Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირადი შეტყობინებისთვის დაკავებულები საკონსტიტუციო სასამართლოში მიდიან


19 წლის ანი აროშიძე 31 იანვარს შუაღამით დააკავეს კრიმინალური პოლიციის თამამშრომლებმა. ანის მსგავსაც დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების გამო კიდევ 17 ადამიანი დააკავეს.სასამართლომ ანი 1000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა თუმცა, საქმის გამოძიება გრძელდება.

„სახლშიც და პროკურატურაშიც ბოლო წამამდე მეუბნებოდნენ, რომ მოწმე ვიყავი, მამაჩმესაც ასე უთხრეს - საქმის გამოძიებაში გვეხმარებაო. ორი ღამე გავატარე დიღომში წინასწარი დაკავების იზოლატორში. სასამართლომ 1000 -ლარიანი გირაოთი გამათავისუფლა. მეორე სასამართლო 27 მარტსაა დანიშნული.. გამამტყუნებელი განაჩენი იქნება ყველაზე დიდი დაცინვა სახელმწიფოს მხრიდან, ისედაც ამ 20 დღის განმავობაში სახელმიფომ დამცინა“.

ანის უჭირს იმის დაჯერება, რომ ინტერნეტში მეგობრისთვის გაგზავნილი ვიდეოლინკის გამო 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ და ადვოკატი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ კანონის ჩანაწერი არაკონსტიტუციურია და შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასმართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს. იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ კანონის შინაარსი ინფორმაციის თავისუფლების პრინციპს ეწინააღმდეგება და ის არ უნდა ვრცელდებოდეს საჯარო სივრცეში, ინტრენეტში ნანახი ინფორმაციის პირადი შეყტობინების სახით მეგობრებისთვის გადაგზავნაზე, მით უფრო თუ შეტყობინების გაზიარების მიზანი კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენება არ არის.

„ადამიანს აქვს უფლება გაეცნოს ნებისმიერ ინფორმაციას ინტრენეტში და გაუზიაროს მეგობრებს, ინტერნეტში ნანახი ინფორმაცია არ უნდა იყოს სისხლის სამართლის კოდექსით და არანაირი კოდექსით დასჯადი ქმედება და ეს გვინდა ავუხსნათ სასამართლოს.“

იაგო ხვიჩიას თქმით, დღეს ციხეში სხედან ადამიანები, რომლებსაც არც გადაუღიათ არც აუტვირთავთ ფარული ვიდეოჩანაწერი და არც დეპუტატ ეკა ბესელიასთვის ზიანის მიყენება სურდათ.

„ჩვენ თუ ამ მიდგომით გავარგძელებთ ცხოვრებას, მივალთ დიქტატურამდე. თუ აქამდე ადამიანებს ნარკოტიკებს უდებდნენ, ახლა შეიძლება ლინკები ჩაუდონდა ეგრევე დააპატიმრონ. სისტემას არ დაუსჯია ფარული ჩანაწერის არც ერთი გადამღები, არ სჯის არც პირველწყაროს, მათ დასაჯეს ადამიანები, რომლებმაც ინტერნეტში ნახეს ინფორმაცია და გაუზიარეს სხვებს“.

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების გამო 18 ადამიანი დააკავა. გამოძიებას დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენაც აინტერესებს.

ანი აროშიძის თქმით, პოლიციამ დააკავა, ის პირი ვისგანაც მან მიიღო ჩანაწერი შეტყობინების სახით, და ის ორი ადამიანიც, ვისაც თავად გაუგზავნა ლინკი.

პროკურატურის ინფორმაციით დაკავებულები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

დაკავებული 18 ადამიანიდან პატიმრობა შეეფარდა 3 ანტონ ღლონტს, თემურ ირემაძეს და ზურაბ სოლომნიშვილს, რომელებსაც გამოძიება ფარული ჩანაწერის youtube -ზე განთავსებას ედავება. დანარჩენებს 1000-დან 5000 ლარამდე გირაო.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG