სუპერმარკეტები არ არის ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ასობით დასაქმებული ადამიანის შრომითი უფლებები ირღვევა. 2017 წელს მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების გაუსაძლისი შრომითი პირობების შესახებ რამდენიმე ანგარიში გამოქვეყნდა - სურათი მძიმე იყო მაშინ და უცვლელია დღემდე.
ღირსებაშელახული დასაქმებულები დღეს უკვე ღიად წერენ სოციალურ ქსელებში იმაზე, რომ დამსაქმებლები მუდმივად უგვიანებდნენ ხელფასებს, რომ კვირაში, კანონით დაწესებული 40 ნაცვლად, ხშირად ორჯერ მეტს მუშაობდნენ და ამაში მიზერულ ხელფასს იღებდნენ, რომ ხანდახან სამუშაო დრო დღეში 14 საათს სცდებოდა, რომ 10 საათი ფეხზე დგომა უწევდათ, ხოლო თუ მაღაზიაში რამე დაიკარგებოდა, თვის ბოლოს ხელფასებს მათ აჭრიდნენ და ასე სთხოვდნენ პასუხს. რაც მთავარია, ყველა წერს და პირად საუბარშიც შენიშნავს, რომ მათ მონებივით ექცეოდნენ. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს არ არის მხოლოდ სუპერმარკეტების თანამშრომელთა პრობლემა. ღირსებაშელახული ადამიანები ღიად ასახელებენ იმ კომპანიებს, სადაც მათი შრომა დაფასებული არ არის.
„თუ არ გინდა, წადი“
„ერთი ძალიან სამარცხვინო ამბავი უნდა დავწერო. კომპანია DOTS-იდან მეორე თვეა, რაც წამოვედი. ამ კომპანიაში ასევე მუშაობდა ჩემი მეგობარი, რომელსაც მთელი რიგი პრობლემების გამო მოუხდა წამოსვლა. კომპანიას უთხრა, რომ 1 კვირა დარჩებოდა, რომ თვე მთლიანად ჩაემთავრებინა და სხვებს ასწავლიდა პროგრამას, რომ უპასუხისმგებლოდ არ წამოსულიყო... კომპანიამ, რომელიც დაპირებული 2 % ბონუსის ნაცვლად ბევრად ნაკლებს ურიცხავს თანამშრომლებს, საერთოდ არ ჩაურიცხა არათუ ბონუსი, არც მოჭრილი ხელფასი. მაგრამ რა უნდა გაგიკვირდეს იქ, სადაც არც ერთ დასვენებაზე არ გასვენებენ და თვითონ გიწყვეტენ, შვებულებაში რამდენი ხნით და როდის უნდა გახვიდე... ხოდა, #DotsTbilisiSUCKS
ეს სტატუსი კომპანია DOTS-ის ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი ჩემინავამ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე, დაახლოებით, ათი დღის წინ გამოაქვეყნა - ის ასე გამოექომაგა მეგობარს, ქსენია ფაიქიძეს, რომელიც ამავე კომპანიაში მენეჯერ-კონსულტანტად მუშაობდა. რადიო თავისუფლებას გიორგიმ უთხრა, რომ ყოფილ სამუშაო ადგილზე შრომის კოდექსით გათვალისწინებულ პირობებს ყურადღებას არ აქცევდნენ - მენეჯმენტი თავად წყვეტდა თანამშრომლების შვებულების დროს და ხანგრძლივობას, ზეგანაკვეთურ შრომას არ ანაზღაურებდნენ:
„ყველაზე აუტანელი მაინც თანამშრომლების მიმართ მიდგომა იყო. თუ პრეტენზიას გამოთქვამდი, ერთი პასუხი ჰქონდათ: ‘თუ არ გინდა, წადი’“.
ქსენია ფაიქიძისა და კომპანიის ურთიერთობა ჯერაც არ მოგვარებულა. ქართული ტანსაცმლის ბრენდს მისთვის ბოლო თვის ხელფასი ამ დრომდე არ ჩაურიცხავს. საქმე, შესაძლოა, სასამართლომდეც მივიდეს. ქსენია იხსენებს, რომ არასოდეს სრულდებოდა მათ ხელშეკრულებაში ჩაწერილი პირობა, რომ თვეში 192 საათი უნდა ემუშავათ. თვის ბოლოს, როგორც წესი, 216 საათი გამოსდიოდათ. ამბობს, რომ არც ბონუსით გათვალისწინებული თანხა ემატებოდა ზუსტად მის ხელფასს. ყოველთვის იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე ელოდა.
DOTS-ში ყოფილი თანამშრომლების პრეტენზიებს არ იზიარებენ. ქსენიას თაობაზე გვითხრეს, რომ მან სამი დღით ადრე აცნობა კომპანიას წასვლის შესახებ გადაწყვეტილება: „ეს არც შრომის კოდექსით არის გათვალისწინებული და არც მისი შემცვლელი გვყავდა მოძებნილი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას DOTS-ის ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერმა, ნინო სიმონიშვილმა. მისივე თქმით, კომპანიის თანამშრომლები მუშაობენ დღეში 9 საათის განმავლობაში, აქვთ ერთსაათიანი შესვენება და კვირაში დასვენების ერთი დღე. კონსულტანტის ხელფასი 500 ლარია, რასაც ნავაჭრის პროცენტი ემატება.
„60 საათი კვირაში - 400 ლარად“
გვანცა ბერაძე პირველკურსელი იყო, როდესაც თბილისის ერთ-ერთ დიდ ჰიპერმარკეტში დაიწყო მუშაობა. ამჯერად მას არ სურს ამ მაღაზიათა ქსელის სახელის დასახელება. შეთანხმების თანახმად, კვირაში 6 დღე უნდა ემუშავა, დღეში - რვა საათი, თუმცა სამუშაო დრო ხშირად გვიან ღამემდე გრძელდებოდა, რაშიც დამატებით არავინ არაფერს უხდიდა. კვირაში 60 საათს მუშაობდა. ხელშეკრულებაზე კონსულტანტების აბსოლუტურ უმრავლესობას ხელი მოწერილი არ ჰქონდა.
გვანცა ამბობს, რომ ასეთ სამსახურზე ძირითადად 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები თანხმდებიან: „ვისაც ან ფინანსური პრობლემა აქვს, ან ისეთი სამსახურის დაწყება სურს, სადაც არ სთხოვენ გამოცდილებას და დიპლომებს“.
გვანცას 400 ლარს უხდიდნენ. ერთი წელი გაუძლო. მთავარი მიზეზი, რის გამოც წამოვიდა, იყო სამუშაოსთან შეუსაბამო ხელფასი, არაანაზღაურებადი ზეგანაკვეთური შრომა და მძიმე ტვირთის აწევა, რაც საკმაოდ ხშირად უწევდა.
გვანცას მსგავსი არაერთი ამბავი მოხვდა გაერთიანებული პროფკავშირების გამოკვლევაში 2017 წელსაც. მაშინ ამ გამოკვლევის მონაწილე რესპონდენტები მუშაობდნენ ისეთ სუპერმარკეტებში, როგორებიცაა: „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „ფრესკო“, კარფური“, „ვეჯინი“, „ევროპროდუქტი“ და „სპარი“. ამ გამოკვლევაში მონაწილე რესპონდენტების 24.0 %-ს მუდმივად უწევდა თავის ძირითად საქმესთან ერთად დამატებითი სამუშაოს შესრულება, 39.5 %-ს იშვიათად, თუმცა მაინც უწევდა თავის ძირითად საქმესთან ერთად დამატებითი სამუშაოს შესრულება. ამავე გამოკვლევის თანახმად, რესპონდენტთა 33.5 %-ს ხელფასი უკავდებოდა - ეს მაშინ, როდესაც სუპერმარკეტებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი, დაახლოებით, 362 ლარი იყო, ხოლო დაკავებული ხელფასის რაოდენობა საშუალოდ - 122 ლარი.
ერთი წლის წინ სამუშაო პირობებზე კომენტარისგან თითქმის ყველა სუპერმარკეტმა თავი შეიკავა. ერთი წლის შემდეგ ჩვენ ისევ ვცადეთ რამდენიმე სუპერმარკეტის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება და პასუხის მიღება შეკითხვაზე, შეიცვალა თუ არა რამე მათ ქსელში. პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს.
სასიკეთო ცვლილებებზე ვკითხეთ პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ხელმძღვანელს, გიგა ბექაურსაც. დამაიმედებელი პასუხი არ მიგვიღია:
„მომსახურების სფეროში დღესაც აბსოლუტურად იგივე პრობლემებია. ერთადერთი, დამსაქმებლები შედარებით ფრთხილად არიან და ცდილობენ არ გააღიზიანონ დასაქმებულები. ესეც იმიტომ, რომ თავიდან აიცილონ ისეთი საჯარო კამპანიები, როგორიც შარშან იყო, რამაც მათი ბიზნესი გარკვეულწილად დააზარალა“.
რატომ არ იცვლება სურათი? იმიტომ, რომ დამსაქმებლებს არ ეშინიათ კანონის, არ ეშინიათ სახელმწიფოსი. მათ იციან, ამბობს გიგა ბექაური, რომ დასაქმებულები ძალიან იშვიათად თუ წავლენ მათ წინააღმდეგ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: როგორც წესი, ასეთი დავები ძალიან დიდხანს გრძელდება, სასამართლოში დავას კი სჭირდება ფული, რომელიც ისედაც მიზერულ ხელფასზე მომუშავე დასაქმებულებს არა აქვთ. მისივე თქმით, დამსაქმებლების წისქვილზე ასხამს წყალს ისიც, რომ სუპერმარკეტების თანამშრომლები, გაუსაძლისი პირობებისა და უპერსპექტივობის გამო, ძალიან ხშირად ტოვებენ სამსახურს და ისინი, როგორც წესი, კოლექტიურად შრომითი დავის წამოწყებას ერიდებიან. პრობლემებზეც მხოლოდ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ლაპარაკობენ.
ჰიპერმარკეტებში შრომით პირობებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც სწავლობდა“ - ვითარების ამსახველი მასალა შარშან მათ ანგარიშშიც მოხვდა. EMC -ის იურისტი ეთო გვრიტიშვილი გვეუბნება, რომ მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების სამუშაო პირობები არ გაუმჯობესებულა.
„კანონი დამსაქმებელს პირდაპირ ავალდებულებს, რომ თუ სამუშაო საათების რაოდენობა კვირაში კანონით დადგენილ 40 საათს აჭარბებს, ის ვალდებულია დასაქმებულს ზეგანაკვეთური შრომის საფასური გადაუხადოს უფრო მაღალი ტარიფით. ასეთი შემთხვევა, სამწუხაროდ, პრაქტიკაში არ შეგვხვედრია“.
ძალიან ხშირად მაღაზიებში კონსულტანტად მისულ ადამიანებს უწევთ დამლაგებლის, დაცვის თუ სხვა თანამშრომლის ფუნქციების შეთავსება. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც პროდუქციის დაზიანებისა თუ დაკარგვისას, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, სწორედ კონსულტანტი ისჯება ხელფასის დაქვითვით - ასეთი „მოპარული ხელფასის“ შემთხვევები, როგორც მას უწოდებენ შრომის უფლებების დამცველები, ძალიან ხშირია.
კიდევ ერთი დილემა: შრომის ინსპექციას დღეს შეუძლია მხოლოდ შრომის უსაფრთხოების შემოწმება ან იძულებით შრომასა და ტრეფიკინგთან დაკავშირებულ საქმეებზე რეაგირება. შრომის პირობების შემოწმება მის კომპეტენციაში არ შედის.
„შრომის ინსპექციას არასავალდებულო რეკომენდაციის გაცემაც კი არ შეუძლია“, - ამბობს ეთო გვრიტიშვილი.
„თარჯიმნებსაც გვიშველეთ“
კომპანიის ხელმძღვანელობასთან ხელფასების დაკლების, დაგვიანებისა და, ზოგადად, ადამიანური მოპყრობის გამო პრობლემები მხოლოდ მაღაზიების თანამშომლებს არა აქვთ. ორიოდე კვირის წინ დამოუკიდებელი პროფკავშირის, „სოლიდარობის ქსელის“, ფეისბუკის გვერდზე დახმარება თარჯიმნებმაც ითხოვეს. ტენდერების სფეროში მომუშავე კომპანია „თბილისის ბიზნეს სახლის“ უკვე ყოფილი თანამშრომელი თეა ღავთაძე წერდა, რომ ამ კომპანიაში მუშაობის 3 წლისა და 5 თვის განმავლობაში ორად ორჯერ ჩაერიცხა ხელფასი დროულად!
რადიო თავისუფლებას თეამ უთხრა, რომ ხელფასი ხშირად ორი და სამი თვეც იგვიანებდა. კომპანიას მიზეზი არ ელეოდა. ძირითადი ის იყო, რომ „სახელმწიფო მათ თანხას დროულად არ ურიცხავდა“:
„მერე ჩვენ ვარკვევდით, იყო თუ არა ეს თანხა გადმორიცხული. აღმოჩნდებოდა, რომ იყო, მაგრამ ჩვენი ხელფასი მაინც იგვიანებდა. ხან ამბობდნენ, რომ ჯარიმები ჰქონდათ გადასახდელი და ა.შ. ჩვენ კი 24 საათი ვმუშაობდით. დღეც და ღამეც. ხან წერილობით თარგმანზე, ხან გამოძახებები იყო და ღამეც გვიწევდა თარგმნა“.
თეა ღავთაძე კუთვნილი სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვს. კომპანია სთავაზობს, რომ მისთვის მისაცემ 700 ლარს ორ წელზე გაუნაწილებს და თვეში, დაახლოებით, 31 ლარს მისცემს.
„დაცინვაა, მეტი არაფერი“, - ამბობს თეა ღავთაძე.
ის არ უარყოფს, რომ მინიმალურ ხელფასსა და სამუშაო გრაფიკზეც ყველა თავისი ნებით თანხმდება, რადგან სამუშაო ადგილები ჭირს. მაგრამ როცა იმ მინიმუმსაც აღარ გიხდიან, რაც გეკუთვნის, ბრძოლას იწყებ.
შრომა საქართველოში არ არის ღირსეული ცხოვრების წინაპირობა - ასე მიიჩნევს „სოლიდარობის ქსელიც“ - დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, რომელიც ასევე იცავს დასაქმებულების შრომით უფლებებს.
2017 წელს დასაქმებულთა მდგომარეობა მათაც იკვლიეს და მაშინ გამოჩნდა, რომ მომსახურების სფეროში 11 თვეზე მეტხანს მომუშავე ადამიანებიდან მხოლოდ 52 %მა ისარგებლა შრომის კოდექსით გათვალისწინებული 24-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით. 20 % კუთვნილ შვებულებაში საერთოდ არ გასულა. სუპერმარკეტებში დასაქმებულთა 90% აღნიშნავდა, რომ კანონით განსაზღვრულ 40 სთ–ზე მეტს მუშაობდა, მაგრამ მათ ზეგანაკვეთურ შრომაში არავინ არაფერს უხდიდა. სოლიდარობის ქსელის დამფუძნებელი დავით ომსარაშვილი პროგრესს ვერც 2018 წელს ხედავს და ამას ამტკიცებს ის ათობით და ასობით ადამიანი, ვინც საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად „სოლიდარობის ქსელს“ ხშირად მიმართავს.
„ისიც სამწუხაროა, რომ უმეტესად დასაქმებულებს წერილობითი ხელშეკრულებებიც კი არ გააჩნიათ, რომ სამართლებრივად გამოვიკვლიოთ რა ხდება. თუმცა, გასაუბრებების 80 %-დან ჩანს, რომ ყველას აქვს ერთი და იგივე პრობლემა - არსად არ არის დაცული შრომითი კანონმდებლობა“.
როგორც დავით ომსარაშვილი შენიშნავს, ეს არის ყველაზე ღარიბი დასაქმებულების ფენა, რომელთაც არ მოეთხოვებათ მაღალი კვალიფიკაცია. დამსაქმებლებს არასოდეს უჭირთ მათი სამსახურიდან გაშვება და იმავე დღეს ახლის პოვნა - საუბარია მოლარე ოპერატორებზე, კონსულტანტებზე, გამყიდველებზე და ა.აშ. თან, ძირითადად, ახალგაზრდებზე.
„ისინი ცხოვრობენ მუდმივ შიშში, რომ დამსაქმებელი მათ სამსახურიდან გაუშვებს. მე შევხვდი ადამიანს, რომელიც ყოველდღე მუშაობდა. წარმოგიდგენიათ, როგორი ფსიქოლოგიური და ფიზიკური სტრესის ქვეშ შეიძლება ეს ადამიანი ყოფილიყო? ხელშეკრულების დანართში პირდაპირ ეწერა, რომ მისი სამუშაო დრო იყო 76 საათი!“
საქართველოს შრომის ბაზარზე რომ ბალანსი დამსაქმებლის სასარგებლოდ არის დარღვეული, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ანგარიშშიც წერია. აუდიტის სამსახურმაც მომსახურების სფერო იკვლია და ზედაპირზე ზუსტად იგივე პრობლემები ამოვიდა, რაც წინა კვლევებში.
- კანონმდებლობით გათვალისწინებულ პერიოდზე (3 თვე) დიდი ხნის განმავლობაში წერილობითი ხელშეკრულების გარეშე დასაქმება;
- ხელშეკრულებაში არსებითი პირობის - ანაზღაურების -გაუთვალისწინებლობა;
- შრომის ანაზღაურების დაგვიანება/გადაუხდელობა;
- კონკრეტულ პოზიციაზე გაწერილი მოვალეობების არარსებობით გამოწვეული გაზრდილი სამუშაო დატვირთვა;
- ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების სისტემატური აუცილებლობა და არასათანადო ანაზღაურება;
- ანაზღაურებადი შვებულების არარსებობა;
- საქონლის დანაკლისის გამო ხელფასის ჩამოჭრის პრაქტიკა და ა.შ.
აუდიტის სამსახურმა ამ ანგარიშში პირდაპირ ჩაწერა, რომ შრომის ინსპექცია არ ამოწმებს დამსაქმებლების საქმიანობის შრომის უფლებებთან შესაბამისობას! არ ახორციელებს ზედამხედველობას შრომის უფლებების ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორებიცაა: ხელშეკრულება, ანაზღაურება, ზეგანაკვეთური სამუშაო დრო, ავადმყოფობის დროს იძულებითი მოცდენის ანაზღაურება, შვებულებით სარგებლობა და სხვ. და რომ „აღნიშნული უფლებების რეალიზებას არსებითი მნიშვნელობა აქვს სტაბილური და პროდუქტიული დასაქმებისთვის, რაც ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა“.
თუმცა ჯერჯერობით ყველა ზემოთჩამოთვლილი გამოკვლევის დასკვნა და რეკომენდაცია ქაღალდზე რჩება.
ის, ვინც დღეს დასაქმებულების შრომით უფლებებს იცავს, ერთ გამოსავალს ხედავს - გაეზარდოს უფლებამოსილება შრომის ინპექციას, რომ მას შეეძლოს შრომითი პირობების შემოწმება და შეფასება მომსახურების სფეროშიც. რადგან სახელმწიფოს დღემდე ეს ბეკეტი არ გააჩნია, მომსახურების სფეროში შრომა ისევ მონობას უტოლდება.