Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება


მოქალაქეები და ტელეარხის თანამშრომლები ტელევიზიის ოფისთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ.
მოქალაქეები და ტელეარხის თანამშრომლები ტელევიზიის ოფისთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან "მთავარი არხის" დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება. მოქალაქეები და ტელეარხის თანამშრომლები ტელევიზიის ოფისთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის ორგანიზატორი "ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობაა". აქცია მას შემდეგ დაინიშნა, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს გეგმავს ბრიუსელში, ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლას.

მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ნიკა გვარამია, "მთავარი არხის" დირექტორი, პოლიტპატიმარია. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ქვეყანაში ნებისმიერი მსჯავრდებულის შეწყალება შეუძლია, კანონმდებლობით საქართველოს პრეზიდენტია.

მას გუშინ, 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებდა თუ არა "მთავარი არხის" დირექტორის შეწყალებას.

"პოზიცია არის ის, რომ თავისუფლება არის მთავარი", - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა კითხვას. მან აღარ დააკონკრეტა, რას აპირებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა.

XS
SM
MD
LG