Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს არის დამოკიდებულება და იწვევს ოჯახების დანგრევას, ქონების დაკარგვას, სუიციდამდე მიჰყავს ადამიანი. ამ დროს მისი ფსიქიკა არის უკონტროლო"


ნინი წულაძე, მოძრაობა "ჩვენი ხმის" დამფუძნებელი
ნინი წულაძე, მოძრაობა "ჩვენი ხმის" დამფუძნებელი

მოძრაობა „ჩვენი ხმის“ დამფუძნებელი, ნინი წულაძე რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს აზარტული თამაშების საწინააღმდეგო პეტიციაზე, რომელმაც გასულ წელს მიიღო საკმარისი მხარდაჭერა იმისთვის, რომ მთავრობისთვის სავალდებულო გამხდარიყო მასზე რეაგირება. პეტიციაში ჩამოთვლილია ოთხი მოთხოვნა, რომელთა შორისაა ლუდომანების დახმარებისთვის სახსრების გამოყოფა და ცხელი ხაზის ამოქმედება:

„ლუდომანია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული დაავადებად. კარგი იქნება, თუ ყველა გავიზიარებთ ამ მიდგომას. ეს არის დაავადება, რომელიც არის დამოკიდებულება და იწვევს ოჯახების დანგრევას, უძრავ და მოძრავ ქონებაზე საკუთრების დაკარგვას, სუიციდამდე მიჰყავს ადამიანი და ამ დროს მისი ფსიქიკა არის უკონტროლო და დაუმორჩილებელი. ამიტომ, აქ თავისუფალი ნება ადამიანის და რომ ის საკუთარი გადაწყვეტილებით დაეხმაროს თავს, არ არის მიზანშეწონილი, რადგან ამ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და ეს არის გრძელვადიანი პროცესი.

ეს რომ დაავადებაა, არის საწყისი წერტილი, საიდანაც უნდა დავიწყოთ ამ პრობლემის განხილვა და მასზე საუბარი.

...ცხელ ხაზზე და სარეაბილიტაციო პროგრამებზე ტყუილად არ გაგვიმახვილებია ყურადღება ჩვენს მოთხოვნებში. დღეს არ არსებობს არც ცხელი ხაზი, არც ფსიქორეაბილიტაციის ცენტრები ამ მიმართულებით“.

4 მარტის "დილის საუბრებში" ასეთი შინაარსის ზარი შემოვიდა:

„25 წელია ლუდომანი ვარ და ერთი თვეა, რაც დავაღწიე თავი. ყველაფერი მინახავს: ჩამოკიდებული კაცი ჩამომიხსნია... ყველანი უნდა ვებრძოლოთ. ლუდომანებს მივმართავ: ჩვენ უნდა ვებრძოლოთ, არ უნდა ვითამაშოთ, არ უნდა მივიდეთ. ხელისუფლებას ვთხოვ, კარგი იქნება საერთოდ აიკრძალოს, საერთოდ გაძევდნენ ჩვენი ქვეყნიდან. ტელევიზიებს ვთხოვ: სიუჟეტებს ვამზადებთ 15-20 წუთიანს ამ საკითხზე და დასრულებისთანავე გადის ტოტალიზატორის რეკლამა. უარი უთხრან ტოტალიზატორებს. რასაც ვაგებდი და ვაგებდი, ათასების წაგების მერე (ნომერ პირველ კომპანიასთან მქონდა ამ ბოლო დროს შემთხვევა), კაპიკებს რომ მოიგებ, იმასაც არ გაძლევენ. სლოტკლუბებში, კაზინოებში პირდაპირ უთიშავენ აპარატს, თუ წაგების მერე, კაპიკებს იგებ.

არანაირი აზრი არ აქვს თამაშს. წააგებ, წააგებ, წააგებ. როცა მოიგებ, ამ ფულსაც არ გაძლევენ. ამის მაგალითები მაქვს. თვითონ იციან ტოტალიზატორებმა: გიორგი ვარ, ჯენგო, ჯენგო ვარ. მფარველები მთავრობაში ჰყავთ.

სხვებიც ხომ არიან მთავრობაში. კარგი არაფერი მოაქვს ტოტალიზატორებს და კაზინოებს ჩვენი ხალხისთვის. ქუჩაში აპარატები დგას და 12-13 წლის ბავშვები თამაშობენ. კანონი არის, მაგრამ კანონს დაცვა უნდა. აწერია აპარატებს, რომ 21 წლამდე არ დაიშვება, მაგრამ რეალურად თამაშობს 21 წლამდე ადამიანი".


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG