მოხალისეების ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, თბილისის ქუჩებში, იქ, სადაც ბევრი ადამიანი დადის, დიდი ასოებით დაეწერა ის, რისი თქმაც ხალხისთვის სურდათ წინასაარჩევნოდ - „ერთად ეყვირათ“ ათასობით ადამიანის სათქმელი. ასე გაჩნდა გმირთა მოედნის სიახლოვეს, მიწისქვეშა გადასასვლელში წარწერა: „დედაჩემს რუსული მომავლისთვის არ გავუზრდივარ“. თუმცა მალევე წარწერის ავტორები პოლიციამ დააკავა.
ერთ-ერთი პირველი წარწერა:
ორი მოხალისე, (მათ სახელებს მათივე თხოვნით ანონიმურად დავტოვებთ) ჯერ კამერებმა შენიშნა, შემდეგ კი, მათ შავებში ჩაცმული ორი ადამიანი მიუახლოვდა. ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა. 25 ოქტომბერი, არჩევნების წინა ღამე.
„გვეგონა აინტერესებდათ, რა დავწერეთ, პოლიციელები არ მეგონნენ, მაგრამ უცებ სადღაც დარეკეს და მანქანებით მოვარდა 16 ადამიანი, საპატრულოც, "ოპერებიც" - ეს მუნიციპალური საკუთრებაა, რაც თქვენ დააზიანეთო. ღამის 11:30-დან გამთენიის ხუთამდე გვაყურყუტეს გარეთ, მერიის სამსახურს ველოდებითო. არავინ მოვიდა და ბოლოს გაგვიშვეს. თან გვითხრეს, თქვენი მონაცემები ვიცით და სახლში გამოგიგზავნით ჯარიმასო. ველოდებით“, - გვიყვება „მოლაპარაკე კედლების“ იდეის ავტორი, რომელიც თბილისთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, „მოლაპარაკე კედლების“ წარწერების შემსრულებლები შესაძლოა 50-დან 500 ლარამდე დააჯარიმონ.
ქუჩებში გზავნილების დატოვების იდეა მას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაუჩნდა, როცა მაშინდელი განათლების მინისტრი მასწავლებლებს ხელფასების მომატებას დაჰპირდა - იმ დღეებში ერთ-ერთ კედელზე ვიღაცამ მიაწერა: საქართველო გაივსო მოტყუებული მასწავლებლებითო.
ის წარწერა კი მალევე გადაღებეს, თუმცა „მოლაპარაკე კედლების“ იდეა უკვე არსებობდა და მის ავტორს თავში უამრავი ფრაზა მოსდიოდა, რასაც საჯარო სივრცეში დაწერდა პროტესტის გამოსახატად, წინასაარჩევნოდ სხვა მოქალაქეებისათვის ხმის მისაწვდენად. მათ შორის, ისეთ ფრაზებსაც, რომელთა ხმამაღლა დაყვირება სურდა თბილისიდან თავის სოფლამდე მიმავალ სამარშრუტო ავტობუსში.
მაგალითად, სულ უნდოდა, სამარშრუტო ტაქსის მძღოლებისთვის ეთქვა, რომ მგზავრობისას სიგარეტი არ მოეწიათ:
„მაგრამ ვერასოდეს ვამბობდი, რადგან ვიცოდი, თუ ამას ვიზამდი, ვიღაც ისტერიულ, პროდასავლელ ქალად აღმიქვამდნენ და ერთი მხარდამჭერიც არ გამომიჩნდებოდა“.
ხან იმის გაპროტესტება უნდოდა, მის დაგეგმილ ღონისძიებებზე მუდმივად მის ზურგს უკან მდგარ კაცს რომ ეძებდნენ:
„ვის დაველაპარაკოთ? - უკითხავთ, თითქოს მე არ შეიძლება ვყოფილიყავი იდეის ავტორი… რაც თბილისიდან სოფელში საცხოვრებლად გადავედი, ბევრ მსგავს რამეს შევასკდი. ვიფიქრე, რომ ის ფრაზები, რასაც საქვეყნოდაც სიამოვნებით ვიყვირებდი, კედლებზე დამეწერა წინასაარჩევნოდ“.
„მინდოდა მეყვირა, რომ პასიური მოქალაქეები ქმნიან ბოროტმოქმედ ხელისუფლებას. რომ უნდა გააქტიურდნენ, რადგან ოთხ წელიწადში ერთხელ რომ გეკითხება ქვეყანა აზრს და მაგაზეც არ პასუხობ, მერე ხმა აღარ ამოგეღება. მინდოდა, როგორმე ეს სათქმელი მიმეტანა ხალხამდე, რომ პოლიტიკა ახლა ყველას გვეხება“.
„მოლაპარაკე კედლების“ იდეის ავტორი გვიყვება, რომ მისი წარმოდგენები ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულებებზე რადიკალურად სწორედ თბილისიდან სოფელში გადასვლის შემდეგ შეიცვალა. დიდ ქალაქში, გაცილებით მეტი თანამოაზრეც ჰყავდა და ბრძოლაც უფრო ადვილი იყო.
„იქ სულ სხვანაირ დამოკიდებულებებს შევეჯახე და როცა რაღაცის ახსნას ვცდილობდი, ვგრძნობდი შიშსაც, უნდობლობასაც, რაღაცები თითქოს არც უნდოდათ გაეგოთ. ვერ ვხვდებოდი, ასეთი კონტრასტი როგორ შეიძლება ყოფილიყო? ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ადრესატები რეგიონში მცხოვრები ადამიანებიც ყოფილიყვნენ, ვისაც ტელევიზიებიდან ნაწილი რუსული სერიალებით აბრუებენ ან რელიგიით, რომელიც ეუბნება, რომ ყველაფერი უნდა მოითმინონ.
ჩემს სოფელში, მაგალითად, ერთადერთი “პონტი” არის - “მოდი ვიმწვადაოთ”. მეტი არაფერი, სულ არაფერი. ყველა არის მრევლი. ყველას შვილი დაჰყავს მხოლოდ ქართულ ცეკვებზე. შეიძლება ესეცაა, რომ თუ უმრავლესობისკენ ხარ და მისნაირად იქცევი, უფრო მეტად დაცული ხარ. მოკლედ, მე მინდოდა მათ დავლაპარაკებოდი“, - გვეუბნება „მოლაპარაკე კედლების“ იდეის ავტორი.
დღეს, 29 ოქტომბერს, არჩევნებიდან მეოთხე დღეს წარწერები ისევ არ წაუშლიათ.
იდეის ავტორი გვეუბნება, რომ ასეთი წარწერებით უფრო მასშტაბურ პროტესტს გეგმავდნენ, რაც მთლად ბოლომდე არ გამოუვიდათ და ამის გამო, დანაშაულის განცდა უფრო აქვს: „თითქოს ჩემი წილი პასუხისმგებლობა ბოლომდე ვერ მივიყვანე“.
მას, როგორც ამომრჩეველს, ასეთივე განცდა აქვს ოპოზიციის მიმართაც, რომ საქმე ბოლომდე ვერ გააკეთეს: „იმ ხალხს ვერ ელაპარაკნენ, ვისთანაც დალაპარაკება იყო საჭირო“.
„ახლა ძალიან მძიმედ ვარ, მაგრამ თან ოპტიმისტურად ვებღაუჭები იმედს, რომ აქციები გაიმართება, საერთაშორისო ორგანიზაციები არ აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს… ძალიან გაგვიჭირდება აქ ცხოვრება. უკვე განცხადებები ვნახე, რომ ხალხი ყიდის ყველაფერს და საზღვარგარეთ გადასაბარგებლად ემზადება. მე ეს ფიქრი აზრად არ მომსვლია. ვრჩები. შეიძლება ოდესმე წავიდე კიდეც საზღვარგარეთ საცხოვრებლად, მაგრამ ახლა არა და არა ამ მიზეზით“.
„მოლაპარაკე კედლების“ იდეის ავტორი ფიქრობს, რომ ამ წარწერებს, სავარაუდოდ, მალე წაშლიან, თუმცა, სათქმელების სია გრძელია და ისინი მალე საქართველოს სხვა ქალაქებში, სხვა კედლებზე, სხვა ადამიანების დასანახადაც გამოჩნდება.