გეტა ბოლნისის რაიონის სოფელია - ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული. წელიწადში ერთხელ გეტაში „კარგი ამბების“ დღე დგება. ამ დღეს პირად საქმეებზე არ ლაპარაკობენ და რამე ზოგადსა და კარგს განიხილავენ, რადგან საუბარს შეიძლება კარზე აკრული მეზობელი უსმენდეს. ეს ნოვრუზ ბაირამის ერთ-ერთი ტრადიციაა.
„მაგალითად, ვიღაცას უნდა გაიგოს, ინსტიტუტში ჩააბარებს თუ არა. ღამე ჩუმად მივა მეზობლის სახლთან და მოუსმენს, სახლში რას ლაპარაკობენ. თუ კარგ რამეს ამბობენ, ესე იგი ჩააბარებს, თუ არა - არა. ამიტომ, ყველა ცდილობს ბაირამობა დღეს ცუდი არაფერი თქვას. მე არ მიმკითხავია ასე, მაგრამ დედაჩემმა გააკეთა ერთხელ. არ გაუმართლა. მეზობელი თურმე ტელევიზორს უყურებდა, რაღაცაზე გაბრაზდა და ლანძღვა დაიწყო“, - ამბობს გეტის მკვიდრი სონა თარვერდიევი.
ნოვრუზი ახალ დღეს, ბაირამი კი დღესასწაულს ნიშნავს. ამ უძველეს დღესასწაულს ეთნიკური აზერბაიჯანელები და სხვა თურქულენოვანი ერები გაზაფხულის ბუნიაობაზე აღნიშნავენ.
„ნოვრუზ ბაირამზე ყველაზე მეტად ზოროასტრიზმმა იმოქმედა. მისი მთავარი ატრიბუტი იყო ცეცხლი - მზის სიმბოლო და ჯეჯილი - განახლების სიმბოლო. ინდური ფილოსოფიისგან მიიღო ოთხი ელემენტის (ცეცხლი, წყალი, ჰაერი, მიწა) პრინციპი. 21 მარტამდე წინა სამშაბათები ამ ელემენტების გაღვიძების დროდ მიიჩნევა, რასაც გაზაფხულის დღეღამსწორობა მოსდევს. ირანში კალენდარი ამ დღიდან იწყება“, - ამბობს ორგანიზაცია „სალამის“ წევრი ოქტაი კაზუმოვი.
ნოვრუზ ბაირამისთვის მზადება ერთი თვით ადრე იწყება. „ყოველ სამშაბათ საღამოს ეზოში ცეცხლს ვანთებთ, ფლავს ვაკეთებთ, ლავაშებს ვაცხობთ, ფახლავაც აუცილებელია“, - ამბობს სევინჯ ჯალილოვა.
უკვე 21 მარტს, ბაირამობა დღეს ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება. სოფელი საერთო სუფრასაც შლის, ამისთვის კომლზე 20-30 ლარს აგროვებენ.
ქალები საჭმლის კეთებას რამდენიმე დღით ადრე იწყებენ. დიდი ქვაბები გამოაქვთ, უზარმაზარ ჭურჭელში ჩაის ადუღებენ.
ბაირამობა გეტაში წელსაც აღნიშნეს. პური გამოაცხვეს, მწვადი შეწვეს, ტოლმა გააკეთეს. ხონჩებიც გაამზადეს - კალათები ჯეჯილით, წითელი კვერცხებით, ხილითა და ტკბილეულობით.
„თუ ოჯახში გოგო არის დანიშნული, ხონჩა სიძის ოჯახს მოაქვს. ხონჩაში შაქარბურა, გოღალი და ფახლავაა“, - ამბობს სონა თარვერდიევი.
სოფლის შუაგულში კოცონს ანთებენ. ადრე ამ კოცონს ახტებოდნენ კიდეც. ეს წარმართული ტრადიციაა და ცეცხლში გასვლას, ცეცხლით გაწმენდას განასახიერებს.
ბევრს ჰგონია, რომ ნოვრუზ ბაირამი რელიგიური დღესასწაულია. მაგრამ დღეს მას რელიგიასთან აღარაფერი აკავშირებს. სოფლის მცხოვრებლები ძირითადად ისლამის მიმდევრები არიან. ორიოდე წლის წინ სოფელში მეჩეთიც ააშენეს. ოღონდ ამ მეჩეთს სახლის ფორმა აქვს.
„არ მოგვცეს ნებართვა, რომ მეჩეთი მეჩეთის ფორმის ყოფილიყო. ბოლნისის მერიაში შევიტანეთ განცხადება, უარი მოგვივიდა, მიზეზი განმარტებული არ იყო. მერე ასე სახლის ფორმის ავაშენეთ და აქ ვლოცულობთ“, - ამბობს ადგილობრივი სანან ასლანოვი.
კოცონის დანთების შემდეგ ხალხი საქეიფოდ მიდის. მაგიდაზე ალკოჰოლის ნაცვლად ჩაია, მაგრამ ამის გამო მხიარულება კიდევ უფრო მატულობს, რადგან ხალხი სუფრიდან მალევე დგება და ცეკვაზე გადადის.
ზეიმის ერთ-ერთი ატრიბუტი აშუღური სიმღერებია. გეტას თავისი აშუღი ჰყავს - ამილ თარვერდიევი. ის ეროვნულ საკრავზე - საზზე უკრავს.
„მამაჩემის მეგობარმა მაჩუქა ბავშვობაში საზი. ვისწავლე და მას მერე ვუკრავ. აშუღმა ადათი უნდა იცოდეს, დაკვრის მეთოდები, ბევრი ლექსი... მთავარი მაინც სურვილია. მე თვითონაც ვწერ სიმღერებს და ლექსებს, სხვებსაც ვასწავლი საზზე დაკვრას“, - ამბობს ამილ თარვერდიევი.
ნოვრუზ ბაირამს დაახლოებით სამ დღეს აღნიშნავენ, თუმცა დღესასწაულის მთავარი თარიღი მაინც 21 მარტია. დღესასწაულის შემდეგ სოფელი ისევ ყოველდღიურ ცხოვრებას და შრომას უბრუნდება.