Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასტერილური საოპერაციოები, სისხლიანი თეთრეული - ომბუდსმენმა საავადმყოფოები შეამოწმა


გამოყენებული ინსტრუმენტების მოთავსებისა და ნარჩენების მართვის წესების დარღვევის ფაქტი სახალხო დამცველილს ანგარიშიდან
გამოყენებული ინსტრუმენტების მოთავსებისა და ნარჩენების მართვის წესების დარღვევის ფაქტი სახალხო დამცველილს ანგარიშიდან

ჟანგიანი ინსტრუმენტები, ცუდად გარეცხილი თეთრეული, იატაკზე დაყრილი ინვენტარი… სახალხო დამცველის აპარატმა 9 საავადმყოფო შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ ამ კლინიკებში ჰიგიენური ნორმები არა მხოლოდ პაციენტის, ექიმების ჯანმრთელობისთვისაც საშიშია.

ომბუდსმენმა თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში თითო-თითო საავადმყოფო შეამოწმა, სამეგრელოში - ორი, საწოლების რაოდენობა - 40-დან 220-მდე. ყველას ჰქონდა ქირურგიული განყოფილება.

კონკრეტულად რომელი საავადმყოფოები შეამოწმეს, სახალხო დამცველის ოფისში არ ამბობენ. ყველა კლინიკა, სადაც პრობლემები აღმოჩნდა, მანამდე ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა შემოწმებული.

„რაღაც დარღვევები სამინისტროსაც ჰქონდა გამოვლენილი, მაგრამ ჩვენ კიდევ სხვა პრობლემებიც აღმოვაჩინეთ“, - ამბობს ლიკა წიკლაური, სახალხო დამცველის წარმომადგენელი. მისი თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე მწვავე პრობლემა:

  • სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაცია
  • გაუმართავი ვენტილაცია, რაც ინფექციების გავრცელების წყაროა
  • საოპერაციოს აღჭურვილობის ზედაპირის დარღვეული მთლიანობა

სახალხო დამცველის აპარატმა აღმოაჩინა 25 შემთხვევა, როდესაც საოპერაციო მაგიდა დაზიანებული იყო, ჰქონდა ღრმულები და კოროზია. ოპერაციის დროს ასეთი ზედაპირი სისხლით და სხვა ბიოლოგიური სითხეებით ბინძურდება, რაც ინფექციის წყაროა.

დაზიანებული და კოროზირებული ზედაპირები (სახალხო დამცველის ანგარიში)
დაზიანებული და კოროზირებული ზედაპირები (სახალხო დამცველის ანგარიში)

„ერთ-ერთ დაწესებულებაში მონიტორინგის ჯგუფი შეესწრო დასრულებულ ოპერაციას. ახალნაოპერაციები პაციენტი ჯერ კიდევ ადგილზე, საოპერაციო მაგიდაზე იმყოფებოდა. მის ჭრილობაზე მილით შეერთებული დრენაჟის რეზერვუარი იატაკზე იდო, პერსონალი კი, ამ დროს ცოცხით გვიდა საოპერაციოს. ფანჯრის რაფაზე ქაოსურად, მოთავსების წესების დაუცველად ეწყო გამოყენებული სამედიცინო ინსტრუმენტები და ინვენტარი. გახსნილი ინსტრუმენტები ეწყო იატაკზე, საოფისე მაგიდებსა და სკამებზეც“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

შესწავლამ აჩვენა, რომ არცერთ საავადმყოფოში მედპერსონალი წესიერად არ იცავდა ხელების ჰიგიენას. ცხრიდან ხუთ დაწესებულებაში უხეშად ირღვეოდა ინსტრუმენტების სტერილიზაციის წესები.

გაუმართავი საშხაპე და უნიტაზი (სახალხო დამცველის ანგარიში)
გაუმართავი საშხაპე და უნიტაზი (სახალხო დამცველის ანგარიში)

შვიდმა დაწესებულებამ ვერ წარმოადგინა წყლის ავზის დამუშავების დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთ-ერთი საავადმყოფოს ავზი შემოწმების მომენტში ჟანგიანი იყო და არავინ იცოდა, ბოლოს როდის გაიწმინდა. ზოგან ხელსაბანები არ ვარგოდა, ერთ საოპერაციოში თხევადი საპონი არ დახვდათ.

სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულია ისიც, რომ საავადმყოფოს მორგების მოწყობა ხარვეზიანია, იმის გამოც, რომ სტანდარტები არ არის შემუშავებული, მაგალითად ის, რომ ოთახებს, სადაც გარდაცვლილი პაციენტები ჰყავთ, ტრაპი უნდა ჰქონდეს.

თეთრეულზე სისხლის და შარდის ლაქები

მონიტორინგის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ საავადმყოფოს თეთრეულს თანამედროვე სტანდარტებით არ რეცხავენ. მრეცხავი თავად წყვეტს, რა დოზით იხმაროს ქლორი თუ სხვა სადეზინფექციო საშუალება. ხშირად თეთრეული ირეცხება ჩქარი რეცხვის რეჟიმზე, ზერელედ, ხანდახან თხევადი საპნით და არა სარეცხი საშუალებით. შესწავლისას „გარეცხილ“ თეთრეულზე აღმოჩნდა სისხლის, შარდის, ლიმფის ლაქები. ირღვევა თეთრეულის გაშრობისა და დაუთოების წესებიც. თეთრეული შრება თოკებზე, აუთოებენ საყოფაცხოვრებო უთოთი.

საავადმყოფო - ინფექციის წყარო

საავადმყოფოები ინფექციის გადატანის ერთ-ერთი წყაროა, ეს კი - პაციენტების სიკვდილიანობის მიზეზი. სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი მონაცემების თანახმად, თუკი განვითარებულ ქვეყნებში საავადმყოფოში წოლის გამო ინფექციები უვითარდება პაციენტების 5-15%-ს, საქართველოსა და მსგავს ქვეყნებში ეს რიცხვი 15-19%-ს აღწევს.

სახალხო დამცველის აპარატმა მონიტორინგის შედეგები რეკომენდაციებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა. ჯანდაცვის სამინისტრო რადიო თავისუფლებას ამ თემაზე კომენტარს არ აძლევს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG