19 წლის ჯარისკაცი თათრეთიდან იყო. მისი ნათესავები დარწმუნებული არიან, რომ ვადიან მოსამსახურეთა მწკრივს ავტომატიდან ცეცხლი ბრიგადის ლეიტენანტმა მას შემდეგ გაუხსნა, რაც კონტრაქტზე ხელის მოწერაზე მორიგი უარი მიიღო.
არტიომის მეგობრები ამტკიცებენ, რომ იგი არმიაში გაწვევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში (ასე უწოდებს კრემლის მასშტაბურ ომს უკრაინაში - რედ.) გაგზავნას.
"კისერსა და ხელებზე რკინის მათრახით სცემდნენ! საშინელებაა!"
არტიომი 21 ოქტომბერს ოფიცერმა, 394-ე მოტომსროლელი პოლკის ლეიტენანტმა თანამებრძოლების თვალწინ დაცხრილა. ჯარისკაცის სიკვდილის შესახებ მისმა ნათესავებმა მხოლოდ მეორე დღეს შეიტყვეს.
- ჩემი ძვირფასი ტიომოჩკა, ძალიან უცნაურ ვითარებაში უსურიისკში, ჯარში მოკლეს. აბუჩად იგდებდნენ, 8 დღის განმავლობაში ზედიზედ აყენებდნენ განაწესში და უარს ეუბნებოდნენ სამედიცინო დახმარებაზე. მას კისერსა და ხელებზე რკინის მათრახით სცემდნენ! საშინელებაა, - ამბობს მისი ნათესავი ქალი.
გაუფრთხილდით თქვენს შვილებს, სანამ ცოცხლები არიან.არტიომის ნათესავი ქალი
წინასასამართლო მოკვლევის დეტალებზე საუბარს მოკლული ჯარისკაცის დედა უფრთხის. მაგრამ არტიომის სხვა ნათესავები ამტკიცებენ, რომ სამხედრო სამსახურში ყოფნის ორი თვის განმავლობაში ანტონოვსა და სხვა ვადიან მოსამსახურეებს კონტრაქტზე ხელის არმოწერის შემთხვევაში ხშირად ემუქრებოდნენ.
- უსურიისკიდან ვადიან მოსამსახურეებს ეშელონებით კურსკში გზავნიდნენ! გაუფრთხილდით თქვენს შვილებს, სანამ ცოცხლები არიან, - თვალცრემლიანი ამბობს ანტონოვის ნათესავი ქალი.
არტიომის მეგობრების თქმით, 349-ე მოტომსროლელი პოლკის ვადიან ჯარისკაცებს უბრალოდ კი არ აიძულებდნენ კონტრაქტებზე ხელმოწერას, არამედ მათ კურსკის ოლქში გასაგზავნადაც ამზადებდნენ.
უკრაინის სამხედრო ძალებმა მოულოდნელი იერიშით 6 აგვისტოს მოსაზღვრე კურსკის ოლქის დიდ ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი. რუსეთის არმიის ინტენსიური კონტრშეტევის შედეგად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, "როიტერსის" ცნობით, დაკარგეს რუსეთის კურსკის ოლქის იმ ტერიტორიების 40%, რომელსაც 6 აგვისტოს წარმატებული ბლიცკრიგის შედეგად აკონტროლებდნენ.
ამასთან, რუსეთი დიდ დანაკარგს განიცდის. როგორც უკრაინული ანალიტიკური საიტი DeepState-ი იუწყება, მარტო სუჯის რაიონის სოფელ ნოვოივანოვკაში რუსეთის არმიამ, ერთ დღეს, სულ მცირე, 18 ერთეული ტექნიკა და 300 მებრძოლი დაკარგა.
2024 წლის 21 ოქტომბერს უსურიიისკში მდებარე მე-60 მოტომსროლელი ბრიგადის პოლიგონ „ილინსკზე“, მეცადინეობის დროს, „ლეიტენანტმა გადატენა ავტომატი და მიუშვირა ის პირად შემადგენლობას, რომელსაც ინსტრუქტაჟს უტარებდა. შემდეგ გამოჰკრა ჩახმახს თითი, გაისროლა რამდენიმე ტყვია, რომელთაგან ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა ჯარისკაც ანტონოვს“, - ციტირებს მოკვლევის მასალიდან ამონარიდს ანტონოვის მეგობარი ივანი, რომლის სახელიც შეცვლილია.
როდესაც ვადიანი ჯარისკაცის ცხედარი პრიმორიედან თათრეთის მშობლიურ სოფელ ვერხნი უსლონში დაკრძალვისთვის ჩაასვენეს, არტიომის ნათესავებმა და მეგობრებმა მოკლულის შუბლზე ტყვიის ნახვრეტი დაინახეს, სხეული კი სისხლჩაქცევებით ჰქონდა დაფარული.
- მისი ზურგი შავი იყო, რადგან მას კვირაზე მეტი ხნით სცემდნენ, - ჰყვება ანტონოვის ნათესავი ქალი, - ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მას აწამებდნენ იმიტომ, რომ ტიომამ უარი თქვა კონტრაქტის ხელმოწერაზე. მისმა მეგობრებმა გვაჩვენეს მიმოწერა. ირკვევა, რომ ჯარისკაცებს იქ ძალიან მკაცრად სტრესავდნენ. ჩვენ კი არაფერი ვიცოდით, ის ცდილობდა, რომ ჩვენთვის გული არ გაეტეხა. დახურულ ჯგუფში მხოლოდ თანამებრძოლებს უყვებოდა თავის ამბავს. ეს ჯგუფი მისი მკვლელობისთანავე უცნობებმა წაშალეს. გააქრეს კვალი. მაგრამ მისმა მეგობრებმა იცოდნენ ეს და ერთმანეთს გაუზიარეს შოკის მომგვრელი დეტალები.
"არმია საკონცენტრაციო ბანაკად გადააქციეს"
სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ (ასე უწოდებს კრემლი ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში - რედ.) არმია ნამდვილ საკონცენტრაციო ბანაკად აქცია!არტიომის მეგობარი
არტიომის მეგობრები შოკირებულნი არიან არა მხოლოდ თავიანთი მეგობრის დაღუპვით, არამედ იმ გამოხმაურებითაც, რაც ხელისუფლების მომხრე ინტერნეტის მომხმარებლების პოსტებში იჩენს თავს.
- ადგილობრივ ჯგუფებში პოსტავენ ნეკროლოგებს, რომ არტიომმა ვითომცდა „სიცოცხლე სამშობლოს შესწირა“. სრული სიცრუეა. ის [არტიომი] ბოლომდე უარზე იდგა კონტრაქტის ხელმოწერაზე! სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ (ასე უწოდებს კრემლი ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში - რედ.) არმია ნამდვილ საკონცენტრაციო ბანაკად აქცია! არავისთვისაა საიდუმლო, თუ როგორ ძალით მიათრევენ არმიას ომში, - ამბობს დაღუპულის მეგობარი სახელად იგორი. - მე ვნახე ის ჯარში წასვლამდე. არტიომი ღიმილით მიდიოდა, კეთილი და ნათელი ბიჭი. ის იყო სიკეთის განსახიერება, თამაშობდა ფრენბურთს და სკოლაში ვაჟთა ნაკრებშიც კი გამოდიოდა. უყვარდა მოგზაურობა, პეიზაჟების გადაღება. როგორც ყველა, არმიიდან დაბრუნების შემდეგ გეგმავდა ეცხოვრა და დამტკბარიყო ცხოვრებით. ომი ნამდვილად არ სურდა. ჩვენი ბოლო შეხვედრა, სამწუხაროდ, მის დაკრძალვაზე შედგა.
თანამოსაუბრე შიშობს, რომ არტიომის ნათესავებს ძალიან ცოტა შანსი აქვთ მიაღწიონ სამართალს, რადგან ანტონოვის თანამებრძოლები დაშინებული არიან და არაფერს ამბობენ.
- ახლა ყველა თავის სიცოცხლეს უფრთხილდება, რადგან ცოცხლები არიან. ასე რომ, სიმართლის თქმას ცოტა ვინმე თუ გაბედავს. ყოველ შემთხვევაში, ვიდრე იქ მსახურობენ, - მიიჩნევს დაღუპულის მეგობარი, - ასე რომ, რომელმა სამხედრომ რაც არ უნდა თქვას, ცხადია, რომ ეს არის მკვლელობა. არტიომი თავისი სიკვდილით არ მომკვდარა. და სიკვდილამდე ის დიდხანს აწამეს, სხვაგვარად ამას ვერ უწოდებ.
ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები და მათი ნათესავები რეგულარულად ჩივიან, რომ კონტრაქტებზე ხელის მოწერას სამხედრო ვალდებულებს სიკვდილის შიშით აიძულებენ. ნოემბრის დასაწყისში ჩელიაბინსკის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, სულ მცირე, სამ ვადიან სამხედროს აიძულეს კონტრაქტების გაფორმება თავდაცვის სამინისტროსთან.
მსგავსი მუქარა მისდიოდათ წვევამდელებსაც: ან უკრაინის წინააღმდეგ ომში საომრად წასვლა, ან საკონტრაქტო დოკუმენტებზე ხელის მოწერა.
წვევამდელებმა ყალბი ხელშეკრულებების და იძულებითი ფულადი გადარიცხვების გამო მასობრივად ჩივილი პირველად 2024 წლის ოქტომბერში დაიწყეს. იქამდე ისინი მხოლოდ მუქარისა და იმის შესახებ საუბრობდნენ, რომ მათ ძალადობრივი მეთოდებით აიძულებდნენ კონტრაქტზე ხელმოწერას.
ვლადიკავკაზიდან, სულ მცირე, ოთხი წვევამდელი გადაიყვანეს სომხეთში, სადაც რუსეთის გიუმრის სამხედრო ბაზაზე აიძულეს, ხელი მოეწერათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტებზე.
2024 წლის 12 ნოემბერს ნოვოსიბირსკში მდებარე სამხედრო ნაწილიდან 10 სამხედრო მოსამსახურე გაიქცა. მანამდე კი მათი ნაწილი დაარბიეს, სამხედროების ნათესავებმა „სიბირ.რეალიის“ აცნობეს, რომ მათ შორის იყვნენ ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დემობილიზაციას ექვემდებარებოდნენ, მეთაურები მათ ფრონტზე გაგზავნით დაემუქრნენ.
იმავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ კურსკის ოლქში, სულ მცირე, 13 რუსი ვადიანი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მათი საშუალო ასაკი 20 წელი იყო, ყველაზე პატარის კი - 18 წელი.
წვევამდელთა - რომლებიც, როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჰპირდებოდა, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში არ იქნებოდნენ ჩართული“ - დაღუპვის შემთხვევები გახშირდა უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის რაიონში შეჭრის შემდეგ. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ დაღუპულია რუსეთის არმიის 159-მდე წვევამდელი. მთლიანობაში, BBC-ის რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ ერთობლივი მონაცემებით, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც ომი მიმდინარეობს, სულ მცირე, 81 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა.
მასალა მომზადებულია "სიბირ.რეალიის" მიხედვით. ჩვენ არ ვამჟღავნებთ ამ სტატიის ავტორს, არასასურველი ორგანიზაციების შესახებ რუსეთში მოქმედი კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხის გამო.
ფორუმი