ოპოზიცია ამის უკან მმართველი „ქართული ოცნების“ ლიდერის ინტერესებს ხედავს - ბიძინა ივანიშვილი ოფშორებიდან საქართველოში საკუთარ აქტივებს დაუბეგრავად შემოიტანს. 4.9 მილიარდი დოლარის [Forbes-ის მიხედვით] ქონების მფლობელი ივანიშვილი რა ნაწილს ინახავს ოფშორებში, ცნობილი არ არის.
“ქართული ოცნების” დამფუძნებელი ოფშორებში 20 კომპანიას ფლობდა, - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს 2021 წელს მომზადებული კვლევა. ოპოზიცია და ანალიტიკოსების ნაწილი ასევე შიშობენ, რომ ოფშორული კომპანიებისთვის გაუქმებული გადასახადებით „ფულის გათეთრების” რისკი იზრდება.
“ფულის გათეთრების” რისკს გამორიცხავს კანონპროექტის ავტორი და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე. ის ამბობს, რომ ოფშორულ ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიების საქართველოში შემოსვლა “გამჭვირვალე იქნება“.
ამ მასალაში ვარკვევთ:
- რამდენად გამჭვირვალე იქნება ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის პროცესი?
- ვინ გააკონტროლებს კომპანიებს, რომლებიც აქტივებს საქართველოში შემოიტანენ?
- დარჩება თუ არა ქვეყანა მოგებული?
რა შეიცვალა?
უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე [წილი/აქცია] საქართველოში რეგისტრირებული საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში კომპანია ორი ტიპის - საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება. უფრო მარტივად - აქტივის ოფშორიდან ქართულ იურიდიულ პირზე გადაფორმება არ დაიბეგრება.
იმ შემთხვევაში, თუ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას სხვადასხვა ტიპის აქტივი გააჩნია: თვითმფრინავი, ავტომობილი, საქართველოში მათი გადმოტანის დროს იმპორტის გადასახადს არ გადაიხდის. თუმცა კანონი გავრცელდება მხოლოდ მისი მიღების დროს არსებულ აქტივზე და არა შემდეგ შეძენილზე.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს საქართველოში მოგების გადასახადი 15%, საშემოსავლო - 20%, ხოლო იმპორტის გადასახადი 5% ან 12%-ია [საქონლის სახეობების მიხედვით განსხვავდება], საკმაოდ დიდი შეღავათი გამოდის.
ოფშორული კომპანიები შეღავათებით 2028 წლის იანვრამდე ისარგებლებენ.
“საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ლეგალურად პირთა ჯგუფს ასე თავი აერიდებინოს გადასახადებისთვის, თან ამ ოდენობით, არასდროს მომხდარა. ისინი ისარგებლებენ პირადად და საზოგადოებისთვის არანაირი ღირებულება არ ექნება”, - გვეუბნება ფინანსისტი პაატა შურღაია.
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ქვეყანაში „შავი ფული” რომ არ მოხვდეს, ეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოვალეობაა, რადგან მისი ძირითადი ფუნქცია უკანონო შემოსავლების აღმოჩენა და მათი ლეგალიზაციის პრევენციაა.
“ვფიქრობ, ეს სამსახური ნებისმიერ შემთხვევაში შეამოწმებს, სანქცირებულები ხომ არ არიან ეს პირები. თუ გასაჯაროვდება ამ პირებზე ინფორმაცია, მაგალითად, საქართველოს ეკონომიკაში რა დოვლათი შემოიტანეს, თანხა იქნება ეს თუ საქონელი, ნამდვილად კარგი იქნება. საჭიროა კონტროლი, ეს ფული რომ შემოვა, მერე რაში დაიხარჯება და ხომ არ არის აქ ცუდი მიზნები და ამისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს ყველა ის ფიზიკური პირი, რომელმაც დოვლათი შემოიტანა”, - ამბობს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ ჭელიძე.
„ქართული ოცნების” წარმომადგენელი და კანონპროექტის ავტორი ამბობს, რომ “პრობლემას ვერ ხედავს“ პროცესის გამჭვირვალობაში, თუმცა ზუსტად არ იცის ამ პროცესის იურიდიული მხარე.
“არ ვიცი, იურიდიულად როგორ არის გასაჯაროების საკითხი და ვერ გეტყვით, მაგრამ პრობლემას ვერ ვხედავ და ისედაც გაირკვევა ყველაფერი. იურისტი არ ვარ და ვერ გეტყვით, მათი გასაჯაროება შეიძლება თუ არა“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით, 3 ათასამდე ოფშორული კომპანია ფლობს საქართველოში შვილობილ კომპანიას და მმართველ პარტიას უნდა, „[ისინი] საქართველოში იყოს გადმოსული და გამჭვირვალე”.
“საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის კონკრეტული ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას, შესაბამისად, საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს კანონის დარღვევას”, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ფინანსთა სამინისტროში.
“ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს უცხოურ ინვესტიციებზე, თავად აქვეყნებენ [მთავრობა], როგორც კარგი ქმედების შედეგს. როცა ვითხოვთ ამ გადაწყვეტილების ბენეფიციარი ვინ იქნება, რა სარგებელს მივიღებთ და აპრიორი გვეუბნებიან, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია, ნიშნავს იმას, რომ ეს ქვეყანაში ეკონომიკური დოვლათის შექმნას არ ემსახურება”, - აცხადებს ფინანსისტი პაატა შურღაია.
რა არის ოფშორი?
„ქართული ოცნების” წევრები ამბობენ, რომ ოფშორებიდან საქართველოში ხშირად ხვდება უცხოური ინვესტიციები. ოფშორული კომპანიები აქ რეგისტრირებულ შვილობილ ფირმებს იყენებენ.
ოფშორი ისეთი ქვეყანაა, სადაც ბიზნესის შეღავათიანი დაბეგვრა მუშაობს. მათ, ვისაც სურთ გაექცნენ სახელმწიფო ბიუროკრატიას, დეტალურ სამართლებრივ კონტროლსა და გადასახადების ნაწილს, ოფშორი საუკეთესო ადგილია.
ასეთი სამართლებრივი სისტემა მომგებიანია. გარდა იმისა, რომ კომპანიები იქ რეგისტრაციაში ფულს იხდიან, ოფშორებში უცხოურ კომპანიებს ადგილობრივი ფირმები ემსახურებიან და გამოყენება სავალდებულოა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, ბიზნესის ნაწილისთვის ოფშორის გამოყენების მთავარი მიზეზი კონფიდენციალობა და ფულის წარმომავლობის გადამოწმების დაბალი სტანდარტებია, თუმცა, ეს იმავდროულად ფულის „გათეთრების“ შესაძლებლობას ამარტივებს.
ოფშორებს ხშირად იყენებენ როგორც მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, ისე სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც ბიზნესსაქმიანობა ეკრძალებათ ან ეზღუდებათ. ამის ნათელი მაგალითი იყო „საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის“ მიერ გამოქვეყნებული „პანამის დოკუმენტები“.
“ათწლეულების განმავლობაში ოფშორში რეგისტრაციაზე ორი მთავარი მოტივაცია არსებობდა: პირველი - იდენტობა დაგემალა და გადასახადების რეჟიმიც გაცილებით შეღავათიანი იყო. ჭრელი სურათია ოფშორებში და ასე ვერ იტყვი, რომ ყველა, ვინც ოფშორშია, კრიმინალია”, - გვეუბნება ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.
ეფექტი საქართველოზე
ცვლილებების ინიციატორები ირწმუნებიან, რომ ოფშორებიდან აქ ბიზნესის გადმოტანა ეკონომიკას წაადგება. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ინვესტიციების ზრდას ელოდება.
კანონის ავტორს პაატა კვიჟინაძეს ვკითხეთ, რა პერიოდში იგრძნობს ქვეყნის ეკონომიკა ამ ცვლილებებით გამოწვეულ “დადებით ეფექტს”. როგორც ამბობს, “გარკვეული შედეგი” წელსვე გამოჩნდება, მაგრამ შემდეგ წლებში უფრო მზარდი იქნება.
“არ ვიცი, შეიძლება ვიღაც მზად არის, ახლავე გადმოვიდეს და ალბათ მაგნაირებიც იქნებიან… გარკვეული პროცედურები დასჭირდებათ ალბათ. სწორი გითხრათ, პიროვნულად არავისთან მქონია არც საუბარი და არც შეხვედრა. ნაკლებად ვიცნობ მაგ საზოგადოებას. ერთი ვიცი, რომ მინდა საქართველოში რაც შეიძლება მეტი ფული შემოვიდეს და რაც შეიძლება მეტად გამჭვირვალე იყოს. ეს იყო ეს კანონი, მეტი არაფერი”, - ამბობს კვიჟინაძე, რომელიც ამჟამად საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატია. ის “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის მერე პარლამენტშია.
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ეკონომიკურ სარგებელს ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ინვესტიციების მოზიდვა სხვა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის - დამოუკიდებელ სასამართლოზე, თავისუფალ ინსტიტუტებზე.
“სინამდვილეში ეს კანონი კიდევ უფრო საეჭვოს ხდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას. ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს არის ერთი მდიდარი ადამიანის მიერ კონტროლირებადი ქვეყანა, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს როგორც პარლამენტზე, ისე სასამართლოზე, მთავრობაზე და ა.შ. ამიტომ მათთვის [ინვესტორებისთვის] საქართველოში შემოსვლა, დიდი ალბათობით, მომხიბლავი არ იქნება, მიუხედავად საგადასახადო შეღავათების”, - ამბობს ის და ამატებს, რომ ივანიშვილი იძულებულია საკუთარი დოვლათის გარკვეული ნაწილი საქართველოში შემოიტანოს.
“მე თუ მკითხავთ, ამას ქართულ ეკონომიკაზე დიდი გავლენა არ ექნება. ზოგადად ასეთი კანონი ცუდი არ არის მაშინ, როცა გაქვს გამჭვირვალე პოლიტიკური პროცესი, სახელმწიფო ერთი ადამიანის მიერ მიტაცებული არ არის, სასამართლო დამოუკიდებელია, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასეთ ეკონომიკურ ინიციატივას ეფექტი ექნება”, - ამბობს ის.
ლიბერალური პარტია "გირჩი" წლებია ქვეყანაში გადასახადების შემცირებას ითხოვს. მისი წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ ეს ცვლილება ინვესტიციების მოზიდვასთან არაფერ კავშირში არაა:
“ინვესტიციურ კლიმატს რომ აუმჯობესებ, ამას აკეთებ სულ და არა ორი წლით და ვიღაცეებისთვის. რეალურად ხომ გასაგებია, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეხება. ეს ხალხი ფულს შემოიტანს, მერე პარტიას ჩაურიცხავს თავის წილს და ამით დამთავრდება მთელი ეს ისტორია“.