Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოლიგარქის პერსონალური ვენდეტა" - ევროპარლამენტი სააკაშვილზე რეზოლუციას ამზადებს


ევროპარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, რომლითაც კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება. დოკუმენტის შესწორებაში ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობას “ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა” უწოდეს.

15 თებერვალს, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ევროპელი დეპუტატები კენჭს უყრიან რეზოლუციას, “საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე”.

პატიმრებთან, კერძოდ, სააკაშვილთან “მოპყრობა ლაკმუსის ტესტია იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ერთგულია საქართველოს ხელისუფლება ევროპული ღირებულებების და ევროპისკენ მის მიერ გაცხადებული სწრაფვის. მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების”, - ნათქვამია დოკუმენტში.

ავტორების უმეტესობა წარმოადგენს ორ პოლიტიკურ გაერთიანებას: "ევროპის სახალხო პარტიას", რომელსაც პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი უკავია და "ევროპის მწვანეთა პოლიტიკურ ალიანსს". ისინი წერენ, რომ სააკაშვილის სიკვდილი ციხეში იქნება “დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის" და დააზიანებს როგორც საქართველოს რეპუტაციას, ისე მის პერსპექტივას, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

დოკუმენტის თანახმად, სააკაშვილის პატიმრობა აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას, მისი საქმე კი აჩვენებს საქართველოში “მართლმსაჯულების ნამდვილი რეფორმის ჩატარების აუცილებლობას”. ავტორები შეახსენებენ მმართველ გუნდს, რომ “მიუღებელი განცხადებები გააკეთა” სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. არადა, მესამე პრეზიდენტის მკურნალობა ახლა ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

დეპუტატები მიმართავენ ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს, ევროპულ საბჭოსაც. მას სთხოვენ, ამიერიდან ყურადღებით დააკვირდეს სააკაშვილის სასამართლოს სხდომებს და დაეხმაროს იმაში, რომ მკურნალობა უცხოეთში გააგრძელოს.

კრიტიკული შესწორებები

დოკუმენტის შესწორებაში, რომელსაც კენჭს ცალკე უყრიან, წერია, რომ სააკაშვილის პატიმრობა "ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პერსონალური ვენდეტის ნაწილია". დეპუტატები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, განიხილოს “ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის” სანქციების დაწესება, რადგან მას “პერსონალური წვლილი” მიუძღვის იმაში, რომ “საქართველოში დემოკრატია სუსტდება”.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ევროპის პარლამენტი სააკაშვილისთვის მკურნალობას, ივანიშვილისთვის კი სანქციებს ითხოვს და მას ოლიგარქს უწოდებს. დემოკრატიის შესუსტებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობებზე ლაპარაკი იყო ორი თვის წინ მიღებულ რეზოლუციაშიც (430 მომხრე, 52 წინააღმდეგი).

სანქციები და სიტყვა "ოლიგარქი" იმ რეზოლუციაშიც შესწორებებმა გააჩინეს. იმ შესწორებებზე კენჭისყრისას, რომელიც მმართველ გუნდს და ივანიშვილს აკრიტიკებს, ევროპარლამენტი, როგორც წესი, ნაკლებად ერთსულოვანია ხოლმე.

მაგალითად, 2022 წლის 14 დეკემბერს, "ქართული ოცნების" დამაარსებლისთვის სანქციების დაწესებას მხოლოდ 275 დეპუტატი დაეთანხმა, 212 კი წინააღმდეგი იყო. 132-მა თავი შეიკავა.

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 2021 წლის 1 ოქტომბერს დააპატიმრეს. 2022 წლის 12 მაისიდან ის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ოჯახის წევრები და ადვოკატები დიდი ხანია ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. იმავეზე მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათიის" დასკვნაც, რომელის შედგენაშიც მონაწილეობდა არაერთი სამედიცინო ექსპერტი. ოჯახის მოთხოვნაა, რომ სააკაშვილმა მკურნალობა უცხოეთში გააგრძელოს.
  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG