"ლანდშაფტები უნდა იყოს დაცული ადამიანისაგან, ადამიანისთვის, რომ ეს უნიკალურობა შემოვუნახოთ მომავალ თაობებს და რომ მინიმუმ, გვქონდეს წყალი!
ჩვენ გვაქვს უნიკალური ლანდშაფტები, რომლებსაც ნატრობს ყველა ევროპული ქვეყანა!", - აცხადებს ნინო ჩხობაძე "დილის საუბრებში".
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში იხილება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება „ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა“ დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე. „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
„კანონპროექტი, რომელზეც არის საუბარი, ეხება ლანდშაფტებში ენერგოობიექტების მშენებლობას. ეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, გრანდიოზული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს. ჩვენ რატომღაც ვქმნით პირობითად ლანდშაფტს და მეორე დღესვე ვემუქრებით. ლაპარაკია ორ ძალიან საინტერესო ხეობაზე - თრუსოსა და გუდამაყარზე“.
ნინო ჩხობაძე განმარტავს დაცული ლანდშაფტის არსს - რომ ასეთის შემთხვევაში თავისთავად ეკოსისტემაა საინტერესო, იმდენად საინტერესოა რელიეფი, ის ძალიან იზიდავს ტურისტებს, რომლებსაც აინტერესებთ ბუნება და არა მარტო ისტორიული ძეგლები:
„ეს ორი არც თუ იშვიათად შერწყმულია და ორმაგად საინტერესო ხდება. არ შეიძლება 11-12-ე საუკუნის კოშკი გქონდეს და გვერდზე დაუდგა ანძა.
დაცული ლანდშაფტი ნიშნავს ზუსტად ლანდშაფტის შენარჩუნებას და სხვას არაფერს!“
„მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ლაპარაკობს ჰიდროელექტროსადგურების დაგეგმვა-მშენებლობის პროცესების ხარვეზებზე და მიუთითებს ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე - წყლის რესურსის დეგრადაციაზე
„ერთ-ერთი მიზეზი წყლის გაქრობისა არის ინტენსიური მოხმარება ტყეების, მეორე ის, რომ დიდი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა თვითონ ითხოვს გარკვეული რაოდენობის ტყეების გაჩეხვას. ხუდონი ითხოვს დიდი რაოდენობის ტყეების გაჩეხვას პროექტის მიხედვით, რომ ნახოთ. მცირე ჰესებიც პრობლემატური გახდა საქართველოშიც და კავკასიაში მთლიანად. სომხეთში, სადაც მოდინებაზეა გაკეთებული ჰესები, ბევრ შემთხვევაში წყალი საერთოდ გაქრა. იმდენად სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესები, შეიძლება მალე დავკარგოთ შენაკადები, შემორჩენილი ეკოსისტემები, რომლებიც იცავენ წონასწორობას ბუნებაში“.
ვიდრე საქართველოში სერიოზულ და მასშტაბურ საკითხად იქცევა ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენება, ნინო ჩხობაძე ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მიღების მნიშვნელობაზე ლაპარაკობს:
„რა გახდა ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მიღება, ჩემთვის გაუგებარია! ყველა ვალდებულებით გვევალება ასეთი კანონის მიღება. საჯაროც კი არ არის კანონპროექტი, რომ გავეცნოთ არასამთავრობოები და კონკრეტული წინადადებები შევიტანოთ. ენერგიის დაზოგვა რეალურად წაგვწევს წინ“.
გარემოს დამცველი გამოხატავს სინანულს, რომ საქართველო კვლავაც მისდევს მეოცე საუკუნის და არა ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც შესაბამის ცოდნას და კვლევას საჭიროებს:
„ძალიან მივესალმები, როცა ეკონომიკის სამინისტრო იწყებს ლაპარაკს ბიომასის გამოყენებაზე თბოენერგიისთვის, როცა ვლაპარაკობთ ჰელიოსისტემების გაკეთებაზე. მაინც ვფიქრობ, რომ ეს ცოტაა. რატომ არ შეიძლება მივდიოთ იმ ტექნოლოგიებს, რასაც ისრაელმა, ისლანდიამ და ირლანდიამ მისდიეს? გამოიყენეს მზე, მართლა „ჩართეს“ მზე. კანადაშიც კი მზეს იყენებენ, ნორვეგიაშიც, რომ არ მოხდეს წიაღისეული ენერგომატარებლების მოხმარება“.
რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურების დაგეგმვა-მშენებლობის მიმდინარე პროცესებს, ნინო ჩხობაძე საბჭოთა წარსულამდე მიდის:
„ეს არის ე.წ. მაშინდელი „გოელროს“ გეგმა, რომელიც კეთდებოდა რუსეთში, მაგრამ გადმოვიდა საბჭოთა საქართველოში და იყო მცდელობა ყველგან ჰიდროელექტროსადგურის აშენების. ყველა ის პროექტი, რომელიც დღევანდელ საქართველოში მიმდინარეობს, გაგეცინებათ, მაგრამ არის დაახლოებით ან 1936 წლით დათარიღებული, ან 1940-ით, ან გაკეთებულია 1950-იან წლებში“.
და კვლავ წყლის დეფიციტზე:
„წელს იმდენად ცოტაა ნალექი ზოგადად, დიდი მდინარეებიც კი პატარა ღელეებად იქცევიან. კლიმატის ცვლილების დროს შეიძლება ერთ დღეში მოვიდეს იმდენი ხარჯი, რაც მთელი კვარტალის განმავლობაში უნდა მოსულიყო. თუ ასეთი მოხდა, სამწუხაროდ, იწვევს წყალდიდობას. ვერ გავექცევით ამ სინამდვილეს. პატარა ხეობებს და წყაროებს ეს ძალიან კარგად ეტყობა. ძალიან ბევრ სოფელში, დასავლეთ საქართველოში მითხრეს, რომ მოუწიათ ჭებში თოკების დაგრძელება. ეს არის უკვე პრობლემა და ჯობია ამას მივხედოთ, ვიდრე სხვა რამე ვაკეთოთ“.
საუბრის დასასრულს ნინო ჩხობაძე გამოთქვამს წუხილს ისეთი უნიკალური ენერგორესურსის გამოუყენებლობის გამო, როგორიც თერმული წყალია:
„გვაქვს ეს მარაგი და შეგვიძლია გამოვიყენოთ თბილისსა თუ სამეგრელოში. კარგად მახსოვს ერთი კომპანია ნავთობს ეძებდა გურიაში და მიიღეს ცხელი წყალი“.