Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შევარდნაძე, „რიჟა“ და მილიონიანი დავა - 90-იანი წლები თბილისის ცენტრში


ეს არის მრავალმილიონიანი დავის ამბავი, რომელიც საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, ძმის შვილიშვილს, მამუკა შევარდნაძეს, და ბოლო წლებში “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ ბიზნესმენს, გიორგი კაპანაძეს, მეტსახელად “რიჟას”, უკავშირდება. ეს უკანასკნელი დავასთან პირდაპირ კავშირს უარყოფს.

თბილისის ცენტრში მდებარე საკოლმეურნეო ბაზრის მფლობელები რადიო თავისუფლებას უამბობენ, როგორ აშინებს და ძალადობს მათზე ერთი კონკრეტული ჯგუფი, რომელიც “რიჟას” გავლენას და სახელს იყენებს.

ბიზნესმენები ამბობენ, რომ “რიჟასთან” დაკავშირებულმა ჯგუფმა დააშინა მოვაჭრეები, ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე ადამიანს, მერიის კუთვნილ ტერიტორიაზე თვითნებურად მოაწყვეს ფასიანი ავტოსადგომი. ფაქტები უსაფრთხოების კამერებზეა დაფიქსირებული, სამართალდამცავები ინფორმირებული არიან, მაგრამ მდგომარეობა არ იცვლება.

რეკეტის მსხვერპლი

73 წლის ლამარა (სახელი შეცვლილია) რამდენიმე წელი დეზერტირების ბაზრის წინ ვაჭრობდა. კონფიდენციალობის დაცვის პირობით, ლამარა დაწვრილებით გვიამბობს, რამდენიმე თვის წინ როგორ გააგდო იგი სამმა ახალგაზრდამ აქედან, რომ მისი ადგილი სხვა მოვაჭრისთვის გაეთავისუფლებინათ.

“73 წლის ქალი ვარ. ვედროებს დავათრევდი, მაგ ადგილას ვიდექი 7 წელი. მოვარდნენ მგლებივით, დამესივნენ, “ტავარი” გადამიყარეს, გადმომიყარეს, რა არ გააკეთეს და ქუჩაში დამტოვეს მარტო. შევედი შიგნით ღვინოებში, მარა იქ მყიდველი არ შემოვიდა და შვილებისთვის ლუკმა პური არ მიმიტანია 5 თვის განმავლობაში”.

გადმოწერა


რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რატომ გააძევეს, რა ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდათ, ლამარა გვპასუხობს: “მე იმდენ ფულს ვერ გადავუხდიდი, ისინი რომ უხდიან. ისინი [ვინც ჩემს ადგილას დააყენეს] ეხლა მაგათ უხდიან ფულს, მე ასე მგონია”.

რადიო თავისუფლება რამდენიმე თვე იკვლევდა იმ ჯგუფს, რომელმაც, ლამარას მონათხრობით, ის ბაზრის ტერიტორიიდან გააძევა და რომელსაც, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, კავშირი აქვს დიდ და მრავალწლიან დავასთან ერთ-ერთი საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიის გამო.

ჟურნალისტური გამოძიების პროცესში ცნობილი გახდა სხვა ფაქტებიც, კერძოდ, თუ როგორ მონაწილეობდა ყოფილი სპორტსმენებით დაკომპლექტებული ჯგუფი დეზერტირების ბაზრის მიმდებარე სავაჭრო სივრცეების დასაკუთრებისთვის ბრძოლაში.

გმირდა გაგოშიძეს ბაზრის წინ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე, რამდენიმე წელია, ფასიანი ავტოსადგომი და სავაჭრო ადგილები აქვს მოწყობილი. 2019 წლის ნოემბერში, დიდი ალბათობით, იმავე ჯგუფის წევრები ტერიტორიაზე გავლენის მოპოვების მიზნით მასაც დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გმირდა გაგოშიძემ რადიო თავისუფლებას უამბო, როგორ სთხოვდა სპორტსმენების ჯგუფი სავაჭრო მაგიდას და როგორ მივიდა საქმე სასამართლომდე.

საქალაქო სასამართლოდან წყარომ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ამ ჩხუბის საქმეს სასამართლო მართლაც იხილავს. ჯგუფის სამ წევრს - ლევან კობეშავიძეს, ლევან ჯაჭვლიანს და აკაკი ბართაიას - სამი მუხლით ( 126;151;187;) აქვს წაყენებული ბრალი. ეს არის ძალადობა, მუქარა და ნივთის დაზიანება, რაც მრავალწლიან სასჯელს ითვალისწინებს, თუმცა სამივეს 15-15- ათასლარიანი გირაო შეუფარდეს.

გმირდა გაგოშიძის ცემაში ბრალდებული პირები
გმირდა გაგოშიძის ცემაში ბრალდებული პირები

ლამარა გვეუბნება, რომ ბაზრის ტერიტორიიდან იმ ხალხმა გააძევა, ვინც გმირდას სცემა. ”გმირდას რომ სცემა მაღალმა ბიჭმა, ის იყო. ორი მაღალი ბიჭი იყო, ერთი უფრო მსუქანი. რომ მოვიდა, გამაფრთხილა, შენ ხვალიდან აქ აღარ იდგები, წახვალო. ვუთხარი, არაო. ვნახოთ, თუ არაო”.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეს ჯგუფი დეზერტირების ბაზართან პირველად 2019 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. ისინი იქ მამუკა შევარდნაძეს, საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, ძმის შვილიშვილს მიჰყვნენ.

ბაზრის წილის გაყოფის გამო მამუკა შევარდნაძეს მრავალწლიანი ბიზნესდავა აქვს პარტნიორებთან, მწითურიძეების ოჯახთან. მწითურიძეები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ ეს ჯგუფი შევარდნაძემ მათ დასაშინებლად მიიყვანა. მათივე თქმით, შევარდნაძე ყოფილი სპორტსმენების გამოყენებით და გავლენიანი მეგობრის, ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის - “რიჟას” - სახელით ემუქრებოდა.

სანამ ავხსნით, საიდან ჩნდება ბიზნესმენი გიორგი კაპანაძის სახელი დავაში, რომელიც სათავეს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იღებს და დღემდე 90-იანებს ჰგავს, იქამდე მოკლედ დავის არსის შესახებ.

ყველაფერი დაიწყო პრივატიზაციით

თბილისის ცენტრში, დეზერტირების ბაზრის გვერდით, დაახლოებით 2 000 კვ.მ. -ზე კერძო საკოლმეურნეო ბაზარია მოწყობილი, სადაც 100-ზე მეტი მოვაჭრე მუშაობს.

აგრარული ბაზარი "იბერია"
აგრარული ბაზარი "იბერია"

ამ ტერიტორიას 1995 წლიდან შპს „იბერია“ ფლობს. ფირმის 75 % მწითურიძეების ოჯახს ეკუთვნის, დარჩენილი 25 % კი - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, ძმის შვილიშვილს, მამუკა შევარდნაძეს.

შპს "იბერიას" მფლობელები
შპს "იბერიას" მფლობელები

სერგო მწითურიძე ჰყვება, რომ ტერიტორიის პრივატიზაციის დროს, 1995 წელს, თბილისის ვიცე-მერმა, მელორ ტყეშელაშვილმა, პირადად მოითხოვა 25 %-ის საკუთარ სიძეზე, პრეზიდენტ შევარდნაძის ძმის შვილიშვილზე, 23 წლის მამუკა შევარდნაძეზე გაფორმება.


დოკუმენტების მიხედვით, მამუკა შევარდნაძეს 25 % წილისთვის არც თანხა გადაუხდია და არც ინვესტიცია დაუბანდებია. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მას საპრივატიზაციო დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერაც კი არ ეკუთვნის. ხელი შევარდნაძის ნაცვლად დოკუმენტებზე სხვას აქვს მოწერილი.

ექსპერტიზის დასკვნა მამუკა შევარდნაძის ხელმოწერის შესახებ
ექსპერტიზის დასკვნა მამუკა შევარდნაძის ხელმოწერის შესახებ

ყოფილი ვიცე-მერი, მელორ ტყეშელაშვილი, უარყოფს მწითურიძეების იძულებას მისი სიძისთვის წილი გადაეცათ.

დავა სასამართლოში - ახალი გავლენიანი მფარველი?

2014 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, მამუკა შევარდნაძემ „იბერიას“, 75 %-ის მფლობელებს, თავისი 25 %-ის სანაცვლოდ 2 მილიონ 94 ათასი დოლარი მოსთხოვა, სარჩელი სასამართლოში შეიტანა და დავა ორ ინსტანციაში მოიგო.

სერგო მწითურიძე ამბობს, რომ მამუკა შევარდნაძეს სასამართლოებში წარმატების მიღწევაში გავლენიანი მეგობარი, გიორგი კაპანაძე, დაეხმარა.

ვინ არის გიორგი კაპანაძე, იგივე “რიჟა”

ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში გიგი უგულავას დაპატიმრებისას მოექცა. ის ოცნების “ოქროს მოწმე ” იყო თბილისის ყოფილი მერის საქმეში. 2014 წლის ივლისში უგულავა და მისი ქვისლი სწორედ კაპანაძის ჩვენებებისა და მისი დახმარებით მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერების შედეგად აღმოჩნდნენ ციხეში.

"რიჟა", „ქართული ოცნებისგან“ სამართლიანობააღდგენილი გავლენიანი ბიზნესმენი” - ასე მოიხსენია პარლამენტარმა ლევან გოგიჩაიშვილმა გიორგი კაპანაძე, როცა კითხვას უსვამდა 26 ივნისს პარლამენტში მისულ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.


გიორგი კაპანაძე წარმატებულ და სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენად იყო ცნობილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, თუმცა 2014 წელს ტელეიმედისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობასთან თანამშრომლობა იძულებასა და დაშინებაზე იყო დამყარებული.


გიორგი კაპანაძის სახელი წლების განმავლობაში საქართველოს უმსხვილეს საწარმოსთან, ზესტაფონის „ფეროსთან“, და სილიკომანგანუმის წარმოებასა და რეალიზაციასთან იყო დაკავშირებული. ამ ბიზნესს ის თავის მრავალწლიან ბიზნესპარტნიორ ილია კოკაიასთან ერთად მართავდა.

გიორგი კაპანაძე რომ “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენია, ამას არაერთი წყარო და ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს. მან და წლების განმავლობაში მისმა უცვლელმა ბიზნესპარტნიორმა და მეგობარმა ილია კოკაიამ სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებში მნიშვნელოვანი, ზოგჯერ - გადამწყვეტი, ჩვენებები მისცეს გამოძიებას.

ორივე ბიზნესმენს ღია მხარდაჭერა აქვს გაცხადებული “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ.

რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარო ეუბნება, რომ გიორგი კაპანაძე “გავლენიანი ბიზნესმენი” გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემის შემდეგ გახდა. საილუსტრაციოდ სხვადასხვა ფაქტს იხსენებენ. მათ შორისაა გელა გურულის საქმე.

გელა გურულის საქმე

გიორგი კაპანაძეს და ილია კოკაიას ბიზნესმენმა გელა გურულმა საქალაქო სასამართლოში, დაახლოებით, 3,5 მილიონი დოლარი მოუგო. სასამართლომ 2014 წლის 23 ივლისს დაადგინა, რომ კაპანაძემ და კოკაიამ გურულს 2005 წელს ზესტაფონში წიდის ბიზნესის 50 %-იანი წილი უკანონოდ 1000 ლარად დაათმობინეს. კაპანაძემ და კოკაიამ მაშინ საჯაროდ თქვეს, რომ კომპანიის წილი რეალურად მათ ეკუთვნოდა და გელა გურულზე ფორმალურად ჰქონდათ გაფორმებული.


უგულავას საქმეში “ოქროს მოწმედ” მონაწილეობის შემდეგ გელა გურულთან დავა გიორგი კაპანაძისა და ილია კოკაიას სასარგებლოდ შემოტრიალდა. გურული მაშინ მედიასთან ღიად ამბობდა, რომ ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა “რიჟას” და ილია კოკაიას წინააღმდეგ წამოწყებული დავის შეწყვეტა მოსთხოვეს და დასჯით დაემუქრნენ.

გურულმა დავა არ შეწყვიტა და ჯერ საქალაქო სასამართლოში მოგებული 3,5 მილიონი წააგო ზემდგომ ინსტანციაში, შემდეგ კი პატიმრობაში აღმოჩნდა. პროკურატურამ გურული გიორგი კაპანაძისა და ილია კოკაიას ცრუ დასმენასა და თაღლითობაში დაადანაშაულა. საბოლოოდ, საქმე საპროცესო გარიგებით დასრულდა და გურული ბეწვზე გადაურჩა მრავალწლიან პატიმრობას. დღეს ის მედიასთან აღარ ლაპარაკობს.

რუსთავი 2-ს საქმე

სხვადასხვა წყარო ასევე ირწმუნება, რომ “რიჟას” სახელი 2015-19 წლებში ოპოზიციურ „რუსთავი 2“-სა და ხელისუფლების დაპირისპირების პროცესშიც იკვეთებოდა.

ნაამბობის მიხედვით, გიორგი კაპანაძე იდგა „რუსთავი 2“-ის 9 %-ის მფლობელ ნინო ნიჟარაძის უკან, რომელმაც მაშინ სასამართლოს და პროკურატურას ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივრებით მიმართა. დავაში ნიჟარაძეს იურისტი გიორგი ყავლაშვილი წარმოადგენდა, რომელიც წლებია გიორგი კაპანაძისა და ილია კოკაიას ინტერესებს იცავს.

„რუსთავი 2“-ის 9 %-იანი წილის მართვაში მონაწილე კომპანიის მფლობელი კი “რიჟას” ბიზნესპარტნიორი ნიკოლოზ ჩიქოვანი იყო. დღეს ჩიქოვანი “ჯორჯიან მანგანეზში” სახელმწიფოს მიერ დანიშნული მმართველია. „ჯორჯიან მანგანეზი“ ფლობს ზესტაფონის „ფეროსა“ და ჭაითურის სამთოგამამდიდრებელ კომბინატს. ამ კომპანიაში "რიჟას" ბიზნეს ინტერესებია.

გიორგი კაპანაძეს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს მამუკა შევარდნაძესთან. ამ მეგობრობით ხსნიან „იბერიის“ მეწილეები მათ დავაში “რიჟას” ჩართვას.

მაოების ბაზარი: როგორ მოიგო მამუკა შევარდნაძემ მილიონიანი დავა სასამართლოში და რა მოხდა შემდეგ

“მამუკა შევარდნაძის სიმამრმა, მელორ ტყეშელაშვილმა, მითხრა ... ეს არის პიროვნება [„რიჟა“] რომელსაც ყველგან ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ზეგავლენა აქვს პროკურატურაზე, სასამართლოზე, პოლიციაზე და ეს კიდევაც დამტკიცდა. სახელმწიფო ინსტიტუტების დასკვნები არ მიიღო სასამართლომ და დამაკისრეს 2,1 მილიონი. მოსამართლე, რომელმაც ეს დავა გადამიწყვიტა, დააჯილდოეს”, - ეუბნება „იბერიის“ დირექტორი სერგო მწითურიძე რადიო თავისუფლებას.

2014 წელს მამუკა შევარდნაძემ მწითურიძეს სასამართლოში 2,1 მლნ დოლარი მოსთხოვა. პირველმა ინსტანციამ შევარდნაძის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მოსამართლეს პროცესზე სადავო ქონების შეფასების სამი ექსპერტიზის - ერთი სამხარაულის ბიუროს და ორიც დამოუკიდებელი, კერძო აუდიტების - დასკვნები წარუდგინეს. ამ სამიდან მოსამართლე იმ დასკვნას დაეყრდნო, რომელშიც კერძო აუდიტი სადავო ქონებას სხვა ექსპერტიზებთან შედარებით 5-ჯერ ძვირად აფასებდა.

დასკვნის საფუძველზე მოსამართლემ მწითურიძეებს შევარდნაძის სასარგებლოდ 2 094 995 დოლარის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ბონდარენკომაც.


საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა მიიღო. მოგვიანებით ის დააწინაურეს და დღეს თამარ ჭუნიაშვილი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. მისი დაწინაურების დოკუმენტს ხელს იუსტიციის საბჭოს ის წევრები აწერენ, რომლებიც არაერთი ორგანიზაციის მიერ სასამართლო კლანის წევრებად და ხელისუფლების მხარდამჭერებად არიან მოხსენიებულნი. მათ შორისაა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ბონდარენკოც, რომელმაც ფორსირებულად განიხილა „იბერიის“ წინააღმდეგ თამარ ჭუნიაშვილის გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა.

„იბერიის“ დამფუძნებლებმა 2018 წელს უზენაეს სასამართლოს მიმართეს.
“მაშინ უმაღლეს სასამართლოს ვერ აკონტროლებდა ეს სამეული - მურუსიძე, ჩინჩალაძე, მიქაუტაძე. ღვთისნიერი კაცი შეგვხვდა, მოსამართლე ძლიერიშვილი”, - იხსენებს სერგო მწითურიძე.


უზენაეს სასამართლოში მამუკა შევარდნაძე მორიგებაზე დათანხმდა: მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „იბერიის“ ქონება, ანუ ბაზრის შენობა, რომელიც 13 რეგისტრირებული ფართისგან შედგებოდა, გაიყოფოდა - 25 %-ს მამუკა შევარდნაძის ახლად შექმნილი კომპანია “იბერია 2” მიიღებდა, ფართის 75 % კი „იბერიას“ დარჩებოდა. უზენაესმა სასამართლომ მორიგება განჩინებით დაამტკიცა და მრავალწლიან დავას წერტილი დაუსვა.

შემდეგი ეტაპი საჯარო რეესტრში ფართების სამართლიანად განაწილება უნდა ყოფილიყო, თუმცა მწითურიძეები ამბობენ, რომ მამუკა შევარდნაძემ მოულოდნელად ისევ ფული - ამჯერად მილიონ-ნახევარი დოლარი - მოითხოვა.

“შენ მომეცი სამჯერ მილიონ-ნახევარი და მე წავალ-მეთქი”, - იხსენებს მამუკა შევარდნაძესთან საუბარს სერგო მწითურიძე და განაგრძობს: ”ბაზრის მთლიანად წართმევა უნდათ, 1995-ში ხომ 25 % წამართვეს?!”.

ბაზრის წილის მფლობელი
ბაზრის წილის მფლობელი

შეჭრა

წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. 2019 წლის ოქტომბერში მამუკა შევარდნაძე რამდენიმე პირთან ერთად მივიდა ბაზარში .

“მოვიდა შევარდნაძე. ახლდა 15-20 სპორტული აღნაგობის ადამიანი, - დღეიდან თანხები ჩვენ უნდა ავკრიფოთ თქვენს შპს-შიო. მე ავუხსენი, რომ ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული. პიროვნებები სპორტული აღნაგობის, რომლებიც აშკარა აგრესიით გამოირჩეოდნენ, მეუბნებოდნენ, ჩვენ ვართ შევარდნაძის კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის წევრებიო და იძახდნენ, ეს ბაზარი არის ჩვენი და ამის შემდეგ აქ იქნება ყველაფერი ისე, როგორც გვინდა ჩვენო. დაიწყეს დაშინება, ვაჭრებში სიარული: ჩვენ ვიზამთ ამას, ჩვენ ვიზამთ იმას. ამბობდნენ, რომ ამიერიდან მათ უნდა აკრიფონ თანხა”, - უყვება რადიო თავისუფლებას ბაზრის მენეჯერი ჯემალ ბასილაშვილი.

ბაზრის მენეჯერი
ბაზრის მენეჯერი

ჯემალ ბასილაშვილის მონაყოლს ადასტურებს უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები.

მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების 25 % მამუკა შევარდნაძის კომპანიას ეკუთვნის, საჯარო რეესტრით ფართების ზუსტად გაყოფა, გამიჯვნა არ მომხდარა. გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შევარდნაძის კომპანია „იბერია 2“-ს უძრავი ქონების, ანუ პრივატიზებული ფართის, 25 % მიეკუთვნა და არა ბიზნესის. ბაზრის ადმინისტრირებას დღემდე მწითურიძეების ოჯახის კომპანია ახდენს.

ბაზრის უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებში აღბეჭდილია, როგორ ააშენა ადმინისტრაციის შენობის ერთ-ერთ დერეფანში შევარდნაძესთან ერთად მისულმა ჯგუფმა ახალი ოთახი ერთ დღეში.

“მოიყვანეს, ზონდერებს რომ ეძახიან, - ბოქსიორები, მოჭიდავეები, კუნთიანები, - 10-15 კაცი. ძალით ჩაგვიდგეს ოთახი, კაბინეტი მინდაო. აქაურობა ჩვენია უკვეო”, - იხსენებს შპს “იბერიის” დირექტორი სერგო მწითურიძე.

კადრებში ჩანს, როგორ ცდილობდნენ მწითურიძე და “იბერიის” თანამშრომლები წინააღმდეგობის გაწევას.

გამოიძახეს დაცვის პოლიცია, საპატრულო პოლიცია და განუმარტეს, რომ ფართები ჯერ გამიჯნული არ იყო და, შესაბამისად, მიაჩნდათ, რომ კაბინეტის ჩაშენება უკანონოდ ხდებოდა. უსაფრთხოების კამერებზე აღბეჭდილ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ადგილზე მივიდა, თუმცა ტერიტორია რეაგირების გარეშე დატოვა.

ამის შემდეგ, როგორც მწითურიძე ჰყვება, შევარდნაძის თანმხლებმა პირებმა მოვაჭრეების გადაბირება დაიწყეს.

“მოვაჭრეებთან ჩავიდნენ და უთხრეს, ფული ჩვენ უნდა მოგვცეთო, ამათ დაანებეთ თავიო, ჩვენ ვართ აქაურობის ბატონ-პატრონიო”.

უსაფრთხოების კამერების კადრებში ასახულია, როგორ ესაუბრება თითოეულ მოვაჭრეს 7-8-კაციანი ჯგუფი. უხმო გამოსახულებაშიც კი ზოგჯერ ადვილად მისახვედრია, რომ მათ მოვაჭრეებთან დაძაბული საუბარი აქვთ.

კადრები ამოღებულია ბაზრის უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებიდან
კადრები ამოღებულია ბაზრის უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებიდან

“მოვაჭრეები აჰყავდათ კაბინეტში, აშინებდნენ, ეჩხუბებოდნენ, აგინებდნენ. იმდენად დაშინებულები არიან, რომ ვეუბნები, განაცხადე პოლიციაში... ეშინიათ, ეშინიათ ადგილის დაკარგვის, რაკი ეუბნებიან, ჩვენ ვართ აქ უფროსებიო”, - ამბობს ბაზრის მენეჯერი ჯემალ ბასილაშვილი.

ამასვე ამბობს მოვაჭრეთა ნაწილი ადვოკატებთან გამოკითხვის ოქმებში.

მოვაჭრე #1

[ისე] როგორც 90-იან წლებში ხდებოდა, მეც და სხვა მოვაჭრეებს მოგვთხოვეს მათთვის თანხის გადახდა.

“’იბერიის’ ტერიტორიაზე გამოჩნდნენ ახალგაზრდა მამაკაცები, - დაახლოებით, 10-15 ადამიანი, - რომლებმაც ჩამოიარეს „იბერიის“ კუთვნილი ფართი. [ისე] როგორც 90-იან წლებში ხდებოდა, მეც და სხვა მოვაჭრეებს მოგვთხოვეს მათთვის თანხის გადახდა. გვითხრეს, რომ იყვნენ დირექტორები და დღეიდან მათთვის უნდა მიგვეცა ის თანხა, რასაც ვუხდიდით „იბერიას“. ისინი ითხოვდნენ ჩვენს, მოვაჭრეთა სახელებს და გვარებს, პირად მონაცემებს, მისამართებს. ამ ინფორმაციის გაცემაზე მე უარი ვუთხარი. მითხრეს, რომ დიდხანს არ ვიმუშავებდი ამ ადგილზე...ზოგი მათგანი აგრესიულიც კი არის.
ჯგუფი შედგება სპორტული აღნაგობის ახალგაზრდებისგან. მე მესაუბრა შავგვრემანი, სპორტული აღნაგობის მამაკაცი... ამ ადამიანების ასეთმა ქცევამ ჩვენში დანერგა შიში, ვინაიდან ზოგმა მოვაჭრემ უთხრა მათ სახლის მისამართიც კი“.

მოვაჭრე #2

„აღნიშნულმა პირებმა მოითხოვეს, რომ თანხა დღეის შემდეგ უნდა გადამეხადა მათთვის. აღნიშნულ პირთა რაოდენობა შეადგენდა 10-15 [ადამიანს]. ისინი დადიოდნენ მთელი ბაზრის პერიმეტრზე თანხის გადახდის მოთხოვნით. აღნიშნული პირების ვინაობა ჩემთვის უცნობია. ისინი არიან სპორტული აღნაგობის და მათი ამოცნობა შემიძლია. ამ პირთა მოქმედება მეტწილად აგრესიულია და შეიცავს დაუსაბუთებელ მოთხოვნებს“.

"იბერიის" ბაზრის ერთ-ერთი მოვაჭრის გამოკითხვის ოქმი
"იბერიის" ბაზრის ერთ-ერთი მოვაჭრის გამოკითხვის ოქმი

მოვაჭრე #3

„განაცხადეს, რომ დღეიდან ისინი არიან დირექტორები და ითხოვენ ჩვენგან გადასახადის გადახდას. ასევე ითხოვენ პირად მონაცემებს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს. ყოველდღე მოდიან „იბერიის“ ტერიტორიაზე. მათი მხრიდან ხორციელდება „იბერიის“ ტერიტორიაზე მომუშავე სხვა მოქალაქეთა დაშინება, თხოულობენ ფულად თანხებს“.

“დარბიან აქეთ-იქით და ხალხს აწიოკებენ, აშინებენ, აშანტაჟებენ. ჩვენი ავტორიტეტი ნულზეა დაცემული მოვაჭრეებთან, ვერაფერს ვაკეთებთ, მუშტი- კრივს ხომ არ დავიწყებთ. საპატრულო პოლიცია გამოვიძახეთ, აბსოლუტურად არაფერი არ გააკეთა. პირიქით, შეაშინეს ისინი. საპატრულო რომ მოვიდოდა, იწყებდნენ კარგად, შემდეგ ვიღაცა დარეკავდა და ჩერდებოდნენ. რაიონის პოლიციაში ვიჩივლეთ, არაფერი. ასეთ დღეში ვართ. ნახევარი ხალხი გაქცეულია, მაგათი შემხედვარე. ჩვენი ბიზნესი კვდება ნელ-ნელა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სერგო მწითურიძე

ვინ აშინებს იბერიის დამფუძნებლებს

შპს „იბერიის“ წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ შევარდნაძის თანმხლები პირებიდან ერთ-ერთი მათ კომპანია „იბერია 2“-ის დირექტორად გაეცნო. ვიდეოკადრების მიხედვით, ეს პიროვნება კახაბერ დაუშვილია, ყოფილი ფეხბურთელი.

დაუშვილი მამუკა შევარდნაძემ „იბერია 2“-ის დირექტორად 2019 წლის აგვისტოში დანიშნა. კახაბერ დაუშვილი, რადიო თავისუფლების მიერ მოძიებული ინფორმაციით, გიორგი კაპანაძესა („რიჟა”) და კაპანაძის ბიზნესპარტნიორ ილია კოკაიასთან დაკავშირებული პირია.

კახაბერ დაუშვილი და გიორგი კაპანაძე სასამართლოში უგულავას პროცესის დღეს
კახაბერ დაუშვილი და გიორგი კაპანაძე სასამართლოში უგულავას პროცესის დღეს

დაუშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ილია კოკაიას შტაბის წევრი იყო და წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობდა. ილია კოკაია ზესტაფონში იყრიდა კენჭს. მეორე ტურში “ქართულ ოცნებას” დაუჭირა მხარი და თავის ამომრჩეველს „ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. “მე ვარ „ოცნების“ მეგობარი”, - ასე მიმართა წინასაარჩევნოდ ბიზნესმენმა ილია კოკაიამ საკუთარ მხარდამჭერებს.

კახაბერ დაუშვილთან შეხმიანება ვერ მოვახერხეთ, მასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე არც მამუკა შევარდნაძემ გვიპასუხა.

რადიო თავისუფლებამ შევარდნაძის თანხმლები პირებიდან კიდევ რამდენიმეს ვინაობის დადგენა შეძლო. პირი, რომელიც ვიდეოკადრებში აგრესიით გამოირჩევა, ლევან ჯაჭვლიანია, კიდევ ერთი ლევან კობეშავიძეა, კადრებში ჩანს ასევე აკაკი ბართაია.

რამდენიმე წლის წინ აკაკი ბართაია მედიის ყურადღების ცენტრში ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მოხვდა. ის ბუტა რობაქიძის მკვლელობის ღამის დეტალებს უყვებოდა ჟურნალისტებს. ბართაია ბუტა რობაქიძესთან ერთად იმყოფებოდა მანქანაში იმ ღამეს, როცა პატრულის თანამშრომელმა რობაქიძე მოკლა.

ახლახან, 2020 წლის ივნისში, აკაკი ბართაია 7 სხვა პირთან ერთად პოლიციამ ბათუმში დააკავა კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის, მხარდამჭერთა აქციაზე.

8 დაკავებულიდან 7-ს სასამართლომ 1000-1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, აკაკი ბართაიას კი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. იმ დროს ბართაიას მძიმე დანაშაულისთვის (გმირდა გაგოშიძესთან დაპირისპირების საქმეზე) გირაო ჰქონდა შეფარდებული და მის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა.

ბაზრის ტერიტორიაზე დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერების კადრებში აღწერილია ამ პირების შეხლა-შემოხლა როგორც მოვაჭრეებთან, ასევე ბაზრის ადმინისტრაციასთან. უსაფრთხოების კამერა ხმას არ იწერს, თუმცა არსებობს სხვა ფარული ვიდეოჩანაწერიც.

„იბერიის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ ჩანაწერში მას შევარდნაძის ჯგუფის აქტიური წევრი, ლევან ჯაჭვლიანი, ემუქრება: “ჩვენც ეგ გვინდა, ძმაო, რასაც გადაწყვიტავთ, ჩვენ ეგრევე გავდივართ აქედან, … რობოტები კი არ ვართ, ჩვენ ეგ გვინდა, დალაგდეთ. თუ არ დალაგდებით და „ვინუჟდენი“ ვალდებულებებია, რომ ან ავურ-დავურიოთ, ან გავაკეთოთ, რა…” - ისმის ხმა ვიდეოჩანაწერში.

ბაზრის მენეჯერის და შევარდნაძის ჯგუფის წევრის საუბარი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:16 0:00

ძალადობის სხვა ფაქტები

უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებით და რადიო თავისუფლების შეგროვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ჯგუფი, რომელსაც მამუკა შევარდნაძესა და გიორგი კაპანაძესთან აქვს კავშირი, ბაზრის მიმდებარედაც ძალადობს.

2019 წლის 12 ნოემბრის ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ლევან კობეშავიძეს, ბაზრის ეზოში შემოსვლისას კონფლიქტი მოუვიდა ეზოში შემომსვლელ სხვა ავტომანქანის მძღოლთან, რომელიც ჯგუფის წევრებმა მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

კიდევ ერთ, 15 ნოემბრის, ვიდეოჩანაწერში აღწერილია სიტუაცია, როცა მამუკა შევარდნაძე და მასთან ერთად მყოფი პირები ღამით ბაზრის შესასვლელთან თბილისის მერიის კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილ ბოძებს ამტვრევენ. მოგვიანებით ამ ადგილას ფასიანი ავტოსადგომი გააკეთეს, სადაც ავტომანქანის გაჩერება 2-დან 4 ლარამდე ღირს.

შევარდნაძის ჯგუფის წევრები დეზერტირების ბაზართან. 2019 წლის ნოემბერი.
შევარდნაძის ჯგუფის წევრები დეზერტირების ბაზართან. 2019 წლის ნოემბერი.

თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და მერიის მონაცემებით, ეს ავტოსადგომი უნებართვოდ, თვითნებურადაა მოწყობილი. რადიო თავისუფლებას აქვს უსაფრთხოების კამერების რამდენიმე დღის ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ავტოსადგომის მორიგესთან სწორედ შევარდნაძის ჯგუფის წევრებს აქვთ კავშირი.

რადიო თავისუფლება ესაუბრა ამ სადგომის ყოფილ მორიგეს, რომელმაც გვითხრა, რომ ერთ დილით მის ადგილას სხვა მორიგე დახვდა და ტერიტორიის დატოვება მოუხდა.

“გაგვიხსნეს ფასიანი სადგომი მუნიციპალიტეტის კუთვნილ გზაზე...გადაკეტილი აქვთ, ფაქტობრივად, ბაზრის შესასვლელი. ვიდეოშიც არის მოაჯირების მონგრევა ღამით, ძალის დემონსტრირებას ახდენენ, რომ ისინი არიან ბატონ-პატრონები. ბაზრის წინ მოვაჭრეებისგან უკანონოდ შემოსავლებს იღებენ. ეს გადაიქცა არაკანონიერ ბიზნესად. ართმევენ ადამიანებს ფულს”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ბაზრის მენეჯერი ჯემალ ბასილაშვილი.

შევარდნაძის ჯგუფის კონფლიქტი და ფიზიკური ანგარიშსწორება მეზობლად მდებარე ფართის მოიჯარე გმირდა გაგოშიძესთან, როგორც უკვე აღვწერეთ, სასამართლოში განიხილება.

გმირდა გაგოშიძის მონათხრობით, შევარდნაძესთან დაკავშირებულ პირებს სურდათ გაგოშიძის ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეს თანხა მათთვის გადაეხადა. მან წინააღმდეგობა გაუწია და საქმე ფიზიკურ ძალადობამდე მივიდა.

ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლოში რამდენიმე ადვოკატი იცავს, მათ შორის გიორგი ყავლაშვილი, რომელიც, უკვე წლებია, გიორგი კაპანაძისა და ილია კოკაიას ინტერესების დამცველია.


მეორე ადვოკატმა, ალექსი კობაიძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გმირდა გაგოშიძის ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მალე შეწყდება.

“გმირდას თემა ამოიწურა, საქმე წყდება, კონფლიქტი აღარ არსებობს. მანდ არანაირი სამართლებრივი გამოსავალი არაა, გარდა იმისა, რომ საქმე დაიხურება. ან პროკურატურაში მოხდება ეს, ან სასამართლოში. დაზარალებულმა განაცხადა, რომ არანაირი ზიანი არ მისდგომია. ამიტომაც შეწყდება საქმე”.

ადვოკატმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირებიდან აკაკი ბართაიასთან დაგვაკავშირა. იგი უარყოფს როგორც მამუკა შევარდნაძესთან ნაცნობობას, ასევე ბაზარში ყოფნასა და ინციდენტებში მონაწილეობას. “მე არ ვყოფილვარ მოვაჭრეებთან საუბარში, არ ვადასტურებ. მამუკა შევარდნაძეს მე არ ვიცნობ”, - გვითხრა ბართაიამ და უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვებით ისევ ადვოკატთან გადაგვამისამართა. ადვოკატმა გვითხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს „იბერიის“ მეწილეებზე ძალადობა არ მოუხდენიათ.

რადიო თავისუფლების ხელთ არსებულ უსაფრთხოების კამერებში ჩანს, რომ აკაკი ბართაია მამუკა შევარდნაძესთან ერთად იყო „იბერიის“ კუთვნილ ბაზარში, როცა მოვაჭრეებთან ჯგუფურ შეხვედრებს აწარმოებდნენ.

მამუკა შევარდნაძე და აკაკი ბართაია "იბერიის" ბაზარში
მამუკა შევარდნაძე და აკაკი ბართაია "იბერიის" ბაზარში

იძულებითი აუქციონის მოთხოვნა

2020 წლის აპრილში მამუკა შევარდნაძემ კერძო აღმასრულებელს მიმართა და „იბერიის“ კუთვნილი ბაზრის აუქციონზე გაყიდვა მოითხოვა. აღმასრულებელმა „იბერიის“ მფლობელებს წერილობით აცნობა, რომ მათი ქონება აუქციონზე გაიყიდება, საიდანაც შემოსული თანხის 25 %-ს მამუკა შევარდნაძე მიიღებს.

იურისტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როინ მიგრიაული, რომელმაც რადიო თავისუფლების თხოვნით ამ დავის მასალები შეისწავლა, ამბობს, რომ აღმასრულებლის მოქმედება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და ფართები უნდა გაიყოს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ამ ქონების გაყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ დადგინდება, რომ მისი სამართლიანად გაყოფა შეუძლებელია.

ასევე, არსებობს სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ორი დასკვნა, რომლებშიც წერია, რომ ქონების გაყოფა შესაძლებელია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება მწითურიძეებმა სასამართლოში გაასაჩივრეს. პარალელურად მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

რა ვითარებაა ბაზარში ამ მომენტისთვის

შევარდნაძის ჯგუფის წევრები პერიოდულად კვლავ დადიან ბაზარში. მათი აქტიურობა პანდემიამ შეამცირა, თუმცა 2020 წლის მაისში კიდევ ერთი დაპირისპირება ჰქონდათ ბაზრის ადმინისტრაციასთან. „იბერიის“ თანამშრომლებმა წერილობით მიმართეს პოლიციას. რა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა ამ განცხადებებს? შინაგან საქმეთა სამინისტრო გვეუბნება, რომ ეს ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და ვერ მოგვაწვდიან.

“დაუცველობის სინდრომია, რა. პატრულის გამოძახებიდან დაწყებული პოლიციაში მიმართვით დამთავრებული არავინ არაფერს აკეთებს. თვითონ ეს ადამიანები პირად საუბარში გვეუბნებიან, ყველაფერი გვაქვს დალაგებული და ჩვენს ზურგს უკან დგანან ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენს თავს არავის დააჩაგვრინებენო. მახსენდება 90-იანი წლები, როდესაც ასე თარეშობდნენ”, ამბობს რადიო თავისუფლებასთან ბაზრის მენეჯერი ჯემალ ბასილაშვილი.

“ვართ სასამართლოს გზაზე გამოკიდებული. მე ხომ ვიცი, წავაგებ იქაც, ამათი გადამკიდე. ხომ ვიცი, იქ რაც ხდება. არაკანონიერად გადაწყდება, ხომ ვიცი, არა?! ახლა ამათ რომ ჰკითხო, ჩვენთან ბიზნესი დაცულიაო. მოვიდნენ, აგერ გადაღებული გვაქვს ყველაფერი, ვაჩვენებთ. მოიყვანონ იურისტი, გადახედონ და, თუ ეკუთვნის რაიმე ამ შევარდნაძეს, მთლიანად მივცემ”, ამბობს „იბერიის“ დირექტორი სერგო მწითურიძე.

გამოძიების პროცესში რადიო თავისუფლება რამდენჯერმე ეცადა მამუკა შევარდნაძესა და გიორგი კაპანაძესთან დაკავშირებას კონკრეტულ ბრალდებებზე პასუხების მოსაპოვებლად და ვითარების მათი აღწერის მოსასმენად. შეხვედრასა და ინტერვიუზე უარი მივიღეთ. გვთხოვეს კითხვების წერილობით გაგზავნა. დაწერილ კითხვებს ვრცელი წერილობითი პასუხი გასცა მამუკა შევარდნაძემ თავისი ადვოკატის მეშვეობით. საპასუხო წერილში კონკრეტული კითხვების უმეტესობა უპასუხოდ არის დარჩენილი.

“2018 წლის სასამართლო მორიგებით მხარეებმა შემოსავლის თვალსაზრისით გაყვეს დეზერტირების ბაზარი, რაც გულისხმობდა ორივე მხარის - მწითურიძეების ოჯახისა და მამუკა შევარდნაძის კომპანიის მიერ ბაზრის უშუალო, ერთობლივ, თუმცა განცალკევებულად მართვასა და შემოსავლების განაწილებას წილობრივი პროპორციით. შემდგომი დავაც სწორედ მორიგებით დამტკიცებული ამ პირობის ამოქმედებას მოჰყვა. მწითურიძეების ოჯახი ყოველმხრივ და ყველა საშუალებით მიზანმიმართულად ეწინააღმდეგებოდა მორიგებით მის მიერვე შეთანხმებული პირობის შესრულებას, რასაც მოწმობს მათი არაერთი შეტყობინება და პოლიციის გამოძახება, რომლითაც პირდაპირ ისახავდნენ მიზნად ხელი შეეშალათ მამუკა შევარდნაძის კომპანიისათვის, თავისთავად მისი თანამშრომლებისათვის საკუთრებით სარგებლობასთან დაკავშირებული კანონიერი ქმედებებისათვის.

პროვოკაციული ქმედებების ფონზე, ჩვენი მხარე ცდილობდა მოლაპარაკების ფორმატში დაბრუნებას, თუნდაც ალტერნატიულ, სხვა პირობაზე შეთანხმებით, რისთვისაც დღესაც მზადაა”, წერს შევარდნაძის ადვოკატი.

იხილეთ თავისუფლების კითხვები და მამუკა შევარნაძის საპასუხო წერილი სრულად:

XS
SM
MD
LG