Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მოსასვლელიც ძალიან პომპეზური იქნება" - პოლიციის ქალაქის მშენებლობით პრემიერი კმაყოფილია  


შს მინისტრი: მაგარი გამოვა, მართლა მაგარი გამოვა…

პრემიერი კითხულობს: ამის ფართობი რამდენია, მიწის?

შს მინისტრი: მე მგონი, 6 ჰექტარია, თუ არ მეშლება…

პრემიერ-მინისტრი: ბუნებაც მაგარია გარშემო…

შს მინისტრი: კი, კი, ხეები… თან ის არის, რომ მყუდრო არის და რაღაც განსხვავებული, გზა აღარ გადის… ფაქტობრივად ჩაკეტილი უბანი იქნება…

პრემიერ-მინისტრი: პოლიციის ქალაქი!

შს მინისტრი: პოლიციის უბანი იქნება!

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ამ დიალოგით იწყება ვიდეო, რომელიც მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა 5 მაისს.

კადრები თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, სამშენებლო მოედანზეა გადაღებული, მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია “იმედის” მიერ რამდენიმე კამერით იქ, სადაც “პოლიციის ქალაქი” შენდება. ესაა 7 კორპუსისგან შემდგარი მიკროუბანი, რომელიც 1100 ოჯახზეა გათვლილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის აპრილში თქვა, რომ მთავრობა “პოლიციის ქალაქის” აშენებას აპირებდა. იმავე წლის ბოლოს ხელისუფლებამ 131 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც ერთადერმა მონაწილე კომპანია “ანაგმა“ თქვა, რომ მზადაა, 125 მილიონ ლარად ააშენოს პოლიციის ქალაქი. იმავე წელს მოესწრო ხელშეკრულების დადებაც.

პოლიციის ქალაქი 152 921 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე შენდება. ამ მიწის ნაწილი სატყეო, ნაწილი კი საზოგადოებრივ საქმიან ზონას ეკუთვნოდა. მშენებლობის დაწყებამდე სახელმწიფომ მათ საცხოვრებელი ზონის სტატუსი მისცა. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის პორტალზე ამ დრომდე არ იძებნება ამ ადგილას სამშენებლო ნებართვის გამცემი დოკუმენტი ან ასაშენებელი კორპუსების პროექტი.

რუკაზე მონიშნულ ადგილას აშენდება პოლიციის ქალაქი
რუკაზე მონიშნულ ადგილას აშენდება პოლიციის ქალაქი

ირაკლი ღარიბაშვილი: ესე იგი ჩვენ ახლა ვაკეთებთ 1000 ბინას ოჯახზე, ათას პოლიციელზე.

ვახტანგ გომელაური: კი, 1000 პოლიციელს გადაეცემა ბინა

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მაგარი უბანი გამოვა

ვახტანგ გომელაური: კი, მომავალშიც რა ვიცი, მერე, როგორც თქვენ თქვით, კიდევ გავაგრძელებთ ალბათ იმასაც…

ირაკლი ღარიბაშვილი: ესე იგი ეს დასრულდება…

ვახტანგ გომელაური: 26-ის [2026 წლის] …

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქსიმუმ!

ვახტანგ გომელაური: ხო, 26-ის შუაში ალბათ, 25-ის ბოლოდან უკვე შეიძლება თითო კორპუსი დასრულდეს და მთლიანობაში, თავის მოპირკეთებით, ეზო, ყველაფერი, 26-ში გვეუბნებიან…

ირაკლი ღარიბაშვილი: გვინდა, რომ გავაგრძელოთ ეს პროექტი!

ვახტანგ გომელაური: კი, გვინდა, ძალიან მაგარი იქნება… რო ეტაპობრივად, თითო კორპუსი იქნება…

ირაკლი ღარიბაშვილი: კომპანია “ანაგია“?

ვახტანგ გომელაური: კი, კი

ამ დიალოგით პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი სამშენებლო მოედანზე მწკრივში მდგარ კაცებს, კომპანია “ანაგის“ თანამშრომლებს უახლოვდებიან. “ანაგი“ სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიაა.

პრემიერი და შს მინისტრი მშენებლებს ელაპარაკებიან
პრემიერი და შს მინისტრი მშენებლებს ელაპარაკებიან

“ბატონი ზაალის კომპანიაა გამარჯვებული, ხო?” - კითხულობს პრემიერი.

“კი, კი, ძალიან კმაყოფილები ვართ”, - უპასუხებს მას შინაგან საქმეთა მინისტრი.

“ყველაზე მაგარი კომპანიაა, ჯარის ქალაქიც “ანაგმა“ ააშენა”, - ამბობს პრემიერი.

“დიდი მადლობა ნდობისთვის. მზად ვართ, დროზე ადრე რომ დავასრულოთ. გეგმა გვაქვს 2025 წლის ბოლო, მაგრამ ვეცდებით, 2025 წლის დასაწყისში ჩაგაბაროთ….” - პირობას იძლევა კომპანია “ანაგის“ წარმომადგენელი.

“მართლა? ძალიან კარგი, ძალიან მაგარი იქნება”, - კმაყოფილია პრემიერი.

“ესე იგი ჩემი მოადგილე მატყუებდა, 26-ის შუაშიო, მაინც თავს იზღვევენ…” - ხუმრობს შინაგან საქმეთა მინისტრი. იცინის პრემიერიც.

პოლიციის ქალაქში 12- და 13-სართულიანი კორპუსები აშენდება. ბინები ორი ზომის იქნება, 65 და 75 კვადრატული მეტრის ფართობებით. ყველა ბინას ექნება აივანი. პოლიციელებს კვადრატული მეტრი მხოლოდ 100 ლარი დაუჯდებათ, საბაზრო ფასთან სხვაობას ბიუჯეტი დაფარავს. ამ უბანში მშენებარე კორპუსებში ერთი კვადრატული მეტრის ფასი 900-დან 1500 დოლარამდეა. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მფლობელებს ბინები რკინის კარით, თეთრი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდება.

“აესე იქნება განლაგებული, ხო? ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი… შვიდი კორპუსი იქნება, ხო? ათას ოჯახზე იქნება გათვლილი?” - კითხულობს ირაკლი ღარიბაშვილი სამშენებლო მოედანზე განთავსებულ ბანერთან.

“ორი სართული პარკინგები იქნება”, - ეუბნება მას სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი.

“ეს ტერიტორიაც კეთილმოეწყობა, ხო? ეზო და გარშემო ბუნება ფანტასტიურია, მაგარი უბანი გამოვა. დახურული. დაცვა არ სჭირდება 1000 პოლიციელს. მიხარია, მიხარია”, - ამბობს პრემიერი.

“ხეებიც მაქსიმალურად შევინარჩუნეთ”, - აღნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი.

“მოსასვლელიც ძალიან პომპეზური იქნება და ეზო იქნება ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქში”, - კვლავ ერთვება საუბარში მშენებელი.

“ეს უნდა იყოს საუკეთესო უბანი”, - იძლევა განკარგულებას ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორ აირჩევა ათასობით პოლიციელს შორის ის პირველი ათასი იღბლიანი, ვინც სახელმწიფოს ამ ხელსაყრელი შეთავაზებით ისარგებლებს, ანუ რა იქნება ამ კორპუსებში ბინის მიღებისთვის საჭირო კრიტერიუმები, ეს არც პრემიერს და არც შინაგან საქმეთა მინისტრს ამ დრომდე არ განუმარტავთ.

“ეს უნდა იყოს საუკეთესო. პოლიცია იმსახურებს ყველაფერ საუკეთესოს”, - თქვა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ქართული ოცნების ბუნებიდან გამომდინარე, ეს არის ინსტრუმენტი, რაც შეიძლება გამოყენებული იქნეს მათი დავალების კარგად შემსრულებელი პოლიციელების წასახალისებლად და იმ ადამიანების უპირატეს მდგომარეობაში ჩასაყენებლად, ვინც ოლიგარქიას კარგად მოემსახურება და არა მათთვის, ვინც სახელმწიფოებრივად ფიქრობს და მართლაც იცავს კანონს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბესიკ დონაძე, “ევროპული საქართველოს” წევრი. მას ამგვარი მშენებლობები საბჭოთა კავშირის დროს ახსენებს, როცა არსებობდა კომპოზიტორების კორპუსები, მწერლების აგარაკები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის სხვადასხვა პრივილეგიით სარგებლობა ჩვეულებრივი ამბავი იყო.

“გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი ხელისუფლება დგას ძალოვან სტრუქტურებზე, გადაწყვიტეს, რომ ამ გზით მოიპოვონ ძალოვანების კეთილგანწყობა. ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი რომ იყო, დაიწყო სამხედრო ქალაქის მშენებლობა, ახლა დაიწყეს პოლიციის ქალაქის მშენებლობა. ზოგადად მშენებლობა კარგია, მაგრამ ჯარისკაცსაც და პოლიციელსაც უნდა ჰქონდეს იმხელა ხელფასი, რომ შეეძლოს სადაც უნდა, როგორი სახლიც უნდა, თვითონ შეეძლოს იყიდოს”, - ამბობს ბესიკ დონაძე. ის იხსენებს, რომ წლების წინ გიორგი გახარიასაც ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას პოლიციელებისთვის სხვადასხვა ქალაქში კორპუსების აშენების იდეა, თუმცა ეს პროექტი ჩავარდა ძირითადად იმის გამო, რომ სახელმწიფომ სათანადოდ არ გააკონტროლა კონტრაქტორი კომპანიები, რომლებმაც თავის მხრივ კეთილსინდისიერად არ შეასრულეს ვალდებულებები.

თუკი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საიტებზე შეხვალთ, ნახავთ ათობით განცხადებას იმის შესახებ, როგორ ცდილობენ ჯარისკაცები სახელმწიფოსგან ხელსაყრელ ფასად მიღებული ბინების გაყიდვას ჯარის ქალაქში.

XS
SM
MD
LG