Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სტაციონარი უნდა მოემსახუროს მხოლოდ მწვავე პაციენტებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში - ხანმოკლედ, შესაბამისად და ხარისხიანად"


ნანა ზავრადაშვილი, ფონდ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის“ ექსპერტი, ფსიქიატრი
ნანა ზავრადაშვილი, ფონდ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის“ ექსპერტი, ფსიქიატრი

ფონდმა - „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“, ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთითა და ევროკავშირისა და „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით, შეისწავლა საქართველოში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის 11 სტაციონარულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა.

ანგარიშის ავტორი, ფონდ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის“ ექსპერტი, ფსიქიატრი ნანა ზავრადაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში აღნიშნავს, რომ პროექტის მიზანი იყო ფსიქიატრიულ სტაციონარებში არსებული ვითარების შეფასება ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის კუთხით.

ნანა ზავრადაშვილი ლაპარაკობს სტაციონარული დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და იმაზე, რომ ზოგიერთი საავადმყოფო საერთოდ ვერ პასუხობს ვერანაირ მოთხოვნას და იქ ადამიანის ღირსეულად ყოფნის არანაირი პირობა არ არის. გარდა ამისა, ანგარიშის ავტორი გამოყოფს დღემდე არსებულ პრაქტიკას, როცა ისედაც მწირი ფინანსების უდიდესი ნაწილი მიდიოდა სტაციონარულ მკურნალობაზე, რის გამოც სტაციონარსგარეთა სერვისები ვერ ვითარდებოდა:

„ბოლო ორი წელია - ტენდენციაა დაფინანსების მომატების და დადებითია, რომ ეს მომატება მიდის სტაციონარსგარეთა სერვისებზე“.

ამასთან, ნანა ზავრადაშვილი შენიშნავს:

„წლობით წვანან ე.წ. ქრონიკული პაციენტები, რომლებსაც სტაციონარი არ ესაჭიროებათ, მაგრამ მათთვის სხვა მომსახურება არ არსებობს. ეს სერვისები განვავითაროთ, რომ ეს ადამიანები გამოვიყვანოთ იქიდან: თუნდაც საცხოვრისი, თუნდაც დასაქმების, თუნდაც ოჯახში მხარდაჭერის პროგრამებით. სტაციონარი უნდა მოემსახუროს მხოლოდ მწვავე პაციენტებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში - ხანმოკლედ, შესაბამისად და ხარისხიანად, ეს არის ჩვენი მიზანი“.

ფსიქიატრი ამბობს, რომ საქართველოში არ არსებობს სტანდარტი, რომელიც უნდა მოეთხოვებოდეს ყველა ფსიქატრიულ სტაციონარს:

„ერთიანი ბაზისური სტანდარტი, პროტოკოლი არ გვაქვს, როგორ უნდა მუშაობდეს ყველა საავადმყოფო - სადღაც გვაქვს წარმატებული მენეჯმენტის მაგალითი, სადღაც ჩავარდნაა. ამიტომ სახელმწიფოს დონეზე უნდა არსებობდეს ბაზისური პროტოკოლი: საწოლი რომ უნდა იყოს ნორმალური, გათბობა-ვენტილაცია რომ უნდა იყოს, რა პირობებში უნდა იკვებებოდეს ადამიანი და ა.შ.“.

განსაკუთრებით მწვავე პრობლემად და საბჭოთა დროიდან შემორჩენილ მიდგომად ასახელებს ნანა ზავრადაშვილი ნარკოლოგიისა და ფსიქიატრიის გაყოფას:

„საქართველოში დარჩა საბჭოთა მემკვიდრეობა, რომ ნარკოლოგია და ფსიქიატრია არის გაყოფილი. ეს ძალიან მტკივნეული პრობლემაა. თავის დროზე ეს ორი დარგი მთელ საბჭოთა კავშირში გაიყო რუსეთის დირექტივით, მაგრამ მოგვიანებით გაერთიანდა ყველგან. როგორ შეიძლება, ხელოვნურად გაყო ფსიქიატრია და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება? ეს ორივე არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG