Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"...გვექნება ზუსტი ინფორმაცია პერსონებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც ასპონსორებდნენ და აქვეყნებდნენ ამ პოსტებს"


ნინო რიჟამაძე, ISFED-ის იურისტი
ნინო რიჟამაძე, ISFED-ის იურისტი

„ეს არ არის უბრალო საკითხი, რომლის გაუფერულებასაც ცდილობენ თავიანთი კომენტარებით მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა დღეს ქართული დემოკრატიისთვის და, სამწუხაროდ, ეს შიდადეზინფორმაციული ოპერაცია ძალიან ნოყიერ ნიადაგს ამზადებს რუსული დეზინფორმაციისთვისაც საქართველოში“, - ასე ეხმაურება „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) იურისტი, ნინო რიჟამაძე, ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციას „ფეისბუკის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე - წაეშალა ასეულობით ყალბი ქართულენოვანი ანგარიში და გვერდი.

რა იყო „ფეისბუკისთვის“ ამოსავალი?

„„ფეისბუკის“ ამოცანაა, რომ „ფეისბუკ“-პლატფორმა არ იყოს გამოყენებული დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოსათხრელად როგორც გარე აქტორების, ისე შიდა აქტორების მიერ და ამომრჩეველი და „ფეისბუკ“-მომხმარებელი არ იქცეს სამიზნედ და არ იყოს მასობრივად მოტყუებული ამ ბოროტი აქტორების მიერ...

„ფეისბუკი“ არ შლის გვერდებს შინაარსის გამო. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ შეინიშნება პირადი ანგარიშების და გვერდების ქსელი, რომელიც მიზანმიმართულად მოქმედებს ისე, რომ შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი. სწორედ ეს დაინახა „ფეისბუკმა“ და ამ ოპერაციის ფარგლებში წაშალა ამ ოდენობის ანგარიშები“, - განმარტავს ნინო რიჟამაძე.

ISFED-ი ინტენსიურად აკვირდება და სწავლობს სოციალურ ქსელებში მიმდინარე კამპანიებს, რომლებიც გამიზნულია ამა თუ იმ პირის ან ორგანიზაციის დისკრედიტაციისთვის. ორგანიზაციის იურისტი ჰყვება, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სოციალურ ქსელში შენიშნეს კოორდინირებული კამპანია ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ. ყალბი გვერდები მოჩვენებით ცდილობდნენ მის მხარდამჭერად გაესაღებინათ თავი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი ISFED-მა ჩათვალა, რომ საარჩევნო პროცესზე დაკვირვება ვერ იქნებოდა სრულფასოვანი სოციალურ მედიაზე მონიტორინგის გარეშე, რადგან ცხადი იყო, რომ სოციალურ ქსელებში იხარჯებოდა რესურსი, რომელიც არსად აღინუსხებოდა, გაუმჭვირვალე იყო:

„სწორედ ამიტომ, NDI-ს ვაშინგტონის ოფისის დახმარებით შევქმენით სპეციალური მეთოდოლოგია და პროგრამა, რომელიც რაოდენობრივად გვეხმარებოდა ამ გვერდების მონიტორინგში და ჩვენ დავინახეთ ძალიან დიდი სურათი კოორდინირებული, საეჭვო ქცევის: ყალბი გვერდების მეშვეობით ხდებოდა ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის დისკრედიტაცია და ამას ჰქონდა განგრძობითი ხასიათი არა მხოლოდ არჩევნებზე, არამედ არჩევნების შემდეგაც და ეს მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა.

ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეს ორგანიზებული კამპანია წარმოებული იყო როგორც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ (ეწეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი კანდიდატის დისკრედიტაციას), ასევე მეორე მხრიდანაც შეინიშნებოდა სალომე ზურაბიშვილის და „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია. თუმცა, გაგრძელება ამ თემის იყო ის, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან ამ კოორდინირებულმა შეტევებმა მიიღო მასობრივი ხასიათი და იყო უფრო ფართომასშტაბიანი, ვიდრე არჩევნების დროს.

ყველა გარდამტეხ პოლიტიკურ მომენტში, რომელიც საქართველოში იყო 2019 წლის მანძილზე, ეს გვერდები აქტიურდებოდნენ და აურაცხელი დასპონსორებული პოსტის მეშვეობით ცდილობდნენ გასულიყვნენ ფართო აუდიტორიაზე და მოეცვათ ფეისბუკმომხმარებლების საინფორმაციო სივრცე“.

მიმდინარე წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციამ დაითვალა 105 დისკრედიტაციული გვერდი, აგრეთვე ყალბი, მოჩვენებითად მხარდამჭერი გვერდები, მასობრივად ყალბი ინფორმაციიის გამავრცელებელი გვერდები და ცრუ მედიის გვერდები:

„დაახლოებით 180-მდე გვერდი იყო ჩვენს ბაზაში და როცა დავთვალეთ პოსტების რაოდენობა, ერთი წლის განმავლობაში 33 ათასზე მეტი პოსტი იყო გამოქვეყნებული, ფოტოს, ვიდეოს ლინკის სახით გაზიარებული და ინტერაქცია - კომენტარების გაზიარებების და რეაქციების ჯამი 9 მილიონზე მეტი იყო, რაც ძალიან დიდი რაოდენობაა, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას“.

ISFED-ი შეეცადა, გადაწყვეტილებების მიმღებისთვის მიეწვდინა ხმა და დაენახვებინა პრობლემის სიმწვავე:

„ვხედავდით, რომ ხელისუფლება და მმართველი პარტია არასერიოზულად აღიქვამდნენ ჩვენს ამ ანგარიშებს და მათი კომენტარები ისეთი იყო, რომ არ შეინიშნებოდა თანამშრომლობისთვის მზაობა და ჩვენ შევეცადეთ მოგვეძებნა სწორი აქტორები, ვისაც შეეძლო ამაზე ჰქონოდა რეაქცია. ეს იყო სოციალური პლატფორმა „ფეისბუკი“. ვცდილობდით ხმის მიწვდენას და არა მარტო „სამართლიანი არჩევნები“, არამედ საქართველოში მოქმედი „მედიის განვითარების ფონდი“ და „ატლანტიკური საბჭო“, რომლის როლიც ამ კვლევების ჩატარებაში იყო განუზომელი. ერთობლივი სურათი დაინახა „ფეისბუკმა“, მათაც შენიშნეს კოორდინირებული ქცევა და შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეისთვის გაუქმებულია 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 „ინსტაგრამ“-ანგარიში“.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია, რომ არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებზე მიმართული თანხები უნდა იყოს გამჭვირვალე, დეკლარირებული:

„პოლიტიკური შინაარსის კამპანიებს, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება. ამას პოლიტიკური ჯგუფები და ადამიანები აკეთებდნენ საუკუნეების განმავლობაში. მთავარია, ეს თანხები იყოს გამჭვირვალე და დეკლარირებული. საქართველოს მოქალაქეებმა და სახელმწიფომ უნდა იცოდნენ, ვინ ახდენს გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე და რა თანხები იხარჯება ამისთვის“.

ნინო რიჟამაძე ჰყვება როგორც მხარდამჭერ ყალბ გვერდებზე, აგრეთვე იმ გვერდებზე, რომლებიც თავს მედიასაშუალებებად წარმოაჩენენ:

„ამომრჩეველი შეჰყავდათ შეცდომაში იმგვარად, რომ ადამიანს ეგონა, ალაიკებდა სასურველი კანდიდატის გვერდს. იღებდა, მაგალითად, ავთენტურ 3 ინფორმაციას, მაგრამ მეოთხე იყო დამცინავი, შეცდომაში შემყვანი, რაც ადამიანების დეზორიენტაციას ახდენდა...

ყალბი მხარდამჭერი გვერდების გარდა, ვხედავდით ყალბ მედიაგვერდებსაც, რომლებიც ისე პოზირებდნენ, თითქოს იყვნენ მედიასაშუალებები. აქვეყნებდნენ უამრავ პოსტს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც საერთოდ არ იყო შემხებლობაში საქართველოსთან, მაგრამ დასპონსორებული იყო მხოლოდ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული პოსტები და ეს პოსტები ძირითადად მიემართებოდა სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიების, ოპოზიციური კანდიდატების დისკრედიტაციისკენ. ასევე სპონსორდებოდა პოსტები, როცა პროსახელისუფლებო ექსპერტები ან პოლიტიკოსები გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, რომლებიც თანხვედრაში იყო მმართველი პარტიის პოზიციებთან“.

იმ 316 ათას დოლარს მიღმა, რომელიც „ფეისბუკზე“ ყალბი გვერდებისა და ანგარიშების მასალების რეკლამისთვის დაიხარჯა, იოლად მისახვედრია ხარჯის გაცილებით დიდი მასშტაბი, რაც დასჭირდებოდა შინაარსის შექმნას, გვერდების მართვას, კომენტარებით აქტიურობას.

ნინო რიჟამაძე ამბობს, რომ „ფეისბუკის“ მიერ ანგარიშების წაშლის შემდეგაც დარჩა არაერთი ყალბი გვერდი:

„ეს გვერდები გადავიდნენ არააქტიურ რეჟიმზე. დაიმალეს თავი, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ არ მოყვნენ „ფეისბუკის“ მონიტორინგის ქვეშ. ცდილობენ ადმინისტრატორების დივერსიფიცირებას, რომ არ იყოს ხილული კოორდინირებული ქცევა, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენ ამ გვერდების მისამართები შენახული გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია ვითანამშრომლოთ „ფეისბუკთან“. ვაგრძელებთ მათზე დაკვირვებას. შესაძლოა გააქტიურდნენ ისევ“.

20 დეკემბერს ISFED-მა „ფეისბუკიდან“ მიიღო შეტყობინება ქართულენოვან სივრცეში წასაშლელ ანგარიშებზე ვიდეოკონფერენციის გამართვის თაობაზე:

„მათ გვითხრეს, რა მიზეზით წაიშალა ანგარიშები: რომ იყო დადასტურებული კოორდინირებული საეჭვო ქცევა და რომ ეს გვერდები დაკავშირებული იყვნენ მმართველ პარტიასთან და „პანდასთან“. ჩვენს კითხვაზე - როგორ მოხდა ეს დაკავშირება. მათ აგვიხსნეს, რომ ეს არის გამოვლენილი ქსელი კონკრეტული ყალბი და ნამდვილი ანგარიშების, რომლებიც პირდაპირ, საერთო ადმინისტრატორებით იყვნენ დაკავშირებული მმართველი პარტიის მიერ მართულ გვერდებთან და „პანდასთან“. სწორედ ამას მოჰყვა „პანდასთან“ დაკავშირებული ყველანაირი ანგარიშის გაუქმება“.

ნინო რიჟამაძე ჰყვება „ფეისბუკის“ ერთ საინტერესო გამოცდილებაზე, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. კერძოდ - ევროპარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას „ფეისბუკმა“ გაასაჯაროვა ინფორმაცია თავის პლატფორმაზე გამოქვეყნებული პოლიტიკური რეკლამების შესახებ:

„აგრეთვე, უკრაინის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე „ფეისბუკმა“ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როცა ყველა დასპონსორებული რეკლამის უკან მდგომი პირის ვინაობა გაასაჯაროვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან პოლიტიკოსები და მათთან დაკავშირებული ჯგუფები ამ დისკრედიტაციულ კამპანიას ნაკლებად გამოიყენებდნენ, როცა მათი სახელები ღია იქნებოდა.

რაც შეეხება საქართველოს, გვაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი რამ გველოდება და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება, როცა ეს „ბიბლიოთეკა“ გაიხსნება საქართველოსთვის, გვექნება ზუსტი ინფორმაცია პერსონებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც ასპონსორებდნენ და აქვეყნებდნენ ამ პოსტებს“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG