ნისიების რვეული თითქმის ყველა პატარა მაღაზიას აქვს. ამ რვეულებში ინახება მთელი უბნის წვრილმანი ვალები - ვინ რამდენი ყველი, ყავა, სიგარეტი და ღვინო წაიღო, რამდენი ლარი აქვს გადასახდელი, რამდენი გადაიხადა, რამდენი დარჩა. აქ ყოველთვე ერთი და იმავე ადამიანების სახელები იწერება. ყოველ მათგანს გამყიდველი სახეზე ცნობს.
კობა თვიდან თვემდე ნისიით ცხოვრობს და ვალს ხელფასის აღებისას ისტუმრებს. ამ დავთარში თითქმის ყოველდღე ხვდება. ახალ ფურცელზე გამყიდველს სპეციალურად მისთვის უკვე ადგილი აქვს დატოვებული, წინასწარ იცის, ბევრჯერ აიღებს ნისიად.
რეკორდსმენი ლადო: ლადოს ყველაზე მეტი ნისია დაუგროვებია, მთელი 858 ლარი.
თაფლი 40ლ. - ამ ქალბატონს ყველაზე ხშირად თაფლი მიაქვს, ამიტომ რაც არ უნდა აიღოს, გამყიდველი მაინც ასე წერს: თაფლი (ანუ თაფლის ქალი) - ამდენი და ამდენი ლარი.
ძველი კოკა - ამ დავთარში კოკა სამია: ძველი, ახალი და, უბრალოდ, კოკა.
ნისიების რვეულებში კლიენტებს ყველაზე ხშირად მეტსახელებით იმახსოვრებენ: ქეთო (დიდი), ანუ ჩვეულებრივი ქეთოც ჰყავთ, მანანა (სათვალიანი); ფეხსაცმელი (ცოლი), ანუ მეწაღის ცოლი; მეგრელი თამილა, გია (გვერდზე მეზობელი), ჯიპიანი კაცი...
მაია, გამყიდველი: „ასეთი რვეული იმდენი მაქვს, სად რას ვაწერ, მეც აღარ ვიცი. მოხუცები პატიოსნად იხდიან. ბიჭები ერთხელ გადაიხდიან, მეორედ და მერე იკარგებიან“.
მოწესრიგებული გამყიდველი რვეულს წინასწარ ხაზავს და ნომრავს.
„თეამ 15 ლარი მომცა“, „ჩემი დათო“... - ნისიების რვეულში ასეთი მინაწერებიცაა. ხალხი ძირითადად უსახსრობის გამო იღებს ამა თუ იმ პროდუქტს ნისიად. უმეტესობა პატიოსნად იხდის, არიან ისეთებიც, ვინც იმალება. ნისია ყველანაირია - ლარიდან დაწყებული ასობით ლარით დამთავრებული. ამ „კრედიტში“ პროცენტს არ გთხოვენ. უბრალოდ, როცა გექნება, უნდა დააბრუნო.