„მიამიტური კომპრომისების და დათმობების დრო არ გვაქვს. ეს ხალხი იქ უვადოდ დაინიშნება და დიდხანს ვერაფერს შევცვლით. ამიტომ, პარლამენტმა უნდა იფიქროს იმაზე - დარღვევებით არჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იქნება ლეგიტიმური, თუ არ იქნება? ის პროცესი, რაზეც მე ვლაპარაკობ, განიცდის ლეგიტიმურობის ნაკლებობას“, - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში.
11 ნოემბერს მან პარლამენტარებს გაუგზავნა და გაასაჯაროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის განსხვავებული აზრი საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც პარლამენტისთვის ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას შეეხებოდა.
ნაზი ჯანეზაშვილისთვის პრინციპულია, რომ პარლამენტმა წარდგენილთაგან არც ერთ კანდიდატს დაუჭიროს მხარი და ორ მთავარ გამოწვევაზე ლაპარაკობს:
„ერთი: ყველასთვის ცნობილია, რომ სისტემაში არის ჯგუფი გავლენიანი მოსამართლეების, რომლებიც მართავენ სისტემას, რომელთა ინტერესებსაც ატარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და რომლებსაც, ცხადია, აქვთ გარკვეული კავშირი ხელისუფლებასთან, რის საფუძველზეც აფორმირებენ ასე სიებს. ისე ხომ ვერ გააკეთებდნენ ასეთ რამეს?! ეს არის ერთი თემა - გავლენიანი პირების ინტერესი, რომ თავისი ხალხი მოახვედრონ სისტემაში.
მეორე თემაა პროცედურული დარღვევები, რაზეც უბრალოდ პასუხი არ არსებობს. ეს კი არ არის ზოგადი შეფასება. მე ვლაპარაკობ პროცედურულ დარღვევებზე, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში არის კანონის დარღვევა, საბჭოს მიერ მიღებული წესების დარღვევა ან არარსებული კანონის ან ნორმის ფარგლებში რაღაც ისეთი პრაქტიკის დამკვიდრება, რომელსაც არცერთი კანონი არ ითვალისწინებს.
ამიტომ, ორი მიმართულებით უნდა შევხედოთ ამ თემას: ერთი, რომ გავლენიანი ჯგუფის ინტერესების მხარდაჭერა არ უნდა მოვახდინოთ, რადგან ერთი ადამიანის არჩევაც ნიშნავს იმას, რომ ჩინჩალაძის მიერ მხარდაჭერილ ადამიანს უჭერ მხარს, რადგან იმ სიაში ვერავინ მოხვდებოდა ისე, რომ არა ამ კლანის მხარდაჭერა და თანხმობა. ესენი ხომ სადღაც შეთანხმდნენ ამაზე, რომ [სიაში ყოფილიყო] 18 ასეთი ადამიანი, 2 პროკურორი და არცერთი ადვოკატი. იმ სიაში სხვა სფეროდან იურისტი არ არის. ეს შეთანხმება სადღაც შედგა და ერთ ადამიანსაც რომ დავუჭიროთ მხარი, ნიშნავს, რომ ჩინჩალაძის თამაშში ებმები, ამ თამაშს ჰყვები“.
ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ უამრავი მიზეზიდან მხოლოდ 10 გამოყო, ყველაზე საკვანძო. ფიქრობს, რომ ამ ჩამონათვალმა და განმარტებებმა უნდა დააფიქროს პარლამენტი, რადგან საკანონმდებლო ორგანოს უნდა აინტერესებდეს როგორ მივიდა 20 კანდიდატის სია პარლამენტამდე. დღემდე ნაზი ჯანეზაშვილისთვის საპარლამენტო უმრავლესობის არც ერთ წევრს მიუმართავს იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესზე სასაუბროდ.
რაც შეეხება პროცესის გამჭვირვალების პირდაპირი ეთერის ნაწილს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი თვლის, რომ ეს დადებითი მოვლენა იყო, თუმცა, ამ ეტაპზე შეიძლება უშედეგო იყოს:
„სანახაობისთვის კი არ უყურებს ხალხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას. ამ ყველაფერმა შედეგზე გავლენა თუ არ მოახდინა, მაშინ წავა ადამიანი და კარგ ფილმს უყურებს. არ დაჯდება და პარლამენტში ვიღაცის გასაუბრებას, ხშირ შემთხვევაში, მაპატიეთ და სულელურ პასუხებს არ მოუსმენს“.