ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი დიდი შედევრის, „ოტელოს“, პერსონაჟზე, იაგოზე. იაგო დამხმარე პერსონაჟი არ არის, იგი ამ პიესის მთავარი პერსონაჟია. იგი შექსპირის გიგანტების - რიჩარდისა და მაკბეტის - გვერდით დგას, როგორც ბოროტება. „ოტელო“ არის ტრაგედია, სადაც პატარა დიდს დაამარცხებს. იაგოს ამოცანაა დაანგრიოს ოცნება, დაანგრიოს წესიერება, პატიოსნება. როდესაც დადგინდება, რომ იაგო ხლართავს შეთქმულებას ოტელოს გასაწირად, მის ხასიათში ჩანს ცვლილებები. აი, იაგოს სიტყვები: „მავრს თავისუფალი და ღია ხასიათი აქვს, რომელიც ადამიანებს პატიოსნებად მიიჩნევს... მე არა.“ იაგომ შეისწავლა ოტელო და მის სისუსტეს უტევს. ევრიპიდეს იასონისა არ იყოს, იგი დეზდემონას სიკეთეს, ყველაზე კარგს, რაც ამ ახალგაზრდა ქალს აქვს, სიყვარულს ბოროტებად „უსაღებს“ „პატრონს“. უმადური იასონი მედეას მუდამ მამის, აიეტის, ღალატს აყვედრის, ხოლო იაგო დეზდემონას გულწრფელ სიყვარულს ასევე მამის ღალატად უხატავს ოტელოს. იაგოს არ გააჩნია მასშტაბი, იგი მცირე კაცია, ბოროტების ჩემპიონი არ არის, მაგრამ იმდენი მაინც შეუძლია, რომ მთელი პიესის მანძილზე ოტელომ ის „პატიოსან იაგოდ“ მოისხსენიოს. იაგოს ხსენებისას შექსპირი მუდმივად ირონიას მიმართავს. პიესის ერთ-ერთი ყველაზე ირონიული ასპექტი ისაა, რომ ოტელო ძალიან ენდობა იაგოს, რომელიც ყველაზე მეტს ტყუის და სინამდვილეში ოტელოს წინააღმდეგ მუშაობს. როდესაც იაგოს ხშირად უწოდებს პატიოსანს, აქ მჟღავნდება ირონია, რადგან ჩვენ წინაშეა პერსონაჟი, რომელიც არასოდეს და არავისთან - არც პატრონთან, არც მეუღლესთან, არც მეგობართან და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც თანამზრახველთან - არ არის პატიოსანი. შეიძლება ითქვას, რომ შექსპირის უამრავი პერსონაჟიდან იაგო ყველაზე ეგოისტი არამზადაა.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: