორეოგრაფიული წარმოდგენა”.
“რა წარმატებაა”, - დაწერა საკუთარ ფეისბუკზე სოფიო ქაცარავამაც.
ჩვენ მწერალთა სახლთანაც გვქონდა არაერთი კითხვა ლონდონის წიგნის ბაზრობის შესახებ. მაგალითად, სხვა კითხვებთან ერთად, რადიო თავისუფლებს აინტერესებდა:
• რას მიაჩნია მწერალთა სახლს ლონდონის წიგნის ბაზრობის წარმატებით ჩატარებად.
• რა შედეგებით დაბრუნდა მწერალთა სახლი წლევანდელი წიგნის ბაზრობიდან.
• თუ გადაწყდა რომელიმე თანამედროვე ქართველი მწერლის წიგნის თარგმნა.
• ვისი საავტორო უფლებები გაიყიდა და რა დაიგეგმა სამომავლოდ.
• მწერალთა სახლთან გვქონდა კითხვები ეროვნული სტენდისთვის დახარჯულ 226 425 ლარზე.
კითხვები გვქონდა კონკრეტულ პირებთან დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებითაც და გვაინტერესებდა მწერალთა სახლის პასუხი ლონდონის წიგნის ბაზრობის შესახებ მთავარ კრიტიკაზეც, რომ მასში არცერთი მოქმედი თანამედროვე მწერალი არ მონაწილეობდა.
მწერალთა სახლმა ჩვენ მიერ გაგზავნილ კითხვებს არ უპასუხა.
ლონდონის წიგნის ბაზრობა,რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ, წიგნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბაზრობაა, 1971 წლიდან, ყოველწლიურად იმართება. ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2015 წლიდან ყოველწლიურად მონაწილეობს და მას ყოველ წელს, მწერალთა სახლის პროგრამით 2-3 ცოცხალი ქართველი ავტორი სტუმრობდა ხოლმე. სხვადასხვა წლებში ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული პროგრამის მონაწილეები იყვნენ ქართველი ავტორები ზურაბ ქარუმიძე, აკა მორჩილაძე, დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, ივა ფეზუაშვილი.