Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? ჩემთვის ცალსახაა, რომ არა - პოდოლიაკი


მიხაილო პოდოლიაკმა 2 იანვარს ლიეტუვურ გამოცემასთან ინტერვიუში საქართველოზეც ისაუბრა.
მიხაილო პოდოლიაკმა 2 იანვარს ლიეტუვურ გამოცემასთან ინტერვიუში საქართველოზეც ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოში საპროტესტო დემონსტრაციები მეტყველებს, რომ მისი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არაა დაინტერესებული „პრორუსული პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკით“.

ლიეტუვური გამოცემის, „დელფის“ ჟურნალისტის კითხვაზე, „პუტინმა 2024 წელს სირია დაკარგა, მაგრამ შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საქართველო შეიძინა“, პოდოლიაკმა უპასუხა, რომ ეს „რთული კითხვაა“, შემდეგ კი განაცხადა:

„ჩემთვის გამოცანად რჩება, როგორ შეიძლება 2008 წლის სამარცხვინო ომის შემდეგ, - როდესაც რუსეთმა აბსოლუტურად ზუსტად აჩვენა საქართველოსადმი თავისი რეალური დამოკიდებულება... პრინციპში, სიმართლე გითხრათ ... რუსეთს ყოველთვის ეზიზღება ქვეყნები, ქვეყნები, რომლებიც სუვერენულები არიან და ყოველთვის ეცდება მათ ტოტალურ კონტროლს იმ ინსტრუმენტებით, რომელთა დემონსტრირებასაც ახდენს საქართველოში“.

ასეთ ინსტრუმენტებს შორის კი ჩამოთვალა:

  • „სრულიად პრომოსკოვური პოზიცია;
  • მაქსიმალურად სასტიკი დამოკიდებულება ალტერნატიულ პოლიტიკურ მოძრაობებთან, პარტიებთან;
  • შესაბამისად ხელისუფლების მონოპოლიზაცია;
  • მოქალაქეებისთვის თავისუფლებებისა და უფლებების ჩამორთმევა“.

„ამ ყველაფერს ვხედავთ. გამოუვა თუ არა ეს რუსეთს? არა. უხეშად რომ ვთქვა, ეჭვი მეპარება“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, საქართველოში „ერთადერთი პრობლემა“ არის ის, რომ იგი „უბრალოდ შიშით უყურებს იმას, რაც ხდება უკრაინაში“.

„მას ესმის, რომ თუ რუსეთი დამარცხებულ მხარედ არ ჩაითვლება, - და უკვე განვიხილეთ [ინტერვიუს] დასაწყისში, რომ დღემდე არსებობს კონცეფცია, რომ შეიძლება დაიწყო მშვიდობიანი მოლაპარაკებები რუსეთთან, რაც უზრუნველყოფს რუსეთის „არწაგებას“... საქართველოს ქვეცნობიერად ყველაზე მეტად ეშინია, რომ თუ რუსეთი არ წააგებს ამ ომს, და თუ საქართველოში გაიმარჯვებენ ალტერნატიული პოლიტიკური მოძრაობები, ის შეძლებს იმავე ომის დაწყებას საქართველოში“, - თქვა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, მისთვის ეს გასაგებია: „ჩემთვის ეს მოტივაცია გასაგებია. თუმცა წინააღმდეგობა, რომელსაც ახლა ვხედავთ - თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა საკმაოდ დიდია - ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური, უბრალოდ აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“, პრორუსული პარტია“.

„იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? არა, ჩემთვის ესეც ცალსახაა“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

უკრაინა აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 დეკემბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „საქართველოში რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი მაფია მუშაობს, რათა ქვეყანა პუტინის გავლენაში ჩაითრიოს“ და ევროპული გზიდან გადაიყვანოს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა ზეწოლისკენ, განსაკუთრებით ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე, რათა არ მისცენ მათ საქართველოსთვის ევროპული მომავლის მოპარვით სარგებლის მიღების შესაძლებლობა.

საქართველოს ხელისუფლებას დაძაბული ურთიერთობები აქვს უკრაინის მთავრობასთან. ორ ქვეყანას შორის ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობებიც დაბალ დონეზეა. უკრაინას საქართველოში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ჰყავს. საქართველოს კი უკვე წელიწადზე მეტია, არ ჰყავს ელჩი უკრაინაში.

ანალიტიკოსების თანახმად, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს ორი ძირითადი საკითხი განაპირობებს:

  1. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველოს ლიდერების განცხადებები;
  2. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე, - სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მაღალ თანამდებობას იკავებდა პრეზიდენტ ზელენსკის გუნდში.

„მეორე ფრონტის“ გახსნისკენ მოწოდებებზე საუბარი „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში ომის დაწყების პარალელურად წამოიწყო. საქართველოს მთავრობის წევრები უკრაინის მთავრობის წევრებს „ომში ჩათრევისა“ და „მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში“ სდებდნენ ბრალს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში მხარდაჭერის გამოსახატად დღემდე არ ჩასულან, - განსხვავებით დასავლელი პარტნიორებისაგან. მხოლოდ 2022 წლის აპრილში გაემგზავრა უკრაინაში, მათ შორის ბუჩაში, პარლამენტის დელეგაცია.

ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის მაისში, - მაშინ მთავრობის მეთაურის პოსტს იკავებდა, - განაცხადა, რომ „ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატოს წევრი“, რის გამოც საშინაო და საერთაშორისო კრიტიკა დაიმსახურა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG