ის და რამდენიმე სხვა მართლმადიდებელი მღვდელი, ამბობს პელინი, და ხაზგასმით წინ იხრება, "სახალხოდ დასჯის" მსხვერპლნი არიან. რუსეთს დაქვემდებარებულმა კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიის სინოდმა, რომელიც მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელითაა ცნობილი, მღვდლებს უფლებამოსილება ჩამოართვა მას შემდეგ, რაც ისინი რუმინეთს დაქვემდებარებულ მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდნენ.
მღვდლები დიდწილად იმიტომ წავიდნენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს უჭერს ომს უკრაინაში. ”დარწმუნებული ვარ, მათ ეს გააკეთეს სხვა მღვდლების დასაშინებლად, რომლებიც იმავე გზაზე დგანან”, - ამბობს პელინი, 50 წლის მღვდელი, რომელიც კიშინიოვიდან 40 კილომეტრში მდებარე სოფლის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიაში მსახურებდა. „[ამ გზას] საკმაოდ ბევრი ადგას“, უთხრა მან რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურს.
დაახლოებით 50 მღვდელი, რომლებიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ურყევად მორჩილები ჩანდნენ, წელს განუდგნენ მოლდოვის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც კანონიკურად მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და ითვლება, რომ მოლდოვის მართლმადიდებელი მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტს ემსახურება. ყველა მათგანი - ზოგი ჩუმად, ზოგიც ძალიან საჯაროდ - შეუერთდა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტონომიურ ადგილობრივ ეპარქიას მოლდოვაში, რომელიც ცნობილია როგორც ბესარაბიის მიტროპოლია.
განდგომები მიანიშნებს მოლდოველებს შორის ანტისაომარი განწყობის გაღვივებაზე, რომელსაც მოლდოვის პროევროპული პოლიტიკური ხელმძღვანელობა აძლიერებს. ის ასევე მეტყველებს სასულიერო პირებს შორის გავრცელებულ იმედგაცრუებაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის "პრორუსული ინტერესების ხელშეწყობის" გამო.
"ველოდები მეტროპოლიის პოზიციას"
მას შემდეგ, რაც რუსეთმა 20 თვის წინ ათიათასობით ჯარისკაცი გადაისროლა უკრაინის საზღვარზე, ვასილ ენაჩე, კიდევ ერთი მოლდოველი მღვდელი, რომელიც ბესარაბიის მიტროპოლიას შეუერთდა, ამბობს, რომ ნიშანს ელოდა.
ნიშანი არ გამოჩენილა. ”მე არ მომისმენია ჩვენი [ეკლესიის] ხელმძღვანელობისგან რაიმე განცხადება… ამ უბედურების შესახებ”, - თქვა ენაჩემ, რომელმაც 32 წელი გაატარა კიშინიოვის ჩრდილოეთით 40 კილომეტრში მდებარე სოფელ ისნოვატის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. „ჩვენ, მღვდლები, ველოდით მიტროპოლიის პოზიციის დაფიქსირებას“, უთხრა ენაჩემ რადიო თავისუფლების მოლდოვის სამსახურს.
მშვიდობისა და შერიგების ქადაგების ნაცვლად, მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი უფროსი სასულიერო პირი რუსეთის მიერ დაწყებულ ომს ღიად ამართლებდა. მათ შორის ერთ-ერთი გამოირჩეოდა მარშელ მიჰაესკუ, ბალტისა და ფალესტის ეპისკოპოსი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მღვდელი. მან გაიმეორა კრემლის რიტორიკა - რუსეთს უწოდა „ქრისტიანული ფასეულობების მცველი“, გააკრიტიკა ევროპა და გამოვიდა ლგბტ ცხოვრების სტილის წინააღმდეგ.
68 წლის ენაჩესთვის ეს მეტისმეტი აღმოჩნდა. 18 აგვისტოს ის პელინთან და კიდევ ოთხ პირთან ერთად ბესარაბიის მიტროპოლიას შეუერთდა. ბესარაბიის მიტროპოლიამ თავისი კონკურენტი რუსული მსოფლმხედველობის გავრცელებაში დაადანაშაულა და განდევნილი მღვდლებისთვის საეკლესიო სტატუსის მოხსნას "აბსურდული და სასაცილო" უწოდა.
ვლადიმირი და დაუცველობა
მიტროპოლიტი ვლადიმირი - მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირი მოლდოვაში - ადრე ცდილობდა ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას და საჯარო გამოსვლებისას მშვიდობასა და "ძმათამკვლელი ომის" დასრულებაზე ლაპარაკობდა. თუმცა, მოლდოველი მღვდლებისა და მრევლის ზეწოლის შემდეგ მან მოსკოვს შესჩივლა და თქვა, რომ უკრაინაში არაპოპულარული ომისადმი რუსი სასულიერო პირების აშკარა მხარდაჭერა მას ზიანს აყენებდა.
5 სექტემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილესადმი მიწერილი წერილი ერთი თვის შემდეგ გაასაჯაროვა ყოფილმა მოლდოველმა დეპუტატმა, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ბესარაბიის მიტროპოლიასთან. ვლადიმირი წერს, რომ რუსული ეკლესიის აღქმა, როგორც "კრემლის ფორპოსტის და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერისა“, მოლდოვის მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამოშლას უქადის და მის მღვდლებსა და მრევლს რუმინელი მეტოქის მკლავებში უბიძგებს. ეკლესიის წინამძღოლმა რუსეთის სამოქალაქო და რელიგიური ხელისუფლება დაადანაშაულა მოლდოველების, როგორც „პერიფერიულ და უხერხემლო ხალხად“ აღქმაში, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს ბრალი დასდო „მოლდოვის რუსულ სამყაროში მოქცევის მცდელობაში, რომლისთვისაც ის უცხოა“.
ვლადიმირი კირილეს აფრთხილებს, რომ მისი გადარჩენის უზრუნველსაყოფად და „გადაუდებელი გარემოებების“ პირობებში „მოლდოვური საზოგადოების პერიფერიაზე“ გადანაცვლების თავიდან ასაცილებლად, მისმა კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიამ უნდა გაწყვიტოს კავშირი მოსკოვთან. ის დასძენს, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია რუსეთის ეკლესიის მიერ მოლდოვაში პრორუსული ინტერესების გატარებასთან.
ეს გასაოცარი სახეცვლილება იყო 71 წლის მიტროპოლიტისა, რომელმაც სულ რაღაც რამდენიმე კვირით ადრე განდევნა პელინი და სხვა მღვდლები. ვლადიმირი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის, მისი უმაღლესი მმართველი ორგანოს წევრია და, როგორც ამბობენ, რუსეთის პატრიარქ კირილესთანაც დაახლოებულია.
მიტროპოლიტი ვლადიმირი დაიბადა უკრაინაში და რუმინეთისა და მოლდოვის მოქალაქეობის გარდა, აქვს რუსული დიპლომატიური პასპორტი. მას 2018 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადასცა რუსეთის მეგობრობის ორდენი. აქამდე ის ღიად უჭერდა მხარს მოლდოვის არჩევნებში მონაწილე პრორუსულ პარტიებს და ეწინააღმდეგებოდა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ბესარაბიის მიტროპოლიის აღორძინებას.
სერგეი ჩაპნინმა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური გაზეთის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა და ფორდჰამის უნივერსიტეტის მართლმადიდებელი ქრისტიანული კვლევების ცენტრის უფროსმა თანამშრომელმა, რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურს განუცხადა, რომ წერილი კირილესთვის „უკიდურესად უსიამოვნო სიურპრიზი“ იყო. ეს გახლდათ მცდელობა, „გაყრა კულტურული გზით გაეფორმებინათ“.
„თუ ჩვენ საეკლესიო დიპლომატიის ენას ჩვეულებრივ ენაზე ვთარგმნით, პატრიარქის [კირილეს] მიმართ გზავნილი უკიდურესად მკაცრად ჟღერს: ჩვენ ვტოვებთ მოსკოვის საპატრიარქოს და თქვენ არ გაქვთ საშუალება გავლენა მოახდინოთ ჩვენს გადაწყვეტილებაზე“, - ამბობს ჩაპნინი. ის ვარაუდობს რომ "განშორება გარდაუვალია", მიუხედავად იმისა, რომ კირილე აუცილებლად უკუაგდებს ვლადიმირის არგუმენტებს. ჩაპნინის თქმით, მოლდოველი მიტროპოლიტის მიმართვა არის "ახალი რეალობის" აღიარება მოლდოვასა და რუმინეთს შორის პოლიტიკური და საეკლესიო ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ.
პოლიტიკაში ჩართული მღვდლები
ტატიანა კოჯოკარი, რუმინეთის რუსული კვლევების ცენტრის მკვლევარი, რომელიც სპეციალიზებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის როლზე პოსტსაბჭოთა საგარეო პოლიტიკაში, ვარაუდობს, რომ მოლდოვაში ეკლესიის სტატუსის შესახებ საჯარო დებატებს ქმნიან „პოლიტიკური ლიდერები [ქვეყნის შიგნიდან და გარედან] და არა თავად საზოგადოება“.
მოლდოველი მღვდლები, რა თქმა უნდა, პოლიტიკაზე მაღლა არ დგანან. კოჯოკარი ამბობს, რომ ადგილობრივმა სამღვდელოებამ შესაძლოა გადაწყვიტოს, „არა იდეოლოგიური, არამედ წმინდა პრაგმატული მიზეზების გამო“, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი დაქვემდებარება „მათთვის ახლა არც ისე ხელსაყრელია“.
ეკლესიის ლიდერებმა, მისი ვარაუდით, ასევე იციან, რომ ხელისუფლებისთვის ხელის შეშლას თან რისკები ახლავს. 2022 წლის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველ თვეებში, მოლდოვის პროდასავლურმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ მიტროპოლიტ ვლადიმირთან და ბესარაბიის მიტროპოლიტ პეტრუ პადურარუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „სახელმწიფო და ეკლესია სოლიდარულად უნდა მოქმედებდნენ“.
სანდუმ და მოლდოვის შემდგომმა მთავრობებმა გააძლიერეს კიშინიოვის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა, როგორც ეს უკრაინამ და, ცოტა ნაკლებად, საქართველომ გააკეთეს. გასულ თვეში, მოლდოვის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ შეუტია, მათი თქმით, მთავარ რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიას და დაბლოკა 20-ზე მეტი ვებსაიტი. შარშან მათ რუსული ახალი ამბები და სხვა სატელევიზიო პროგრამები დაბლოკეს.
გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც გამჟღავნდა მიტროპოლიტ ვლადიმირის მიერ მოსკოვისთვის გაგზავნილი წერილი, პრეზიდენტმა სანდუმ გაიმეორა სურვილი, რომ „ყველამ“ იმუშაოს „მშვიდობისა და ევროპული ინტეგრაციისკენ“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ვერ ჩაერევა საეკლესიო საქმეებში“, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, Vocea Basarabiei TV-ს უთხრა, რომ „ეკლესია უნდა მოქმედებდეს სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად“.
სანდუს ოფისმა არ უპასუხა რადიო თავისუფლების თხოვნას კომენტარის შესახებ.
საფრთხე მოსკოვის პირველობას
რუსეთის პატრიარქს კირილეს ჯერ საჯაროდ არ უპასუხია ვლადიმირის წერილზე და გაურკვეველია, რამდენად სერიოზულად აღიქვამს ის მუქარას ან რამდენად შორს წასასვლელად არის მზად მოლდოველი მიტროპოლიტი.
მოსკოვის ეკლესიამ კიდევ ერთი დარტყმა რეგიონში სექტემბერში მიიღო, როდესაც ბულგარეთმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი მეთაური, არქიმანდრიტი ვასიანი და ეკლესიის კიდევ ორი წარმომადგენელი ქვეყნიდან გააძევა ბულგარეთის "ეროვნული უსაფრთხოებისა და ინტერესების" წინააღმდეგ მოქმედების გამო. პასუხად მოსკოვმა ბულგარეთის დედაქალაქში წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესიის კარი ჩაკეტა, მლოცველები გარეთ დატოვა და საუკუნოვანი ქონებრივი დავა განაახლა.
მანამდე ვასიანი ჩრდილოეთ მაკედონიიდანაც გააძევეს და ბრალად დასდეს მაკედონიის მართლმადიდებელ ეკლესიაში სქიზმის ხელშეწყობა.
მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებას უახლოვდება, რუსეთის არაპოპულარული ომი უკრაინაში გრძელდება და ამან შესაძლოა მეტ მღვდელს უბიძგოს, რომ პელინისა და ენაჩეს მსგავსად დააშორონ მრევლი "რუსულ სამყაროს". რადიო თავისუფლების მოლდოვის სამსახურმა შეიტყო, რომ მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიის დაახლოებით 60 მღვდელი, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში ბესარაბიის მიტროპოლიაში გადავა.
”ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია არაჩვეულებრივი”, - ამბობს პელინი. ბესარაბიის მიტროპოლიაში გადასვლით „გამოვასწორეთ ისტორიის შეცდომა. ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო რუსეთთან. ჩვენს ქვეყნებს საერთო საზღვარიც კი არ გააჩნია".