Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში მეორე პაციენტი განიკურნა აივ ინფექციისგან


ლონდონელი პაციენტი მეორე ადამიანია, რომელიც აივ ინფექციისგან შესაძლოა სრულად განკურნებულად ჩაითვალოს.

ექიმები ამბობენ, რომ პაციენტის გამოჯანმრთელება ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ მოხდა, რომელიც მას 3 წლის წინ ჩაუტარდა. აივ ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა კი პაციენტს 8 თვის წინ შეუწყდა. ამ ფონზე ყველა ტესტი ადასტურებს, რომ ლონდონელი პაციენტი ჯანმრთელია.

გამოჯანმრთელებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იშვიათი გენეტიკური მუტაციის მქონე დონორმა, რომლის ძვლის ტვინი ვირუსთან ძლიერ რეზისტენტული აღმოჩნდა. თუმცა, თავდაპირველად ძვლის ტვინის გადანერგვა პაციენტისთვის იმის გამო გახდა საჭირო, რომ მას ჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს.

ლონდონელი პაციენტის მკურნალი აივ ბიოლოგების ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი რავინდრა გუპტა ამბობს: „ამჟამად ვირუსის გაზომვა შეუძლებელია, რადგან მის კვალს ვერ ვხედავთ. პაციენტს რემისია აქვს, თუმცა მაინც ადრეა იმის თქმა, რომ ის განიკურნა“.

აივ ინფექციის სრულად განკურნების პირველი შემთხვევა 2007 წელს დაფიქსირდა. ამერიკელ ტიმოთი ბრაუნს იმუნოდეფიციტის ვირუსთან ერთად ლეიკემია ჰქონდა, რის გამოც ძვლის ტვინის გადანერგვა გახდა საჭირო. მას ოპერაცია ბერლინში ჩაუტარდა და ამიტომ ის ბერლინელი პაციენტის სახელით არის ცნობილი. დონორისგან ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ კი ორგანიზმში აივ ინფექციამ რემისია დაიწყო. ბრაუნი დღემდე ჯანმრთელია.

ექიმი ინფექციონისტი ფატი გაბუნია თვლის, რომ ძვლის ტვინის გადანერგვით მიღებული ორი წარმატებული შედეგი შემთხვევითობაა და ის ვერ გამოიყენება სხვა პაციენტებისთვის მომავალში, როგორც აივ ინფექციის განკურნების საშუალება.

„პაციენტს დაემართა სხვა დაავადება. მან მიიღო დიდი დოზით დასხივება და შემდეგ გადაუნერგეს ძვლის ტვინი. ეს იყო შემთხვევითობა. წარმატებული მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე, როცა აივით ინფიცირებული პაციენტები დღეს ისედაც კარგად გრძნობენ თავს, არამგონია ვინმე დათანხმდეს ასეთ მძიმე მკურნალობას“, - უთხრა ფატი გაბუნიამ რადიო თავისუფლებას.

მისი აზრით, ინფექციასთან ბრძოლის ეს გზა პერსპექტივაში არც განიხილება და მომავალში მედიცინა იმედს ამყარებს პრეპარატებით მკურნალობაზე, რამაც შეიძლება შიდსის გამომწვევი ვირუსი მალე სრულებით დაამარცხოს.

დღეს, მსოფლიოში 37 მილიონი ადამიანია ინფიცირებული ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით. შიდსის პანდემიას კი დაწყების დღიდან 35 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG