აფხაზეთში მომხდარ მოვლენებზე კომენტარის გასაკეთებლად რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტმა, ელენა ზავოდსკაიამ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის სახალხო კრების რამდენიმე დეპუტატს მიმართა, თუმცა თანხმობა მხოლოდ ნატალი სმირისგან - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარისა და ერთადერთი დეპუტატი ქალისგან მიიღო.
ნატალი სმირი: არ ვიცი, როგორ არის ყველაფერი, მაგრამ, ვამბობდი, დეჟავიუს აბსოლუტური განცდა მაქვს-მეთქი და მართლა ასეა. 2004 წლიდან ჩვენთან ხელისუფლება სწორედ ამ გზით იცვლება. გელაპარაკებით როგორც მოქალაქე, როგორც ერთადერთი ქალი პარლამენტში. ყოველივე ეს საწყენი და შეურაცხმყოფელია. მინდა ცხოვრება დაცულ, სამართლებრივ სახელმწიფოში. მიმაჩნია, რომ ჩვენთან ნამდვილი ოხლოკრატიაა, ბრბოს უზენაესობა. ძალიან მაშფოთებს ეს გარემოება. ასე არ შეიძლება! სასამართლომ მიიღო გადაწვეტილება, ხომ შეგვეძლო სამართლებრივი გზით სიარული?! ასე არ შეიძლებოდა მოქცევა, ამის გამოა, რომ თავაშვებულობის განცდა მაქვს! და როცა იპარავდნენ ხელისუფლების ატრიბუტებს? როცა გაზიდეს, უკან დააბრუნეს?! და ამაში ვინ არის დამნაშავე? მოიპარეს და წაიღეს სახელმწიფო საჩუქრები. ამაში ვინღა არის დამნაშავე? ხაჯიმბა? აი, ეს არის ჩვენი აღზრდა, ჩვენი კულტურა!
ეხო კავკაზა: ნატალი, თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის? ბევრს უხარია, ამბობენ, „ბუმერანგიო“ და ადარებენ 2014 წლის მოვლენებს?
ნატალი სმირი: „ბუმერანგის კანონი“ არავის გაუუქმებია, ის არსებობს. მჯერა, რომ ყველაფერს აქვს უკან დაბრუნების თვისება. ეს ასეა! მაგრამ ხომ უნდა დაბრუნდეს უკეთესობის სახით? უნდა დაბრუნდეს პერსპექტივით! ვინ დაჯდება ჩვენთან მოლაპარაკების მაგიდასთან? ადამიანი თავის ფასს თვითონვე განსაზღვრავს. რამდენად შევაფასეთ ჩვენი თავი? უნდა მოგვეშორებინა ხაჯიმბა? რა თქმა უნდა, მას აქვს ჩავარდნები, მაგრამ ჩვენი სურვილი და მიზანი ხომ სახელმწიფოს აშენებაა? გვინდა შევქმნათ სახელმწიფო ჩვენი შვილებისთვის, ამ ვითარებაში კი ყველა თავის თამაშს თამაშობს. ამ ამღვრეულ წყალში ყველა ცდილობს პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, მაგრამ ვინ გაითვალისწინებს სახელმწიფოს დივიდენდებს? დავუშვათ, მოვედი დღეს ხელისუფლებაში. აი, გავხდი კიდეც დეპუტატი, მაგრამ რა მერე? რა მეკუთვნის ამის გამო? რამე კარგი არ უნდა გავაკეთო ჩემი ქვეყნისა და ჩვენი ბავშვების მომავლისთვის? რისთვის უნდა ვიცოცხლო? მხოლოდ ჩემი პოლიტიკური ამბიციებისთვის?
ეხო კავკაზა: როგორ ფიქრობთ, სად მიგვიყვანს ეს გზა?
ნატალი სმირი: პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონებსა და წესებს. უკანონობა მცირეთი იწყება. აი, მაგალითად, მე როგორც დეპუტატი ვარღვევ საგზაო მოძრაობის წესებს, მიმაჩნია, რომ ჩემთვის ნებადართულია, მე ხომ სტატუსი მაქვს! მე მეკუთვნის, თქვენ კი არ გეკუთვნით, გესმით?.. ერთმა ველოსიპედი მოიპარა და დასაჭერია, მეორემ კი 260 მილიონი მოიპარა და აგრძელებს მუშაობას.
ეხო კავკაზა: კოლეგებთან თუ იმსჯელეთ ამ მოვლენებზე?
ნატალი სმირი: 35 ვართ და ყველას ჩვენი აზრი გვაქვს. ძნელია იმის თქმა, რომ ჩვენ შეგვიძლია კოლეგიალურად ერთადერთი გადაწყვეტილების მიღება. 2,5 წლის განმავლობაში ასეთ რამ უკიდურესად იშვიათად მომხდარა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ შეგვიძლია შევთანხმდეთ ძირითად, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის არსებით საკითხებზე? ჩვენ ამაზეც კი ვერ ვთანხმდებით. ყოველმა ჩვენგანმა თითქოს იცის, რა არის კარგი და რა - ცუდი, მაგრამ ამბიციები და რაღაც პირადი თვისებები არ გვაძლევს საშუალებას მივიღოთ სხვისი აზრი. ჩვენ მოვიპოვეთ სახელმწიფოებრიობა, მაგრამ ის, რასაც ახლა ვაკეთებთ, ანადგურებს მას. და ეს ხდება ჩვენთან მერამდენედ 5-10 წლის პერიოდულობით, გამუდმებით თავიდან ვიცილებთ ერთ, მეორე, მესამე პრეზიდენტს და ამას დასასრული არ უჩანს. ბრბოს მოქმედების წესი ვაქციეთ ხელისუფლების შეცვლის საფუძვლად. ერთმანეთის მიყოლებით ბრბო ცვლის ხელისუფლებას: 2004-ში, 2014-ში, 2020-ში... უბრალოდ , ჩემთვის, ძალიან საწყენია...
ტექსტი შეიცავს ტერმინებსა და ტოპონიმიკას, რომლებიც გამოიყენება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში