Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაკეტილი პარლამენტი - უჩივლებენ ჟურნალისტები პარლამენტის თავმჯდომარეს დისკრიმინაციისთვის?


პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ონლაინმედიის, რადიოსა და პრესის ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოში არც 28 ივნისს, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების გასაშუქებლად შეუშვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ონლაინმედიის, რადიოსა და პრესის ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოში არც 28 ივნისს, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების გასაშუქებლად შეუშვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ონლაინმედიის, გაზეთისა და რადიოს ჟურნალისტებს უსაფრთხოების დაცვის მოტივით პარლამენტში შესვლის უფლება რამდენჯერმე ჩამოართვა. მათ შორის „აგენტების კანონის“ მიღებისას. შეუძლიათ ამ ჟურნალისტებს უჩივლონ პარლამენტის თავმჯდომარეს დისკრიმინაციის ბრალდებით?

ჟურნალისტი ნათია ინაური 2004 წლიდან „ინტერპრესნიუსის“ საპარლამენტო კორესპონდენტია. ის ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ახალი ამბების სააგენტოს აუდიტორიას უყვება ყველა იმ მნიშვნელოვან ამბავს, რაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ხდება.

ამ 20 წლის განმავლობაში მას პირველად და რამდენჯერმე პარლამენტში შესვლა შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში აუკრძალეს, რომელიც ამ თანამდებობაზე 2021 წლის 29 დეკემბერს აირჩიეს.

ნათია ინაური ოფიციალურად აკრედიტებული კორესპონდენტია, აკრედიტაცია მან შალვა პაპუაშვილისვე თანხმობით მიიღო.

ნათია ინაური, „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი
ნათია ინაური, „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი

„რატომ "იცავს" პარლამენტის თავმჯდომარე აკრედიტებული მედიისგან საკანონდებლო ორგანოს და თუ საფრთხეს ვქმნი, მაშინ რატომ მაქვს აკრედიტაცია?“, - ამ კითხვას სვამს ნათია ინაური ყოველ ჯერზე, როდესაც მას პარლამენტში შესვლის უფლებას ართმევენ.

პარლამენტიდან არგუმენტირებული პასუხი მას არასდროს მიუღია, მათ შორის არც 2024 წლის 28 ივნისს. ამ დღეს საქართველოს პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებას მოუსმინეს. ამ პოლიტიკურ მოვლენას ონლაინმედიის, პრესისა და გაზეთის ჟურნალისტები თვალს ოფისებიდან ადევნებდნენ. მათ პარლამენტში შესვლა უსაფრთხოების მოტივით აუკრძალეს.

„არაადეკვატური და დამაზიანებელია ეს გადაწყვეტილება, დისკრიმინაციულია. ეს არ არის გზა, რომელიც მიდის განვითარებისკენ, დემოკრატიისკენ, ევროპისკენ“, - ამბობს ნათია ინაური.

ჟურნალისტების ერთი ჯგუფის პარლამენტში არშეშვების გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თავისივე შემუშავებულ ბრძანებაზე დაყრდნობით მიიღო, რომელიც 2023 წლის 4 სექტემბრით თარიღდება. ეს ბრძანება პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების დაცვის წესებს არეგულირებს.

პირველი აკრძალვა

ონლაინმედიის, რადიოსა და პრესის ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში შესვლა და მუშაობა პირველად, 2024 წლის აპრილში „აგენტების კანონის“ პარლამენტში დაბრუნებისა და განხილვის პარალელურად შეეზღუდათ. შეზღუდვები არ გავრცელებულა ტელევიზიებზე.

„აკრედიტაცია გაქვთ, რათა განახორციელოთ ჟურნალისტური საქმიანობა, ხოლო ბოროტად სარგებლობა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა, როდესაც აკრედიტაციით სარგებლობ, შედიხარ შენობაში, რომელმაც შემოგიშვა იმისთვის, რომ ჟურნალისტური საქმიანობა განახორციელო და მოქალაქეებს უამბო რა ხდება პარლამენტში და ნაცვლად ამისა, მოქალაქეობრივ პოზიციას აფიქსირებს. ამისთვის არ არის აკრედიტაცია“, - უთხრა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა, 2024 წლის 16 აპრილს, „აგენტების კანონის“ პირველი მოსმენით განხილვის დღეს.

ამ გაცხადებამდე ორი დღით ადრე „პუბლიკის“ ჟურნალისტმა ნათია ამირანაშვილმა პარლამენტში გაშალა ბანერი წარწერით „არა რუსულ კანონს“. მას ხელი არ შეუშლია სხდომის მიმდინარეობისთვის და შენობა მანდატურის პირველი მითითებისთანავე დატოვა.

შალვა პაპუაშვილმა დაითვალა, რამდენჯერ იყო ეს ჟურნალისტი ნამყოფი პარლამენტში აკრედიტაციის აღებიდან პროტესტის მომენტამდე და თქვა: ამ მედიის წარმომადგენლების მიზანი იყო პროტესტის გამოხატვა. [...] ამისთვის არ არის [აკრედიტაცია]“...„ის სამჯერ არის სულ ნამყოფი და აქედან ორჯერ პროტესტის გამოსახატად“.

ერთი წლით ადრე, 2023 წლის მარტში, „ქართულმა ოცნებამ“ პირველად განაცხადა, რომ „აგენტების კანონის” მისაღებად ემზადებოდა. ჟურნალისტების ნაწილი პარლამენტის შენობაში ბანერებითა და სასტვენებით მივიდა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილება გააპროტესტა. ეს პროტესტი თანდათან სახალხო აქციებში გადაიზრდა და მანამ გაგრძელდა, სანამ ხელისუფლებამ კანონი უკან არ გაიწვია.

ამ შემთხვევებზე დაყრდნობით, „აგენტების კანონის“ პარლამენტში მეორედ ინიციირების მომენტისთვის, ჟურნალისტების დიდ ჯგუფს აეკრძალა შენობაში შესვლა. მათ შორის აღმოჩნდა „ინტერპრესნიუსის“ საპარლამენტო კორესპონდენტი ნათია ინაური, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა პროტესტში.

„აგენტების კანონი“ მეორე ჯერზე ისე განიხილეს და დაამტკიცეს, რომ ონლაინმედიის ჟურნალისტები, მათ შორის - რადიო თავისუფლების აკრედიტებული კორესპონდენტები პარლამენტში ერთი დღეც კი არ ყოფილან.

„თვითონ ცდილობენ გამოხატვისა და პროტესტის ფორმების დისკრედიტაციას. რა შეიძლება დააშავოს ონლაინმედიის წარმომადგენელმა პარლამენტში? ჟურნალისტმა მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ინიციატივა გააპროტესტა.

„ეს არის მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ეს არის ცენზურა, ეს არის დისკრიმინაცია და ეს არის ხელისუფლების მხრიდან დემონსტრირება, რომ მათ ეშინიათ კრიტიკული კითხვების, მიუკერძოებელი მედიისა და თავისუფალი ჟურნალისტების“, - ამბობს „პუბლიკის“ რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი რადიო თავისუფლებასთან.

ლიკა ზაკაშვილი, „პუბლიკას“ რედაქტორი
ლიკა ზაკაშვილი, „პუბლიკას“ რედაქტორი

რუსული სტილის კანონი, რომელიც საბოლოო ჯამში პარლამენტმა მიიღო, პირდაპირ ეხება ონლაინმედიას და „უცხოური ინტერესების გავლენის გამტარებლის“ იარლიყს ანიჭებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ეთიკური სტანდარტების დარღვევაზე ილაპარაკა, რაც პროფესიული საზოგადოების კომპეტენციაა და არა ხელისუფლების, თუმცა მას არასდროს აუხსნია, კონკრეტულად, რა საფრთხეს შექმნიდა ონლაინმედიის ჟურნალისტების ყოფნა საქართველოს პარლამენტში, მათ შორის - პრემიერ-მინისტრის მოხსენების გაშუქებისას.

„ამგვარი დამოკიდებულება… არის აუხსნელი და დისკრიმინაციული. წარმოუდგენელია მედიას ყოფდე მათი პლატფორმის მიხედვით, ზოგს აძლევდე წვდომას ინფორმაციაზე, ზოგს არა და ამას ასაბუთებდე პარლამენტში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს შექმნის არგუმენტით - რაზე მიგვანიშნებს თავმჯდომარე ამ ფორმულირებით? იქნებ მათ ახსნან, რას აშავებენ ონლაინმედიები?“, - ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, ლია ჩახუნაშვილი რადიო თავისუფლებასთან.

წითელი, ყვითელი, მწვანე

2023 წლით დათარიღებული უსაფრთხოების დაცვის შესახებ ბრძანების მიხედვით, მოქალაქეს, რომელიც პარლამენტში საშვს ითხოვს, ევალება დაასაბუთოს რატომ უნდა პარლამენტში შესვლა. პარლამენტის ვიზიტორებს ეკრძალებათ:

  • ტრანსპარანტების გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება;
  • შენობაში პლაკატების, ბანერების, წარწერების გაკვრა ან განთავსება;
  • ჟურნალისტებთან საუბარი, ინტერვიუს მიცემა ბრიფინგისთვის განსაზღვრულ სივრცეებში, პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე.

განისაზღვრა უსაფრთხოების სამი დონე: მწვანე, ყვითელი და წითელი. უსაფრთხოების დონის ამოქმედებისა და გაუქმების შესახებ ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

წითელი დონე შესაძლოა გამოცხადდეს მაშინ, როცა ბუნებრივი კატასტროფის, პარლამენტზე თავდასხმის ან სხვა მიზეზით საფრთხე ექმნება პარლამენტის შენობაში მყოფების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასეთ დროს პარლამენტიდან გაჰყავთ ყველა. რჩებიან მხოლოდ ისინი, ვისაც ამ საფრთხის თავიდან აცილების პასუხისმგებლობა აკისრია.

ყვითელი დონე ცხადდება მაშინ, თუ საქართველოს პარლამენტში სამუშაო გარემოს ან უსაფრთხო გარემოს დარღვევის რისკია. უსაფრთხოების ეს დონე პარლამენტის თავმჯდომარეს აძლევს უფლებას, ერთდროულად ან ცალ-ცალკე დააწესოს შემდეგი სახის შეზღუდვები:

  • აუკრძალოს ვიზიტორებს პარლამენტში შესვლა;
  • შენობაში შესვლის უფლება მისცეს მხოლოდ იმ საშვიან ვიზიტორებს, რომლებიც უსაფრთხოებას იცავენ;
  • შეზღუდოს ჟურნალისტისთვის სპეციალური აკრედიტაციის გაცემა ან/და აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტს შეუზღუდოს პარლამენტში შესვლა;
  • დაარეგულიროს საქართველოს პარლამენტის სასახლეში ავტომობილით შესვლის ან დგომის ახალი წესი.

მწვანე დონე - მოქმედებს იმ დროს, როცა უსაფრთხოების წითელი ან ყვითელი დონე გამოცხადებული არაა და არც სპეციალური შეზღუდვები მოქმედებს.

„აგენტების კანონის“ განხილვისას პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იყო გამოცხადებული, 2024 წლის 2 მაისს წითელი დონე გამოაცხადეს, რომელიც მეორე დღეს ისევ ყვითელ დონეს დაუბრუნდა. საპარლამენტო ცხოვრება ჩვეულ, ანუ მწვანე რეჟიმს, 28 მაისის შემდეგ დაუბრუნდა, მას მერე, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „აგენტების კანონი“ ძალაში შევიდა.

აქვს პერსპექტივა სამართლებრივ დავას?

„აგენტების კანონამდე“ ყვითელი რეჟიმი მხოლოდ იმ ჟურნალისტებს ეხებოდათ, რომლებსაც აკრედიტაცია არ ჰქონდათ და პარლამენტში შესასვლელად სპეციალურ საშვს ითხოვდნენ, 2024 წლის აპრილიდან კი მედია, არა აკრედიტაციების, არამედ პლატფორმების მიხედვით დაყვეს.

„უსაფრთხოების შესახებ ბრძანებაში წერია, რომ შეუძლია მედია "შეზღუდოს", მაგრამ არ წერია, რომ შეუძლია განასხვაოს, თუ ასხვავებს - უნდა დაასაბუთოს, რომელი არგუმენტებით“, - ამბობს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან.

ედუარდ მარიკაშვილი, GDI-ის თავმჯდომარე
ედუარდ მარიკაშვილი, GDI-ის თავმჯდომარე

იურისტის განმარტებით, ონლაინმედიის ჟურნალისტებს სასამართლოში დავის წამოწყების სამართლებრივი საფუძველი აქვთ. სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს, არის თუ არა დისკრიმინაციული კანონქვემდებარე აქტები და მათი გამოყენების პრაქტიკა.

„რამდენად აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება, უსაფრთხოების მოტივით შეზღუდოს მედიის თავისუფლება? რა იგულისხება უსაფრთხოების მოტივებში? რატომ არის დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები ონლაინმედიასთან და არა მაუწყებლებთან?

"ქართული ოცნების" გადმოსახედიდან, მათი უსაფრთხოების საკითხია, არ მოისმინონ კრიტიკული პოზიციები და კითხვები, ამ კუთხით ფილტრავენ მედიაორგანიზაციებს“, - განმარტავს მარიკაშვილი.

საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტების უფლებრივი მდგომარეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნელ-ნელა გაუარესდა. პირველად უვადო აკრედიტაციების წესი გააუქმეს და ყველა ჟურნალისტს პარლამენტში შესასვლელად საშვი დასჭირდა. ეს პროცედურა ჯერ პარლამენტის პრესსამსახურთან კომუნიკაციას, შემდეგ კი საშვთა ბიუროსთან რიგში დგომას გულისხმობს.

2023 წლის თებერვალში საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების ქცევის წესები დარეგულირდა. ამ წესებით შეიზღუდა პარლამენტში დაშვებული ჟურნალისტების რაოდენობა, დაწესდა პროფესიული საქმიანობის საზღვრები.

ჟურნალისტებს აეკრძალათ პარლამენტში რესპონდენტის თანხმობის გარეშე კითხვა დასმა, დეპუტატის სამუშაო ოთახის გადაღება და იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტარი საუბრისას გადაიფიქრებს ინტერვიუს მიცემას, ჟურნალისტი ვალდებულია შეწყვიტოს ჩაწერა. წესების დამრღვევ ჟურნალისტს საშვი უუქმდება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ამ რეგულაციებს ხშირად მიმართავენ. ივნისში, იმ დროს, როცა აშშ-მა განაცხადა, რომ შემოიღეს სანქციები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მოთხოვნით ათამდე ჟურნალისტს შეუჩერეს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის უფლება. ყველა პოლიტიკოსი პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ მოთხოვნის მიუხედავად, ჟურნალისტები ვიდეოგადაღებას და მათთვის კითხვების დასმას არ წყვეტდნენ.

რესპონდენტის უარის მიუხედავად, კითხვების დასმის გამო აკრედიტაციის შეჩერება და უსაფრთხოების მოტივით ნივთების შეტანის შეზღუდვა GDI-იმ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საქმე უკვე წარმოებაშია. სარჩელის ავტორები დავობენ, შეიზღუდა თუ არა გამოხატვისა და მედიის თავისუფლება. მეორე საკითხია, პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს თუ არა უფლებამოსილება, შეზღუდოს მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება უსაფრთხოების ფარგლებში.

რას ამბობს ევროპული სასამართლოს პრაქტიკა?

არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წელს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება საქმეზე „მადლი და სხვები უნგრეთის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლომ ონლაინმედიის ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების კანონიერებაზე იმსჯელა და კონვენციის მე-10 მუხლით დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა დაადგინა.

მოსარჩელეები სხვადასხვა ონლაინ მედიაგამოცემების ჟურნალისტები იყვნენ. მათ ჰქონდათ აკრეტაცია 2016 წლის 25 აპრილის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად. ამ დღეს ჟურნალისტებმა უნგრეთის პარლამენტის შენობაში მმართველი კოალიციის პარტიის წევრებთან რამდენიმე ინტერვიუ ჩაწერეს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან. მომჩივნებმა პარლამენტის წევრებს კითხვები წინასწარ შეუთანხმებლად დაუსვეს პარლამენტის შენობის იმ ნაწილში, რომელიც ვიდეო/ფოტოგადაღებისთვის განკუთვნილი არ იყო.

ინტერვიუების ჩაწერისას ისინი პარლამენტის პრესსამსახურმა გააფრთხილა. მოპოვებული ინფორმაცია რამდენიმე ონლაინმედიაში გამოქვეყნდა. 2016 წლის 26 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტზე დაყრდნობით, ჟურნალისტებს აკრედიტაცია 5 თვით შეუჩერა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ „უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ჟურნალისტებისთვის 5 თვის ვადით აკრედიტაციის შეჩერება პარლამენტის შენობიდან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის წართმევაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ღირებულება გააჩნია ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისთვის“.

სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, იურისტი გოგა ხატიაშვილი ვარაუდობს, რომ ონლაინმედიას, რადიოსა და პრესას, პარლამენტში შესვლის უფლების ჩამორთმევის გამო, საკონსტიტუციო სასამართლოში გამოხატვის თავისუფლების დარღვევის მუხლით დავა შეუძლიათ.

გოგა ხატიაშვილი, იურისტი
გოგა ხატიაშვილი, იურისტი

„გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩარევაა გამოხატვის თავისუფლებაში, ხელს უშლის ჟურნალისტს, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. შეიძლება ვიდავოთ, რამდენად თავსებადია თანასწორობის უფლებასთან რეპრესიული მიდგომის გამოყენება კრიტიკული ონლაინ მედიაგამოცემების წინააღმდეგ“, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.

ონლაინმედიის ჟურნალისტებმა 2024 წლის აპრილშივე მიმართეს სახალხო დამცველს და მოითხოვეს, დადგინდეს, არის თუ არა დისკრიმინაციული გადაწყვეტილებები პარლამენტში შესვლის უფლების ჩამორთმევის შესახებ. რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის აპარატში უთხრეს, რომ საკითხს ამ დრომდე სწავლობენ. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიამა 15 აპრილს თქვა, რომ „აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში“.

ჟურნალისტი ნათია ინაური ინდივიდუალურ დავას არ გეგმავს, თუმცა ფიქრობს, რომ ყველა იმ მედიაორგანიზაციამ, ვისაც პარლამენტის კარს უხურავენ, ერთობლივი ძალით ამაზე პასუხი უნდა მოითხოვოს - მათ შორის, სამართლებრივად.

XS
SM
MD
LG