გასულ დღეებში სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, სადაც ჩანს, რომ ირანელი სტუდენტები შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტში არ აბიჯებენ აშშ-ისა და ისრაელის ძირს დახატულ დროშებს, აშშ-ის პრეზიდენტიც კი გამოეხმაურა.მსგავსი შემთხვევა ბოლო წლებში არაერთი ყოფილა. ჩანს, რომ ირანში იზრდება წინააღმდეგობა აშშ-ის დროშის მიმართ უპატივცემულობისა და ისეთი ანტიამერიკული ლოზუნგების მიმართ, როგორიცაა „სიკვდილი ამერიკას“, რაც წლების განმავლობაში ირანული პროპაგანდის ნაწილს შეადგენდა.
ძახილი ლოზუნგისა „სიკვდილი ამერიკას“ და აშშ-ის დროშის დაწვა თუ ფეხით გათელვა ბოლო 40 წელიწადი სახელმწიფო პროპაგანდისა და ანტიამერიკული გამოსვლების მახასიათებელია ირანში.
ბოლო წლებში ირანში გაიზარდა ამგვარი აქტების მიმართ წინააღმდეგობა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ამგვარ ქმედებათა გონივრულობას.
უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა, ხელისუფლების მიმართ ხალხის ბრაზის ფონზე, თეირანის ორი უნივერსიტეტის სტუდენტებმა არ გადაიარეს სახელმწიფოს მიერ ძირს გამოსახულ აშშ-ის დროშაზე და გამოავლინეს წინააღმდეგობა მმართველი ძალის, სასულიერო ისტებლიშმენტისა და სახელმწიფო პროპაგანდის მიმართ, რომელიც აშშ-სა და ისრაელს მუდამ უდიდეს მტრებად წარმოადგენს.
თეირანის შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტში მომხდარის შესახებ ვიდეოჩანაწერზე ჩანს, როგორ უვლიან სტუდენტები გვერდს აშშ-ის დროშას და არ აბიჯებენ მას. ეს უნივერსიტეტი აშშ-ის შავ სიაშია,როგორც ბირთვული კვლევის ცენტრი. ვიდეო სოციალური ქსელებით გავრცელდა და მან აშშ-ის პრეზიდენტს ათქმევინა ტვიტერით, „დიდი პროგრესიაო“. არის სხვა ვიდეოც, რომელიც გადაღებული უნდა იყოს უკრაინის თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მოქმედების მიმართ პროტესტის გამო ქურდისტანის პროვინციაში, სანანდაჯის უნივერსიტეტში. აქციაზე მისულები არ ადიან კიბით, რომელზეც აშშ-ის დიდი დროშაა გამოსახული.
მსგავსი შემთხვევა არაერთი იყო გასული წლების ირანში. სტუდენტთა დიდი ჯგუფის ამჟამინდელი უარი, ფეხი დაედგათ აშშ-ის დროშაზე, უპრეცედენტოდ მიიჩნევა.
თეირანის უნივერსიტეტის პროფესორმა სადეყ ზიბაკალამმა საჯაროდ თქვა უარი 2016 წელს ფეხით გაევლო თავისი უნივერსიტეტის იატაკზე გამოსახულ აშშ-ისა და ისრაელის დროშებზე. ახლა, ამ ხსენებული ინციდენტების გამო, მან კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა ამ მისი პროტესტის ამსახველი ვიდეო და შეაქო სტუდენტები. პროფესორს თავის დროზე უტევდნენ კონსერვატორი ირანელები - მოღალატეს, რევოლუციის მოწინააღმდეგეს უწოდებდნენ მას იმისათვის, რომ მოაჯირს აუყვა და ფეხი არ დაადგა აშშ-ისა და ისრაელის დროშებს.
„როცა ვნახე, როგორც მაშინ, როგორ არ სურდათ სტუდენტებს ფეხი დაედგათ ამერიკის დროშაზე, ყველა შეურაცხყოფის ტკივილმა გამიარა“, დაწერა ზიბაკალამმა ინსტაგრამში 14 იანვარს. ინტერვიუში ზიბაკალამი ამბობს, რომ მას ბევრი რიგითი ირანელი აქებდა, დაუჯერებლად ბევრმა ადამიანმა დამიჭირა მხარიო, იხსენებს ის.
ირანის მედიით სულ უფრო ხშირად გაისმის მოწოდება, პატივი სცენ აშშ-ის დროშას და უარი უთხრან ლოზუნგს „სიკვდილი ამერიკას“, რომელიც ასე ხშირად ისმოდა ხოლმე სახელმწიფოს მიერ მოწყობილ დემონსტრაციებზე, ასევე პარასკევის ლოცვისას და ისლამური რევოლუციის წლისთავებზე.
„საკითხავია, რა მოგვიტანა 40 წლის განმავლობაში ამერიკის დროშის დაწვამ და მის ფეხით გათელვამ?“ -შეკითხვას სვამდა 2018 წელს totreemroz.ir-ში გამოქვეყნებული კომენტარის ავტორი, რომელიც იქვე წერდა: ამგვარმა ქმედებამ ირანელ ხალხს საერთოდ არავითარი ხეირი არ მოუტანაო.
სახელმწიფო ნიშნების შეურაცხყოფის მიმართ კრიტიკულნი იყვნენ ინტელექტუალები და ხელოვანები. შარშან ცნობილმა მსახიობმა, ჰამიდ ფაროხნეჯადმა, გააკრიტიკა სხვა ქვეყნების დროშების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა ინსტაგრამით გავრცელებულ პოსტში. მსახიობს ორი მილიონი მიმდევარი ჰყავს.
ფაროხნეჯადმა გამოაქვეყნა ბასრაში დემონსტრანტების მიერ ირანის დროშის დაწვის ამსახველი კადრები და კომენტარი დაურთო: „ამას ვაქვეყნებ, რათა დაინახოთ, რა საზიზღრად გამოიყურება ქვეყნის დროშის მიმართ უპატივცემულობა... ასეთი შეცდომა ჩვენ აღარ უნდა გავიმეოროთ“.
კინორეჟისორმა შაჰინ სამადპურმა 2018 წელს თქვა, აშშ-ის ბევრ ქმედებას არ ვეთანხმები, „მძულს“ ისრაელის პოლიტიკა, მაგრამ მათი „დროშების ფეხით გათელვა და დაწვა„მოძველდა“ და ამ დროს ირანის ახალ თაობას აღარ სურს სხვამ მართოსო. „როცა უნივერსიტეტის შესასვლელთან, ძირს, რომელიმე ქვეყნის დროშას დახატავ, რათა ყველამ ფეხი დააბიჯოს მას, არჩევანი არ არის, მაგრამ „ჩვენს ახალ თაობას სურს ჰქონდეს არჩევანი“, წერს სამადპური.
ასეთ ქმედებებს ზოგჯერ არ ეთანხმებოდნენ თვით მთავრობაში ზომიერი კურსის მომხრე მოხელეები, რომლებიც თვლიდნენ, რომ აშშ-თან უკეთესი ურთიერთობაა საჭირო. მაგალითად, 2017 წელს, როცა ტრამპის ადმინისტრაციამ ირანისა და ექვსი სხვა მაჰმადიანური ქვეყნის მოქალაქეებს მოგზაურობა აუკრძალა, თეირანის მეჰრადაბის აეროპორტის შესასვლელში ძირს დახატეს აშშ-ის დროშა, რათა ყველა გამვლელს ფეხი დაებიჯებინა მასზე. კონსერვატული Afkarnews.com-ი იტყობინებოდა, რომ „ვიღაცამ მთავრობიდან“ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აიძულა წაეშალათ დროშა. კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ისტებლიშმენტში დროშების შეურაცხყოფის მოწინააღმდეგეებს ავლენს, 2017 წლისაა, როცა კონსერვატორებმა გააკრიტიკეს შირვანის გუბერნატორი, ბაჰმან ჯალილიანი, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრაზე არ ისურვა აშშ-ის ისრაელის დროშებზე გავლა. მკაცრი კურსის მომხრე Mashreghnews-მა ვიდეო გამოაქვეყნა გუბერნატორის „მოულოდნელი“ საქციელის შესახებ და იტყობინებოდა, რომ მედია და პოლიტიკური აქტივისტები ითხოვდნენ ჯალილიანის დასჯას.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, თებერვალში განაცხადა, რომ ლოზუნგი „სიკვდილი ამერიკას“ მიმართულია ტრამპისა და აშშ-ის სხვა ლიდერების და არა ამერიკის ხალხის წინააღმდეგ.