XXI საუკუნის რედაქციები, ოფისები, კერძო ან სახელმწიფო დაწესებულებები წარმოუდგენელია კომპიუტერული ტექნიკის გარეშე, ზუსტად ასევე, XX საუკუნე წარმოუდგენელი იყო პორტატული საბეჭდი მანქანების გარეშე, რომლებსაც საბჭოთა კავშირიც აწარმოებდა, თუმცა აწარმოებდა მხოლოდ რუსული შრიფტით. საბეჭდი მანქანები, ქარხნული წარმოების ქართული შრიფტით, არ არსებობდა. სხვა ამბავია, რომ საბეჭდი მოწყობილობები და მათი მფლობელები საბჭოთა უშიშროების სამსახურის (კგბ) სამიზნეშიც ხვდებოდნენ.
პორტატული საბეჭდი მანქანა XIX საუკუნის პირმშოა. თბილისის მუზეუმის ექსპონატთა შორის არის 1896 წლის წარმოების Underwood-ი, რომლის ღილაკები და, შესაბამისად, შრიფტი გაქართულებულია.
1918 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ მოთავსებულია ინჟინერ კანდელაკის განცხადება:
„ვიღებ საწერ მანქანებს ქართულ ენაზე გადასაკეთებლად. შრიფტი ფოლადისაა და საუკეთესოდ შესრულებული. მისამართი: ერევნის მოედანი. პუშკინის ქუჩა N1“.
მსგავსი შინაარსის განცხადებებს სხვა პერიოდულ გამოცემებშიც შეხვდებოდით.
ვითარება არ შეცვლილა მომდევნო წლებშიც, როცა საქართველო იძულებით გახდა საბჭოთა კავშირის ნაწილი. ნიმუშად გამოდგება გალაკტიონ ტაბიძის საბეჭდი მანქანა „სოპტონი“, რომელიც 1935 წელს პარიზიდან ჩამოუტანია დიდ პოეტს და შემდეგ აქ, თბილისში „გადაუქართულებია“.
საბჭოთა კავშირი თვითონაც აწარმოებდა საბეჭდ მანქანებს, მაგრამ როგორც აკაკი ბაქრაძემ შენიშნა ჯერ კიდევ 1979 წლით დათარიღებულ წერილში „რა ელის საქართველოს?“, აწარმოებდა მხოლოდ რუსული შრიფტით:
„საქართველოს არ გააჩნია უბრალო, ელემენტური საბეჭდი მანქანების მრეწველობა. აუცილებლად რუსული მანქანა უნდა იყიდო. მერე რუსული ასოები ქართულით შეცვალო და ასე ვაივაგლახით კუსტარულად გამართო მანქანა. ის, რაც დღეს მსოფლიოში ყოველი ადამიანისთვის იოლად ხელმისაწვდომია, ქართველებისათვის ოცნების და წვალების საგანია“.
კაკი ბაქრაძეს, ცნობილ მწერალსა და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, თვითონაც ჰქონდა კუსტარულად გამართული, გდრ-ის წარმოების საბეჭდი მანქანა „Erika”, რომელიც დღემდე სამუშაო მდგომარეობაშია.
აკაკი ბაქრაძის შვილის, ისტორიკოს ლაშა ბაქრაძით თქმით, სსრკ-ში ჩვეულებრივი ამბავი იყო საბეჭდი მანქანის ხელოსანთან მიტანა და მოწყობილობის ქართულად გამართვა. ცხადია, საბჭოთა მრეწველობას შეეძლო ქართულს, სომხურს და ა.შ. სსრკ-ში შემავალ სხვა ერების ენებს მორგებული საბეჭდი მანქანების ქარხნული წარმოება, მაგრამ საბჭოთა მთავრობა ამას შეგნებულად არ აკეთებდა.
„ეს მიანიშნებდა არარუსული ენების მიმართ უპატივცემულობაზე, რაც აშკარად იგრძნობოდა სსრკ-ში, მიუხედავად დეკლარირებული თანასწორობისა; საბოლოო ჯამში, ამაში ჩანდა ფიქრი რუსი ჩინოვნიკისა იმაზე, რომ ქართველებმა და სომხებმა რა იციან წერა-კითხვა და, საერთოდ, რატომ უნდა ბეჭდონ“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე.
საბჭოთა კავშირში ქართული ენა მხოლოდ ფორმალურად იყო სახელმწიფო ენა, თუმცა, რომ არა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები, ეს ფორმალური უფლებაც არ იქნებოდა. როგორც აკაკი ბაქრაძე ამბობდა, მხოლოდ ქართველი ახალგაზრდების უმაგალითო თავგანწირვამ შეუნარჩუნა საქართველოს ეს უფლება.
დისერტაციისთვის საჭირო უზადო რუსული
ქართული ენის სავალალო უფლებრივ მდგომარეობაზე მეტყველებდა თუნდაც ის გარემოება, რომ სავალდებულო იყო დისერტაციის რუსულად თარგმნა და ВАК-ში - უმაღლეს საატესტაციო კომისიაში მისი გაგზავნა.
კინომცოდნე გოგი გვახარია იხსენებს გასული საუკუნის 80-იან წლებს, როცა სწორედ დისერტაციის დასაწერად შეიძინა გდრ-ის წარმოების პატარა, ნარინჯისფერი საბეჭდი მანქანა Erika, რომელიც მიიტანა კოლმეურნეობის (დღევანდელი ორბელიანის) მოედანზე მდებარე საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლში („პირიმზე“) ქართული შრიფტის დასაყენებლად:
„არ მახსოვს, შრიფტი გერმანული იყო თუ რუსული, მახსოვს, რომ გადავაკეთე, მივიტანე „პირიმზეში“. დისერტაციის ხელმძღვანელი მოსკოვში მყავდა. უნდა დამეწერა ქართულად და მერე გადამეთარგმნა, მაგრამ მივხვდი, რომ მერჩივნა რუსულად დამეწერა თუნდაც ცუდად და მერე გამემართა სტილისტურად, ვიდრე ქართულად დამეწერა და მერე მეწვალა მის თარგმნაზე. ამიტომ ვიყიდე კიდევ ერთი მანქანა, ცხადია, რუსული შრიფტით. როგორ იყო დაბეჭდილი დისერტაციის ტექსტი, ამას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ВАК-ს (უმაღლესი საატესტაციო კომისია) შეეძლო დაეწუნებინა ნაშრომი მხოლოდ იმის გამო, რომ მძიმე არ იყო დასმული თავის ადგილზე ან სასვენი ნიშნის შემდეგ არ იყო დატოვებული სიცარიელე. მახსოვს, პირველმა მბეჭდავმა იმდენი შეცდომა დაუშვა ტექსტის „შეყვანის“ დროს, რომ ნერვიულობის გამო ისევ დავიწყე სიგარეტის მოწევა“.
გოგი გვახარიას თქმით, ყველა დარწმუნებული იყო, რომ საბეჭდი მანქანები რეგისტრირებული იყო „სამართალდამცავ ორგანოებში“ და მათთვის სირთულეს არ წარმოადგენდა, ნაბეჭდის ნიმუშით, მანქანის მფლობელზე გასვლა:
„როცა დისიდენტური ლიტერატურა ნაბეჭდი სახით ვრცელდებოდა, გვეგონა, რომ დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში იყო დაბეჭდილი; დარწმუნებული ვიყავით, რომ აქ დაბეჭდილს იოლად მიაგნებდნენ საბეჭდი მანქანების სავალდებულო რეგისტრაციის გამო. ყოველ შემთხვევაში, ასეთი აზრი იყო გავრცელებული“.
ლაშა ბაქრაძის თქმითაც, მართალია, ყველა მანქანა სტანდარტული შრიფტით იყო გაწყობილი, მაგრამ ყველა მათგანს ჰქონდა გარკვეული, განმასხვავებელი ხინჯი, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა ხელისუფლებას შეეძლო ადვილად ეპოვა პროკლამაციის ან კომუნისტებისათვის მიუღებელი ტექსტის ავტორი.
„ამბობდნენ, რომ ხელოსნები ერთ ამონაბეჭდს აბარებდნენ „კგბ“-ში. ეს საკითხი მართლა საინტერესოა: ასეთი რამ იყო მხოლოდ სტალინის პერიოდში თუ შემდეგაც? გარდა ამისა, დანომრილი იყო ეს მანქანები, რადგან წარმოადგენდნენ გარკვეულ საშიშროებას ხელისუფლებისათვის. დარწმუნებით რამის მტკიცება ძნელია, მაგრამ შიში ნამდვილად არსებობდა ადამიანებში: რაღაც რომ დაეწერათ თავისი საბეჭდი მანქანებით, ამას ძალიან ადვილად გაიგებდა კგბ და დაიჭერდა. ესეც საინტერესო მომენტია ტოტალური წნეხისა და შიშისა“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე.
საბეჭდი მანქანები დისიდენტების სამსახურში
საბჭოთა კავშირში განსაკუთრებულად მკაცრი კონტროლი იყო დაწესებული სახელმწიფო დაწესებულებებში რეგისტრირებულ საბეჭდ მანქანებზე. ყველა დაწესებულებაში იყო ე.წ. სპეცგანყოფილების ოთახი რკინის კარით. დღესასწაულების დროს სწორედ ამ ოთახში იკეტებოდა დაწესებულების ყველა საბეჭდი მანქანა, რომლებიც „ორგანოების“ მიერ იყო დანომრილი და აღწერილი.
ასევე გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ უშიშროების სამსახურის ხელში ხვდებოდა მონაცემები კუსტარულად გადაკეთებული საბეჭდი მანქანების შესახებ, რომ თითქოსდა ხელოსნები ვალდებული იყვნენ, მანქანის ნომერი და ამონაბეჭდი გადაეცათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის.
„დღემდე არ ვიცი, ხდებოდა თუ არა ისეთი კოდირება, რომ შესაძლებელი ყოფილიყოს საბეჭდი მანქანის იდენტიფიცირება, - ამბობს დავით ბერძენიშვილი - საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის წევრი და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი, - 1978 წელს რესპუბლიკური პარტია რომ ჩამოვაყალიბეთ, არალეგალურად შევიძინეთ საბეჭდი მანქანები Rheinmetall-ი და „უკრაინა-2“. მახსოვს, მაშინდელ კოლმეურნეობის მოედანთან მივიტანეთ ხელოსანთან და იქ დაგვიყენეს ქართული შრიფტი. ასე აკეთებდა ყველა. ეს იყო საბჭოთა კავშირი: რაღაცები არ იყო აკრძალული, მაგრამ არც მაინცდამაინც ნებადართული არ იყო. არ მახსენდება შემთხვევა, როცა ვინმემ ვერ დააყენა შრიფტი, თუმცა, რა თქმა უნდა, სხვაობა იყო შრიფტის ხარისხში: ლამაზი და პატარა შრიფტის დაყენება კიდევ უფრო რთული იყო, ვიდრე ჩვეულებრივი შრიფტისა“.
დავით ბერძენიშვილის თქმით, ორივე მანქანა ჯამში 500 მანეთამდე დაჯდა, გადაკეთება კი - 50 მანეთი.
„თავისუფლების მოედანთან, ძველ უნივერმაღში ვიყიდეთ „უკრაინა-2“ და წავიღეთ ხელოსანთან გადასაკეთებლად. სწორედ ამ ხელოსნისგან ვიყიდეთ Rheinmetall-ი, რომელიც უკვე ქართულ შრიფტზე იყო გადაყვანილი“, - დავით ბერძენიშვილის თქმით, ე.წ. კაპიროვკების ჩაფენით, ერთ ჯერზე მაქსიმუმ ექვსი ეგზემპლარის დაბეჭდვა შეიძლებოდა: „მეხუთე-მეექვსე გადღაბნილი გამოდიოდა, პირველი ოთხი კი კარგად იკითხებოდა“.
საბეჭდი მანქანებით იბეჭდებოდა ანტისაბჭოთა მოწოდებები, პროკლამაციები, ვრცელდებოდა აკრძალული ლიტერატურა და იატაკქვეშა ჟურნალ-გაზეთებიც კი.
ეროვნული მოძრაობის კიდევ ერთი აქტიური ლიდერი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი თამარ ჩხეიძე იხსენებს გასული საუკუნის 70-იან წლებს და ამბობს, რომ მან და მისმა მეგობრებმა უკვე გადაკეთებული საბეჭდი მანქანა შეიძინეს...
„მაგრამ ეს არ იყო ჩემი პირველი მანქანა. ჯერ კიდევ ბავშვობაში დავიწყე საბეჭდი მანქანის გამოყენება პროკლამაციებისა და სხვადასხვა ლიტერატურის გამრავლების მიზნით. შოვნა არ დამჭირვებია, რადგან ბებიის საბეჭდ მანქანას ვიყენებდი. ბაბუა, მწერალი დია ჩიანელი (დავით ჩხეიძე) რომ დააპატიმრეს და დახვრიტეს, ბებიამ დაიწყო მუშაობა მბეჭდავად, ამიტომ სჭირდებოდა ეს მანქანა და ჰქონდა კიდეც. მერე, როცა ჩვენი საქმიანობა გავაფართოვეთ, ორი მანქანა ვიყიდეთ, მაგრამ, როგორც მახსოვს, გადაკეთება არ დაგვჭირვებია, უკვე გადმოქართულებული იყო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ ჩხეიძემ, რომლის თქმითაც, ჩვეულებრივი საბეჭდი მანქანითა და ქაღალდით, ერთ ჯერზე 3-4 ასლის გაკეთება შეიძლებოდა:
„თუმცა, მახსოვს, იმ პერიოდში ზვიად გამსახურდიას ჰქონდა უთხელესი ქაღალდები, კალკაზე უფრო თხელი, ენციკლოპედიებში სურათებს რომ აქვთ ჩამოფარებული... არ ვიცი, საიდან ჰქონდა ეს ქაღალდი, მაგრამ იმას იყენებდა, რადგანაც სითხელის გამო ბევრი ასლის დაბეჭდვის საშუალებას იძლეოდა. ამაზე ბევრს ვხუმრობდით, შრაშუნა ქაღალდებს ვეძახდით...“
თამარ ჩხეიძის თქმით, საბეჭდი მანქანების გარდა, დისიდენტური მოძრაობა ასევე იყენებდა ბეჭდვისა და ასლების დამზადების სხვა საშუალებებს:
„ყველაზე კარგი გამოსავალი ქსეროქსის აპარატი იქნებოდა, მაგრამ მაშინ ქსეროქსი მხოლოდ დაწესებულებებში იდგა და, შესაბამისად, ძნელი იყო მათი გამოყენება... ამიტომ მივაგენით ასეთ გამოსავალს. არ იყო, ცხადია, გუგლი, მაგრამ რუსულ საბჭოთა ენციკლოპედიაში იყო სტატია პრიმიტიული პოლიგრაფიული გამრავლების - ასლების დამზადების შესახებ. სწორედ ენციკლოპედიიდან შევიტყვეთ, რომ არსებობს ე.წ. სვეტოკაპიროვკა, როტატორის მეთოდი... რომლებიც ჩვენ გამოვიყენეთ სახლის პირობებში. არაოფიციალური კავშირებით ვახერხებდით ე.წ. როტატორის ქაღალდის შოვნას... გასანთლული ქაღალდი იყო, რომელზეც ვბეჭდავდით ტექსტს ჩვეულებრივი საბეჭდი მანქანით. იბეჭდებოდა ღრმად, იქმნებოდა ერთგვარი ყალიბი, რელიეფური ტექსტი. მერე ვიღებდით ჩვეულებრივ ღრუბელს, ვჟღინთავდით ტიპოგრაფიის საღებავით, ვათავსებდით მასზე უკვე გამზადებულ, საბეჭდი მანქანიდან ამოღებულ ქაღალდს... ზედ ვდებდით ჩვეულებრივ თაბახის ფურცელს და ცომის გასაბრტყელებელი ჯოხით ვამუშავებდით... ამ მეთოდით ჟურნალებსაც კი ვამრავლებდით, არაფერს ვამბობ ფურცლებსა და პროკლამაციებზე...“
რაც შეეხება „ბებიის საბეჭდ მანქანას“. როგორც თამარ ჩხეიძე ამბობს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების წინა დღეს „კგბ“-მ მის ბინაში ჩაატარა ჩხრეკა და სხვა „საეჭვო“ ნივთებთან ერთად, საბეჭდი მანქანაც წაიღო.
პოეტი და საბეჭდი მანქანა
თუ დისიდენტისთვის საბეჭდი მანქანა ბრძოლის იარაღია, მწერლისთვის ბეჭდვა რუტინული შრომაა, თუმცა საბჭოთა მთავრობას არასოდეს უცდია ამ განსხვავების ასახვა საბეჭდი მანქანების წარმოებაში. ქართველ მწერლებსაც ზუსტად ისევე უნდა „ეჩალიჩათ“ მანქანის გაქართულებაზე, როგორც დისიდენტები „ჩალიჩობდნენ“.
პოეტმა ბესიკ ხარანაულმაც თავისი საბეჭდი მანქანები - „ერიკა“ და იუნისი“ - რუსულიდან ქართულზე გადასაკეთებლად „პირიმზეში“ მიიტანა.
„ვერ ვიტყვი, რომ იაფი იყო გადაყვანა, მაგრამ როცა უკვე ნაყიდია მანქანა, ხარჯიც განსაზღვრული გაქვს და გეხალისება კიდეც... სადღაც 30-40 მანეთი ჯდებოდა, თუ სწორად მახსოვს. არაფერი ქართული არ ჰქონდა, ყველაფერი უნდა გადაგეკეთებინა...“ - ამბობს ბესიკ ხარანაული.
საკუთრივ საბეჭდ მანქანაში 140 მანეთი გადაიხადა, რაც, როგორც თვითონ ამბობს, არ იყო პატარა ფული, მაგრამ არც საბეჭდი მანქანა იყო მწერლისთვის უმნიშვნელო ნივთი. ხელით ვწერდი და მერე ვბეჭდავდიო, ამბობს და სიცილით დასძენს, სხვებს, კოლეგა-მეგობრებს მეტი გაწაფულობა ჰქონდათო:
„გურამი [დოჩანაშვილი] ორი თითით ბეჭდავდა, მაგრამ ძალიან სწრაფად. ვერასოდეს მივაღწიე ასეთ სისწრაფეს, თანაც მე ხომ პროზაიკოსი არ ვიყავი, რომ დიდი პრაქტიკა მქონოდა. ჭეიამ [რეზო ჭეიშვილი] იცოდა კარგი ბეჭდვა, ათივე თითით ბეჭდავდა“.
სხვადასხვაგვარად ბეჭდავდნენ, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მანქანაზე გადაბეჭდილი არ დარჩებოდა გაუგებარი...
„ასეთი აზრი იყო გავრცელებული, რომ ამონაბეჭდით შეეძლოთ ეპოვათ მანქანა და, შესაბამისად, მანქანის პატრონი“, - ამბობს პოეტი.
აშკარაა, რომ ეს უფრო აღელვებდა და აშფოთებდა ხალხს, ვიდრე ის, რომ მანქანას გადაკეთება სჭირდებოდა:
„სტანდარტული ამბავი იყო. ყველაფერზე ხო აღარ ვღელავდით, არა? ეგ კი არა... აი, გამოვიდა მარკესის რომელიღაც რომანი... პირველად ქართულად არაფერი იბეჭდებოდა. ჯერ რუსულად ვკითხულობდით, ქართული თარგმანი ლამის ათი და მეტი წლით იგვიანებდა. შეჩვეული ვიყავით... წიგნი გინდა? რუსულად არის! საბეჭდი მანქანა გინდა? რუსული შრიფტით არის, მაგრამ რაღაც-რაღაცებისთვის შეიძლებოდა გვერდის ავლა“.
ბესიკ ხარანაულმა კომპიუტერების შემოტანამდე უერთგულა საბეჭდ მანქანას, მერე გააჩუქა, მეგობარს აჩუქა, კბილის ექიმს, რომელიც სამედიცინო ტექსტების გარდა, თავისთვისაც წერდა „სხვა რამეებს“... მოკლედ, გააჩუქა. სხვებმაც გააჩუქეს ან შეინახეს რელიკვიის სახით. აშკარაა, რომ საბეჭდი მანქანების დრო წავიდა, თუმცა არსად წასულა საბეჭდი მანქანების თავგადასავალი საბჭოთა კავშირში - საბჭოეთის ეროვნული პოლიტიკის მამხილებელი ისტორია; იმ პოლიტიკისა, რომელიც არ ცნობდა სახელმწიფო ენად არც ერთ ენას, გარდა რუსულისა.
საბეჭდი მანქანებისა არ იყოს, არც საბჭოთა საქართველოს ფოსტა-ტელეგრაფს ჰქონდა ქართული ასოები. ვიდრე არ დაიქცა სსრკ, ქართულად დაწერილი დეპეშები რუსული ასოებით იბეჭდებოდა. აი, ასე: Сабчота кавшири - халхта сапкробиле! Сакартвелос гаумарджос!