Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი “ტიტანი” - რა უნდა იცოდეთ მასზე


"ტიტანი"
"ტიტანი"

ატლანტის ოკეანეში დაკარგულ წყალქვეშა ნავს მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ. ნავში ჟანგბადის მარაგი უკვე უნდა ამოწურულიყო. მეოთხე დღეს მაშველებმა სავარაუდოდ ნავის ნამსხვრევები იპოვეს, თუმცა ჯერ ვერ დაადგინეს, ისინი "ტიტანს" ეკუთვნის თუ არა.

რა მოხდა?

18 ივნისს, ამერიკული კომპანია OceanGate-ის წყალქვეშა აპარატს, “ტიტანს” ხუთი ადამიანი ცნობილი ხომალდის, “ტიტანიკის” ფრაგმენტების დასათვალიერებლად ჩაჰყავდა. “ტიტანიკი” 1912 წელს, ატლანტის ოკეანში, აისბერგთან შეჯახების გამო ჩაიძირა.

ფრაგმენტების სანახავად, ექსპედიცია დაახლოებით 4 ათასი მეტრის სიღრმეზე უნდა ჩასულიყო. მაგრამ მისი დაწყებიდან დაახლოებით საათ-ნახევარში, აპარატთან კავშირი შეწყდა. იქიდან მოყოლებული, მაშველები ხომალდს ვერ პოულობენ.

როგორია ეკიპაჟის გადარჩენის შანსები?

მცირე - შიშობენ ექსპერტები. უცნობია, სადაა ახლა აპარატი, ოკეანის ზედაპირზე თუ ფსკერზე. ამიტომ, მის პოვნას რამდენიმე კვირაც კი შეიძლება დასჭირდეს.

ეკიპაჟს ამდენი დრო არ აქვს, რადგან ნავში ჟანგბადის მარაგი მხოლოდ 96 საათზე იყო გათვლილი. მართალია, ჟანგბადის ეკონომიის სხვადასხვა გზები არსებობს (მაგალითად, მოდუნება და მშვიდი სუნთქვა), მაგრამ აშშ-ის სანაპირო დაცვა ვარაუდობს, რომ ის უკვე უნდა ამოწურულიყო.

ზედაპირზე ეძებენ აშშ-ის და კანადის სანაპირო დაცვის, და კერძო ხომალდები. ოკეანის ფსკერზე ძებნა კიდევ უფრო რთულია, რადგან ოთხი კილომეტრის სიღრმეზე რადიოსიგნალები თითქმის ვერ აღწევს.

ძებნაში ჩართულია სამი თვითმფრინავიც, რომლებიც წყალში სპეციალურ ტივტივებს ყრიან. ამ ტივტივების ნაწილი “იჭერს” ხმებს, მაგალითად, ძრავის მუშაობას. მეორე ნაწილი კი აკუსტიკურ სიგნალებს წყალქვეშ “ეძებს”.

თუკი “ტიტანმა” ამოყვინთა, მას მარტივად გადაარჩენენ. “მათ აქვთ რადიოგადამცემები, GPS და რადარის ამრეკლავები, რომლებიც მაშველებს ნავის პოვნაში დაეხმარებათ”, - უთხრა “ბიბისის” ავსტრალიელმა წყალქვეშა ნავების ექსპერტმა, ფრენკ ოუენმა.

გამოცემა წერს, რომ თუ აპარატი ოკეანის ფსკერზე გაიჭედა, მისი ამოყვანა "თითქმის შეუძლებელი" იქნება. წყალქვეშა ნავების გადასარჩენად შექმნილი აპარატები, 200 მეტრზე ღრმად ვერ ჩადიან, რადგან წნევას ვერ უძლებენ.

თუმცა, მაგალითად, ამერიკის შეიარაღებულ ძალებს აქვს წყალქვეშა დრონი, Victor 6000, რომელმაც შარშან, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, თვითმფრინავი 3780 მეტრის სიღრმიდან ამოიყვანა.

როგორია “ტიტანი”?

“ტიტანი” ექსპერიმენტული წყალქვეშა ნავია. მისი სიგრძე 6,7 მეტრია, სიგანე 2,8 მეტრი, სიმაღლე 2,5. მას არ აქვს საჭე, იმართება გაუმჯობესებული ჯოისტიკით, რომელიც თავდაპირველად კომპიუტერული თამაშებისთვის იყო შექმნილი.

აპარატის კორპუსი ნახშირბადის ბოჭკოსგანაა. სწორედ ამ მასალის წყალობით უძლებს ის წნევას. OceanGate-მა აპარატი სპეციალურად “ტიტანიკის” დასათვალიერებლად შექმნა. ამ “ექსკურსიაზე” ერთი ადგილი 250 ათასი დოლარი ღირს. პირველი მოგზაურობა 2021 წელს მოეწყო.

ეჭვები იმაზე, უსაფრთხოა თუ არა "ტიტანი", ჯერ კიდევ 2018 წელს გამოთქვა დევიდ ლოკრიჯმა, რომელიც მაშინ OceanGate-ის საზღვაო ოპერაციების დირექტორი იყო.

გამოცემა “ნიუ-იორკ ტაიმსის” თანახმად, ლოკრიჯის ანგარიშში ეწერა, რომ 1300 მეტრზე ქვემოთ “ტიტანის” ილუმინატორმა წნევას შეიძლება ვერ გაუძლოს. გარდა ამისა, ჯერ კარგად არ იყო შესწავლილი, თუ რამდენად იცვითება ნახშირბადის ბოჭკო წნევისგან.

რა შეიძლება მომხდარიყო?

ექსპერტები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ.

ერთ-ერთის თანახმად, “ტიტანის” კორპუსი გაცვეთილი იყო და წნევას ვერ გაუძლო, რამაც ნავი გაჭყლიტა. კიდევ ერთი ვარიანტია, რომ ნავი “ტიტანიკის” რომელიმე ფრაგმენტებს დაეჯახა და მასში გაიჭედა. მესამე ვერსიის თანახმად, ნავში უბრალოდ კავშირი დაზიანდა და აპარატმა ოკეანის ზედაპირზე ამოყვინთა, სადაც ახლა მაშველებს ელოდება.

ვინ არიან მგზავრები?

58 წლის ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში სამჯერ მოხვდა. მაგალითად, 2021 წელს იმისთვის, რომ მარიანას ღრმულის ფსკერზე, 11 ათასი მეტრის სიღრმეზე ჩავიდა, იქ 4 საათი და 15 წუთი გაატარა.

48 წლის პაკისტანელი ბიზნესმენი შახზადა დავუდი, ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. მასთან ერთადაა მისი 19 წლის შვილი, სულემანი.

61 წლის სტოკტონ რაში, OceanGate-ის დამფუძნებელი. “ნიუ-იორკ ტაიმსი” წერს, რომ მისი ცოლი, ვენდი “ტიტანიკზე” დაღუპული ორი მგზავრის შთამომავალია.

77 წლის ფრანგი მკვლევარი, პოლ-ანრი ნარჟოლე. ეს “ტიტანიკთან” მისი 36-ე ჩასვლა იყო.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG