დღეს საქართველოში საარსებო მინიმუმად ერთ საშუალო მომხმარებელზე 170 ლარი და 80 თეთრია დაწესებული, ანუ სახელმწიფო ფიქრობს, რომ ეს თანხა საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა თვის განმავლობაში თავი გაიტანოს. რადიო თავისუფლებამ ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა და მეც ვცდილობ, ერთი თვე საარსებო მინიმუმით ვიცხოვრო. რა გამომდის, აგერ, დაინახავთ.
დღე პირველი
დღე მეორე
დღე მესამე
დღე მეოთხე
დღე მეხუთე
დღე მეექვსე
დღე მეშვიდე
დღე პირველი
171 ლარი როგორმე თვის ბოლომდე რომ გაგყვეს, რამდენიმე აუცილებელი წესის დაცვაა საჭირო. ეს წესები პირველივე დღეს შევიმუშავე:
1. არავითარი მზა კერძები - ძვირია;
2. არავითარი ხორცი, კარაქი, არაჟანი... ხორცი საარსებო მინიმუმის კალათაში კი შედის, მაგრამ მე მისი საყიდელი ფული ჯერ ვერ გამოვნახე.
3. არავითარი კაფე და ტაქსი, მით უფრო ახლა, როცა ტაქსით მგზავრობას მატარებლის ბილეთის ფასი აქვს.
4. არავითარი მკურნალობა, - მხოლოდ ის, რასაც სახელმწიფო დაზღვევა ფარავს, მაგალითად, მოტეხილი ფეხი. მაგრამ რა უნდა ქნას მან, ვისაც ანტიდეპრესანტი, კონტრაცეპტივი, ტკივილგამაყუჩებელი ან, თუნდაც, D ვიტამინი და ხველების წამალი სჭირდება? ალბათ, ნერვები აივანზე ჯდომით და მზის ჩასვლის ყურებით უნდა დაიწყნაროს, არასასურველი ორსულობისგან კი უფრო იაფი საშუალებით დაიცვას თავი, მაგალითად, დაწვეს და დაიძინოს.
5. არავითარი შინაური ცხოველები. შენ რომ გშია, კიდევ არა უშავს, მაგრამ სხვა რომ გიყურებს მშიერი თვალებით, ნამდვილად აუტანელია. მე ახლა მხოლოდ პატარა ზაზუნა მყავს, რომელსაც სტაფილოს ნაფქვენიც ჰყოფნის, მაგრამ დრო იყო, ღორმუცელა ტაქსა მყავდა. ერთხელ, კრილოვის ყვავივით, მთელი თავი ყველი მომპარა, ერთხელ კი ნამცხვრის ნატეხი შეუვარდა მაცივრის ქვეშ. კარგა ხანი მაცივარს უყეფდა, მერე კი იქვე წამოწვა საყარაულოდ, იქნებ ნამცხვარი თავის ფეხით გამოვიდეს გარეთო.
დღე მეორე
საგულდაგულოდ მოვიძიე სახლში მორჩენილი პროდუქტები: კილო წიწიბურა, კილო ოსპი და ერთი ქილა პომიდვრის კონსერვი. კონსერვი ზუსტად ისევე გამიხარდა, როგორც ფილმ „პიანისტში“ უხარია მთავარ გმირს დაკონსერვებული კიტრის აღმოჩენა (ვისაც არ ახსოვს, მოქმედება ფაშისტებისგან დაპყრობილ პოლონეთში ხდება, მთავარი გმირი კი ებრაელი პიანისტია).
გარდა ამისა, ვიყიდე მზესუმზირა წონით, 3 სტაფილო და 3 ხახვი, 3 ერთჯერადი ცხვირსახოცი, კილო შაქარი, კილო ბრინჯი, ყავა და... ჰო, ამას არ უნდა ვამბობდე - ნამცხვარი. მე ტკბილეული მიყვარს და სუსნაობის გადაჩვევა ერთ დღეში მარტივი არ არის.
ეს ყველაფერი 11 ლარი და 10 თეთრი დამიჯდა. გზის ფულს არ ვთვლი, რადგან, როგორც წესი, ისეთ რაღაცებზე დავდივარ, მართლა მინიმუმზე რომ ვცხოვრობდე, არ ვივლიდი, მაგალითად, სამსახურში და სასწავლებლად, რომლის საფასურიც წელიწადში 2 500 ლარია.
დღე მესამე
ესე იგი ვარ უმუშევარი, უსწავლელი, ნერვებდაწყვეტილი... თავიდან მციოდა კიდეც, რადგან ეკონომიის მიზნით გათბობა გამოვრთე, მაგრამ ორი დღის მერე, წელი რომ ამტკივდა, ისევ ჩავრთე. ჩემს სურდოს სახელმწიფო არ უმკურნალებს, წამალი კი გათბობაზე იაფი არ ჯდება. თან ვირთხასაც გაუხარდა, დრუნჩი გამოყო. მანამდე სიცივისგან ისე იყო ნახერხში ჩაფლული, ვერც შეამჩნევდი.
დღე მეოთხე
ბრინჯი ერთი სტაფილოთი და ერთი ხახვით გემრიელი გამოდგა. სანაცვლოდ მზესუმზირამ არ გაამართლა - იაფი კი იყო, მაგრამ მძაღე, თუმცა მაინც ბოლომდე შევჭამე. ბიუჯეტური კერძის მომზადებაც არ გამომივიდა. მჭადის ფქვილი მაწონში მოვზილე, ყველი აღარ დასჭირდება-მეთქი, და ისეთი უბედურება მივიღე, გადასაყრელი გახდა. არადა, 4 ლარი კი დავხარჯე.
წინა თვის კომუნალური გადასახადები აღმოჩნდა: დენი - 10 ლარი, დასუფთავება - 2.50, წყალი - 4, გაზი - 21.22, სულ - 37. 72 ლარი. ჩემი მინიმუმი თვალსა და ხელს შუა ილევა, მაგრამ ჯანდაბას, ის მაინც მეცოდინება, რომ გადასახადები გადავიხადე.
დღე მეხუთე
სახლში მოძიებული წიწიბურა მოვხარშე და მთელი დღე მას ვჭამდი. რამდენიმე დღის წინანდელი პურიც დავჭერი და ორცხობილად გავხუხე. ნამცხვარი ისევ ვიყიდე, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის ტუქსვით და მორალის კითხვით. კიდევ იძულებული გავხდი, ნათურა მეყიდა, რადგან გადაიწვა. ხუთლარიანი ავარჩიე. უფრო იაფი წინა კვირას ვცადე და იმან ერთი კვირაც ვერ გაძლო.
ეკლესიაში სეფისკვერში ლარი გადავიხადე. ჩვეულებრივი შაბათი იყო. როცა შაბათი მიცვალებულების დღეს ემთხვევა, მიცვალებულებზე მეტად ადგილობრივი გაჭირვებულები „ცხონდებიან“ ხოლმე. ხალხს პანაშვიდის გადასახდელად პური, ღვინო, ზეთი და წყალი მოაქვს და მერე იმათ ურიგებენ, ვინც მოწყალებას ითხოვს. რამდენჯერმე ისე ამწაპნეს ზეთი, მღვდელმა ლოცვის დაწყებაც ვერ მოასწრო. ერთმა მოხუცმა ბებომ კი ფერისცვალებას ჩანთები ისე გაავსო ხილით, რომ ვეღარ ზიდა და სახლამდე მე მათრევინა. მოკლედ, ზეთი თუ გამომელია, მიცვალებულთა დღეს დაველოდები, ხანდახან ცოცხლებიც მაგათ ხარჯზე ვართ.
დღე მეექვსე
დღეს მეგობრის ხაჭაპურებმა კი დამანაყრა, მაგრამ სანაცვლოდ შამპუნი გამომელია. რადგან ისედაც ბევრი ფული მაქვს დახარჯული, ახალი აღარ მიყიდია. თავი საპნით დავიბანე და მერე ბალზამი მივაშველე. მართალია, დილით დავარცხნა გამიჭირდა, მაგრამ ეგ არაფერი. აი, ტანსაცმელი რომ გამიცვდეს, მერე რას ვშვრები? ახალი რამის ყიდვა შეუძლებელია. ალბათ, ისევ სამოწყალოდ გამოტანილი ძველმანებიდან უნდა მოირგოს კაცმა რამე. ამიტომაცაა, დღეს ბებიები, როგორც წესი, შვილიშვილების გამონაცვალი ტანსაცმლით რომ დადიან. მარტო ჩვენთან თუ ნახავ ბოტასებში გამოწყობილ მოხუცს, თინეიჯერულ მაისურზე შალის ბებრული ჟაკეტი რომ აქვს შემოცმული.
დღე მეშვიდე
ჩემი დღევანდელი მენიუ ყიყლიყოა - კვერცხი და პური. წიწიბურა ისევ მოვხარშე, ყავაც ჯერ არის. თუმცა ამ ყველაფერში უკვე 100 ლარი მაქვს დახარჯული, არადა, წინ კიდევ სამი გრძელი კვირაა.